/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

დანერგილი მომსახურების სტანდარტები VS მომხმარებლის მიერ აღქმული სერვისი

08.06.2020 2 წუთის საკითხავი
ეკატერინე ეჯიბაძე

მონაცემთა მოპოვების გუნდის ლიდი

დანერგილი მომსახურების სტანდარტები VS მომხმარებლის მიერ აღქმული სერვისი

როგორი მომსახურება სურს დღევანდელ მომხმარებელს? – ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რაც დღეს მომსახურების სფეროს ყველა წარმომადგენელს აწუხებს. მაღალკონკურენტულ და უმეტესად, გაჯერებულ ბაზარზე, კომპანიის უპირატესობად, შესაძლოა, სწორედ მაღალი ხარისხის – მომხმარებლისთვის სასურველი – მომსახურება იქცეს.


ჩვენი კომპანიის მიერ, წლების განმავლობაში, სხვადასხვა დარგის მომხმარებელთა უკუკავშირის გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა, რომ დღევანდელი მომხმარებლის დაკვეთით მაღალი ხარისხის მომსახურების ფორმულაა: მეგობრულობა + პროფესიონალიზმი + ყურადღებიანობა + შრომისმოყვარეობა + სისწრაფე 






ბუნებრივია, აღნიშნულ ფაქტორებს მნიშვნელოვნების სხვადასხვა წონა ენიჭებათ სხვადასხვა სფეროს მომსახურების შეფასების პროცესში. მაგალითად, სწრაფი კვების, საცალო ვაჭრობის დარგში შესაძლოა, მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს სისწრაფე, მაშინ როდესაც იგივე მომხმარებელმა სამედიცინო, სადაზღვევო, საბანკო სფეროებში უდიდესი მნიშვნელობა პროფესიონალიზმს მიანიჭოს.


დღეს, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან, როგორ გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი, რათა ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ. აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად კომპანიებს ორ ძლიერ იარაღს ვთავაზობთ: მომსახურების ხარისხის მონიტორინგს იდუმალი მყიდველის მეთოდის გამოყენებით და მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევას. იდუმალი მყიდველის შეფასებებით კომპანიებს ვაჩვენებთ არსებული პროცესებისა და მომსახურების ძლიერი და სუსტი მხარეების ამსახველ ობიექტურ სურათს. რაც შეეხება, მომხმარებელთა მომსახურებით კმაყოფილების კვლევას, შესაძლებლობას გვაძლევს, ობიექტიდან გამომსვლელების პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, განვსაზღვროთ კონკრეტული დარგის მომხმარებლის კმაყოფილებაზე მოქმედი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორები, ამასთან, გავზომოთ მათი მნიშვნელოვნების წონაც. აღნიშნული შედეგების მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შედეგებთან ინტეგრირებით კომპანიას დამატებით შესაძლებლობას ვაძლევთ, მუდმივად რეალური მომხმარებლის თვალით შეაფასოს მომსახურება.


მომსახურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგის პირობებში შესაძლებელია:


საერთაშორისო გამოცდილებით, კომპანიებში, სადაც მუდმივად ხორციელდება მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და შედეგების შესაბამისად, აქტიურად ხდება საჭირო ღონისძიებების გატარება, კომპანიის გაყიდვების ზრდამ 30%-ს შეიძლება მიაღწიოს.

საინტერესო ინსაიტები
13.05.2020

ევოლუცია სპირალურად პროგრესირებადი მოვლენაა. ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა წინ მიიწევს და მისი განვითარების ეტაპები პერიოდულად მეორდება, ან ძალიან ჰგავს ერთმანეთს. 21-ე საუკუნეში, მზარდი ტექნოლოგიური და პიროვნული განვითარების მიღწევათა ფონზე, ადამიანი იძულებული გახდა პერსონალური კომპიუტერითა და სმარტფონით ისევ „გამოქვაბულში“ შეკეტილიყო, რითაც დროებით შევაჩერეთ და მხოლოდ ინტელექტუალური რესურსის ხარჯზე ვავითარებთ პარალელური საცხოვრებელი პლანეტის ათვისების იდეას. ადამიანს იმედი აქვს, რომ ჩვეულ ყოველდღიურობას დაიბრუნებს, რომელშიც დილით საუზმობს, შემდეგ სამსახურში მიდის, შესვენებაზე კაფეში, სამსახურიდან მარკეტში, მარკეტიდან სახლში, სახლიდან ბარში და დილით ისევ საუზმეს იმზადებს. ამ მარტივ ცხოვრებისეულ მოვლენათა ჯაჭვს ადამიანი საუკუნეების განმავლობაში აწყობდა, ეტაპობრივად ავითარებდა და ახლა არავის სურს ყველაფრის თავიდან დაწყება. ჯაჭვის რგოლები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და დამოუკიდებლად ფუნქციონირებადი ერთეულებია - მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესსფეროები, რომელთა უმეტესობას ახლა მოლოდინის რეჟიმი აქვს ჩართული. ჩვენ დავინტერესდით, შეიცვალა თუ არა კრიზისის პირობებში სოციალური პასუხისმგებლობის აღქმა. პასუხისთვის საქართველოში მოქმედი სხვადასხვა მასშტაბის კომპანიების წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუები ჩავწერეთ, რის საფუძველზეც აღქმის შემდეგნაირი ანთროპოლოგიური სურათი შევქმენით:


1. საკუთარ გამოქვაბულში

საფრთხის შეგრძნებამ და გარეთ შექმნილმა გაურკვეველმა ვითარებამ ადამიანი აიძულა გამოქვაბულის სახით გარკვეული თავშესაფარი ეპოვა და ყოველთვის იქვე მიბრუნებულიყო, რადგანაც მასთან მისასვლელი გზა იცოდა. თავზე ჭერმა, როგორც ბუნებრივი პირობებისგან თავდაცვის და გარე საფრთხისგან დამალვის შესაძლებლობამ, ადამიანს საკუთარ სახლთან - ერთ კონკრეტულ გარემოსთან შეჩვევის და ამ გარემოში მეტ-ნაკლები სიმშვიდის შეგრძნება მოუტანა. პანდემიის პირობებში მარტოდ დარჩენილმა ადამიანმა ისევ სახლს - თავის უკვდავ და ნაცად გამოქვაბულს მიაკითხა.


კორპორაციები ინდივიდუალური სახლებიდან იმართება, ამიტომაც კრიზისის დასაწყისში კომპანიებმა სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აქტუალური, ფაქტობრივად გარდაუვალი ფორმა გამოიყენეს – უზრუნველყვეს დასაქმებული ადამიანების შინ „გადაყვანა“ და იქ დარჩენა. გამოკითხული რესპონდენტების თქმით, მათ რეალურ რეჟიმში საქმიანობის შეწყვეტის და თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება ქვეყანაში გაცემული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიიღეს. სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი იმით გამოიხატა, თუ რომელმა ბიზნესმა კრიზისის რომელ პერიოდში მიმართა აღნიშნულ გზას, მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გაიცა, თუ იმ დროს, როდესაც პანდემია მომძლავრებული იყო. თუმცა დღეისათვის ყველა კორპორაცია, რომელთა საქმიანობაც შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც იყოს დისტანციური, ცდილობს, თანამშრომლების სახლებიდან მუშაობას ისე უხელმძღვანელოს, რომ არც გუნდურობის შეგრძნება დაკარგოს და არც საქმის მიმართ ინტერესი გააქროს. კორპორაციული პასუხისმგებლობის აღნიშნული ფორმა უმთავრესად ადამიანის ჯანმრთელობის გაფრთხილების იდეას ეყრდნობა და სხვადასხვა კორპორაციაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება – შესაძლოა, ეს იყოს კრიზისის პირობებში შემუშავებული ერთიანი დაზღვევის სოციალური პაკეტი, ან თანამშრომლების დამცავი საშუალებებით აღჭურვა სახლის პირობებში, ასევე სპეციალური ტრენინგების გამართვა, რათა საქმიანობისას (ხელშეკრულებების სველი წესით გაფორმება) მაქსიმალურად დაცული იყოს მათი ჯანმრთელობა. აღნიშნული ფორმის მინიმალური გამოვლინება კი თანამედროვე დისტანციურ რეჟიმში მუშაობისთვის აუცილებელი ზუმშეხვედრების ლიცენზირებული ვერსიაა, რომლითაც თანამშრომელს შინ ყოფნისას მუშაობა უმარტივდება.


2. მამონტებზე ნადირობის სცენა 

გამოქვაბულის ათვისების და მასში თავის დამკვიდრების შემდეგ, ადამიანმა აღნიშნული გამოქვაბულის საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენება დაიწყო. ისტორიულად დადასტურებულია, რომ გამოქვაბულის კედლებზე აღმოჩენილი პირველი ნახატები გამოქვაბულს მიღმა ნანახს და განხორციელებულ ქმედებას ასახავდა. ადამიანი მამონტებს კედლებზე ორი მიზნით კაწრავდა – იმისთვის, რომ მოეხდინა კლასიფიკაცია (მარტივი ფორმით), ანუ გაერჩია მამონტი ვეფხვისგან და იმისთვის, რომ გამოცდილება სხვისთვის გაეზიარებინა. აღწერა ეხმარებოდა ადამიანს უკეთესად დაეგეგმა ნადირობა, გაეთვალისწინებინა ნანადირევის აგებულება, მისი მონადირების მარტივი ხერხი, თავისი საქმე კარგად ეკეთებინა; ჩამოყალიბებულიყო ამ საქმის „პროფესიონალად“ და ამის შემდეგ გაეზიარებინა ეს გეგმა და ცოდნა სხვისთვის, რათა მასაც უკეთესად ენადირა. ამ კონტექსტში სოციალური პასუხისმგებლობის გადაფასება თვითგადარჩენის, მომავალში საქმიანობის გაგრძელების მიზნით და მეზობელი კომპანიის გადარჩენის მოტივით განისაზღვრება, რადგანაც ერთად ნადირობა უკეთესია, მეტი შანსია მოიპოვო მსუყე ნანადირევი და მტაცებლის თავდასხმასაც გადაურჩე.


B2B კორპორაციული პასუხისმგებლობის საერთაშორისო გავლენა, ბიზნესის გამოკითხული წარმომადგენლების აზრით, საქართველოში ეტაპობრივად იკიდებს ფეხს. მსხვილი ბიზნესიდან გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს სწრაფი განვითარების ხელშეწყობასა და კრიზისის პერიოდში კონკრეტული რჩევების გაზიარების მნიშვნელობაზე, რისი საჭიროებაც მკაფიოდ იკვეთება გამოკითხული მცირე ბიზნესის წარმომადგენლების თემატიკაში. რესპონდენტები ადასტურებენ აზრს, რომ აღნიშნულ კონტექსტში ყველაზე დაუცველები მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. სწორედ ამიტომ მსხვილი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მათთვის მხარდაჭერის შეთავაზებაა. ქართული რეალობიდან ჯერჯერობით ეს ცალკეული მაგალითები გვაქვს, როგორიცაა ონლაინგაყიდვების პლატფორმის გამართვაში ხელშეწყობა ან ბიზნესსაკითხებზე დისტანციური კონსულტაციის გაწევა.


ეი-სი-თის ბიზნესსაკონსულტაციო პლატფორმის ამოქმედებას სწორედ ეს მიზანი ჰქონდა – ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვისაც ეს მხარდაჭერა ახლა ძალიან სჭირდება, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში გადარჩეს და ამ კრიზისის შემდგომ კვლავ ჩვენს დამკვეთ ძლიერ კომპანიად იქცეს, რათა მამონტი ერთად მოვინადიროთ.


3. საერთო კოცონი

მას შემდეგ, რაც ცეცხლი აღმოაჩინა, ადამიანმა მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით დაიწყო. ხოლო იმისთვის, რათა გამუდმებით ცეცხლის დანთებაზე დრო არ დაეკარგა, ზრუნავდა კოცონი ყოველთვის ანთებული ჰქონოდა.


როდესაც ადამიანების „დამეგობრებასთან“ ერთად, გამოქვაბულების საერთო პერიმეტრი დავიწროვდა, ცეცხლი ამ საერთო სივრცის შუაში მოექცა, ხოლო ყველა გამოქვაბულის თითოეულ წევრს მასზე ზრუნვა დაეკისრა. სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა საერთო ცეცხლის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანაა; თუ წარმოვიდგენთ, რომ ცეცხლი ქვეყნის ეკონომიკა ან საერთო კეთილდღეობაა, კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობა სწორედ ამ საერთო ცეცხლის ირგვლივ მყოფი საზოგადოების ცალკეული სეგმენტის (დაუცველი ჯგუფებისთვის ხელის გამართვა, სპორტის ან კულტურული აქტივობების მხარდაჭერა) დახმარებაა.


კოვიდ 19-ის კრიზისისას აღნიშნული ფორმის განსახიერება გახდა პანდემიასთან ბრძოლის საერთო პალტფორმა და მასზე დარიცხული მილიონობით ლარი. კორპორაციებმა საერთო კეთილდღეობისთვის გაიღეს თანხა. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესმა ფინანსური დახმარება გაუწია, ან საქმიანობიდან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტი მიაწოდა (საკვები, საწვავი) დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც პანდემიასთან ბრძოლის ფრონტის წინა ხაზზე მდგომ ერთეულებს. სამშენებლო და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, თანხის ასეთი მიზნობრივი გადაცემა მათ უმარტივებს სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში ჩართვას და აზღვევს შეცდომის დაშვებისგან – თავად განსაზღვრონ საჭიროების მქონე ჯგუფი და მათი საჭიროება აღნიშნულ კრიზისში. კორპორაციული პასუხისმგებლობის ამ ფორმას, მისი სიმბოლური სახის – ცეცხლის მსგავსად, გადამდები ეფექტი ახასიათებს; ერთი მხრივ, ეს სხვა კორპორაციებისთვის ერთგვარი მაგალითი და ბიძგია, თავადაც გაიღონ თანხა საერთო პრობლემის დასაძლევად; ხოლო, მეორე მხრივ, თუკი კონკრეტული სამშენებლო კომპანიის მაგალითს განვაზოგადებთ, შესაძლებელია ისეთი აქციის დაგეგმვაც, რომელშიც არა მარტო კორპორაციები, არამედ რიგითი ადამიანებიც ჩაერთვებიან, ხოლო ბიზნესი ერთგვარ შუამავლად იქცევა. მაგალითად, თუ აქციით შეიძენდით უძრავ ქონებას, თქვენ მიერ გადახდილი თანხის ნაწილი პანდემიის დაძლევის ფონდში გადაირიცხებოდა.


4. ბარძაყის ძვალი

ერთხელ, ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგ მარგარეტ მიდს სტუდენტმა ჰკითხა, რას მიიჩნევდა ის ცივილიზაციის პირველ ნიშნად. მეცნიერული კუთხით მოსალოდნელ პასუხებს შორის სტუდენტი ფიქრობდა, რომ მეცნიერი დაასახელებდა თიხის ჭურჭელს, ნადირობის იარაღს, ან კომუნიკაციის საშუალებად ცეცხლის გამოყენებას, თუმცა ანთროპოლოგმა ცივილიზაციის პირველ ნიშნად მიიჩნია 15 000 წლით დათარიღებული და თანამედროვე ეპოქაში აღმოჩენილი ბარძაყის ძვალი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა, რომ გატეხილი იყო და შეხორცდა. აღნიშნული ძვალი ადამიანის სხეულში ყველაზე დიდია. ის ქმნის მენჯ-ბარძაყის მამოძრავებელ სისტემას, რომელიც ადამიანის გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობაა. მისი დაზიანების შემთხვევაში, რეაბილიტაციას საშუალოდ 4-6 თვე სჭირდება. მიდის განმარტებით, ველურ პირობებში, როდესაც ცხოველი იტეხს ფეხს, ის კვდება, რადგანაც ვერ მოიპოვებს საკვებს, ვერ გადაადგილდება, რათა თავდამსხმელს გაექცეს, ვერ პოულობს წყალს. ადამიანის ბარძაყის შეხორცებული ძვალი, ანთროპოლოგის განმარტებით, იძლევა ინფორმაციას, რომ ვიღაცამ დახარჯა დრო და რესურსი, მოუარა და უმკურნალა ავადმყოფს, იზრუნა მის საკვებსა და წყალზე, დაიცვა ან გამოჯანმრთელებამდე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. სწორედ გამთელებული ბარძაყის ძვლით – სხვა ადამიანზე ზრუნვით იწყება ცივილიზაცია.


კორპორაციული პასუხისმგებლობის გადაფასებული აღქმა, რომელიც მშრალი ერთჯერადი ქველმოქმედებიდან – თანამშრომლის გაფრთხილებით, სხვებისთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით, მიზანმიმართული და საყოველთაო კეთილდღეობაზე ორიენტირებული საქმიანობის დაფინანსებით შეიცვალა, ქართულ რეალობაში ეტაპობრივად ვითარდება; თუმცა, ვფიქრობ, სოციალური პასუხისმგებლობის პირველი ცივილიზაციის ნიშანი ,,გამთელებული ბარძაყის ძვლებია“, ანუ ის შენარჩუნებული თანამშრომლები, რომლებიც კრიზისის ძირითადი ეტაპის დასრულების შემდეგ თავიანთ სამსახურებს დაუბრუნდებიან, რადგანაც ყველაზე რთულ სიტუაციაში არ მიატოვეს და მათზე იზრუნეს; რადგანაც პანდემიის დასასრულს სწორედ შეუხორცებელ ბარძაყის ძვლებს დაითვლიან; ეს იქნება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიღმა, პანდემიით გამოწვეული მორალური ზიანის საზომი და თითოეული ჩვენგანი დაფიქრდება, რამდენი გამთელებული ძვალია მის სახელზე.

02.06.2020

ისტორიულად ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი ყოველთვის იყო დივერსიფიცირებული მობილური ოპერატორების და ინტერნეტ პროვაიდერის ბიზნესებად. წლებთან ერთად ბაზარზე გაიზარდა როგორც მობილური, ასევე ინტერნეტის პენეტრაცია, შესაბამისად, მოხდა ტელეკომუნიკაციის ამ ორი სეგმენტის გადაფარვაც. აღნიშნულმა კი, თავის მხრივ, სატელეკომუნიკაციო ბიზნესი ახალი გამოწვევების და შესაბამისად, შესაძლებლობების წინაშე დააყენა. ის, რაც წლების განმავლობაში დამახასიათებელ ტრენდს წარმოადგენდა – მობილური ოპერატორების და ინტერნეტ პროვაიდერების ცალ-ცალკე ოპერირება – შეიცვალა. კერძოდ, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე, ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება კომპანიების გაერთიანების ტენდენცია. ამის მაგალითია 2016 წელს „მაგთის“ და „კავკასუს ონლაინის“ გაერთიანება, 2018 წელს კი, „სილქნეტის“ და „ჯეოსელის“ შერწყმა. აღნიშნულის შედეგად, „მაგთი“ და „სილქნეტი“ სრულ სატელეკომუნიკაციო სერვისს უზრუნველყოფენ, რაც სასიკეთო აღმოჩნდა ჩვენთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რომელთაც კომბინირებული პაკეტებით/კონვერგენტული პროდუქტებით და გადახდის გამარტივებული, ერთიანი ფორმით სარგებლობის შესაძლებლობა მოგვეცა.


ბოლო 2 წლის განმავლობაში „ეისითიში“, ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად, მობილური ოპერატორის, ინტერნეტის და ტელევიზიის პროვაიდერების შერჩევის წამყვან კრიტერიუმებად, გარდა დაბალი ტარიფებისა, ვლინდება: მობილური ოპერატორებში – ფართო დაფარვის ზონა და მობილური ინტერნეტის ხარისხი/სისწრაფე. ინტერნეტ პროვაიდერის შემთხვევაში – ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე. ტელევიზიის შემთხვევაში – ჩვენების ხარისხი, გადახვევის ფუნქცია და არხების მრავალფეროვნება.

გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტ პროვაიდერებთან მიმართებაში ერთ-ერთ წამყვან მოთხოვნას ინტერნეტის სისწრაფე წარმოადგენს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მზარდი ტენდენცია ვლინდება მაღალი ინტერნეტ სიჩქარის მოხმარების თვალსაზრისით. უპირატესად აბონენტები 10-29 მბ/წმ-ს ინტერნეტს ირჩევენ (ფიზიკური პირების შემთხვევაში თბილისში 64%, რეგიონებში 67%). ტექნოლოგიების თვალსაზრისით კი მომხმარებლები ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიას(FTTx) უფრო ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება ტელევიზიის მაუწყებლობის ტრანზიტს, რადგან მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ჩვენების ხარისხი და გადახვევის ფუნქცია, არსებული ტექნოლოგიებიდან უპირატესად IPTV-ით სარგებლობენ (74%) და ამ მიმართულებითაც შეინიშნება მოხმარების/აბონენტების რაოდენობის მზარდი ტენდენცია.


რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ სამომხმარებლო წილებს, აქ ბაზარზე შექმნილ ახალ რეალობაში, მოთამაშეების კონსოლიდაციის შედეგად, „მაგთის“ და „სილქნეტს“ წამყვანი პოზიციები უკავიათ როგორც მობილური, ასევე ინტერნეტის და ტელევიზიის მომსახურების თვალსაზრისით. მობილური მიმართულებით მათ კონკურენციას უწევს „ბილაინი“, რომელსაც 2018 წელთან შედარებით მზარდი ტენდენცია აქვს და აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით მთლიანი ბაზრის მეოთხედი უკავია. ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიმართულებით კი, „მაგთის“ და „სილქნეტის“ კონკურენტებს წარმოადგენენ უპირატესად მცირე ზომის კომპანიები, რომლებსაც არ აქვთ ფართო დაფარვის არეალი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის ყველაზე მსხვილია „ახალი ქსელები“, რომელსაც აბონენტების რაოდენობის თვალსაზრისით ბაზრის 7% აქვს.


კომპანიების სამომხმარებლო წილების მიმოხილვის შედეგად ნათელია, რომ დღესდღეობით საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 3 წამყვანი კომპანიაა – „მაგთი”, „სილქნეტი” და „ბილაინი”. მათ შორის „მაგთი” და „სილქნეტი” წარმოადგენენ მთავარ მოთამაშეებს, რის მიზეზადაც ვლინდება, ერთი მხრივ. პროდუქტების მრავალფეროვნება (კომბინირებული პაკეტები) და ხარისხი, ხოლო, მეორე მხრივ, ფართო დაფარვის არეალი.


„ეისითის” მიერ განხორციელებული კვლევების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ამ ეტაპზე თავისი კონკრეტული ნიშა უკავია ბაზარზე. კერძოდ, „მაგთი” უპირატესად ხასიათდება როგორც ხარისხიანი და ძვირიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების მქონე კომპანია. „სილქნეტი” პოზიციონირდება როგორც ნოვატორი კომპანია, რომელსაც უფრო ძლიერი პოზიციები აქვს ტელევიზიის მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, მას გამოკვეთილი აქვს კომფორტული, მოსახერხებელი (მენიუ, პულტი) და მრავალფეროვანი (არხები) ტელევიზიის მქონე პროვაიდერის მახასიათებლები. „ბილაინი“ კი პოზიციონირდება როგორც ხელმისაწვდომი ტარიფების და ხშირი აქციების/შემოთავაზებების მქონე კომპანია.


საინტერესოა ის ფაქტი, თუ საიდან იღებს დასაბამს ამა თუ იმ ბრენდის კონკრეტული გამოკვეთილი მახასიათებლები და რა განაპირობებს შემდგომში მათ შენარჩუნებას. ბრენდის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, პროდუქტის/მომსახურების მახასიათებლები, შეფუთვა თუ კომუნიკაცია გარკვეულ მახასიათებლებს უყალიბებს მომხმარებელს მასზე. რაც უფრო დიდხანს ამართლებს ბრენდი მინიჭებულ მახასიათებელს, მით მეტად ამყარებს და ინარჩუნებს მათ.


ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, „მაგთის“, როგორც ხარისხიანი და ძვირიანი ბრენდის აღქმა, მისი ოპერირების ადრეული წლებიდან მოდის, როდესაც კომპანია მკვეთრად გამოირჩეოდა დაფარვის ფართო არეალით და ახორციელებდა კიდეც შესაბამის კომუნიკაციას (მაგ: „აქაცა იჭერს“). ძვირიანი ბრენდის აღქმა კი, შესაძლებელია, კონკურენტებთან მიმართებაში ფასდაკლებების/აქციების ნაკლებობამ განაპირობა. რეალურად, „მაგთის“ მიერ შემოთავაზებული ქვე-ბრენდები – „ბალი“ და „ბანი“ გახლდათ უფრო ხელმისაწვდომი ფასის მქონე, თუმცა მათი მახასიათებლების ტრანსლირება „მაგთიზე“ ნაკლებად მოხდა, რადგან დედა ბრენდის გავლენა უფრო წონადი აღმოჩნდა მთლიანობაში „მაგთის“, როგორც მობილური ოპერატორის ბრენდის იმიჯის ფორმირებაში.


„სილქნეტის“ ნოვატორობის აღქმა დასაბამს IP ტელევიზიის/გადახვევის ფუნქციის პიონერობიდან იღებს. შემდგომში შეთავაზებულმა სიახლეებმა კი, გაამყარა ეს იმიჯი და მას ეს ნიშა დღემდე შეუნარჩუნდა.

რაც შეეხება „ბილაინს“, ის ბაზარზე გამოჩენის დღიდან გამოირჩეოდა ახალგაზრდული სარეკლამო კამპანიით და აქციებით, რაც დღემდე ახასიათებს და, შესაბამისად, მყარად უკავია ბაზარზე ხელმისაწვდომი ტარიფების და ხშირი აქციების მქონე ბრენდის ნიშა.

11.05.2020

COVID-19-ის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. სოციალური დისტანცირება, რომელსაც ჩვეულ ურთიერთობათა და ქმედებათა ვირტუალურ სივრცეში გადატანა მოჰყვა, ჩვენს ახალ რეალობად იქცა. პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია კერძო სექტორზეც. კრიზისის დაძლევის მიზნით, კომპანიებს საქმიანობა შეძლებისდაგვარად გადააქვთ ონლაინსივრცეში, როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის, ასევე ოპერაციულ და მომხმარებლებთან ინტერაქციის დონეზე.


გამონაკლისი არც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სფეროა, რომლის ვირტუალურ სივრცეში გადატანაც არსებულმა რეალობამ აქტუალური გახადა. ყველაზე კრიტიკულად ეს აუცილებლობა ეხება მონაცემთა შეგროვების პროცესს, რომელიც დღემდე საქართველოში ძირითადად ტრადიციული მიდგომით – ინტერვიუერის / რესპონდენტის პირისპირ (tet-a-tet) ინტერვიუებით ხორციელდება. ამიტომ გაციფრულება საქართველოს კვლევითი ბაზრის მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევად იქცა.


განსხვავებული სურათია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც, მონაცემთა შეგროვების მიზნით, ვირტუალური არხების გამოყენების საჭიროება მრავალი წლის წინ დადგა. აღნიშნული ფაქტი უმეტესწილად უკავშირდება ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობის ტემპის ზრდას და გლობალიზაციის პროცესს, რამაც ერთიორად გაზარდა სწრაფად, მარტივად და იაფად მოსაპოვებელ მონაცემთა მნიშვნელობა. ბაზრის ამ ახალ საჭიროებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კვლევითმა სფერომ მარტივად უპასუხა. ამგვარად, უცხოური კვლევითი პრაქტიკა, რომელიც ციფრული ევოლუციის გზას ადგას, მონაცემთა ვირტუალურად შეგროვების სხვადასხვა საინტერესო მიდგომას გვკარნახობს. ერთი მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივად უკვე აპრობირებული, დისტანციური მიდგომის განვითარება წარმოადგენს ქართული კვლევითი სფეროსთვის დღევანდელ ვითარებასთან გამკლავების გზას.


პანდემიისა და რეგულაციების დღევანდელ რეალობაში მოსალოდნელია, რომ კვლევითი კომპანიების საქმიანობა ყველაზე მეტად სატელეფონო გამოკითხვებით დაიტვირთება. ეს არის კარგად აპრობირებული მიდგომა ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა და გამოცდილება უკვე არსებობს. ამასთან, დაცულია რესპონდენტთან დისტანციის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად, სატელეფონო კვლევებზე გადაწყობა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით განვითარება კომპანიების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.


რაც შეეხება ეი-სი-თის, მან უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სატელეფონო კვლევების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ქოლცენტრი უმოკლეს დროში გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე ისე, რომ ოპერატორები ინტერვიუებს, მაღალი ხარისხის დაცვით, სახლიდან გაუსვლელად იწერენ. გარდა ამისა, ეი-სი-თიმ შეიმუშავა სატელეფონო ინტერვიუებისთვის განკუთვნილი, მაღალ ტექნოლოგიებზე აწყობილი პლატფორმა, რომელიც უფრო მეტად არის მორგებული დისტანციურ მუშაობას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობით და ნებისმიერ ადგილზე (სადაც ინტერნეტია) გახდეს შესძლებელი ინტერვიუს ჩაწერა.


კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც კვლევითმა კომპანიებმა სოციალური დისტანცირების მითითების დროს შეიძლება გამოიყენონ, ონლაინგამოკითხვაა – ამ დროს რესპონდენტი დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე ავსებს ელექტროფოსტის, ან სხვა დისტანციური არხების გამოყენებით მიღებულ კითხვარს. ონლაინგამოკითხვის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის შერჩევა, რომლის საშუალებითაც დაუკავშირდებიან სასურველ რესპონდენტებს და მათ გამოკითხვაში მონაწილეობას შესთავაზებენ. პლატფორმას სამიზნე სეგმენტის თავისებურებათა გათვალისწინებით ირჩევენ. პლატფორმად კი შესაძლებელია ფეისბუკის, ვებგვერდის, აპლიკაციის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება.


საერთაშორისო ბაზრისთვის აპრობირებულ და აქტუალურ მიდგომას კვლევის პროცესში ონლაინპანელების გამოყენება წარმოადგენს, რაც ქართული ბაზრის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მსგავსი გამოცდილება აქ არ არსებობს. არადა, სხვა ქვეყნებში ცალკე ბიზნესსექტორადაც კი ჩამოყალიბდა.

ონლაინპანელები წარმოადგენს კვლევის პოტენციურ მონაწილეთა მონაცემების მრავალრიცხოვან ბაზებს, მათი წინასწარი თანხმობით და დემოგრაფიული მონაცემებით. ამა თუ იმ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად რესპონდენტების დისტანციურად შერჩევის შესაძლებლობის გარდა, ონლაინპანელებისთვის ონლაინგამოკითხვის პლატფორმის ფუნქციის შეთავსებაც შეიძლება.


პირისპირ გამოკითხვასთან შედარებით, ონლაინპანელი ინფორმაციის სწრაფ და მომენტალურ მოგროვებას უზრუნველყოფს, ამიტომ, როდესაც სისწრაფე პრიორიტეტულია, ბიზნესი რესპონდენტთა შერჩევის და გამოკითხვის ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს რეალობაში ონლაინპანელების მთავარი ღირებულება დისტანციურობაა, ხოლო დამატებითი სარგებელი სამუშაო რიტმის აჩქარება იქნება.

გაციფრულება აუცილებლად შეეხება თვისებრივ კვლევასაც. ამ ცვლილებასთან მარტივად ადაპტირებადია ჩაღრმავებული ინტერვიუ, როგორც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა. დისტანციური არხები და მრავალგვარი საკომუნიკაციო პროგრამები მისი ჩატარების შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.


ჩაღრმავებული ინტერვიუებისგან განსხვავებით, ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა ფოკუსური ჯგუფის დისტანციურად, ონლაინ ჩატარება. დღევანდელ დღემდე, ფოკუსჯგუფების ვირტუალურად ჩატარების საჭიროება არ დამდგარა, ამიტომ კვლევითი კომპანიებიც ჯგუფურ დისკუსიებს ტრადიციულად, პირისპირ მეთოდით ატარებდნენ. თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ამ მეთოდის გაციფრულებამდეც მივიდა. მათი გამოცდილება დისტანციური ფოკუსჯგუფის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. ერთ-ერთ უპირატესობად მოქნილობა სახელდება – აღარ არსებობს დროითი და გეოგრაფიული ბარიერები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ონლაინფორმატი არ იძლევა ისეთივე სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვების და რესპონდენტთა ცნობიერების ქვედა დონეებზე წვდომის შესაძლებლობას, როგორსაც ტრადიციული, პირისპირ დისკუსიები.


ცხადია, ონლაინ ფოკუსჯგუფები სრულად ვერ ჩაანაცვლებს პირისპირ დისკუსიას, ვინაიდან ამ უკანასკნელის მთავარი ხიბლი მონაწილეთა შორის ცოცხალი ურთიერთობაა, მთავარი უპირატესობა კი სიღრმისეული ინსტრუქციების მიღება. თუმცა ონლაინფოკუსჯგუფების შექმნა შესაძლებლობების ფართო სპექტრით კვლევის ინოვაციურ, ახალ მეთოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელსაც გამოყენების თავისი ჩარჩოები და ინსტრუქციები ექნება.


დისტანციური ფოკუსჯგუფების ტექნიკა ეისითიმ უკვე წარმატებით გამოსცადა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამ პროცესში აღმოაჩინეს აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ისეთი საინტერესო შესაძლებლობები, რომლებიც იზოლაციის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდგომაც აქტუალური იქნება.


გარდა ზემოთ განხილული მიდგომისა, მსოფლიო პრაქტიკა სავსეა ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც წარმატებით ინერგება კვლევის სექტორში – იქნება ეს ჩატ-ბოტები, რომლებიც მოდერატორის ფუნქციებს ითავსებენ თუ მობილური აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიური ქცევის აღსარიცხ დღიურებს წარმოადგენს. ბუნებრივია, მსოფლიო ტენდენციებს ქართული ბაზარიც წამოეწეოდა, თუმცა ის, რაც ხვალინდელი დღე უნდა ყოფილიყო, დღევანდელი დღის წესრიგი აღმოჩნდა. არსებული ვითარება ქართულ კომპანიებს ინოვაციების დანერგვას, სამუშაო სქემის გადახედვას აიძულებს და შესაძლებლობების ფართო სპექტრს უსახავს. ამ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომის განვითარება კი კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდგომ რესურსების დაზოგვას და სამუშაო ტემპის აჩქარებას გამოიწვევს.