/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა

10.09.2021 2 წუთის საკითხავი
ახალგაზრდების საჭიროებებისა და გამოწვევების კვლევა

8 სექტემბერს ახალგაზრდობის სააგენტოში ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის: "ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე" პრეზენტაცია გაიმართა. კომპანიის განვითარების კონსალტინგის უფროსმა კონსულტანტმა ფლორა (კესო) ესებუამ ჩატარებული სამუშაოების საბოლოო ანგარიში წარადგინა, სადაც დეტალურად იყო მიმოხილული და გაანალიზებული საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ახალგაზრდების აზრი და შეფასებები სხვადასხვა საკითხზე.


კვლევის ფარგლებში ქვეყნის 10 რეგიონში 2790 პირისპირ ინტერვიუ, 14 სამიზნე მუნიციპალიტეტში კი 56 ფოკუსური დისკუსია და 43 სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა. ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ახალგაზრდების უმეტესობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების, სამოქალაქო აქტივობებსა და პროცესებში ჩართულობის გამოწვევები აწუხებთ. კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება კი, ახალგაზრდებში გამოკვეთილი შიდა და გარე მიგრაციის განზრახვის მოტივებია: შიდა მიგრაციის შემთხვევაში გამოკითხული ახალგაზრდები უკეთესი განათლების ხელმისაწვდომობაზე ზრუნავენ, გარე მიგრაციის შემთხვევაში კი - დასაქმების უკეთეს შესაძლებლობას ეძებენ. კვლევით ასევე დგინდება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ მათი ძირითადი უფლებები დაცულია, თუმცა ძალიან მცირეა აღნიშნული უფლებების შესახებ ინფორმაციის ფლობის დონე.


ყველა აღნიშნული საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა და კვლევის შედეგების არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან მტკიცებულებებზე დაყრდნობით კვლევის ინიციატორი ახალგაზრდობის სააგენტო, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, გეგმავს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას და შესაბამისი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობას, მდგრადი და გრძელვადიანი შედეგების მიღწევას, ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერებას, შესაბამისი სერვისებისა და შესაძლებლობების შეთავაზებას და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობას.


ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციების ნაწილი გულისხმობს სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად ახალგაზრდებთან აქტიურ მუშაობას. გარდა იმისა, რომ აუცილებელია ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდული მუნიციპალური პროგრამებისა და სერვისების შესახებ, არსებითია ცნობიერების გაზრდა სამოქალაქო აქტივიზმისა და პროცესებში ჩართულობის, ახალგაზრდობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობების, სხვადასხვა უფლების თუ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნავს კვლევის ავტორი, ეისითის განვითარების კონსალტინგის უფროსი კონსულტანტი ფლორა (კესო) ესებუა.


კვლევის საბოლოო ანგარიში:  ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მუნიციპალურ და რეგიონალურ დონეზე


ბოლო სიახლეები

კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ACT გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ქსელის წევრი გახდა. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 13,500-ზე მეტ პასუხისმგებლიან კომპანიას აერთიანებს უკეთესი და სასურველი სამყაროს შესაქმნელად, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.





18 ივლისს, სასტუმრო ,,სტამბაში“ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა, სადაც ACT-ის განვითარების კონსალტინგის გუნდის წევრებმა, უფროსმა კონსულტანტმა ნათია რუხაძემ და ანალიტიკოსმა ქეთი ანთაძემ, მონაწილეობა მიიღეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) მიერ ორგანიზებულ გენერალურ ასამბლეაში, სადაც წარადგინეს გასულ წელს ამ ქსელის დაკვეთით განხორციელებული კვლევის - "კერძო სექტორის როლი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში" - შედეგების პრეზენტაცია.  ღონისძიებაზე გაიმართა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით. ამჟამად საქართველოს ქსელი 110 წევრს აერთიანებს.  

,,ეისითის გუნდი, მხარს ვუჭერთ და ვაძლიერებთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებისათვის მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით, ჩვენი ძალისხმევა და მისწრაფებები სრულად ეხიანება მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs). ვთვლით, რომ გლობალური შეთანხმების ქსელის წევრობა საუკეთსო პლატფორმაა პარტნიორული ქსელების შექმნის, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და მიღების და გლობალური გაფართოებისათვის; ვფიქრობთ, ქსელის წევრობა დაგვეხმარება მდგრადი მიდგომები საერთაშრისო სტანდარტების შესაბამისად დავნერგოთ ჩვენს გუნდში და გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებსა რეგიონის მასშტაბით. “ - აცხადებს ACT-ის განვითარების კონსალტინგის მიმართულების ლიდი სოფო ჩაჩანიძე.





„გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზრდილი და გააზრებული პასუხისმგებლობაა, რაც სრულად შეესაბამება ჩვენი კომპანიის ხედვას და განვითარების ვექტორს. მჯერა, ქსელის წევრობა საშუალებას მოგვცემს ვიყოთ სრულად ინფორმირებული 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და მიღწეულ პროგრესზე, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ღირებული წვლილი შევიტანოთ უკეთესი და სასურველი სამყაროს შექმნაში. ვფიქრობ, ასევე, რომ ადგილობრივი კომპანიების გლობალური განვითარების მიზნების (SDGs) შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მიმდინარე ღონისძიებები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების მიერ საკუთარი როლის უკეთ გააზრებას აღნიშნული მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას და სწრაფვას შექმნან ჯანსაღი, მდგრადი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი გარემო როგორც ლოკალურად, ასევე რეგიონის თუ ქვეყნის მასშტაბით“ - უფროსი კონსულტანტი, ნათია რუხაძე.
28.07.2021

კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი საზოგადოების წინაშე განახლებული კონცეფციით, ბრენდით და ბიზნეს მოდელით წარდგა. მსოფლიო გამოწვევის – პანდემიური 2020 წლის წარმატებით დაძლევის შემდეგ ეისითი ახალი ენერგიითა და ამბიციებით გლობალურ მიზნებს ისახავს და თავის კლიენტებს სთავაზობს მაღალი სტანდარტების, პროაქტიულ და ბაზრის საჭიროებაზე ორიენტირებულ ხედვას. მთავარი სლოგანით – ცვლილებების ძალა, ჩვენ ვუზრუნველყოფთ პარტნიორების მხარდაჭერას დიდი და აუცილებელი ტრანსფორმაციის პროცესში.




ეისითი გლობალური კვლევისა და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი მთავარი უპირატესობა მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. ACT-ის ისტორია ადრეული 2000-იანი წლებიდან იწყება, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ რყევებს განიცდიდა და საბაზრო ეკონომიკა, ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. 19-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ საქართველოში კვლევითი ინდუსტრიის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა და დღეს, 28 ქვეყანაში წარმატებულ პროექტებს ახორციელებს. ახალმა რეალობამ და გრძელვადიანმა ხედვამ ეისითის მასშტაბური ტრანსფორმაციისკენ უბიძგა. შეიცვალა ბიზნეს-მოდელი, ორგანიზაციული სტრუქტურა, აზროვნების სტილი და მიდგომა, რასაც ლოგიკურად, ვიზუალური ბრენდინგის ცვლილების აუცილებლობაც მოყვა.


„საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ვამაყობდით, რომ ვიყავით კვლევითი კომპანია და ვაწარმოებდით ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ კვლევებს, ვამაყობდით ჩვენი ანალიტიკური შესაძლებლობებით. ეს ყველაფერი დნმ-ში გვაქვს ჩადებული. თუმცა რაღაც ეტაპზე, კომპანიის ზრდა მნიშვნელოვნად შენელდა და 2013-2018 წლებში, ზრდის ტემპი 3-5%-ში მერყეობდა.


ბუნებრივია, დავიწყეთ პასუხების ძებნა, საკუთარ თავს დავუსვით კითხვა – რა სჭირდება ჩვენს დამკვეთს დღეს? რით შეგვიძლია შევუქმნათ ფასეულობა? თვალს ვადევნებთ ბაზარს და ვხედავთ თუ როგორ აქტიურად გადიან კომპანიები ტრანსფორმაციას. ეს ეხება პანდემიის გამოწვევებს, ციფრულ, მენტალურ და სხვა მიმართულებებს. არ მეგულება სფერო, რომელსაც დღეს ცვლილებების გარდაუვალი საჭიროება არ უდგას, მათ შორის ვიყავით ჩვენც“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და ხედვის ლიდი თინათინ რუხაძე.


ტრანსფორმაციის შედეგად, დღეს, ACT-ის ოთხი ბიზნეს მიმართულება აქვს: მენეჯმენტ კონსალტინგი, განვითარების კონსალტინგი, კვლევა და ბიზნეს ანალიტიკა. ბიზნეს-მოდელი აღარ არის კვლევა, არამედ ACT კვლევაზე დაფუძნებულ საკონსულტაციო კომპანიად იქცა, რომლის ბირთვია მონაცემთა ანალიტიკა. კომპანიამ თავისი ძლიერი მხარე – ანალიტიკა და მენეჯმენტ კონსალტინგისთვის შექმნილი ინსტრუმენტები ორგანიზაციებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენ მიმართა.


ტრანსფორმაცია კომპანიის შიგნიდან დაიწყო, დღეს ეისითი ახალ სამიზნე სეგმენტთან განახლებულ მიდგომებს იყენებს. ამის შედეგად, კომპანიას მხოლოდ 2019-ში, 80%-იანი ზრდა ჰქონდა. ამ ბიზნეს მოდელმა განაპირობა, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისის პერიოდშიც კი, შესრულდა დასახული გეგმა და ეისითიმ დაამტკიცა, რომ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს, დროს ჩვენ ვქმნით.


როგორც კომპანიის ხედვის ლიდი განმარტავს - „მხოლოდ ბიზნეს-მოდელის ცვლილება, ბუნებრივია, არ იყო საკმარისი. ორგანიზაციული აზროვნების სტილთან ერთად, მნიშვნელოვნად გავზარდეთ გუნდი – შემოვიერთეთ განსხვავებული კომპეტენციების მქონე ახალი ადამიანები. რადიკალურად შეიცვალა ორგანიზაციული სტრუქტურა – ბიზნეს-მოდელის ცვლილებას ეჯაილ ტრანსფორმაციაც მოყვა, რამაც ეფექტიანობისა და შემოქმედებითობის ახალი გზები გაგვიხსნა. კომპანიას სამი ძირითადი ძალა ამუშავებს: ხედვა, კულტურა და აღსრულება, ამიტომ, მმართველიც სამია, თითოეულს თავისი მიმართულება აქვს. ჩვენ ვუყურებთ ორგანიზაციას როგორც ქსელს, რამაც გვიბიძგა ცვლილებები შეგვეტანა ტრადიციულ სტრუქტურაში და მართვის მოდელიც სამპოლუსიანი გამხდარიყო, სადაც ხედვაც, კულტურაც და აღსრულებაც ერთი საერთო მიზნის მიღწევას ემსახურება. ყველაფერს დაეტყო განვითარება – მთლიან გუნდს, პროდუქტებს, შემოსავლებს, აღნიშნული ტრანსფორმაციით ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ - ვქმნით მეტ ფასეულობას ჩვენი კლიენტებისთვის“.



ცვლილებები არ შეხებია კომპანიის მთავარ ფასეულობებს: სიყვარული, მხარდაჭერა, ეფექტიანობა და განვითარება. აღნიშნულ ნაკრებს ერთი დაემატა – შემოქმედებითობა. საინტერესო იდეები, საკითხის ახალ ჭრილში დანახვა და ინოვაციური გადაწყვეტები - ეხმარება კომპანიას მისიის საუკეთესოდ შესრულებაში. ჩვენი რწმენით, სამყარო სავსეა ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით, ხოლო შემოქმედებითობა მათ დანახვასა და ათვისებას გვიმარტივებს. სწორედ ამიტომ კრეატულობა, ოპტიმიზმი და ხალისი, ჩვენს ყოველდღიურობად და სამუშაო პროცესის ნაწილად ვაქციეთ.


„ჩვენ არ გვჯერა კონსალტინგის, რომელიც ბიზნესს პირდაპირ ეუბნება, თუ როგორ უნდა აკეთოს მან თავისი საქმე. პირიქით, ჩვენ გარედან ვეხმარებით დამკვეთს, რომ მათ, თავისივე სიბრძნითა და გამოცდილებით საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მიდგომა – მათი გაძლიერებაა“, - აღნიშნავს თინათინ რუხაძე.



ორგანიზაციულმა ტრანსფორმაციამ ბუნებრივად მოიტანა ვიზუალური განახლების საჭიროება. შეიცვალა ACT-ის ბრენდი, კომპანიამ სრულიად ინოვაციური და ამბიციური განაცხადი გააკეთა ბაზარზე. ბრენდის ცვლილებების სათავეში კომპანიის მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ლიდი ანა ივანიშვილი იდგა. მისი თქმით „ცვლილებები მასშტაბური იყო. ბუნებრივად გაჩნდა განცდა, რომ განახლებულ გუნდს, პროდუქტებს თუ ბრენდის ფილოსოფიას ძველი ბრენდით ვეღარ გავიტანდით. თამასა საკმაოდ მაღალი იყო, რადგან ACT თავად უწევს იმავე მომსახურებას სხვებს. გადავწყვიტეთ გვეთანამშრომლა დიზაინერ გია ბოხუასთან, რომელმაც ACT-ის პირვანდელ ბრენდინგზე იმუშავა – ჩავთვალეთ, რომ ის ზუსტად გაიგებდა ჩვენს ახალ გეზს და სათანადო ვიზუალურ გადაწყვეტას მოუძებნიდა.


რებრენდინგისას ვფიქრობდით, ბოლომდე დაგვეთმო ACT-ის იდენტობა, თუ ნაწილობრივ მაინც შეგვენარჩუნებინა. განახლებულ ლოგოში შენარჩუნებულია ჩვენი დნმ - მონაცემები - რომელიც უფრო შემცირებული ზომითაა წარმოდგენილი, ხოლო თავად წარწერა ACT მკაფიოდ ჩანს. ეს მიუთითებს, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ბირთვი, თუმცა დღეს, იმაზე კომპლექსურები ვართ ვიდრე ადრე და მზად ვართ უფრო მეტად ღირებულნი გავხდეთ ჩვენი პარტნიორებისთვის“.



კომპანიის წარმომადგენელთან ჩანაფიქრით განახლებულ ბრენდს სრულად უნდა აესახა ორგანიზაციული ტრანსფორმაცია. რებრენდინგს უნდა გადმოეცა ACT - როგორც თანამედროვე, თამამი, გლობალური კომპანია, რომელიც ბევრად მეტს სთავაზობს დამკვეთს, ვიდრე კვლევაა. სწორედ ამიტომ სრულიად შეიცვალა ვიზუალური სტილი. ბრენდისთვის ასე ახლობელი წითელი ფერი ლურჯმა ჩაანაცვლა. შეიქმნა ტიპოგრაფია. შეიცვალა სლოგანი – Think Big ჩაანაცვლა სასიკეთო ცვლილების მნიშვნელოვნებისკენ მოწოდებამ: Empower the Change. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კლიენტები იყვნენ ისინი, ვინც მასშტაბურად ფიქრობდა, ვისაც დიდი ოცნებები და მიზნები ჰქონდა. თანამედროვე გამოწვევებმა და შექმნილმა რეალობამ, ჩვენი ხედვაც შეცვალა - დღეს ჩვენი კლიენტები არიან მომავლის ლიდერები და ორგანიზაციები - ისინი, ვინც ყოველდღე ცდილობენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ, ჩვენ კი, ამ ცვლილებების მხარდამჭერად ვხედავთ თავს, სწორედ ამიტომ ჩვენი ახალი სლოგანი ამ სასიკეთო ცვლილებების რწმენას ასახავს.




განახლებულ ვიზუალურ ბრენდინგზე გრაფიკოსმა დიზაინერმა გია ბოხუამ იმუშავა, რომელიც ACT-ის წინა ვიზუალური იდენტობის ავტორიცაა.


„ACT-ის ბრენდინგზე პირველად 13 წლის წინ ვიმუშავე. ახლა კი, ACT-ში მიმდინარე სიახლეების პარალელურად, გადავწყვიტე, გამეთანამედროვებინა ლოგო. წარწერა წინა ფლანგზე მსხვილი ფონტით გამოვიტანეთ, თავად სახელწოდება ACT „მოქმედებასაც“ აღნიშნავს, რაც სლოგანს - Empower The Change დამატებით კომპლიმენტს უკეთებს. ლოგოს მთავარი იდეა – მონაცემები, შენარჩუნებულია, ეისითის ახალ პოზიციონირებაში წამყვანი მოქმედებაა – იდეის და ინსპირაციის მიწოდება, რომელიც რა თქმა უნდა მონაცემებით მყარდება. იდენტობას რაც შეეხება, საფირმო სტილად შავ-თეთრი ფოტოების არჩევა გადავწყვიტეთ, მთავარ ვიზუალურ შტრიხად კი, გლობუსი შევარჩიეთ, რომელიც კომპანიის გლობალურობას უსვამს ხაზს და გამოსახულებას უფრო დინამიურს ხდის. ცალკე გავაკეთეთ დიზაინი სლოგანისთვისაც“, - აღნიშნავს დიზაინერი გია ბოხუა.


ახალი ხედვით ეისითის „ბიზნეს-პროცესების მოლის პრინციპი“ აქვს, „ჩვენ გვსურს ვიყოთ ბიზნეს-სერვისების ჰაბი, რომელიც დამკვეთს მისთვის საჭირო მომსახურებას გაუწევს და კომპანიას აღარ მოუწევს სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა მომწოდებელთან ურთიერთობა, რაც დროშიც იწელება და საბოლოოდ, ნაკლებად ეფექტიანია. ვერ წარმოგვიდგენია ბიზნესი მასშტაბირების გარეშე. ეს ამბიცია დაარსების დღიდან გვქონდა, ვყოფილიყავით წარმატებული ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე. გვინდოდა ქართული ინტელექტუალური შესაძლებლობები გაგვეტანა ექსპორტზე. მხოლოდ გასულ წელს, ACT-მ 28 ქვეყანაში იმუშავა. ციფრულ ერაში ოფისიც კი არ არის საჭირო სამუშაოდ, რაც შესაძლებლობების დიდ ჰორიზონტს შლის. ასევე, ვაპირებთ გავაძლიეროთ პარტნიორული ალიანსები და გავხდეთ მაქსიმალურად ფასეულები კლიენტისთვის, ბიზნეს-საკონსულტაციო მიმართულებით“, - აღნიშნავს თინათინ რუხაძე.


ტრანსფორმაციისა და რებრენდინგის შედეგად, ACT განახლებული კონცეფციით განაგრძობს მუშაობას. გლობალური ბაზრის თანამედროვე გამოწვევების პასუხად, კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ უკვე გადადგა წარმატებული ნაბიჯი – ტრანსფორმირდა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და გამოყენებისთვის.

23.06.2021

კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია ეისითიმ წელსაც მიიღო მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მარი ბურდულის სახელობის დასაქმების ფორუმში. კომპანიის ადამიანების და ორგანიზაციის განვითარების გუნდის წევრები სტუდენტების წინაშე პრეზენტაციით წარდგნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.


დასაქმების ფორუმის მიზანია სამსახურის მაძიებელი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. ფორუმი განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 18 000-მდე სტუდენტისა და ნებისმიერი კურსდამთავრებულისთვის. ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები იღებენ.


ეისითისთვის მსგავსი ფორუმები ახალი ტალანტების აღმოჩენის და მომავალი თანამშრომლების პოვნის კარგი საშუალებაა. კომპანია სტუდენტებს სთავაზობს როგორც მოკლევადიანი სტაჟირების, ასევე სამომავლო დასაქმებაზე გათვლილ პროგრამებს. ეისითის აქვს პოზიტიური გამოცდილება მსგავს ფორუმზე საინტერესო და მოტივირებული ადამიანების აღმოჩენის კუთხით, რამდენიმე მათგანი დღეს ეისითის მუდმივი თანამშრომლების რიგებშია.



14.06.2021