ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ახორციელებს პროექტს “წვდომა საექსპორტო ბაზრებზე” (IA2M), რომლის მიზანია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა ევროკავშირისა და სხვა ევროპულ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებაში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ACT Global იწყებს ახალ კვლევას, რომელიც მიმართულია ლოგისტიკური კავშირის გაძლიერებასა და SME-ებისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაძლებლობების სრულად გამოყენების ხელშეწყობაზე.
მიუხედავად DCFTA-ის მიერ შექმნილი შესაძლებლობებისა, საქართველოს SME-ები კვლავ აწყდებიან მაღალი სატვირთო ხარჯების, მცირე ტვირთების მოცულობის, სუსტი ინფრასტრუქტურისა და შეზღუდული ლოგისტიკური მომსახურებების პრობლემას, რაც ამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას. 2023 წელს, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსით, საქართველო 79-ე ადგილზე აღმოჩნდა, განსაკუთრებით დაბალი ქულებით ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკური კომპეტენციის მიმართულებით.
კვლევა დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, რომელიც საქართველოს რეალობასთან იქნება მორგებული. კვლევა მოიცავს როგორც სავაჭრო და სატრანსპორტო მონაცემთა რაოდენობრივ ანალიზს, ასევე SME-ებთანს, ლოგისტიკურ კომპანიებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მიღებულ თვისებრივ მიგნებებს. შედეგად, მომზადდება პრაქტიკული, მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომლებიც შეამცირებენ ლოგისტიკურ ხარჯებს, გააუმჯობესებენ კონკურენტუნარიანობას და საქართველოს SME-ებს მისცემენ შესაძლებლობას, გააფართოონ ექსპორტი ევროპის ბაზრებზე.