კვლევის ანალიტიკოსი
2002 წელს, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, UNESCO-მ ფართომასშტაბიანი პროექტი დაიწყო – „წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, რომლის დროსაც ყოველწიურად სახელდება ერთი კონკრეტული ქალაქი და მას წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი ენიჭება. 2021 წლის 23 აპრილს, ეს საპატიო სტატუსი ჩვენი დედაქალაქისთვის ამოქმედდა, რომლის შედეგადაც ზუსტად 1 წლის განმავლობაში, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გადაიქცევა.
მსოფლიო პანდემიის ფონზე, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კორონა გარკვეულწილად დაგვეხმარა ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხების წინა პლანზე წამოწევაში. თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად ვცდილობთ მომატებული სტრესული ფონის დაბალანსებას შედარებით სასიამოვნო აქტივობებით, რომლის არჩევანი პანდემიამ საკმაოდ შეამცირა. საბედნიეროდ, წიგნების კითხვა იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალში შედის, რომელიც ცოდნის მიღებასთან ერთად, განტვირთვის შესანიშნავი საშუალებაა.
თუ ვამბობთ, რომ პანდემიამ ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა – იქონია თუ არა მან გავლენა წიგნის კითხვაზეც?! რეალურად, შეუწყო თუ არა ხელი გამოთავისუფლებულმა დრომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის გააქტიურებას თუ პირიქით, მოზღვავებულმა სტრესმა პასიურ მკითხველებად გვაქცია?!
„მკითხველთა ჩვევის ცვლილების სისტემატიური კვლევა არსებული პრაქტიკაა მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზეც აუცილებელია მუდმივი მონიტორინგი ამ მიმართულებით, რადგან მიღებული ინფორმაცია საფუძველია წიგნის ბაზრის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში, რომელმაც საგამომცემლო ინდუსტრიაში სიღრმისეული ცვლილებები მოახდინა.“ – აცხადებს „ქართული წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი.
სწორედ „წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის“ და „მწერალთა სახლის“ ერთობლივი დაკვეთით, კომპანია ეისითიმ ქართული წიგნის ბაზრის მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით, გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა.
წიგნის კითხვა წელიწადში ერთხელ, 2-3 თვეში ერთხელ თუ ყოველდღე
2021 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩვენი საზოგადოება ზუსტად ორ თანაბარ ჯგუფად იყოფა: მოსახლეობის ნახევარი, რომელმაც 2020 წლის განმავლობაში მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა წაიკითხა და მეორე ნახევარი, რომელმაც ვერ შეძლო თუნდაც 1 წიგნის წაკითხვა მთელი წლის მანძილზე.
შედეგების თანახმად ასევე გაირკვა, რომ მკითხველი საზოგადოების ნახევარზე მეტი (56%) მინიმუმ კვირაში ერთხელ კითხულობდა ლიტერატურას, მათ შორის 19% ამას ინტენსიურად, ყოველ დღე ახერხებდა; მაშინ, როდესაც რესპონდენტთა თითქმის მეოთხედი წიგნებს საკმაოდ იშვითად, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ორ-სამ თვეში ერთხელ უთმობდა დროს. აღნიშნული პასიური მკითხველები თბილისთან შედარებით კიდევ უფრო მეტია რეგიონულ ქალაქებში.
რა თქმა უნდა, საინტერესო იყო ერთ-ერთ მთავარ კითხვაზე პასუხის მიღება და იმის გაგება, შეიცვალა თუ არა პანდემიის პირობებში კითხვის სიხშირე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მკითხველი მოსახლეობის ნახევრის კითხვის ინტენსივობაზე პანდემიას გავლენა საერთოდ არ მოუხდენია, მაშინ როდესაც გამოკითხულთა მესამედმა სწორედ ეს დაასახელა კითხვის სიხშირის მომატების მიზეზად. 15%-მა კი აღნიშნა, რომ ამ პირობებში, სამწუხაროდ, უფრო ნაკლები დროის გამონახვას ახერხებს წიგნების წასაკითხად.
წლის განმავლობაში მკითხველები საშუალოდ 13 წიგნის წაკითხვას ახერხებენ (ამ სიაში ქართული და თარგმნილი ლიტერატურის შემდეგ, უმცირესობაში ხვდება უცხო ენაზე გამოცემული წიგნები), თუმცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი (55%) თავის წლის მაქსიმუმად 1-6 წიგნს ასახელებს. ამ კონტექსტშიც სხვაობა გვხვდება დედაქალაქსა და რეგიონების მაჩვენებლებს შორის – თბილისის მოსახლეობის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა 2-ჯერ უსწრებს რეგიონის მაჩვენებელს.
ფავორიტი ჩაკეტილ სივრცეში – მხატვრული ლიტერატურა
საინტერესოა, რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას მომხმარებელზე წასაკითხი წიგნის შერჩევისას: მეგობრები? წიგნის პოპულარობა თუ სხვა რამ? გამოკითხული მოსახლეობის 46% წიგნის შერჩევისას ყველაზე მეტად ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაციით ხელმძღვანელობს; 42%-თვის არანაკლებ მნიშვნელოვანია წიგნის შინაარსი და ანოტაცია, ხოლო 31% არჩევანს საყვარელ ავტორებზე აკეთებს.
როგორც კვლევამ გვაჩვენა, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (86.5%) ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას ანიჭებს უპირატესობას, მაშინ როდესაც 13.5%- არამხატვრული ლიტერატურის მოყვარულად რჩება. ბოლო 1 წლის მანძილზე მხატვრული ლიტერატურის ყველაზე აქტიურად წაკითხვად კატეგორიებს შორისაა: თანამედროვე ლიტერატურა, კლასიკური ნაწარმოებები და დეტექტივი/ჰორორი/მისტიკა. არამხატვრული ლიტერატურიდან კი, ყველაზე დიდ ინტერესს ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურ თემებზე დაწერილი წიგნები იმსახურებს.
„პანდემიას არ უმოქმედია წაკითხული ლიტერატურის არჩევანზე“ – ასე ამბობს ყოველი 10 გამოკითხულიდან 9. თუმცა, დარჩენილი 10%-თვის პანდემიამ თანამედროვე ლიტერატურის, სამეცნიერო ფანტასტიკის/ფენტეზის/უტოპიისა და დეტექტივის/ ჰორორის/ მისტიკის მიმართ გაზარდა ინტერესი.
სად ვკითხულობთ, სად ვყიდულობთ
ლოგიკურია, რომ წიგნის რეალიზაციის სხვადასხვა ობიექტებს შორის, წიგნის მაღაზიები ისევ უპირობოდ ლიდერობს. პანდემიის დაწყებამდე, მათ წლის განმავლობაში მკითხველთა 75% სტუმრობდა, რასაც საგრძნობლად ჩამოუვარდება წიგნის ფესტივალებზე დასწრების მაჩვენებელი (18%). რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, აქ ჩვენი მოსახლეობის აქტიურობა კიდევ უფრო დაბალია. პანდემიის პერიოდზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის 77%-ს მის დაწყებამდეც კი არ უსარგებლია ბიბლიოთეკით, რის ძირითად მიზეზადაც დროისა და საჭიროების არქონას ასახელებენ.
საინტერესოა მოსახლეობის განწყობა უახლოეს მომავალში საკუთარი ბიბლიოთეკის განახლებასთან დაკავშირებით. შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 14% ნაკლებად განიხილავს ან საერთოდაც გამორიცხავს წიგნის შეძენას მიმდინარე წლის მანძილზე. თუმცა საქმე არც ისე ცუდადაა, რადგან 10-დან 6 მკითხველი (64%) მზადაა ესტუმროს წიგნის რეალიზაციის ობიექტებს, რომელთაგან ნახევარს (31%) ეს დანამდვილებით აქვს გადაწყვეტილი.
მიუხედავად იმ ტურბულენტური ზონისა, რომელშიც ახლა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება, საბედნიეროდ, წიგნებზე მოთხოვნა და მისი შეძენის სურვილი კვლავ არსებობს. როგორც ირკვევა, არც ახალ ცხოვრების ტემპს მოუხდენია კითხვის ჩვევაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა. თუმცა, შეუძლებელია თვალის დახუჭვა იმაზე, რომ მოსახლეობის ნახევარი წიგნების კითხვას საერთოდ ვერ ახერხებს. ეს კი, კიდევ უფრო ნათელს ხდის და მკაფიოდ მიგვანიშნებს იმაზე, რომ წიგნების კითხვის ჩვევას პოპულარიზაცია სჭირდება.
როგორც „მწერალთა სახლის“ საერთაშორისო პროექტების კონსულტანტი – ნათია ლურსმანაშვილი აღნიშნავს – „მწერალთა სახლი“ ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ბენეფიციარებიც არიან როგორც გამომცემლობები, ასევე მკითხველები. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში მათი ქცევის ცვლილება (მათ შორის პანდემიის გავლენით), პირდაპირ კავშირშია ორგანიზაციის სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრასთან“.
გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის თებერვალში, შემთხვევითი შერჩევის გზით, 1000 ზრდასრულ (16+) მოსახლესთან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავის, გორის და ზუგდიდის მასშტაბით. გამოყენებული მეთოდი – პირისპირი ინტერვიუ. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.4%-ს.
უხილავ მტრად გამოცხადებული კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობა ეტაპობრივად ხელშესახები ხდება. მსოფლიო ვაქცინაციის კამპანია გრძელდება, ბლუმბერგის მონაცემებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია 111 ქვეყანაში, სადაც ჯამში 279 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინაა შეტანილი. ქვეყნების ნაწილმა შეძლო ვაქცინაციის სრული კურსის (2 აცრა რამდენიმე კვირიანი ინტერვალით) ჩატარება, საერთო ჯამში მსოფლიოში 28 მილიონი ადამიანი უკვე სრულყოფილად აიცრა.
ბლუმბერგის საიტზე განთავსებულ მსოფლიო რუკაზე, რომელიც ასახავს ვაქცინაციის პროგრესს ქვეყნების მიხედვით, საქართველო ჯერ-ჯერობით მონაცემების გარეშეა, ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის შემოტანილი არცერთი ქვეყნის წარმოებული ვაქცინა.
ქვეყანაში ვაქცინის შემოტანამდე ეისითიმ გამოიკითხა თბილისელები და დაინტერესდა მათი ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებითა და კონკრეტული ვაქცინების მიმართ მზაობით.
Covid-19 VS ვაქცინა
თბილისელთა 80% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესი დადებითად იმოქმედებს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაზე. მოსახლეობაში მაღალია ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებაც, ყოველი მეორე თბილისელი ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას ვაქცინის შესახებ, რაც თემის აქტუალურობითა და მაღალი მოლოდინით აიხსნება.
ინფორმაციის მიღების ყველაზე აქტიური წყარო ინტერნეტია, თბილისის მოსახლეობის 70% სწორედ მას ასახელებს ინფორმირების მთავარ საშუალებად, მაღალია ტელევიზიით ინფორმაციის მიღება, განსაკუთრებით მოსახლეობის უფროსი თაობის წარმომადგენლებში (55+), 18-34 წლის თაობა კორონა ვირუსის შესახებ ინფორმირებული ძირითადად ინტერნეტიდან არის, თუმცა სხვა თაობებისგან განსხვავებით მაღალია მეგობრების და ახლობლების მიერ ინფორმაციის გაზიარება, ყოველი მეოთხე თბილისელი ახლობელთან განიხილავს ან მისგან იღებს ინფორმაციას კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქინაციის შესახებ.
იქცევა თუ არა ვაქცინა გოდოდ?!
18-34 წლის ყოველი მესამე თბილისელი ფიქრობს, რომ ვაქცინაცია პირადად მას მომავალ წელს მოუწევს. ოპტიმისტურად არიან განწყობილნი 34-55 წლის მოქალაქეები (26%), რომლებიც ვაქცინის გაკეთებას, იმ შემთხვევაში თუ ის შემოვა, 2021 წლის შემოდგომაზე გეგმავენ. 55+ უფროსი თაობის წარმომადგენლების 23% ასევე ფიქრობს, რომ მას ვაქცინა 2021 წლის შემოდგომაზე ჩაუტარდება. კვლევა ცხადყოფს, რომ გაზაფხულზე არა რისკ ჯგუფში მყოფი და სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისგან განსხვავებით, რიგით მოქალაქეებს ვაქცინა გაზაფხულზე არ მოუწევთ. თუმცა საერთო სურათში ასახული პროცენტული სხვაობების სიმცირე და „არ ვიცი“ პასუხის პროცენტულობა (12%) ცხადყოფს, რომ მოსახლეობა დაბნეულია და არ არის ზუსტად ჩამოყალიბებული თავის წარმოდგენაში თუ როდის დაიწყება მოსახლეობის სრული ვაქცინაცია ქვეყანაში.
გაკეთება თუ არ გაკეთება?!
თაობების მიხედვით ვაქცინაციის გაკეთების მზაობა ყველაზე მეტად 55+ ასაკის მოქალაქეებშია (43%). რაც აღნიშნული ასაკის რისკის ქვეშ ყოფნითაც აიხსნება. თუმცა ამ ასაკის ყოველ მეოთხე მოქალაქეს ჯერ არ გადაუწყვეტია ვაქცინაცია, ყოველი მესამე კი, არ აპირებს გაიკეთოს კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით გადაუწყვეტელობის ყველაზე მაღალი ხარისხი მილენიალებშია, რომელთა 32%-მა არ იცის ჩაიტარებს თუ არა ვაქცინაციას, მილენიალების მხოლოდ 41% აცხადებს მზაობას ვაქცინაციის პროცესისთვის, გამოკითხულთა 26%-ს კი ამ დროისთვის არ სურს ვაქცინის გაკეთება.
ვაქცინისთვის თბილისელების მზაობის საერთო სურათში პასუხების პროცენტული თანაფარდობა მიუთითებს, რომ თბილისის მოსახლეობა ჯერ ისევ არ არის ჩამოყალიბებული ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხზე, ყოველი მესამე თბილისელი არ არის მზად გაიკეთოს (31%) კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან ჯერ არ ჩამოყალიბებულა (29%).
კვლევის შედეგად დგინდება, რომ ჩამოყალიბების პროცესში თბილისელები შემდეგი საზოგადოებრივი ჯგუფების აზრს გაითვალისწინებდნენ: სამედიცინო პერსონალი (59%), ნაცნობი კომპეტენტური მედიცინის მუშაკები (32%) და ეკლესია (12%).
კარგი თუ მალე
ვაქცინაციისგან თავის შეკავების ძირითადი მიზეზი კვლევის მიხედვით COVID-19-ის ვაქცინის მიმართ უნდობლობაა (34%), რომელიც ყველაზე მძაფრად 55+ ასაკის ადამიანებშია გამოხატული (40%) ყოველი მესამე თბილისელი კი, ღელავს გვერდით მოვლენებზე, რომელიც შეიძლება ახლდეს ვაქცინას (32%). 18-34 წლის თაობის წარმომადგენლების 13% კი, აცხადებს რომ საერთოდ არ აღელვებს კორონა ვირუსის გადატანა.
ზოგადი მაღალი უნდობლობის ფონზე საინტერესოა, რომელია თბილისელებისთვის ის ვაქცინა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობიან და რომლის გაკეთებასაც კატეგორიულად არ აპირებენ. ეისითი დაინტერესდა ბაზარზე არსებული ყველა ცნობილი ვაქცინის მიმართ თბილისელების დამოკიდებულებით. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ყველაზე მაღალი სანდოობით არსებულ ვაქცინებს შორის სარგებლობს ამერიკული წარმოების ფაიზერი და მოდერნა (50%) და ევროპული წარმოების ვაქცინები – ბიო-ენ-ტექი და ასტრაზენეკა (46%). თბილისელების უმრავლესობა არ არის მზად გაიკეთოს რუსული და ჩინური წარმოების ვაქცინა, უფრო მეტიც თბილისელების 63% აცხადებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ გაიკეთებს რუსული წარმოების სპუტნიკ V-ს, ხოლო ყოველი მეორე თბილისელი (53%) უარს იტყვის ჩინური ვაქცინით – სინოფარმით აცრაზე.
*კოვაქს პლატფორმის ვაქცინის განაწილების გეგმის მიხედვით საქართველო ჯამში 215 ათას ასტრაზენეკასა და ფაიზერ/ბიო-ენ-ტექის ვაქცინას ორ ეტაპად მიიღებს, თუმცა აღნიშნულ გეგმაში არ არის დაკონკრეტებული ზუსტი დრო, როდის გადმოეცემა ვაქცინები ქვეყანას. შესაბამისად, მაღალი მოლოდინის და ამავე დროს უნდობლობის ფონზე მნიშვნელოვანი ხდება მოსახლეობისთვის ვაქცინაციის დაწყების გეგმის და დადებითი ეფექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.
*კოვაქს პლატფორმის ვაქცინის განაწილების გეგმა: https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/act-accelerator/covax/covax-interim-distribution-forecast.pdf?sfvrsn=7889475d_5
* გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.
კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები ყოველდღიური ცხოვრებაში, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შემცირებასა და პრევენციაზე, ქვეყანაში ჯერ ისევ აქტუალურ საკითხად რჩება. კრიტიკული მეორე ტალღის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა ჯერ-ჯერობით თბილისელებისთვის მტკივნეულ თემად აღიქმება 9 საათის შემდგომ გადაადგილების შეზღუდვა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასვენების დღეებში გაუქმების საკითხი და სასწავლო დაწესებულებების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა. მეორე ტალღის პირობებში ეპიდემიური სიტუაციის დამძიმების, მაღალი დაინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდის და ჯანდაცვის სისტემაზე მაღალი დაწოლის შემდეგ მთავრობა არ ჩქარობს დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნას.
აღნიშნულ საკითხზე ეისითიმ მორიგი საინტერესო კვლევა ჩაატარა, კვლევის არეალი დედაქალაქში მაცხოვრებლებით შემოიფარგლა. კვლევის შედეგად დგინდება, რომ თბილისელების შეფასებით მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისას არ არის ბოლომდე ეფექტური, განსაკუთრებით კრიტიკულები არიან თბილისში მცხოვრები 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები, მათი შეფასებით მთავრობის ეფექტურობა 10 ქულიან სკალაზე 5.25-ია. ამასთან, აღნიშნული თაობის წარმომადგენლებიდან ყოველი მეორე (51%) მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეპიდსიტუაციის სიმწვავესთან შედარებით ზედმეტად მკაცრია.
ასაკის მატებასთან ერთად მთავრობის მიერ სიტუაციის მართვის ეფექტურობის შეფასებისას მოქალაქეების ლოიალურობაც იზრდება, 55+ ასაკის თბილისელები მიიჩნევენ, რომ მთავრობა მეტად ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას (6.12) და მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისია. საერთო ჯამში დედაქალაქის მაცხოვრებელთა მიერ მთავრობის ეფექტურობა სკალაზე 5.75 ქულით შეფასდა, ხოლო სიმკაცრის ქულის განაწილებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ გატარებული ღონისძიებები შესაბამისია, ხოლო მცირედი განსხვავებით მეორე ნაწილი (43%) ფიქრობს, რომ სიმწვავესთან შედარებით ზედმეტად მკაცრია.
აღნიშნული შეფასება არ ემთხვევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირების სიმკაცრის ინდექსის ვიზუალურ რუკაზე საქართველოს მონაცემებს, სადაც ქვეყანა 100 ქულიან სკალაზე დღეის მდგომარეობით სიმკაცრის მეორე საფეხურზე იმყოფება (75-85).
რა არის თბილისელების შეფასებით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და რომელი მათგანია მათთვის ყველაზე რთული ასატანი?
გამოკითხული თბილისელების წარმოდგენით პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების სამეული ასე გამოიყურება: 1. გასართობი და კულტურული ღონისძიებების, ასევე ცერემონიების აკრძალვა (6.56), 2. საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა (6.50), 3. კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა (6.32).
აღნიშნული სურათი განსხვავდება თაობების ჭრილში – 35-დან 55 წლამდე ასაკის წარმომადგენლებისთვის ამ სამეულში კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა კომენდანტის საათით ნაცვლდება, ამასთან 55+ თბილისელებისთვის აღნიშნული შეზღუდვა სხვებთან შედარებით უფრო მარტივი ასატანი აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მტკივნეული (6.06) დაწესებული შეზღუდვებიდან მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაა.
34-დან 55 წლამდე მოსახლეობა რთულად ეგუება სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დახურვას და ონლაინ რეჟიმზე გადასვლას, რადგანაც ლოგიკურად აღნიშნულ თაობაში ჭარბია მშობლების რაოდენობა, რომელთაც ამ შეზღუდვასთან გამკლავება პირადად მოუწიათ. ეს თაობა ასევე განიცდის საერთაშორისო ფრენების შეზღუდვას, რაც ასევე აქტიური მოგზაურობით აიხსნება. მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებიდან პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად კი, მილენიალები სოციალიზაციასთან ასოცირებულ შეზღუდვებს ასახელებენ, როგორიცაა გასართობ-კულტურული ღონისძიებების აკრძალვა, საერთაშორისო ფრენების და ადგილობრივად კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა.
კვლევა ცხადყოფს რომ ახალგაზრდობა ეთანხმება მშობლების თაობას სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში ჩატარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასევე რთულად გადააქვს კომენდანტის საათის დაწესება, რაც ამ თაობაში აქტიური ღამის ცხოვრებას უკავშირდება. ამასთან 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები აღნიშნულ შეზღუდვას აფასებენ როგორც ნაკლები მნიშვნელობის მქონეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და ზამთარში მთის კურორტებზე დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული შეფასება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები დასახელებულ სამ შეზღუდვას აუცილებლობად არ თვლიან და მათი გაუქმების მაღალი მოლოდინი აქვთ. მათი აზრით პანდემიასთან გამკლავების აქტიურ ფაზაში მნიშვნელოვანია შეზღუდვები შეეხოს გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, საერთაშორისო ფრენებს და სასწავლო დაწესებულებებს.
საქართველოს მთვარობა უკვე აანონსებს შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებას, სავარაუდოდ ქვეყნის მონაცემი სიმკაცრის ინდექსის რუკაზე მარტის თვიდან შეიცვლება.
* გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.
Covid 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ადამიანების ცხოვრების სტილზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. 2020 წლის ბოლოს, დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპონდენტების 60%-ს აზრით, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. რესპონდენტების 34% ფიქრობს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო 3%-სთვის გაუმჯობესდა.
ხარჯების შემცირება შეინიშნება ყოველთვიური დანახარჯების ჭრილშიც, პანდემიის პერიოდში რესპონდენტების უმრავლესობა 47% ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე. 30% ახლაც იმდენს ხარჯავს, როგორც პანდემიამდე ხოლო გამოკითხულთა 23% ახლა უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე პანდემიამდე.
აღსანიშნავია, რომ რესპონდენტების უმრავლესობა 34%, ახლა უფრო მეტს საკვებ და სასმელ პროდუქტებზე ხარჯავს. რესპონდენტების 27% უფრო მეტს საოჯახო მოხმარების (ქიმია, ჰიგიენა, თავის მოვლის საშუალებები) საქონელზე ხარჯავს, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებით (ექიმი, ანალიზები, მედიკამენტები) გამოკითხული რესპონდენტების 27% ხარჯავს უფრო მეტს. ზრდის მიზეზად უმრავლესობა 75% პროდუქტის გაძვირებას ასახელებს.
ყოველი მეორე თბილისელი ახლა უფრო ნაკლებს ხარჯავს ტრანსპორტზე (მგზავრობა, საწვავი). რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს (ბინა, აგარაკი, ავეჯი, ავტომობილი, საოჯახო ტექნიკა), ათიდან ექვსი პოტენციური მყიდველი, თავს იკავებს მსხვილი შენაძენის გაკეთებისგან.
გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.