/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

ბიზნეს ვორქშოფი - "რატომ არ იზრდება ჩემი ბიზნესი?"

26.01.2023 1 წუთის საკითხავი
ბიზნეს ვორქშოფი - "რატომ არ იზრდება ჩემი ბიზნესი?"

თუ საკუთარ თავს ხშირად უსვამთ კითხვას „რატომ არ იზრდება ჩემი ბიზნესი?“ - ეს ვორქშოფი სწორედ თქვენთვისაა. ბიზნესის წარმატებაცა და წარუმატებლობაც ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგია, გადაწყვეტილებები კი ჩვენს ცოდნას, გამოცდილებასა და რწმენებს ეფუძნება. აქედან გამომდინარე, თუ კომპანიაში სასურველ ზრდას ვერ ვხედავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ჩვენ გავიზარდოთ - ახალი ცოდნა მივიღოთ და ჩვენს რწმენებსა და წარმოდგენებსაც გადავხედოთ.

 

11 თებერვალს გელით ჩვენს ვორქშოფზე, სადაც:





ვისთვისაა ეს პროგრამა: ბიზნესის მფლობელებისთვის, CEO-ებისთვის და ტოპ-მენეჯერებისთვის


ვორქშოფს ფასილიტაციას გაუწევს ეისითის დამფუძნებელი, მენეჯმენტ-კონსულტანტი 20 წლიანი გამოცდილებით თინათინ რუხაძე


ფორმატი: ერთდღიანი

 📍  ჩატარების ადგილი: სასტუმრო რუმსი. თბილისი, კოსტავას #14

 📅 ჩატარების თარიღი: 11 თებერვალი (ანალოგიური ვორქშოფი დაგეგმილია 3 მარტსაც)

 📌 ფასი:  690 ლარი (მოიცავს დღგ-ს)

ბილეთებისთვის მიყევით ლინკს  ⏩    https://tkt.ge/show/11945/ratom-ar-izrdeba-chemi-biznesi


ვორქშოფის დღის წესრიგი:

9:30-10:00 რეგისტრაცია / ყავა

10:00 – 12:30 სესია 1

12:30 – 13:30 მსუბუქი ლანჩი

13:30 – 15:30 სესია 2

15:30 – 16:00 ყავის შესვენება

16:00 – 17:30 სესია 3

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრო ბონო ქსელმა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, რომლის განმავლობაშიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა წევრ კომპანიებს მიღწეული შედეგები გაუზიარა, ქსელის სამომავლო გეგმებიც დაისახა და ახალი წევრებიც მიიღეს.


კომპანიებს საერთაშორისო გამოცდილება გლობალური პრო ბონო ქსელის წევრმა ორგანიზაციის PYXERA Global-ის ვიცე პრეზიდენტმა წარუდგინა.


შეხვედრაზე წლის პრო ბონო ჩემპიონი ACT - Analysis and Consulting Team-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების გუნდის ლიდი, ნინო კალანდია გახდა.


"ეისითის სახელით წლის განმავლობაში სხვადასხვა პრო ბონო აქტივობაში ჩავერთე, ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და საინტერესო გამოცდილება, მადლობა ნდობისთვის პრო ბონო ქსელის წარმომადგენლებს და ყველა იმ ორგანიზაციას, რომლისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა გაწეული პრო ბონო სერვისი." - ნინო კალანდია







2022 წლის მაისში, კვლევის და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალურმა კომპანიამ "ეისითიმ", სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერის - ნინო კალანდიას ჩართულობით, პრო ბონო კონსულტაცია გაუწია ორგანიზაციას "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG). კონსულტაციის ფარგლებში "ეისითიმ" კვლევის საკომუნიკაციო კამპანიის გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, განისაზღვრა: კვლევის დიანტერესებული მხარეები, საკომუნიკაციო არხები, ა.შ. კონსულტაციის ფარგლებში ჩატარდა ორი სამუშაო შეხვედრა "ეისითის" და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" (WEG) წარმომადგენელს შორის.



პრო ბონო კონსულტაცია საკომუნიკაციო კამპანიაში გაეწია ასევე საწარმოს „ჩუ“ -ს. “ჩუ” არის ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. „ჩუს“ პროდუქციით თამაშის პროცესში მოთამაშეები სწავლობენ სიტყვებს ჟესტურ ენაზე, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.


2022 წლის ოქტომბერი-ნომებრის თვეში, "ეისითიმ"  ნინო კალანდიას ჩართულობით, სამოქალაქო ორგანიზაცია „საფართან“ 6 საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა, რომელმაც ჯამურად 14 პრო ბონო საათი შეადგინა. კონსულტაციის მიზანი, საფარის დონაციის პლატფორმის მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის ჩამოყალიბება/სრულყოფა იყო. საკომუნიკაციო შეხვედრები ორ ნაწილად გაიყო, პლატფორმის არსებული საკომუნიკაციო გეგმის შეფასება და ახალი გეგმის ჩამოყალიბება.


პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.


პრო ბონო საქმიანობა მხარდაჭერილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, პროექტის 'სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის' ფარგლებში.

25.01.2023

16 დეკემბერს ეისითის დამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ,  ფორუმის ,,თანამედროვე მენეჯმენტი და HR” ფარგლებში, ისაუბრა თემაზე : ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ცვლილებების მართვა.

თანამედროვე მენეჯმენტში ცვლილებების მართვა დიდ გამოწვევად რჩება. ეისითის მიერ შემუშავებული ორგანიზაციის და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი POWER3® (THE POWER OF THREE®) სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში ეხმარება ორგანიზაციებს. POWER3®-ის მოდელი გულისხმობს ნებისმიერ გადაწყვეტილების სამ განზომილებაში გატარებას: რამდენად ემსახურება ის ორგანიზაციის ხედვას და მთავარ მიზნებს, რამდენად თანხვედრაშია იგი ორგანიზაციულ კულტურასთან და ფასეულობებთან, და ბოლოს, რამდენად ეფექტურია რესურსებისა და აღსრულების თვალსაზრისით.


ასეთი მიდგომით განხორციელებული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია, კომპანიებს სწორი მიმართულებით განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს.

ფორუმი "თანამედროვე მენეჯმენტი და HR" ორგანიზებული იყო გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მიერ.


HR ფორუმის მიზნები იყო: 


  • თანამედროვე მენეჯმენტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების განხილვა;
  • ადამიანური რესურსების მართვის ახალ მიდგომებზე, HR პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე, თანამშრომლების შერჩევის პროცესზე, ტალანტ მენეჯმენტზე, პროფესიულ განვითარებაზე, კარიერის მართვაზე და ეთიკის საკითხებზე დისკუსია; 
  • მენეჯმენტის ახალი, ინოვაციური მეთოდების განხილვა და მათი დანერგვის გზების განსაზღვრა; 
  • ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვის, რეფორმების დანერგვის და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებაზე ახალი მიგნებების პოვნა და განხილვა; 
  • თანამედროვე მენეჯმენტსა და HR საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება.
19.12.2022

  "ჩვენმა ნამდვილმა „მე“-მ იცის, რა შეგვიძლია"  


- თინათინ, „ფიზიკოსებისა“ და „ლირიკოსების“ პირობით დაპირისპირებაში საკუთარ თავს „ფიზიკოსების“ გუნდში ხედავთ, თუ „ლირიკოსების“?


- ოცი წლის წინ რომ გეკითხათ, „ფიზიკოსებს“ გეტყოდით, მაგრამ ახლა სადღაც შუაში ვარ.


- რატომ? რა შეიცვალა?


- ჯერ „ლირიკოსების“ დაფასება დავიწყე და მერე „ლირიკოსი“ აღმოვაჩინე ჩემს თავში. ვფიქრობ, ორივე საწყისი არის ჩემში და ორივე მნიშვნელოვანია. მეტსაც ვიტყვი, კარგი „ფიზიკოსი“ რომ ვიყო, „ლირიკოსობა“ მეხმარება და პირიქით.


- თუ ეთანხმებით აზრს, რომ ყველაფერი მთავარი, რაც გჭირდებათ, თქვენშია?


- მთავარი, რაც მჭირდება? - დიახ. მაგრამ რაც გჭირდება - რისთვის?


კარგი კითხვაა. ამ თემას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ - რისთვის. ერთხელ თქვით - ცუდ ფიქრებს მადლიერებით ვიღებ, რადგან ყველა ცუდი ფიქრი იმის ნიშანია, რაზე მაქვს სამუშაოო. ცუდი ფიქრებით დახუნძლულ დროში, შეგიძლიათ, ჩვენც გაგვიზიაროთ გამოცდილება, ცუდი ფიქრების მიმართ მადლიერება რატომ უნდა გაგვიჩნდეს?


- იმიტომ, რომ ცუდ ფიქრში პირდაპირ ჩანს მიმართულება, სად გაქვს სისუსტე, ან რაში გგონია, რომ სუსტი ხარ. თუ ცუდი ფიქრების მძევალი არ გახდები, მაშინ ისინი ჰგავს სიცხეს ორგანიზმში, რომელზეც ექიმები გეუბნებიან - კარგია, რადგან მიგანიშნებს, რომ ორგანიზმში ანთებაა. მაგალითად, შური, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს, ჩემთვის ნიშნავს ფიქრს, რომ რაც სხვამ შეძლო და გააკეთა, მე არ შემიძლია. ამ ფიქრებს რომ გავყვები, მერე უკვე გზაც ჩანს: რატომ მინდა, რომ შემეძლოს; ან როგორ შემიძლია, რომ მეც გავაკეთო. აქ ცუდი ფიქრები მთავრდება და სასიკეთო მხარეს გადადიხარ. კონცენტრაციას იწყებ იმაზე, რაც ნამდვილად გაწუხებს. ბრაზიც შენი უსუსურობის ნიშანია. გგონია, რომ რაღაცას ვერ შეცვლი და ამიტომ ბრაზობ. არაერთხელ დავიჭირე ჩემი თავი ბრაზზე, მაგალითად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, სამყაროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით...


- და, ამ დროს?


- ამ დროს, ეს არის ფიქრები იმაზე, რომ უსუსური ხარ. გჯერა, რომ ვერ შეცვლი იმას, რაც გაბრაზებს. საკუთარ თავს ეკითხები: მართლაც ასეთი უსუსური ხარ, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია? სინამდვილეში, რას შეცვლი? რას ვერ შეცვლი? მერე კონცენტრირდები იმაზე, რისი შეცვლაც შეგიძლია და ამ პროცესში გარკვეული შვებას პოულობ. სამყარო შეიძლება ვერ შეცვალო, მაგრამ სამყაროს პატარა ნაწილი შეგიძლია, შეცვალო; პირველ რიგში, საკუთარი თავი.


- ერთი, რაც თქვენი მასალის შესწავლისას დავინახე, ის იყო, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ პოზიტიურ აზროვნებას. მაგრამ სად გადის ზღვარი, რომლის იქითაც პოზიტიური აზროვნება არსებული სიტუაციის ზერელე ხედვაში გადაიზრდება? როცა ადამიანები რეალურ საფრთხეებს თავს არიდებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი მოგვარდება, ყველაფერი კარგად იქნება?


- ჩემი აზრით, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პოზიტიური აზროვნების კულტივაციას ახდენს. თქვენი წინა კითხვაც ამის დასტურია, რომ ცუდი ფიქრების პატივისცემაც კი მაქვს. თუ მხოლოდ პოზიტიურ აზროვნებას აღიარებ, ეს ნიშნავს, რომ არ აღიარებ ცუდ ფიქრებს, სევდას, წყენას, ბრაზს...


-მაგრამ ამ ყველაფერს ისევ თქვენი გაძლიერებისთვის იყენებთ.


- დიახ, ეს ყველაფერი უნდა მიიღო და სასიკეთოდ გარდაქმნა. მე უფრო რეფორმატორული მიდგომა მაქვს. „მოდით, ვიყოთ პოზიტიურები!“ - ჩემი მოწოდება არ არის. ჩემი მოწოდებაა: მიიღე შენს თავში არსებული ან გარედან მოსული ცუდიც, კარგიც და შეეცადე, ცუდი გარდაქმნა, სასიკეთო ცვლილებების ძალად გამოიყენო. ნეგატიური ფიქრების მძევალი თუ გახდი, ან პოზიტიური ფიქრები თუ ფარივით აიფარე და რეალობიდან გაქცევის მექანიზმად აქციე, ორივე ერთნაირად დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს.


- თუ სწორად ვიცი, იმის გარდა, რომ ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიას მართავთ, რომელიც პროექტებს 30-მდე ქვეყანაში ახორციელებს, უშუალოდ ატარებთ კონსულტაციებს და ქოუჩიც ხართ. ქოუჩი რა არის, ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ, მაგრამ ჯერ დავაზუსტებ, ამ ეტაპზეც თუ ეწევით პრაქტიკულ საქმიანობას?


- ერთ ბიზნესში არ ვარ, რამდენიმე ბიზნესში ვარ, უბრალოდ, ერთ ბიზნესში, ასე ვთქვათ, ვმუშაობ. ამასთან ერთად, მოწოდებით კონსულტანტი ვარ. მომწონს ეს საქმე და, ალბათ, მასზე უარს არასდროს ვიტყვი. სადღაც მმართველის ფუნქცია მაქვს, სადღაც ინვესტორის ფუნქცია მაქვს, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა, ჩემი პროფესია არის მენეჯმენტ-კონსულტანტი. სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძო კომპანიების მენეჯმენტთან ვმუშაობ მათი პიროვნული თუ ორგანიზაციული გარღვევებისთვის. ჩვენმა ორგანიზაციამ სასიკეთო ცვლილებების ძალა უნდა მისცეს ჩვენს კლიენტებს. ქოუჩინგი კი ჩემთვის ინსტრუმენტია, ისევე, როგორც ფსიქოლოგია ან ბიზნესგანათლება.


- თქვენი სამუშაო დროის მთავარი წილი მართვას ეთმობა, თუ კონსულტაციებს?


- დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორი ვიყავი. ახლა უკვე მესამე აღმასრულებელი დირექტორი გვყავს. აღმასრულებელი ფუნქცია მე აღარ მეხება. ჩემი პოზიციაა „ხედვის ლიდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის განვითარების მიმართულებაში და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ვარ აქტიურად ჩართული. ჩემი ძირითადი საქმიანობა კლიენტებთან ურთიერთობაა.

„ფსიქოლოგია აკადემიური მეცნიერებაა, ქოუჩინგი კი - გარკვეული ცოდნის და უნარების ერთობლიობა.“




- მოდით, ახლა განგვიმარტეთ, ვინ არის ქოუჩი. ეს სიტყვა სულ მესმის, მაგრამ კარგად ვერ ვმიჯნავ ქოუჩსა და ფსიქოლოგს. თქვენ აკადემიური პროფესიით ფსიქოლოგი ხართ. რა განსხვავებაა ამ ორ პროფესიას შორის?


- პირველ რიგში, მინდა, მადლიერება გამოვხატო ფსიქოლოგიის მიმართ. როცა ეს პროფესია ავირჩიე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როგორც შეიძლებოდა მისი გამოყენება, მაგრამ, უბრალოდ, მაინტერესებდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერში მეხმარება ის ცოდნა, რაც შევიძინე და აზროვნების ის ჩვევები, რაც ფსიქოლოგიის შესწავლისას გამოვიმუშავე. ქოუჩინგი ცოდნის, უნარების კრებულია, მაგრამ არ არის აკადემიური და ფუნდამენტური ცოდნა. ქოუჩი შეიძლება გახდეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელიც თავის პროფესიას ქოუჩის უნარებს დააშენებს - ჟურნალისტი, იურისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მენეჯერი თუ სხვა.


- ვინ არის ქოუჩი?   


- ქოუჩი არის ადამიანი, რომელიც სხვებს მიზნის დასახვაში, მიზნის მიღწევისთვის საჭირო რესურსების აღმოჩენაში და ამ მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. სიამაყით უნდა ვთქვა, რომ 2014 წელს ჩვენ გავხსენით პირველი კომპანია, რომელმაც, კანადური „ერიქსონის“ წარმომადგენლობით, პროფესიონალი ქოუჩების სასერტიფიკატო-სასწავლო კურსების წარმოება დაიწყო. თუ დღეს ვინმე სერტიფიცირებული ქოუჩია, ყველა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო.


- რამდენ ხანს გრძელდება სწავლის პროცესი?


- ოთხი თვე. თქვენი კითხვა იყო, ქოუჩი რითი განსხვავდება ფსიქოლოგისგან. ფსიქოლოგია აკადემიური მეცნიერებაა, ქოუჩინგი კი - გარკვეული ცოდნის და უნარების ერთობლიობა.


- ქოუჩმა რა იცის ისეთი, რაც ფსიქოლოგმა არ იცის?


- ტექნიკები იცის, რომლებიც ფსიქოლოგმა შეიძლება თავის არსენალში დაამატოს და, მე რომ მკითხოთ, უნდა დაამატოს. დიდ პლუსს ვხედავ ამაში. ყოველთვის არსებობს გარკვეული ანტაგონიზმი, როდესაც ისეთი პროფესია ჩნდება, რომელიც მომიჯნავეს, თითქოს, „ფარავს“. მაგრამ მე ვერ ვიტყოდი, რომ ქოუჩი ფარავს ფსიქოლოგის ფუნქციას.


- ფსიქოლოგი თუ ფარავს ქოუჩის ფუნქციას?


- თუ ქოუჩის ინსტრუმენტები აიღო, მას შეუძლია, გადავიდეს ერთ როლში, ან მეორე როლში გადმოვიდეს. ქოუჩი არ მუშაობს ტრავმებზე, წარსულზე. ფსიქოლოგი ხედავს პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს გაძებნინებს. ქოუჩი მუშაობს მომავალზე, მაგრამ არ ვიტყვი, რომ ფსიქოლოგი მომავალზე არ მუშაობს. ამიტომ, ვფიქრობ, ფსიქოლოგისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოუჩის ინსტრუმენტარი დაიმატოს.


- თქვენ ხშირად საუბრობთ მიზნის მნიშვნელობაზე და ძალაზე, რომელსაც მიზნები გვაძლევს. რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლების მთავარი ცხოვრებისეული მოტივია არა მიზანი, არამედ - გზა? ზუსტად გუშინ წავაწყდი, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი - ზურა ჯიშკარიანი ამბობდა: „შედეგებზე ფიქრი ლუზერების ხვედრია. თავად პროცესია პროდუქტი.“


- მე ვფიქრობ, რომ ეს დაპირისპირება გაუგებრობაა - მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, თუ პროცესი. როცა ვამბობ, რომ მიზანი მნიშვნელოვანია, სრულებით არ ვგულისხმობ, რომ შედეგებს უნდა ჩამოეკიდო. მეც მიმაჩნია, რომ ეს კარგი არ არის. იმიტომ, რომ შენ მხოლოდ შენი ქცევების და გადაწყვეტილებების კონტროლი შეგიძლია. ამიტომ, შეიძლება, მაქსიმუმი გააკეთო, მაგრამ შენთვის სასურველი შედეგი მაინც არ დადგეს. მიზანი კომპასივით არის. ვინც ამას არ ცნობს, გამოდის, ამბობს: მე, უბრალოდ, დავდივარო. მაგრამ უბრალოდ არ დადიხარ, სადღაც მიდიხარ. რა თქმა უნდა, პროცესი, გზა, ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანთან მისვლა წუთიერია. მიხვედი და - რა? მორჩა! მერე ისევ ახალი მიზანი ჩნდება.


- არა, აქ უნდა შევჩერდეთ. ნატალია ქუთათელაძე მეუბნებოდა, ცხოვრებაში რაც კი დავგეგმე, არაფერი არ გამომივიდაო. სპონტანურად ცხოვრობს, საკუთარ პრინციპებს მიჰყვება და კმაყოფილია იმით, რასაც ცხოვრებისგან იღებს. შორენა შავერდაშვილთანაც მისაუბრია პროცესის მნიშვნელობაზე. მეც, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ერთადერთი მიზანი, რაც ნამდვილად მქონდა, ის იყო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. ეს მიზანი რომ დავძლიე, იმის მერე, უბრალოდ, აღარ მახსენდება, რომ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული მიზანი მქონოდა. ჩვენნაირი ადამიანების შესახებ რაიმე გვითხარით.


- სურვილები თუ გაქვთ?


- დიახ, სურვილები მაქვს.


- რასაც თქვენ სურვილებს ეძახით, მათ ჩვენ, „მოფიზიკოსო“ ადამიანები, მიზნებს ვეძახით. სურვილი, რომლისთვისაც რამეს ვაკეთებ, არის მიზანი. არ გაქვთ მიზანი, ასეთ კონტექსტში?


- ჯერ ისევ კითხვა მაქვს: რა სხვაობა სურვილსა და მიზანს შორის?


- გეტყვით, რა არის სხვაობა.

სურვილს პლუს ქმედებები ამ სურვილის განსახორციელებლად. სურვილი ქმედებების გარეშე არ არის მიზანი. მიზანი მაშინ ხდება, როდესაც მე მაქვს შინაგანი სრული მზაობა და გადაწყვეტილება, რომ ამ სურვილის ასასრულებლად ვიმოქმედო.

ვინც ამბობს, რომ რამდენჯერაც მიზანი დაისახა, ვერ მიაღწია, მას ან ნამდვილი სურვილი არ ჰქონდა, ან მზაობა არ ჰქონდა და ნამდვილი გადაწყვეტილება არ მიუღია, ნაბიჯები არ გადაუდგამს. სურვილს პლუს მზაობა და ქმედება - ეს არის მიზანი.


- ჩემი ტიპის ადამიანების ცხოვრების დიდი ნაწილი არ მიდის იმ კალაპოტში, რომ ახლა რაღაცას ვაკეთებ ჩემი სურვილის შესასრულებლად. ვცხოვრობ და ეს ცხოვრება შედგება ყოველდღიურობისგან, რუტინისგან... თავისი რუტინული კარგი და ცუდი ამბებით. ცხოვრება არ არის სურვილების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯების ერთობა.


- არ მჯერა, რომ თქვენს ცხოვრებაში არ არის სურვილები. უბრალოდ, ვიღაცის სურვილია, რომ მილიონი იშოვოს და თქვენი სურვილი არის, მაგალითად, რომ თავისუფალი გრაფიკით ცხოვრობდეთ. შეუძლებელია, რომ სურვილი და მიზანი არ გქონდეთ. ეს საკამათოც არ არის. მაშინ, თქვენს ცხოვრებას დინამიკა საერთოდ არ ექნებოდა; ქმედებას ვერ განახორციელებდით. როდესაც ამბობთ: „მე მიზნები არ მაქვს“, მგონია, რომ თავს იტყუებთ; უბრალოდ, სწორად არ არქმევთ სახელს, რისი სურვილი გაქვთ. თუ თავს ადარებთ იმ ადამიანს, რომელსაც უნდა, დიდი სახლი ააშენოს, ან მანქანა იყიდოს, ან 30 ქვეყანაში კომპანია გახსნას - ეს მისი სურვილია და მან აქცია საკუთარ მიზნად, აქეთ გადადგა ნაბიჯები. ახლა, მაგალითად, ჩემი სურვილები მნიშვნელოვნად იცვლება. აღარ მაქვს სურვილი, რომ 50 ქვეყანაში ვიყოთ წარმოდგენილები. ჩემი სურვილია, მეტი თავისუფალი დრო მქონდეს საკუთარი თავისთვის. ეს არის ჩემი მიზანიც, რომელიც მიბიძგებს, ნაბიჯები აქეთ გადავდგა. თუ მარტო სურვილი მექნება, ამას ვერასდროს მივაღწევ. ადამიანები კარგად რომ იცნობდნენ თავის თავს და სახელებს რომ სწორად არქმევდნენ მოვლენებს, მაშინ ეს ბაბილონის გოდოლი არ გვექნებოდა, რაც გვაქვს.


- ახლა გამახსენდა, აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი წერდა: თუ ისეთ მიზანს დაისახავ, რომ წლის ბოლომდე მინდა, ახალი მანქანა ვიყიდო, ან ახალ სახლში გადავიდე, შეიძლება, არ გამოგივიდეს და ძალიან იმედგაცრუებულს მოგიხდება ცხოვრება; მაგრამ თუ ისეთი მიზნები გექნება, როგორიც არის სიკეთის კეთება, გაჭირვებულის დახმარება...


- რომ არ გამოვიდეს სიკეთის კეთება?


- ის ამბობს, რომ ამ გზით ყოველთვის შეგიძლია, პატარ-პატარა სიხარულით იყოს სავსე შენი ცხოვრება.


- მე არ მიყვარს ასეთი რჩევები. ჩემთვის ეს რჩევები „არ იცხოვრო“-ს ტოლფასია. რაც გინდა, ისურვე, გადადგი ნაბიჯი, გააკეთე... არ გამოგივა? მიიღე ტკივილი, როგორც გაკვეთილი, ახალი მიზნები დაისახე და იცხოვრე. ჩემი აზრით, თუ ტკივილის შიშის გამო ნაბიჯებს არ გადადგამ, ამით სიხარულსაც კეტავ. მე ამას ვერ მივიღებ.


- ერთხელ თქვით, ჩემს თავს ბიზნესთერაპევტს ვეძახიო. ეს განცდა გაქვთ, როგორც პროფესიონალ კონსულტანტს და ქოუჩს, თუ როგორც თქვენი ორგანიზაციის ხედვის ლიდერს, რომელიც ცვლილებებს გეგმავს?


- ეს უფრო კლიენტთან მუშაობას ეხება. ჩემი თანამშრომლებისთვისაც ხშირად მითქვამს, ჩათვალეთ, რომ ბიზნესთერაპევტები ვართ-მეთქი. ორგანიზაცია რა არის: ადამიანები და სისტემები. როდესაც ბიზნესის ამოცანებზე მუშაობ, ადამიანების ფაქტორი არ უნდა დაგავიწყდეს. შეიძლება, ფანტასტიკური სტრატეგია დასახო, შესანიშნავი სისტემები ააწყო, პროცესები დაალაგო, მაგრამ არაფერმა არ იმუშაოს იმიტომ, რომ ლიდერებს ცვლილებების მზაობა არ გააჩნიათ.


- იმ ორგანიზაციის ლიდერებს გულისხმობთ?


- დიახ, ვინც ეს ცვლილებები უნდა განახორციელოს. ამ კონტექსტში ვიყენებთ ხოლმე ცნებას „ბიზნესთერაპია“. ხშირად ლიდერებს არც ცოდნის ნაკლებობა აქვთ, არც ხედვის, არც იდეების... ორგანიზაციებში გარღვევას ხელს უშლის ლიდერების პიროვნული შიშები, ცვლილებებისთვის მზაობის ნაკლებობა, ე.წ. „ბრმა წერტილები“ (blind spots) - როცა რაღაცას ვერ ხედავენ საკუთარ თავში. ვთქვათ, ორგანიზაციის სტრუქტურის ცვლილებაზეა საუბარი და ვგრძნობ, ლიდერი ფიქრობს: ახლა იმას ეწყინება, სამსახურიდან რომ გავუშვა, ესა და ეს რომ შევცვალო. ვეუბნები: წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კეთილად დამთავრდა. მაშინ როგორ მოიქცეოდი? ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ან პირიქით, ზოგჯერ თანამშრომლებს აბრალებს და სინამდვილეში, არ იცის, რა უნდა. ორივე შემთხვევაში, ეს აღმოჩენა ძალიან ეხმარება ლიდერს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. თუ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ გარდაქმნის პროცესი მტკივნეულია, მაშინ სამუშაო მაქვს იმაზე, თუ როგორ გავხადო ეს პროცესი ორმხრივად უმტკივნეულო, იმ ადამიანებზე ზრუნვით, რომლებზეც გული შემტკივა. ჩემი ბოლოდროინდელი საყვარელი ფრაზაა: „რაც სწორია, ის არასწორი ვერ იქნება“. როცა მჯერა, რომ მართალი ვარ, როცა მჯერა, რომ რაღაცის გაკეთება სწორი იქნებოდა, ეს „მაგრამები“ აღარ უნდა იყოს. თუ სწორია, უნდა გააკეთო. და თუ არ აკეთებ, აუცილებლად მაინც ცუდი შედეგი დგება.


- პრაქტიკულად, თქვენ გიწევთ ადამიანების დარწმუნება, რომ მათ რთული, მტკივნეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ? თუ ყოველთვის ასე არ არის?


- არ არის ყოველთვის ასე. გადაწყვეტილებები ზოგჯერ მტკივნეულია და ზოგჯერ, პირიქით, ძალიან სასიამოვნოა. ადამიანები იმდენად არიან ჩაკეტილები, რომ თავისი პოტენციალის გახსნაში სჭირდებათ დახმარება. ჩვენი საბოლოო მიზანი მათი პოტენციალის გახსნაა - როგორც ინდივიდების, ისე გუნდების და ორგანიზაციების. ეს, შეიძლება, ტკივილის კი არა, აღმოჩენების გზა იყოს. მაგრამ კრეატიულობას ვერ გახსნი, როცა ადამიანი შემზღუდავ რწმენებშია, მაგალითად, როცა ფიქრობს: „ამ გუნდთან ერთად მაინც არაფერი გამოვა“, „ამ ბაზარზე მეტი ზრდის შანსი არ გვაქვს“. ამ რწმენებში მყოფ მენეჯერს, ლიდერს ახალი იდეა თავში არ დაებადება. ჯერ მისი ფიქრები უნდა შეიცვალოს. შენ თუ გჯერა, რომ იმ ოთახში რაღაც ნივთი არ დევს, ხომ არ შეხვალ და არ მოძებნი?


- არა, რა თქმა უნდა.


- ამას ვგულისხმობ.


- თქვენი საკონსულტაციო კომპანია - ACT - დაფუძნებიდან 6 წელიწადში საქართველოში ბაზრის ლიდერი გახდა. იმის შემდეგ სულ იზრდებით. რა მიგაჩნიათ თქვენი წარმატების საფუძვლად?


- ალბათ, ფაქტორების ერთობლიობაა. ჩვენი მსგავსი ორგანიზაციები 10 წლით ადრე იყო დაფუძნებული. ჩვენ სწორ დროს გავჩნდით. ხშირად მითქვამს, “ვარდების რევოლუცია” რომ არ ყოფილიყო, საბაზრო ეკონომიკა რომ არ განვითარებულიყო ისე, როგორც განვითარდა... სანამ მაგიდასთან წყდებოდა ბიზნესებს შორის გადანაწილება, არც კვლევა, არც ანალიზი, არც კონსულტაცია არავის არ სჭირდებოდა. ჩვენ როცა დავიწყეთ, მაშინ საჭიროება უკვე იყო, მაგრამ მოთხოვნა ჯერ არ იყო. სხვათა შორის, ქოუჩინგიც ასეთ დროს გავაჩინეთ. პირადად მე განსაკუთრებული ალღო აღმომაჩნდა, რომ სწორად ვიგრძნო სიახლეების შემოტანის დრო: როცა გარემო ჯერ მზად არ არის ცვლილებისთვის, მაგრამ ძალიან ახლოს არის. მე ვფიქრობ, რომ ეს უნარი ვითარდება ჩემი კონცენტრაციით იმ ჯგუფზე, იმ ადამიანებზე, ვისთვისაც მინდა, რომ რაღაც გავაკეთო. ახლებური მიდგომა გვქონდა: ყოველთვის კონცენტრირებულები ვიყავით იმაზე, თუ რა სჭირდება კლიენტს; როგორ შეგვიძლია, სიკეთე მოვუტანოთ მათ, ვისთვისაც შევიქმენით.


- თქვენი ორი ციტატა მინდა, შეგახსენოთ: „არ მჯერა, რომ ბედს ჰყავს რჩეულები, მჯერა, რომ შესაძლებლობები არსებობს.“ „არ არსებობს ცუდი და კარგი დრო; დროს ჩვენ ვქმნით.“ კიდევ ბევრი რამ გაქვთ ნათქვამი, რაც ადასტურებს თქვენს რწმენას ადამიანის ძალის მიმართ. ამას სხვების მოტივირებისთვის ამბობთ, თუ მართლა ასეთი თავდაჯერებული ხართ, თუნდაც, საკუთარ ლიმიტებთან დაკავშირებით?


- იმის რომ არ მჯეროდეს, რასაც ვამბობ, ალბათ, სხვებს ვერ დავეხმარები. როცა ადამიანთან ან ორგანიზაციასთან მივდივარ, გულწრფელად მჯერა, რომ მათში უზარმაზარი პოტენციალი არსებობს. გახსნიან ამ პოტენციალს თუ არა, ეს მათ კონტროლს ექვემდებარება. ისევ იმ ოთახზე ვიტყვი - მე მჯერა, რომ იქ საგანძურია და ვეძებ ამ საგანძურს. ჩემი ორგანიზაციის წარმატება, ან პირადად ჩემი პროფესიული წარმატება აჩვენებს, რომ შემიძლია ადამიანების, გუნდების, ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ თავისი პოტენციალი გახსნან. ვფიქრობ, იმიტომ გამომდის, რომ ამ რწმენით მივდივარ.


- ჩვენ გვყავდა შორეული წინაპარი, რომელიც ამბობდა: „მზე დედაა ჩემი, მთვარე - მამაჩემი, ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი.“ ის ადამიანი, თითქოს, თქვენი სულიერი და თუ სულიერი ძმა იყო, რადგან თქვენც რაღაც მსგავსს ამბობთ. მაგრამ ხომ არ შეიძლება, იმაზეც არ ფიქრობდეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობები ლიმიტირებულია. არსებობს ძალები, რომლებიც ადამიანის ძალებს აღემატება. ნუთუ, მართლა არ არსებობს ცუდი და კარგი დრო?


- მე მჯერა, რომ ადამიანში არის ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ მან თავისი სურვილების შესასრულებლად საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია შეძლოს. ასევე მჯერა, რომ სამყაროში ამისთვის არსებული რესურსიც ხელმისაწვდომია. კონკურენციასაც ასე ვუყურებ: სამყარო არ არის ზიარჭურჭელი, რომელიც გულისხმობს, რომ შენ უნდა წაგართვა, თუ მინდა, მე კარგად ვიყო.


- ანუ კონკურენცია ნულოვანი ჯამის თამაში არ არის.


- დიახ, გარემოში საკმარისი რესურსი არსებობს და შენ გჭირდება გახსნილობა, შემოქმედებითობა, რომ ეს დაინახო. „ყველაფერი ან არაფერი!“ - ჩემი ფიქრი არ არის, შავად და თეთრად არ ვყოფ სამყაროს. ჩემი რწმენაა, რომ ადამიანს რისი სურვილიც უჩნდება, იმის პოტენციალი და რესურსი აქვს. ბალერინობის სურვილი არასდროს გამჩენია, მაგრამ ჩემს დანგრეულ ერთოთახიან ბინაში, ნავთქურასთან რომ ვიჯექი და ვამბობდი - საერთაშორისო კომპანია მინდა, შევქმნა და ჩვენი ინტელექტუალური სერვისის ექსპორტი დავიწყო-მეთქი - აღმოჩნდა, რომ შემეძლო. თუმცა, მაშინ სიგიჟედ ჟღერდა ეს ყველაფერი. სურვილები „გაფრენილი“ არასდროს არ არის. ჩვენმა ნამდვილმა „მე“-მ იცის, რა შეგვიძლია.


- ეს გასაგებია, მაგრამ გარემოს როლს უგულებელყოფთ?


- გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა რაზე ვლაპარაკობთ - მჯერა თუ არა რესურსების? დიახ, მჯერა, რომ როდესაც ვიწყებ ფიქრს - რა მინდა, გავაკეთო - ამის რესურსი მაქვს და ამის რესურსს და პოტენციალს გარემოშიც ვიპოვი. ეს რწმენის დონეზე მაქვს. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ჩემი ნამდვილი სურვილები აღმოვაჩინო. არ მომატყუოს „ეგომ“, რომ ეს მართლა კი არ მინდა, იმიტომ მინდა, რომ სტატუსია, ან ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებ.


„როცა ვამბობ, რომ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს, ამას ვგულისხმობ - დროს შენ ქმნი.“


- მივედით თქვენს კითხვასთან, რაც საუბრის დასაწყისში დასვით: ჩემში არის თუ არა ყველაფერი - მაგრამ, რისთვის? იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები განვახორციელო. თქვენი პასუხია: დიახ.


- აქ ერთი დათქმაა: თუ ეს რესურსი შენში და გარემოში ვერ დაინახე, ვერანაირ სურვილს ვერ აისრულებ. მჯერა, რომ არსებობს, მაგრამ არ ვამბობ, რომ ამ რესურსს ყველა იყენებს.


- თქვენ არასოდეს დაგიმალავთ, რომ როცა კარიერა დაიწყეთ, საწყისი წერტილი ძალიან არასახარბიელო გქონდათ.


- დიახ, მინუსიდან დავიწყე.


- ალბათ, კარიერა სხვებმაც დაიწყეს თქვენნაირ პირობებში, მაგრამ ზოგი წარმატებულია, ზოგს არაფერი არ გამოსდის. რაც ახლა თქვით, ეს არის მიზეზი, რომ ერთნაირ საწყის პირობებში მყოფი ადამიანები სრულიად სხვადასხვა შედეგს აღწევენ?


- ალბათ, პრობლემა ფიქრებშიც არის და ქმედებების ნაკლებობაშიც. ერთს სჯერა, რომ გამოუვა და მეორეს არ სჯერა. ერთს აქვს სურვილი და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მზაობა და მეორეს მარტო სურვილი აქვს. გუშინაც რაღაც უნდოდა, გუშინწინაც, ზეგაც ასევე ენდომება და ერთი წლის შემდეგაც. მაგრამ არაფერს არ გააკეთებს იმისთვის, რომ მისი სურვილი რეალობად იქცეს. როცა ვამბობ, რომ ცუდი და კარგი დრო არ არსებობს, ამას ვგულისხმობ - დროს შენ ქმნი. გარშემო ყოველთვის ხდება ცუდი და კარგი. იმას კი არ ვამბობ, რომ უკრაინაში როცა ომია, ამაზე უკეთესი დრო არ არის, როცა მშვიდობაა. ომზე უარესი რა უნდა იყოს? მაგრამ ჩემი აღქმა ის არის, რომ ომის დროსაც რამდენიმე გადაწყვეტილება არსებობს. ან ვამბობ, რომ ომში არ ვარ, ქვეყნიდან მივდივარ და ცხოვრებას ვაგრძელებ. მეორე გზაა, დავრჩე და ვთქვა: „რა უბედური ვარ!“ არსებობს კიდევ გზა, როცა ვამბობ: „ჩემი ქვეყანა თავისუფლებისთვის იბრძვის და მე ამ ბრძოლის ნაწილი გავხდები!“ მაშინ ომის ცუდი დრო შენთვის გარდაიქმნება უდიდესი გმირობის და უდიდესი გამარჯვების სიმბოლოდ. მოვლენებს არ აქვთ შეფერილობა. მოვლენების მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა, რასაც ცუდს ან კარგს ვეძახით; ჩვენი ინტერპრეტაციაა, ცუდია თუ კარგია.


- თქვენი, როგორც ლიდერის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად მიგაჩნიათ თუ არა, რომ გასცეთ ბევრად მეტი, ვიდრე მიიღოთ?


- ლიდერის კონცეფციაზე ბევრი მაქვს წაკითხული და ნაფიქრი. ზელენსკი როგორ გახდა მსოფლიო ლიდერი? ლიდერი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქცევით, მხარდაჭერით შეუძლია, ადამიანები შთააგონოს, რომ ნაბიჯები მასთან ერთად გადადგან. ეს მიმაჩნია მთავარ ფუნქციად.


- ზელენსკი, ჩემი აზრით, ლიდერი გახდა იმიტომ, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევიდან არ წავიდა და, ფაქტობრივად, თავისი სიცოცხლე დადო უკრაინისთვის.


- რა თქმა უნდა. იცით, რატომ? იმიტომ ვდებ ჩემს სიცოცხლეს, რომ, ფასეულობის დონეზე, სხვაგვარად ვერ მოვიქცევი. არ იყო დარწმუნებული, გაჰყვებოდნენ თუ არა უკრაინელები. ეს მისი არჩევანი იყო. გარიგება ხომ არ მომხდარა - მე თქვენთვის თავს გავწირავ და თქვენ მაღიარეთ ლიდერად?! ნამდვილი ლიდერი აკეთებს იმას, რისიც გულით სჯერა და ახერხებს, რომ თავისი ქმედებით, თავისი ფასეულობით, თავისი რწმენით - ადამიანები გააერთიანოს.


- გეთანხმებით. მაგრამ მინახავს შემთხვევები და, ალბათ, თქვენ ბევრად მეტი გინახავთ, როცა ლიდერი დარწმუნებულია, რომ ორგანიზაციაში ყველა ახალი კომპიუტერი, მაგიდა თუ სკამი მისი უნდა იყოს. პირველობა მისთვის ნიშნავს, რომ პირველი სარგებელი მან უნდა მიიღოს.


- გასაგებია, ძალაუფლებას გულისხმობთ. მე ვფიქრობ, რომ ლიდერობის ორი განსხვავებული კონცეფცია არსებობს და ესეც ადამიანების რწმენიდან მოდის. მაგალითად, ჩემნაირ ადამიანებს - რომლებსაც სჯერათ, რომ სამყაროში რესურსი საკმარისია, რათა ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს - წაგლეჯის სურვილი არ უჩნდებათ. არის მეორე ტიპის ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ ეს შესაძლებლობები შეზღუდულია და რაც შეიძლება დიდი ნაწილი თვითონ უნდა წამოიღოს. ასეთ ადამიანს სიმდიდრის, ძალაუფლების სიმბოლოები იმისთვის სჭირდება, რომ თავის მიერ მონიშნულ ტერიტორიაზე გამყარდეს.


- რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, იმის შემდეგ, ლიდერის მეორე ტიპია ჩვენი მთავარი პრობლემა.


- ზუსტად! ეს მოდის რწმენიდან, რომ თუ ასე არ მოვიქეცი, ჩამაჩოჩებენ. ანუ ბევრი თუ არ მოვიხვეჭე და არ ვაჩვენე, რომ ძლიერი ვარ, შემჭამენ. იმიტომ, რომ ვაშლი ერთია და ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდი ლუკმა წამოვიღო. მე ვამბობ: „ხალხო, რატომ ჭიდაობთ ერთ ვაშლზე? აგერ არის ათასი ვაშლი!“ მაგრამ ეს სხვა კონცეფციაა. ორივე ტიპის ლიდერს შეიძლება ჰქონდეს წარმატება. მაგრამ ერთი არის თანამშრომლობის, თანაშექმნის, შემოქმედებითობის ენერგიაზე დაფუძნებული წარმატება და მეორე - კონკურენციის, დაჭმის და შიშის ენერგეტიკით მიღწეული წარმატება. ჩემთვის წარმატება ის არის, როცა ყოველდღე არ იღვიძებ იმ შიშით, რომ, ვაიმე, ვიღაც მებრძვის და სკამიდან გადამაგდებენ. იმიტომ, რომ როცა ამ კონტექსტში ხარ, ამ რეალობას ქმნი. თუ გწამს, რომ ადამიანებმა უნდა ითანამშრომლონ, რეალობასაც შესაბამისს შექმნი.


- ვიცი, რომ თქვენი ერთ-ერთი საფიქრალი საქართველო და მისი მომავალია. ლიდერობის ჩვენთან არსებული კონცეფციით, სინამდვილეში, ვერ ვაღწევთ იმას, რისი პოტენციალიც გვაქვს. მაგრამ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ლიდერობის კონცეფცია შეიცვალოს? შეიძლება, ძალიან გულუბრყვილო კითხვას ვსვამ, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, სულ გამოუყენებელი შესაძლებლობების გარემოში მოგვიწევს ცხოვრება.


- ცვლილებების შესახებ კითხვას მეც ბევრჯერ ვუსვამ ჩემს თავს. ძალიან მტკივა, რაც საქართველოში ხდება. ზუსტად იმას განვიცდი, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენს უზარმაზარ პოტენციალს. ხალხს უკეთესი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს, შემოქმედებითი გარემო შეგვიძლია შევქმნათ, მაგრამ ენერგია სრულიად სხვა მიმართულებით მიდის. გადარჩენის ფსიქოლოგიიდან ვერ გამოვდივართ და სანამ გადარჩენის ფსიქოლოგიით ვცხოვრობთ, შემოქმედებით მდგომარეობაში ვერ გადავალთ.


- ყველა დონეზე ეს ხდება, გამჭოლად.


- ალბათ, ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, ნამდვილი ლიდერი, რომელიც შეძლებს, ფასეულობებში დაარწმუნოს და შემოიკრიბოს ადამიანები.


- ეს ერთი ადამიანი როგორ უნდა გამოჩნდეს - ბედმა უნდა გაგვიღიმოს? თუ ხალხში უნდა გაჩნდეს მოთხოვნა ასეთ ლიდერზე?


- რა დიდი განათლება ჰქონდა ზელენსკის და რა დროს გაჩნდა? არ ვიცი, არ მაქვს ამაზე პასუხი. ათათურქი რომ დაიბადა, რა საზოგადოებამ შვა? ლინკოლნი რა გარემოში ცხოვრობდა? შეიძლება, მანამდე ასი წელი იყოს ქვეყანა ჩიხში, სანამ ასეთი ლიდერი გამოჩნდება. თუმცა, დაკვეთა მაინც საზოგადოებიდან მოდის. ჯერ ამ დაკვეთას ჩვენთან ვერ ვხედავ.


„სინამდვილეში, ყველამ ვიცით, ჩვენთვის ფუნდამენტური ღირებულება რა არის.“


- თქვენ ბიზნესის ლიდერებთან მუშაობთ. მათში თუ ხედავთ მზაობას, რომ პირველი ტიპის ლიდერობა გასწიონ?


- ყველაში ვერ ვხედავ. ეს რთული კონცეფციაა. შეზღუდული რესურსების და კონკურენციის კონცეფცია ბევრად უფრო ტრადიციული და გასაგებია. საბჭოთა რეალობასთან უფრო ახლოს არის. რისთვისაც ახლა ვიბრძვით და რისი დანერგვაც გვინდა, ზუსტად ლიდერობის ეს თანამშრომლობითი კონცეფციაა. რუსეთი და ამერიკა რომ ავიღოთ, რა ტექნოლოგიური, სამედიცინო და სხვა მიღწევები აქვს ამერიკას და რა აქვს რუსეთს? პოლიტიკას არ ვეხები. ომმაც ხომ გამოაჩინა, ვის რა აქვს, თუნდაც, ტექნოლოგიური კუთხით. რატომ? რუსებს არ ჰყავთ ჭკვიანი ხალხი? რუსებს არ აქვთ ბუნებრივი რესურსი? მაგრამ როცა ამაზე ფიქრობ, ვის რა წაართვა, მაშინ სულ უსაფრთხოებაზე მუშაობ. იგივე ხდება დღეს საქართველოში, სამწუხაროდ. როგორც ვთქვი, გადარჩენის რეალობაში ვართ.


- უკრაინის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ზელენსკისა, მათ ჰყავთ გენერალი ზალუჟნი. ისე მოხდა, რომ ორი თანამედროვედ მოაზროვნე ლიდერი აღმოაჩნდათ ყველაზე მნიშვნელოვან პოზიციებზე.


- თანამედროვედ მოაზროვნე და პატრიოტი ადამიანები. მაგრამ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ყინვაში რომ არ მდგარიყვნენ მაიდანზე და თავისი მიზნისთვის არ მიეღწიათ, უკრაინა სხვა ქვეყანა იქნებოდა. ცვლილებების დაკვეთა ხალხისგან წამოვიდა.


- ბოლო კითხვა მაქვს: თქვენთვის რომელია სიტყვა, რომელიც მთელი ცხოვრების მეგზურად გამოდგება?


- თავისუფლება.


- თქვენმა ცხოვრებამ დაგიდასტურათ, რომ თავისუფლება თქვენი მთავარი ღირებულებაა?


- სინამდვილეში, ყველამ ვიცით, ჩვენთვის ფუნდამენტური ღირებულება რა არის.

ჩემი ცხოვრება ჩემი მთავარი ღირებულების მიხედვით ვითარდება. ყველას ცხოვრება ასე არის. ოღონდ, ნახეთ, ცუდად ვინც არის, სინამდვილეში - ესეც ჩემი თეორიაა, მაპატიეთ, შეიძლება ზედმეტი რწმენები მაქვს - ჩემი რწმენა ეს არის, რომ ვინც ცუდად არის, ემოციურად მძიმედ არის, ის არ ცხოვრობს თავის ფასეულობასთან თანხვედრაში.

როცა ადამიანი მისთვის ემოციურად ყველაზე მტკივნეულ გადაწყვეტილებას იხსენებს, როგორც წესი, ეს გადაწყვეტილება ცუდ დროს კი არა, მთავარი ფასეულობის ღალატს უკავშირდება. თავისუფლება ჩემი შინაგანი კომპასია და რთული გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარება.


- დიდი მადლობა უაღრესად საინტერესო საუბრისთვის. ინტერვიუს დავასრულებთ თქვენი კომენტარით ცნობილი ადამიანების ორ გამონათქვამზე. პირველი ციტატის ავტორია ამერიკელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961): „იქ ვძლიერდებით, სადაც ვტყდებით.“


- ნამდვილად ასეა. ოღონდ, დავაყოლებდი: თუ ფეხზე დადექი, მერე განსაკუთრებულად აძლიერებ იმ ადგილს, სადაც ტყდები. ზოგი მთელი ცხოვრება იმ ტკივილშია, როგორ გატყდა. მაგრამ წარსულის მწარე გამოცდილება ორი რამისგან შედგება - ტკივილისგან და გაკვეთილისგან. ტკივილი იქ უნდა დატოვო, სადაც გეტკინა, გაკვეთილი უნდა წამოიღო. თუ ტკივილში დარჩი, გაკვეთილი ვერ მოგაქვს და, შესაბამისად, ვერ ძლიერდები.


- მეორე ციტატა ეკუთვნის ძველ ბერძენ ფილოსოფოსს - სოკრატეს (ძვ.წ. 470-399): „არავინ შენი მეგობარი არ არის; არავინ შენი მტერი არ არის; ყველა შენი მასწავლებელია.


- პერსონალური განვითარების პროგრამებში მადლიერების სავარჯიშო მაქვს, სადაც ადამიანები ხშირად მადლობას უხდიან იმას, ვინც ატკინა: „მადლობას ვუხდი იმიტომ, რომ გამაძლიერა, მასწავლა, ვინ უნდა ვყოფილიყავი.“ „მადლობა, რომ ჭკუა მასწავლა!“ „მადლობა, რომ ამის მერე დავაფასე ნამდვილი სიყვარული!“ ამ კონტექსტში, მეგობარიც და მტერიც შენი თავის შესახებ გასწავლის.


- გამოდის, მუდმივად ფხიზლად უნდა იყო, რომ ყველაფერი აღიქვა, როგორც შენთვის სასწავლო მასალა. ეს არის თუ არა სწორი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ?


- საკუთარი თავის და სამყაროს შემეცნების სურვილი განვითარებაში ძალიან გვეხმარება. სიფხიზლე კარგი სიტყვაა, მომწონს. ოღონდ, ვიცი ადამიანები, რომლებიც გარე სამყაროს მიმართ საოცრად შემმეცნებლები არიან, მაგრამ აბსოლუტური სიბნელე აქვთ საკუთარ თავში. ამიტომ, სიფხიზლე აუცილებელია როგორც სამყაროს, ისე საკუთარი თავის მიმართ. ჩემი შინაგანი ლოცვაც ეს არის: ღმერთო, მომეცი მზე ჩემ შიგნით და ჩემ გარშემო!

12.12.2022