კვლევის გუნდის ლიდი
კორონავირუსი, რომელმაც აგერ უკვე მესამე თვეა მოიცვა და თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პანდემიამ შეცვალა გარემო და თამაშის წესები არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში. ელიან, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობმა ვირუსმა შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ადამიანების ზოგიერთი ქცევა და ყოველდღიური ცხოვრების წესი.
ახალმა რეალობამ ბიზნესისგან მოითხოვა სრულიად განსხვავებული პასუხები თითქოს უკვე კარგად ნაცნობ, არაერთხელ პასუხგაცემულ კითხვებზე, მარკეტინგი კი, როგორც მედიატორი ბიზნესსა და მოხმარებელს შორის, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა „ფრონტის წინა ხაზზე“. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი შექმნის მარკეტინგის როლისა და მიდგომების განახლების საჭიროებას, რათა ფორსმაჟორულ რეჟიმში კომპანიებმა უკეთ იგრძნონ მომხმარებლის გულის ფეთქვა და საჭიროებები; არა მხოლოდ უპასუხონ მათ მოთხოვნებს, არამედ თავად შექმნან ეს მოთხოვნა და მართონ ის.
თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ეისითიმ“ მარკეტინგის გამოწვევებსა და სამომავლო ტენდენციებზე სასაუბროდ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პროფესიონალ მარკეტერებს მოუყარა თავი. რა შეცვალა კორონავირუსმა? რა გახდა ტენდენცია სექტორში და რამ დაკარგა აქტუალობა? როგორ მოერგნენ კომპანიები ახალ რეალობას? რა ახალი საჭიროებები გაუჩნდა მომხმარებელს? როგორ შეიცვლება მისი ქცევა მომავალში და რა გზით შეეცდება საჭიროებების დაკმაყოფილებას? - დისკუსია ძირითადად, ამ საკითხების გარშემო წარიმართა.
შეხვედრას ონლაინ ფოკუსური ჯგუფის ფორმა ჰქონდა და მასში ისეთი განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, როგორებიც არის საბანკო და სათამაშო ბიზნესი, საკვები პროდუქტების გაყიდვები და სასტუმროს საქმე. მათთვის, ვისაც ქართულ მარკეტინგთან აქვს საქმე, უცხო ნამდვილად არ იქნება დავით ბირმანის, ნინო ეგაძის, კატია აბსანძის, მიშა ქურდაძის, ლაშა გოგუას და ხათუნა მამადაშვილის სახელები. ცხადია, ერთ დისკუსიაში ვერ შევძლებდით ყველა საინტერესო რესპონდენტის ჩართვას, მაგრამ მიდგომამ უზრუნველყო სფეროს პროფესიონალების შერჩევა სრულიად განსხვავებული სექტორებიდან, მაქსიმალურად მრავალფეროვანი მოსაზრებების მისაღებად. სტატია მოკლედ მიმოიხილავს დისკუსიის შედეგებს ახალი რეალობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელშიც მარკეტინგის სფერო აღმოჩნდა.
მარკეტერების აზრით, დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია „მარკეტინგი დარჩეს რელევანტური და მინიმუმამდე დაიყვანოს „ბულშითი“ კომუნიკაციაში“; მოერგოს აუცილებელ მოთხოვნებს, მაგრამ არ გახდეს ხელოვნური და არ დაკარგოს მომხმარებელთან კავშირი. ამავდროულად, დღეს მარკეტინგს უწევს ახსნას და ფინანსურად დაასაბუთოს ყოველი ქმედების მიზანშეწონილება.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარკეტინგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მარკეტერები მის სწრაფ დიჯიტალიზაციას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ რამდენად კარგად გაუმკლავდებიან სხვადასხვა სექტორები ამ გამომწვევას, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ წინა გამოცდილებაზე და, ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაზე, მისი საქმიანობის დიჯიტალიზაციის ხარისხზე. მაგალითისთვის, საბანკო სექტორი ამ თვალსაზრისით უფრო წინწასული აღმოჩნდა, საკვები პროდუქტების სექტორში კი აქტუალურ პრობლემად რჩება ონლაინ სივრცეში სწრაფი გადასვლა (ე.წ. delivery სერვისების სიმცირე, მარაგების მოუწესრიგებელი მართვა და სხვა). იმ სექტორებში, სადაც დიჯიტალიზაცია პროცესის ორგანული ნაწილია, ამას არ გამოუწვევია მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელოვანი გადახედვა და ცვლილება. თუმცა, თავის მხრივ, დიჯიტალიზაცია მარკეტერებმა საკმაოდ რთულ პროცესად განიხილეს, რომელიც კონკრეტულ ექსპერტიზას საჭიროებს და ამ თვალსაზრისით შედარებით ნაკლებად გამოცდილ კომპანიებს შესაბამისი რესურსის გაძლიერების საჭიროების წინაშე აყენებს. როგორც არაერთხელ აღნიშნეს დისკუსიისას, „დიჯიტალი არ არის მხოლოდ ფეისბუქზე „დაბუსტვა“.
„მომხმარებლის ქცევა შეიცვლება, რასაც ბიზნესმა უნდა უპასუხოს და ადაპტაცია შესაბამისად უნდა მოახერხოს, რისთვისაც დასჭირდება ადამიანური რესურსი. დღეს ეს არის პრობლემური. და ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია ბიზნესებისთვის, რომ აი, ეს პაუზა გამოიყენონ იმისთვის, რომ მოახდინონ ადაპტაცია... თუ ვნახავთ, რომ მომხმარებელი ითხოვს დიჯიტალს, მიაწოდე დიჯიტალი. უბრალოდ, ამას ცოდნა უნდა, როგორ უნდა მიაწოდო დიჯიტალი.“ [ლაშა გოგუა, „ევროპაბეთი“]
კიდევ ერთი ახალი რეალობა, რომელზეც მარკეტერები საუბრობენ, იმის მოთხოვნაა, რომ მარკეტინგი იყოს უფრო რაციონალური, ვიდრე ემოციური. თავის მხრივ, დიჯიტალიზაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ მარკეტინგი ახლა უფრო მეტად არის რიცხვები, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგან ეფექტიანობის გაზომვა დიჯიტალიზაციის პირობებში უფრო უკეთ არის შესაძლებელი. მარკეტერები თვლიან, რომ მარკეტინგის როლი ხდება უფრო პრაქტიკული და მისგან უფრო ხელშესახები სარგებლის მოტანას ელიან.
„ტელერეკლამის ეფექტურობის გაზომვა 20 წელია ამ ქვეყანაში რთული ამოცანაა და დიჯიტალში ეს, ასე თუ ისე, უფრო მარტივია. მე მგონია, რომ ახლა ზუსტად ის დრო დგება, როცა მარკეტინგი უნდა ალაპარაკდეს ციფრებით, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე აქამდე ყოფილა... ყველა ეს საიმიჯო კამპანიები და ემოციაზე მოთამაშე ნაბიჯები, რომლებიც დამფუძნებელსაც და კლიენტსაც ერთნაირად შეიძლება სიამოვნებდეს, მინიმუმამდე დადის ამ პერიოდში და უმეტესად აქტიურდება „სეილების“ პირდაპირი მხარდამჭერი ფუნქციები.“ [დავით ბირმანი, „თიბისი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დომენები.ჯი]
მარკეტინგის დიჯიტალიზაცია ეტაპობრივად ხდებოდა პროდუქტის დიჯიტალიზაციის გარეშეც, თუმცა ახლა მარკეტერები საუბრობენ თავად ბიზნესის, „პროდუქტების დაჩქარებულ დიჯიტალიზაციაზე“; ონლაინ სივრცეში გადასვლაზე, როგორც გარკვეულწილად, შეუქცევად პროცესზე. მართალია, ოფლაინ ვაჭრობის სრულად ონლაინით ჩანაცვლებას ნაკლებად ელიან, მაგრამ ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ონლაინ ვაჭრობის კომპონენტი ყველა სექტორში გაძლიერდება. ამას მოწმობს მათი დაკვირვება იმის თაობაზეც, რომ მკვეთრად გაზრდილია მიმართვიანობა ონლაინ მაღაზიების შექმნასა და ვებგვერდზე სრულიად ახალი ტიპის ფუნქციონალზე.
ტრანსფორმაციული პერიოდი ბიზნესებისთვის შეიძლება გულისხმობდეს უფრო რადიკალურ ცვლილებებს - საქმიანობის გაფართოებას ან პროფილის გადახედვას. პანდემიის პირობებში საუკეთესოდ ადაპტირებული ბიზნესის მაგალითად მარკეტერებმა არაერთხელ დაასახელეს „გლოვო“ და „ვოლტი“, რომლებიც მაქსიმალურად მოერგნენ მომხმარებლის საჭიროებებს (თუნდაც გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით). მარკეტერების აზრით, აღნიშნულმა ბიზნესებმა მაქსიმალურად შეძლეს შესაძლებლობების გამოყენება - არა მხოლოდ გადარჩენაზე იზრუნეს, არამედ კრიზისულ პერიოდში გაამრავალფეროვნეს შეთავაზებები და სახლში დარჩენილებს მშველელებად მოევლინენ. უფრო რადიკალური ცვლილების მაგალითი კი მომავალში შეიძლება ზოგიერთი კვების ობიექტი აღმოჩნდეს, რომლებმაც შეიძლება გააძლიერონ მიტანის სერვისი და საერთოდ უარი თქვან ადგილზე დარბაზის/ფართის გამოყენებაზე. მარკეტინგის როლი ასეთ შემთხვევებში ბაზრის მოთხოვნების კანით შეგრძნებასა და პროგნოზირებაშია.
კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბიძგი მისცა კომპანიებს, სწრაფად მოეხდინათ გადაწყობა ციფრულ პლატფორმებზე, გაეკეთებინათ სწორება ელექტრონულ კომერციაზე. თუმცა, მარკეტერებმა ეს რეაქცია შეაფასეს როგორც, გარკვეულწილად, დაგვიანებული, გარედან იძულებით ნაკარნახევი. მათი აზრით, ელექტრონული კომერციის დაუფასებლობამ და დიჯიტალიზაციის პროცესის გადავადებამ ბიზნესს წლები დააკარგვინა. განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილი რესპონდენტების აზრით, ამ თვალსაზრისით მარკეტერებმა შესაძლებლობებზე რეაგირება და „განგაშის ატეხვა“ მნიშვნელოვნად დააგვიანეს მაშინ, როდესაც აღნიშნული მოთხოვნის შექმნა წლების წინ თავადვე შეეძლოთ.
„ვფიქრობ ბევრ სექტორში მარკეტინგმა რეალობაზე რეაგირება დააგვიანა. გაციფრულების გამოწვევა COVID-ამდეც ცხადი იყო, თუმცა ბევრმა ბიზნესმა და ბევრმა მარკეტერმაც ტრადიციულ ფორმატში დარჩენა ამჯობინა. მაგალითისთვის: ვხედავთ როგორი ტემპით ვითარდება ელ-კომერციის სერვისის მოხმარება, ეს სერვისი აქამდეც ხელმოსაწვდომი იყო თუმცა ბევრ კომპანიას არათუ ელექტრონული გაყიდვა და მიწოდება , ვებგვერდიც არ ჰქონდა პრიორიტეტში. ერთი დაკვირვება ისიცაა, რომ სექტორის მოთამაშე თავად უნდა ავითარებდეს თავის სექტორს, საგანმანათლებლო და ინოვაციური როლი ყველა მოთამაშეს აკისრია. ცოტა მივიწყებული იყო ის ინსაითები და სიგნალები, რომელსაც ბაზარი აშკარად აგზავნიდა და მხოლოდ კრიზისთან შეჯახების დროს მოხდა ბევრ რამეზე რეაგირება.“ [ნინო ეგაძე, თიბისი]
მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები თავად მარკეტინგის როლის, შიდაორგანიზაციული ფუნქციის გადააზრებაზე საუბრობენ. ეს მათთვის თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამავდროულად, გარდაუვალი შედეგია. მარკეტინგი დღეს უფრო მეტად გახდა ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილი, გაიფართოვა ამოცანები და, გარკვეულწილად, ჩაერთო „აღსრულების“ პროცესებშიც. მარკეტინგი აღარ არსებობს სხვა ორგანიზაციული ერთეულებისგან დამოუკიდებლად. მას სულ უფრო ხშირად უწევს საკუთარ თავში გააერთიანოს მომხმარებლის გამოცდილებაც, ბრენდიც, მენეჯმენტიც, ციფრული და არა ციფრული კომუნიკაციის მართვაც; ის აღარ უყურებს მოვლენებს „ვიწრო მარკეტინგულ ჭრილში“ და უფრო ფართო სურათის ნაწილია. მარკეტერები მარკეტინგს სულ უფრო მეტად განიხილავენ, როგორც უფრო ფუნქციურსა და ქმედითს სხვა განყოფილებებთან მჭიდრო კავშირში. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად კომპანიებისთვის შეიძლება პროფესიონალი და მულტიფუნქციური კადრების მოძიება იქცეს. იმისდა მიხედვით, როგორი იქნება შესაბამისი კადრების მომზადების დონე ბაზარზე, კომპანიები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა კომპეტენციები განავითარონ საკუთარ ბაზაზე და რა სერვისები იყიდონ.
„შეიცვლება რეალურად მარკეტინგის როლი კომპანიაში... იყვნენ კომპანიები, რომლებსაც თუნდაც დიჯიტალი არ ესმოდათ, თუნდაც არ ესმოდათ მარკეტინგი რას აკეთებდა. რა უნდა კაცო ფეისბუქში „ინბოქსში“ პასუხის გაცემასო?! არიან კომპანიები, სადაც მარკეტინგი და „სეილი“ ერთად ვერ მუშაობს, არადა ვერ ხვდებიან იმას, რომ ნებისმიერი დახარჯული თეთრი არის „სეილისთვის“ დიდი მხარდაჭერა. რეალურად ყველა მუშაობს კომპანიაში, ყველა დეპარტამენტს აქვს თავის მიზანი, ამიტომ ახლა ბევრად უფრო შეკრული იქნება, ფუნქცია ბევრად უფრო გაიშლება მარკეტინგის და ალბათ სხვა დეპარტამენტები ამას უფრო დააფასებენ...“ [კატია აბსანძე, „ლე მერიდიენ ბათუმი“]
თავის მხრივ, მარკეტერებისთვის რთული აღმოჩნდა იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება მომხმარებელი მას შემდეგ, რაც პანდემიის ქარიშხალი გადაივლის. აღნიშნეს, რომ საამისოდ მარკეტერებს წინ ხანგრძლივი დაკვირვება ელით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილი აზრია, რომ მომხმარებლის „გაზრდაში“ მნიშვნელოვან როლს ბიზნესი ითამაშებს, რომელიც აჩენს მოთხოვნას და კლიენტს ინტერესს აღუძრავს.
ითვლება, რომ მომხმარებლის ქცევაში კონკრეტული ცვლილებების დასაკვირვებლად ცოტა დროა გასული. მარკეტერებისთვის პროგნოზირებას ართულებს, ერთი მხრივ, მიმდინარე პერიოდის ეიფორია, მეორე მხრივ კი, იმის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობა, რა ჩვევებს დაკარგავს მომხმარებელი და ამჟამინდელი ქცევებიდან რა შეიძლება „გადაუვიდეს ჩვევაში“. თუმცა, რასაც მარკეტერები თითქმის ეჭვგარეშე პროგნოზირებენ, არის დიჯიტალ სერვისების მოხმარების ზრდა, რასაც გამოიწვევს მათ მიმართ მეტი ნდობის გაჩენა მიმდინარე პერიოდში და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა სამომავლოდ; მოელიან, რომ გამყარდება ფულის ონლაინ ხარჯვის ქცევა. ამის შედეგი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურობაში იგრძნოს - მაგალითად, ქვითრების საჭიროების მინიმუმამდე დაყვანით, როდესაც ადამიანებისთვის კომუნალური გადასახადების ონლაინ გადახდა რუტინა გახდება. ახლა შეიძლება ეს პერსპექტივა ცოტა უჩვეულოდ მოჩანდეს, მაგრამ მის რეალისტურობას კარგად ავლენს სხვა მაგალითი უახლოესი წარსულიდან - სრულიად განსხვავებულ რეალობას მიჩვეულმა ტაქსის მძღოლებმა როგორ მიაშურეს ონლაინ აპლიკაციებს და ისინი სამუშაოს განუყრელ ნაწილად აქციეს.
„მე მგონია, რომ ეს იქნება ახალი მიქსი ონლაინის და ოფლაინის, რაც ახლა ამ წუთებში ხდება და ჩვენ თვალს ვადევნებთ. ისეთი ხალხი ეცნობა დიჯიტალს, რომელსაც ჰქონდა ბარიერი. დიჯიტალს ვინც ვიყენებთ, საერთოდ არ წარმოგვიდგენია, რომ ვიღაცა სხვა ვერ იყენებს, მაგრამ ახლა არის ისეთი კრიზისული მომენტი, დიჯიტალის შესაძლებლობებს ეცნობა ის ხალხი, რომელსაც მისი ეშინოდა, ანუ რომელთაც ჰქონდათ ბარიერი ონლაინში ფულის დახარჯვის.“ [დავით ბირმანი, თიბისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დომენები.ჯი]
მარკეტერები კიდევ უფრო ფრთხილად საუბრობენ და პრაქტიკულად, ვერ პროგნოზირებენ, რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს მომხმარებლის ცხოვრების სტილმა. მაგალითად, გადაჭრით ვერავინ იტყვის, თვეების მანძილზე ჩვეულ გართობებზე უარის თქმამ (კონცერტებზე ან საფეხბურთო მატჩებზე დასწრება) რამდენად ერთგული შეიძლება დატოვოს მომხმარებელი ერთ დროს საყვარელი აქტივობების მიმართ. კიდევ უფრო რთულია იმაზე საუბარი, როგორ შეიცვლება მომხმარებლის მოთხოვნები არა ემოციური, არამედ უფრო რაციონალური საჭიროებების მიმართ. მაგალითად, პირისპირ ინტერაქციას მოწყურებული მომხმარებელი დაეშურება მეტ ფიზიკურ ტრენინგსა თუ სემინარზე დასწრებას, თუ უკვე გარკვეულ კომფორტად ქცეული ონლაინ სივრციდან ჩართვას და ფულის დაზოგვას ამჯობინებს. მარკეტერები მომხმარებლების ჩვევების განახლებაზე საუბრობენ, რომელიც არავინ იცის, სად მიგვიყვანს.
სამყარო კი კვლავ დაძაბულად ადევნებს თვალს კორონავირუსის გავრცელებას და პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს, თუმცა ეს პერიოდი მისთვის, უამრავ სირთულესთან ერთად, ახალი შესაძლებლობებისა და ინსპირაციის წყაროდაც შეიძლება იქცეს.
*„ეისითი“ განაგრძობს შეხვედრების სერიას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან. დაელოდეთ ჩვენს შემდეგ სტატიას ქართული ბრენდების შესახებ, რომლებიც საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტს ეწევიან.
ევოლუცია სპირალურად პროგრესირებადი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა წინ მიიწევს და მისი განვითარების ეტაპები პერიოდულად მეორდება, ან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 21-ე საუკუნეში, მზარდი ტექნოლოგიური და პიროვნული განვითარების მიღწევათა ფონზე, ადამიანი იძულებული გახდა პერსონალური კომპიუტერითა და სმარტფონით ისევ „გამოქვაბულში“ შეკეტილიყო, რითაც დროებით შევაჩერეთ და მხოლოდ ინტელექტუალური რესურსის ხარჯზე ვავითარებთ პარალელური საცხოვრებელი პლანეტის ათვისების იდეას. ადამიანს იმედი აქვს, რომ ჩვეულ ყოველდღიურობას დაიბრუნებს, რომელშიც დილით საუზმობს, შემდეგ სამსახურში მიდის, შესვენებაზე კაფეში, სამსახურიდან მარკეტში, მარკეტიდან სახლში, სახლიდან ბარში და დილით ისევ საუზმეს იმზადებს. ამ მარტივ ცხოვრებისეულ მოვლენათა ჯაჭვს ადამიანი საუკუნეების განმავლობაში აწყობდა, ეტაპობრივად ავითარებდა და ახლა არავის სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ერთეულებია - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესსფეროები, რომელთა უმეტესობას ახლა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული. ჩვენ დავინტერესდით, შეიცვალა თუ არა კრიზისის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. პასუხისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩავწერეთ, რის საფუძველზეც აღქმის შემდეგნაირი ანთროპოლოგიური სურათი შევქმენით:
1. საკუთარ გამოქვაბულში
საფრთხის შეგრძნებამ და გარეთ შექმნილმა გაურკვეველმა ვითარებამ ადამიანი აიძულა გამოქვაბულის სახით გარკვეული თავშესაფარი ეპოვა და ყოველთვის იქვე მიბრუნებულიყო, რადგანაც მასთან მისასვლელი გზა იცოდა. თავზე ჭერმა, როგორც ბუნებრივი პირობებისგან თავდაცვის და გარე საფრთხისგან დამალვის შესაძლებლობამ, ადამიანს საკუთარ სახლთან - ერთ კონკრეტულ გარემოსთან შეჩვევის და ამ გარემოში მეტ-ნაკლები სიმშვიდის შეგრძნება მოუტანა. პანდემიის პირობებში მარტოდ დარჩენილმა ადამიანმა ისევ სახლს - თავის უკვდავ და ნაცად გამოქვაბულს მიაკითხა.
კორპორაციები ინდივიდუალური სახლებიდან იმართება, ამიტომაც კრიზისის დასაწყისში კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აქტუალური, ფაქტობრივად გარდაუვალი ფორმა გამოიყენეს – უზრუნველყვეს დასაქმებული ადამიანების შინ „გადაყვანა“ და იქ დარჩენა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, მათ რეალურ რეჟიმში საქმიანობის შეწყვეტის და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება ქვეყანაში გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი იმით გამოიხატა, თუ რომელმა ბიზნესმა კრიზისის რომელ პერიოდში მიმართა აღნიშნულ გზას, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცა, თუ იმ დროს, როდესაც პანდემია მომძლავრებული იყო. თუმცა დღეისათვის ყველა კორპორაცია, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციური, ცდილობს, თანამშრომლების სახლებიდან მუშაობას ისე უხელმძღვანელოს, რომ არც გუნდურობის შეგრძნება დაკარგოს და არც საქმის მიმართ ინტერესი გააქროს. კორპორაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმა უმთავრესად ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილების იდეას ეყრდნობა და სხვადასხვა კორპორაციაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება – შესაძლოა, ეს იყოს კრიზისის პირობებში შემუშავებული ერთიანი დაზღვევის სოციალური პაკეტი, ან თანამშრომლების დამცავი საშუალებებით აღჭურვა სახლის პირობებში, ასევე სპეციალური ტრენინგების გამართვა, რათა საქმიანობისას (ხელშეკრულებების სველი წესით გაფორმება) მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. აღნიშნული ფორმის მინიმალური გამოვლინება კი თანამედროვე დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის აუცილებელი ზუმშეხვედრების ლიცენზირებული ვერსიაა, რომლითაც თანამშრომელს შინ ყოფნისას მუშაობა უმარტივდება.
2. მამონტებზე ნადირობის სცენა
გამოქვაბულის ათვისების და მასში თავის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანმა აღნიშნული გამოქვაბულის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება დაიწყო. ისტორიულად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი პირველი ნახატები გამოქვაბულს მიღმა ნანახს და განხორციელებულ ქმედებას ასახავდა. ადამიანი მამონტებს კედლებზე ორი მიზნით კაწრავდა – იმისთვის, რომ მოეხდინა კლასიფიკაცია (მარტივი ფორმით), ანუ გაერჩია მამონტი ვეფხვისგან და იმისთვის, რომ გამოცდილება სხვისთვის გაეზიარებინა. აღწერა ეხმარებოდა ადამიანს უკეთესად დაეგეგმა ნადირობა, გაეთვალისწინებინა ნანადირევის აგებულება, მისი მონადირების მარტივი ხერხი, თავისი საქმე კარგად ეკეთებინა; ჩამოყალიბებულიყო ამ საქმის „პროფესიონალად“ და ამის შემდეგ გაეზიარებინა ეს გეგმა და ცოდნა სხვისთვის, რათა მასაც უკეთესად ენადირა. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობის გადაფასება თვითგადარჩენის, მომავალში საქმიანობის გაგრძელების მიზნით და მეზობელი კომპანიის გადარჩენის მოტივით განისაზღვრება, რადგანაც ერთად ნადირობა უკეთესია, მეტი შანსია მოიპოვო მსუყე ნანადირევი და მტაცებლის თავდასხმასაც გადაურჩე.
B2B კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო გავლენა, ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მსხვილი ბიზნესიდან გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს სწრაფი განვითარების ხელშეწყობასა და კრიზისის პერიოდში კონკრეტული რჩევების გაზიარების მნიშვნელობაზე, რისი საჭიროებაც მკაფიოდ იკვეთება გამოკითხული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების თემატიკაში. რესპონდენტები ადასტურებენ აზრს, რომ აღნიშნულ კონტექსტში ყველაზე დაუცველები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. სწორედ ამიტომ მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის მხარდაჭერის შეთავაზებაა. ქართული რეალობიდან ჯერჯერობით ეს ცალკეული მაგალითები გვაქვს, როგორიცაა ონლაინგაყიდვების პლატფორმის გამართვაში ხელშეწყობა ან ბიზნესსაკითხებზე დისტანციური კონსულტაციის გაწევა.
ეი-სი-თის ბიზნესსაკონსულტაციო პლატფორმის ამოქმედებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა – ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს და ამ კრიზისის შემდგომ კვლავ ჩვენს დამკვეთ ძლიერ კომპანიად იქცეს, რათა მამონტი ერთად მოვინადიროთ.
3. საერთო კოცონი
მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინა, ადამიანმა მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით დაიწყო. ხოლო იმისთვის, რათა გამუდმებით ცეცხლის დანთებაზე დრო არ დაეკარგა, ზრუნავდა კოცონი ყოველთვის ანთებული ჰქონოდა.
როდესაც ადამიანების „დამეგობრებასთან“ ერთად, გამოქვაბულების საერთო პერიმეტრი დავიწროვდა, ცეცხლი ამ საერთო სივრცის შუაში მოექცა, ხოლო ყველა გამოქვაბულის თითოეულ წევრს მასზე ზრუნვა დაეკისრა. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა საერთო ცეცხლის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანაა; თუ წარმოვიდგენთ, რომ ცეცხლი ქვეყნის ეკონომიკა ან საერთო კეთილდღეობაა, კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა სწორედ ამ საერთო ცეცხლის ირგვლივ მყოფი საზოგადოების ცალკეული სეგმენტის (დაუცველი ჯგუფებისთვის ხელის გამართვა, სპორტის ან კულტურული აქტივობების მხარდაჭერა) დახმარებაა.
კოვიდ 19-ის კრიზისისას აღნიშნული ფორმის განსახიერება გახდა პანდემიასთან ბრძოლის საერთო პალტფორმა და მასზე დარიცხული მილიონობით ლარი. კორპორაციებმა საერთო კეთილდღეობისთვის გაიღეს თანხა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესმა ფინანსური დახმარება გაუწია, ან საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტი მიაწოდა (საკვები, საწვავი) დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ერთეულებს. სამშენებლო და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, თანხის ასეთი მიზნობრივი გადაცემა მათ უმარტივებს სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში ჩართვას და აზღვევს შეცდომის დაშვებისგან – თავად განსაზღვრონ საჭიროების მქონე ჯგუფი და მათი საჭიროება აღნიშნულ კრიზისში. კორპორაციული პასუხისმგებლობის ამ ფორმას, მისი სიმბოლური სახის – ცეცხლის მსგავსად, გადამდები ეფექტი ახასიათებს; ერთი მხრივ, ეს სხვა კორპორაციებისთვის ერთგვარი მაგალითი და ბიძგია, თავადაც გაიღონ თანხა საერთო პრობლემის დასაძლევად; ხოლო, მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მაგალითს განვაზოგადებთ, შესაძლებელია ისეთი აქციის დაგეგმვაც, რომელშიც არა მარტო კორპორაციები, არამედ რიგითი ადამიანებიც ჩაერთვებიან, ხოლო ბიზნესი ერთგვარ შუამავლად იქცევა. მაგალითად, თუ აქციით შეიძენდით უძრავ ქონებას, თქვენ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პანდემიის დაძლევის ფონდში გადაირიცხებოდა.
4. ბარძაყის ძვალი
ერთხელ, ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგ მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა, რას მიიჩნევდა ის ცივილიზაციის პირველ ნიშნად. მეცნიერული კუთხით მოსალოდნელ პასუხებს შორის სტუდენტი ფიქრობდა, რომ მეცნიერი დაასახელებდა თიხის ჭურჭელს, ნადირობის იარაღს, ან კომუნიკაციის საშუალებად ცეცხლის გამოყენებას, თუმცა ანთროპოლოგმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად მიიჩნია 15 000 წლით დათარიღებული და თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი ბარძაყის ძვალი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა, რომ გატეხილი იყო და შეხორცდა. აღნიშნული ძვალი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდია. ის ქმნის მენჯ-ბარძაყის მამოძრავებელ სისტემას, რომელიც ადამიანის გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა. მისი დაზიანების შემთხვევაში, რეაბილიტაციას საშუალოდ 4-6 თვე სჭირდება. მიდის განმარტებით, ველურ პირობებში, როდესაც ცხოველი იტეხს ფეხს, ის კვდება, რადგანაც ვერ მოიპოვებს საკვებს, ვერ გადაადგილდება, რათა თავდამსხმელს გაექცეს, ვერ პოულობს წყალს. ადამიანის ბარძაყის შეხორცებული ძვალი, ანთროპოლოგის განმარტებით, იძლევა ინფორმაციას, რომ ვიღაცამ დახარჯა დრო და რესურსი, მოუარა და უმკურნალა ავადმყოფს, იზრუნა მის საკვებსა და წყალზე, დაიცვა ან გამოჯანმრთელებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. სწორედ გამთელებული ბარძაყის ძვლით – სხვა ადამიანზე ზრუნვით იწყება ცივილიზაცია.
კორპორაციული პასუხისმგებლობის გადაფასებული აღქმა, რომელიც მშრალი ერთჯერადი ქველმოქმედებიდან – თანამშრომლის გაფრთხილებით, სხვებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, მიზანმიმართული და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობის დაფინანსებით შეიცვალა, ქართულ რეალობაში ეტაპობრივად ვითარდება; თუმცა, ვფიქრობ, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი ცივილიზაციის ნიშანი ,,გამთელებული ბარძაყის ძვლებია“, ანუ ის შენარჩუნებული თანამშრომლები, რომლებიც კრიზისის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან, რადგანაც ყველაზე რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და მათზე იზრუნეს; რადგანაც პანდემიის დასასრულს სწორედ შეუხორცებელ ბარძაყის ძვლებს დაითვლიან; ეს იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიღმა, პანდემიით გამოწვეული მორალური ზიანის საზომი და თითოეული ჩვენგანი დაფიქრდება, რამდენი გამთელებული ძვალია მის სახელზე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), როგორც ბიზნესწრეებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის ხშირი განხილვის საგანს წარმოადგენს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც მსოფლიოს საერთო გამოწვევა - Covid-19-თან ბრძოლა აერთიანებს.
მთავრობები, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ პანდემიასთან საბრძოლველად, ადამიანების გადასარჩენად და ამის პარალელურად, ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ეს მათი ძირითადი პასუხისმგებლობაა. თუმცა ამ პროცესმა აჩვენა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ოფიციალურად პასუხისმგებელი პირების ძალისხმევა არ კმარა. მაშინ, როდესაც კამპანია #დარჩისახლში თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას წინა პლანზე აყენებს, საინტერესოა, როგორია ბიზნესის როლი Covid-19-თან ბრძოლაში?! რას აკეთებენ კომპანიები, როგორც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, საერთო საქმისთვის? ან რა შეუძლიათ, რომ უკეთ გააკეთონ?
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სპეციალური ვებგვერდის – Stopcov.ge-ის თანახმად, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედმა 170-მა კომპანიამ გამოავლინა. Covid-19-ის პრევენციისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხული თანხების მოცულობა 131 მილიონ ლარს აღემატება. ეს უდავოდ დასაფასებელი ნაბიჯია, თუმცა ქართულ კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ფორმით არ გამოუხატავთ. მათგან საკმაოდ ბევრმა სოციალური პასუხისმგებლობა სხვა მხრივაც გამოავლინა – მათ შორის იყო, როგორც პროფილური აქტივობები (მაგალითად, ექიმების საწვავით ან საკვებით მომარაგება; სესხების რესტრუქტურიზაცია და ა.შ.), ასევე არაპროფილური მიმართულებები. დასანანია, რომ რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი კომუნიკაციიდან გამომდინარე, ინფორმაციამ გარკვეული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ნაბიჯების შესახებ ვერ მიაღწია მომხმარებლის ყურამდე. ამით კი კომპანიებმა ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული დადებითი რეპუტაციის დამკვიდრების შესაძლებლობა დაკარგეს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქართველი საზოგადოება, მათ შორის კონკრეტული ბრენდების მომხმარებლები, საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი მსხვილი კომპანიების მხრიდან გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობის, მათი საქველმოქმედო საქმიანობის ინტენსივობის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლები ბიზნესს სამოქალაქო თვითშეგნების უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებენ, ვიდრე კომპანიების დიდ ნაწილს წარმოუდგენია.
ჩვენ ხშირად ვესაუბრებით მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს ლიდერი კომპანიების იმიჯისა და მათი ზოგადი საქმიანობის შეფასების მიზნით, ფოკუსური ჯგუფების, სატელეფონო თუ პირისპირ გამოკითხვის ფარგლებში (შენიშვნა: პირისპირ გამოკითხვის ფორმა, ეი-სი-თიში სრულად ჩანაცვლდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, Covid-19-ით გამოწვეული ახალი დღის წესრიგიდან გამომდინარე) და აი, რას ამბობენ ისინი:
,,ვცდილობ, ისეთ კომპანიასთან ვიყო და ვითანამშრომლო, რომელსაც აქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა და რაღაცით მაინც ქართველობას ეხმარება, ცდილობს, წინ წამოსწიოს და გააუმჯობესოს.“ [ქალი, 26 წლის]
„კომერციული ორგანიზაციები მოკლებულნი არიან რაღაც იდეას. ცხადია, მათი ძირითადი იდეაა, გამოიმუშაონ, რაც შეიძლება, მეტი დოვლათი, მატერიალური სიკეთე, მაგრამ გარკვეულწილად არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური პასუხისმგებლობა.“ [კაცი, 37 წლის]
კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო საფეხურების დაკმაყოფილებასთან ერთად, ბრენდის რეპუტაციის მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება მის მიერ ფართო საზოგადოებისთვის მოტანილი სხვა სარგებელიც სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო საფეხურებად მიიჩნევა:
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ზედა საფეხურები კი უფრო ფართო, გლობალურ პასუხისმგებლობას აკისრებს კომპანიებს, როგორც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს. ამგვარ მიდგომას ბიზნესის სამოქალაქო თვითშეგნებას ან იმავე კორპორაციულ მოქალაქეობასაც უწოდებენ, რაც გულისხმობს იმ სოციუმის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რომელშიც ბიზნესი აღმოცენდა, ან/და რომელთანაც აქვს შეხება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ქართულ რეალობაში, მცირე სამოქმედო არეალიდან გამომდინარე, ამგვარ სოციუმად მიიჩნევა მთელი ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. შესაბამისად, ბიზნესის გამოწვევაა, შესთავაზოს საზოგადოებას იმ ტიპის ქმედება, რომელიც თვალნათელი და ამასთანავე, სარგებლის მომტანი იქნება მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის, ან მისი რომელიმე ჯგუფისთვის.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებთან მიმართებით მომხმარებელთა მეხსიერება საკმაოდ მწირია და უმეტესად საქველმოქმედო პროექტებით შემოიფარგლება. ამას ემატება ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიც, რის გამოც მომხმარებლები CSR აქტივობათა სასურველ მიმართულებად, პირველ რიგში, ქველმოქმედებას და უფრო კონკრეტულად, ისეთ ფაქიზ თემებს ასახელებენ, როგორიცაა ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ან მიუსაფარი ბავშვების დახმარება. საზოგადოების მაღალი მგრძნობელობიდან და გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ამავე კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ კორონავირუსის პრევენციის ფონდში თანხის გადარიცხვაც.
თუმცა რესპონდენტები ცალკე გამოყოფენ გრძელვადიანი ეფექტის მქონე კამპანიების აუცილებლობას ისეთ სფეროებში, რომლებიც უფრო დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ასეთად მიიჩნევა განათლების, ტექნოლოგიების და ეკონომიკის განვითარების კუთხით ინვესტირება. ქართულ რეალობაში ეკონომიკის განსაკუთრებით მგრძნობიარე მიმართულებებს წარმოადგენს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებები აკმაყოფილებდეს საბოლოო შემფასებლების, მომხმარებლების მიერ განსაზღვრულ სამ ძირითად კრიტერიუმს:
1. დიდი მიზანი – მნიშვნელოვანია კომპანიების მატერიალური და სხვა რესურსების მობილიზება ისეთი ინიციატივებისთვის, რომლებიც მართლაც დიდ, აქტუალურ სარგებელს უკავშირდება. ჩვენს რეალობაში კორონავირუსთან და მის თანმდევ სირთულეებთან გამკლავება უდავოდ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს.
2. განგრძობადობა – მომხმარებლები ეყრდნობიან მოსაზრებას, რომ ჭეშმარიტი სოციალური პასუხისმგებლობის და სულისკვეთების მქონე კომპანიები არაერთჯერად, თანმიმდევრულ კამპანიებს ეწევიან და მათი ეთიკურობა დრომ გამოსცადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ერთჯერად დონაციებზე უფრო დამაჯერებელი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული გამოწვევის (ამ შემთხვევაში: Covid-19-ის, ან მისით გამოწვეული ერთი რომელიმე პრობლემის) საპასუხოდ შემუშავებული ერთიანი სტრატეგია და შესაბამის ქმედებათა ჯაჭვი, რომელიც კომპანიების მხრიდან, ფინანსურის გარდა, ინტელექტუალური, ფიზიკური და დროის რესურსის გამოყოფას გულისხმობს და მათ გრძელვადიან განზრახვაზე მიანიშნებს.
3. კომპეტენციასთან თანხვედრა – მესამე სასურველი, მაგრამ არასავალდებულო კრიტერიუმი გულისხმობს, რომ კომპანიის მიერ არჩეული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებები ეხმიანებოდეს მის სფეროს, კომპეტენციას, ან ეხებოდეს საზოგადოების იმ წევრებს, რომლებთანაც აღნიშნულ ორგანიზაციას მეტი კონტაქტი აქვს. არსებულ ვითარებაში იკვეთება კერძო სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის წარმოჩენის შესაძლებლობები. თუმცა, ბუნებრივია, სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ დადონ თავიანთი წილი აგური საერთო საქმეში და ეს ადრინდელზე უფრო ეფექტურად გააკეთონ, თუკი თავიანთ რესურსებს პრობლემის იმ მხარეს მიმართავენ, რომელიც მათ საქმიანობასთან მეტად იკვეთება.
Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში, ჩვენი ეკონომიკის გარდაუვალი უკანდახევის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის შენარჩუნება ვირუსთან გამკლავებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება მთავრობის და საერთაშორისო დონორების ნაბიჯები, ამ სფეროში ბიზნესის ინიციატივებს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წინ წამწევის როლი შეიძლება დაეკისროს. ეს შეიძლება გახდეს სწორედ ის ნიშა, რომელიც ბიზნესმა უნდა აირჩიოს იმისთვის, რათა აღნიშნული კრიზისის პირობებში უფრო ეფექტიანად შეძლოს საკუთარი პოტენციალის საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება.
ავტორი: მარიამ ქავთარაძე
კვლევის მენეჯერი, კვლევა
ჩვენი ახალი ყოველდღიურობა ძალიან ერთფეროვანია, თუ თქვენც სამუშაო დროის დაწყებამდე 15 წუთით ადრე დგებით, მიემართებით „სახლ-ოფისისკენ“, მუშაობთ, პირად და სამსახურებრივ დროს ერთმანეთში ურევთ, ლანჩის დროს საკუთარი სამზარეულოსკენ იღებთ გეზს, პროექტებზე მუშაობისას დოკუმენტაციაში პროდუქტების სიას წააწყდებით, შაბათ-კვირას კი ძირითადად აივანზე ატარებთ. ახალ რეალობას ჩვენი ქცევისა და მუშაობის პრინციპების ერთგვაროვნება ასახავს. ოფისებად ქცეული სახლების გარემოში იკვრება მსგავსი წრე, რომელშიც რუტინა ყოველდღიურად მეორდება. რამდენად შესაძლებელია ამ პირობებში სამუშაო მოტივაციის შენარჩუნება და მეტიც, მისი გაზრდა?
მოტივაციაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ აბრაამ მასლოუ - მოტივაციის თეორიის ფუძემდებელი, რომლის პირამიდასაც გვერდს ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ უვლის.თანამშრომელთა მოტივაციის საწყის ეტაპზე მასლოუ განიხილავს ძირითად საჭიროებებს - ფიზიკურ გარემოსა და უსაფრთხოებას; მომდევნო ეტაპზე ფსიქოლოგიურ მომენტებს: მიკუთვნებულობას, სიყვარულს, აღიარებას; საბოლოოდ კი პოტენციალის სრულად გამოვლენის საჭიროებას და უკვე თვითდამკვიდრებას ხედავს. მასლოუს იერარქიის მიხედვით, ორგანიზაციები, რომლებიც დასაქმებულთა საჭიროებებს ძირითადი მოთხოვნილებიდან საბოლოო ეტაპამდე სრულად აკმაყოფილებენ, მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდიან. თუმცა აღნიშნული კლასიკური მოდელი პანდემიამ შეცვალა. ახლა დასაქმებულები, რომელთაც ფიზიკური გარემო საჭიროებების მხრივ შევსებული ჰქონდათ, განიცდიან რყევებს ქვევიდან ზევით: იმარაგებენ საკვებს, ჰიგიენურ და სამედიცინო პროდუქტს, შინ რჩებიან და ზრუნავენ თავიანთ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. აღნიშნული ცვლილების პირობებში, პირამიდა სრულიად იცვლება და საჭიროა თანამშრომელთა მოტივირების შეცვლილ ტაქტიკაზე მსჯელობა.
ქართულ რეალობაში „თავდაყირა“ პირამიდასთან ადაპტაცია ყველაზე მარტივად შეძლეს იმ კომპანიებმა, რომელთა შიდა ორგანიზაციული ძლიერი მხარეები იოლად შეეგუა დისტანციური მომსახურების პირობებს, რადგან ციფრული პროცესები უკვე აწყობილი ჰქონდათ. თანამშრომელთა მოტივირებისთვის ამ და სხვა კომპანიებს იმის მიხედვით მოუხდათ გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელ ეტაპზე იმყოფებოდა მათ მიერ დასაქმებულთა დიდი ნაწილი. გაგიზიარებთ ჩვენი ორგანიზაციის – ეი-სი-თის მაგალითს, თუ როგორ ახერხებს ორგანიზაცია პირამიდის ქვედა დონის შენარჩუნებას ისე, რომ ცენტრალურ ნაწილზე დაყრდნობით ამყარებს ქვედა და ზედა დონეებს. შესაბამისად, ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას.
სიყვარული, მეგობრობა, ოჯახი, მიკუთვნებულობა – პირამიდის ცენტრალური ნაწილი - ფსიქოლოგიური ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს თანამშრომელთა მოტივაციაზე. იმდენად, რამდენადაც ეი-სი-თის მენეჯმენტი უშუალო, მუდმივი კომუნიკაციით, ღია, თავისუფალი, ნაკლებად ბიუროკრატიული მიდგომით ხელმძღვანელობს, მათ გადაწყვეტილებებს კომპანიაში თავიდანვე საკმაოდ კარგად იღებდნენ. ამასთან, დასაქმებულთა უმრავლესობა დიდი სამუშაო გამოცდილებით გამოირჩევა, ამიტომ სიყვარულისა და მიკუთვნებულობის, ერთმანეთის მხარდაჭერის განცდა ფსიქოლოგიურ დონეზე საკმაოდ მაღალია. მიკუთვნებულობას ამყარებს კრიზისული პერიოდიც, რომლის დროსაც ადამიანებს გაერთიანება, ერთ ნავში ყოფნა მოსწონთ. ეს მათ ფსიქოლოგიურად აძლიერებს და სიახლეების, ახალი ინიციატივების მიღებას უმარტივებს. პრობლემის წინაშე ერთიანობა კომპანიის ჭრილში აღქმულია, როგორც უდიდესი მოტივატორი, იდეის ირგვლივ გაერთიანება კი მიზნისკენ სწრაფვის მძლავრი იარაღია.
ფიზიკური გარემო – გაჩნდა ახალი შიში ფიზიკური დონის მიმართ: სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ანაზღაურება, ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი სახსრების მობილიზება, ფიზიკური ადგილი, სივრცე სამუშაოს ეფექტიანად შესასრულებლად. ეს შიში პირამიდის ქვედა დონის რყევებს იწვევს, რომლის შესაჩერებლადაც ორგანიზაციას დროული და სწორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დასაქმებულებთან. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეი-სი-თიმ გაატარა გარკვეული ცვლილებები საკადრო/სახელფასო მიმართულებით, რომლის მიხედვითაც ყველა დასაქმებულმა შეინარჩუნა სამუშაო ადგილი. გადაწყვეტილებამ, ერთი მხრივ, გააქარწყლა შიში უსაფრთხოებისა და ფიზიკური გარემოს მიმართ, მეორე მხრივ კი, ცენტრალურ ნაწილზე, ერთი დიდი ოჯახის წევრობაზე დააშენა ძირითადი საჭიროებების დონე. თანამშრომლების მოტივაციას განაპირობებდა აზრი - თვითონვე შეექმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო. ამდენად, კომპანია უმოკლეს დროში მთლიანად დიჯიტალიზებული გახდა.
თვითრეალიზება – ეი-სი-თის დასაქმებულთა ნაწილი, თავის მხრივ, იმყოფებოდა თვითრეალიზაციის საჭიროებათა დაკმაყოფილების დონეზე. შესაბამისად, მათი მოტივაცია ძალიან მაღალ საფეხურზე იყო. ნაწილს კი, რესურსების სწორად გადანაწილების წყალობით, შესაძლებლობა მიეცა კრიზისის პერიოდში აქამდე „მიძინებული“ უნარები გამოევლინა. პოტენციალის სრულად გამოვლენის შესაძლებლობამ ადამიანებს დამატებითი მოტივაცია შესძინა, დაემსახურებინათ აღიარება კოლეგებისგან და მიახლოებოდნენ პირამიდის ბოლო საფეხურს, რითაც შანსი ეძლეოდათ, უნარების სრულად რეალიზების გზით, გამოწვევა შესაძლებლობად ექციათ. ამის ნათელი მაგალითია ეი-სი-თის ახალი საკონსულტაციო პლატფორმა - www.act-strategist.ge, რომელიც კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში, სხვა ბიზნესების მხარდაჭერის იდეით შეიქმნა.
გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას, ორგანიზაციამ, უკუკავშირის ხელსაწყოების გამოყენებით, (შიდა ორგანიზაციული კვლევა) მიიღო დიდი სურათი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულთა 57%-ისთვის, კრიზისის პირობებში, მოტივაცია იგივე დარჩა, ხოლო 33%-ისთვის გაიზარდა. გამოკითხული თანამშრომლები ასევე მიიჩნევენ, რომ ცვლილებები არ შეეხება კომპანიის საქმიანობას; მოლოდინის ეტაპზე ისინი ფიქრობდნენ, რომ კომპანია ჩვეულ რეჟიმში იმუშავებდა, სამომავლოდ კი ოპტიმისტურად არიან განწყობილი ეი-სი-თის ფუნქციონირების მიმართ. განხილული მაგალითი მოწმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოლოგიური საჭიროებები დაკმაყოფილებულია, არსებობს ორგანიზაციული კულტურა და ერთიანობის განცდა, მათზე ღირებულებების დაშენება მარტივდება, რაც კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.