/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow

როგორ აღმოვაჩინოთ ნამდვილი ლიდერები კომპანიაში?

13.06.2022 2 წუთის საკითხავი
ნიკოლოზ ყალიჩავა

ბიზნეს ანალიტიკოსი

როგორ აღმოვაჩინოთ ნამდვილი ლიდერები კომპანიაში?

2022 წელი ბევრი კომპანიისთვის დაიწყო კითხვით - რა ვქნათ პოსტპანდემიისა და ომის დროს?


აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა დავინახოთ ის გამოწვევები, რაც ბევრი კომპანიის წინაშე დგას: პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისი, რის გამოც ბევრ კომპანიაში შეიზღუდა საოპერაციო საქმიანობა; პანდემიით დასტრესილი და გადაღლილი თანამშრომლები, რომლებსაც აერიათ ძილი, შეუმცირდათ მოტივაცია, მოენატრათ ურთიერთობები და სხვა; უკრაინის თანაგრძნობით გახლეჩილი ადამიანების სულიერი მდგომარეობა - ფიზიკურად და თავით აქ არიან, მაგრამ გულით უკრაინაში; ომით გამოწვეული სავაჭრო არხებისა და გზების გადაკეტვა და ა.შ.


ასეთს და სხვა ახალ გამოწვევებს ახალი მიდგომებით გამკლავება ესაჭიროება. შესაბამისად, ბევრი მსგავსი პრობლემის მქონე კომპანია მიხვდა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა და დღის წესრიგში ორგანიზაციული ტრანსფორმაცია შეიტანა.





ტრანსფორმაცია თავისთავად გულისხმობს მნიშვნელოვან ცვლილებებს ორგანიზაციაში, რომლის შედეგიც აუცილებლად აისახება კომპანიის ეფექტიანობაზე. მაგრამ როგორ უზრუნველვყოთ დადებითი შედეგის მიღება? იგივენაირად, როგორც გავზრდიდით ევერესტის დაპყრობის შესაძლებლობას - საჭირო მომზადება და სანდო გუნდი. შესაბამისად, ის ხალხი, ვისთანაც ვლაშქრავთ ევერესტს, არის ზუსტად ის ხალხი, ვისაც ვეყრდნობით კომპანიის ტრანსფორმაციის პერიოდში!


ლიდერების გუნდი ევერესტს უპირობოდ დალაშქრავს!


თუ ორგანიზაციის სტრუქტურას გავყვებით, მხოლოდ ფორმალურ ლიდერებს აღმოვაჩენთ, რომლებსაც თავიანთი ვალდებულებებისა და მოვალეობებიდან გამომდინარე აქვთ კონკრეტული პოზიციური ზეგავლენა. მაგრამ, მარტო პოზიციური ზეგავლენის გამო ევერესტზე ფეხსაც ვერ შევდგამთ, არა?! შესაბამისად, უნდა გავზარდოთ ჩვენი ძებნის არეალი და ვეძებოთ არაფორმალური ლიდერები ყველა პოზიციის მქონე თანამშრომლებში.

არაფორმალური ლიდერების აღმოჩენით, კომპანია შეძლებს მოახდინოს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც შექმნის საყრდენ ძალას ტრანსფორმაციის პერიოდში. ეს ადამიანები:



  1. არიან აზრისა და კომპეტენციის ლიდერები;
  2. წარმოადგენენ პროფესიულ და სოციალურ ლიდერებს;
  3. შეიძლება იყვნენ ლიდერშიფის პოტენციალის მქონე რიგითი თანამშრომლები;
  4. უკვე აქვთ ზეგავლენა კომპანიის თანამშრომლების გარკვეულ რაოდენობაზე;

როგორ აღმოვაჩინოთ არაფორმალური ლიდერები?


ბევრმა კომპანიამ შეიძლება მიმართოს სხვადასხვა ორგანიზაციულ კვლევას, მაგრამ არცერთი ტრადიციული შიდა ორგანიზაციული კვლევა არ ამოხსნის ამ ამოცანას.


იმისათვის, რომ გამოვავლინოთ კომპანიაში ნამდვილი ლიდერები ACT-ის გუნდის მიერ შეიქმნა ახალი და ინოვაციური ინსტრუმენტი მენეჯერებისთვის და HR სპეციალისტებისთვის - Leadership Scanner®.


Leadership Scanner®-ის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას გვკარნახობს თვითონ სახელი - ლიდერების სკანერი - რომელიც, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებითა და ONA-ზე დაფუძნებით ახდენს კომპანიის სკანირებას და გამოავლენს სწორედ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც შეუძლია დაეყრდნოს კომპანია კრიზისულ ან ტრანსფორმაციულ პერიოდში.


კითხვარი არის ისე შედგენილი, რომ პასუხები იყოს: 1) არაკონფლიქტური - არ გიწევს სხვა თანამშრომლის საქმიანობისა და მისი ეფექტიანობის შეფასება ; 2) ობიექტური - შეუძლებელია ხელოვნურად არაფორმალური ლიდერების წინ წამოწევა; 3) ფაქტზე დაფუძნებული - გამოავლენს არსებულ ფაქტს და არა მოსაზრებებს.


შედეგების დანახვა შესაძლებელია ადვილად გასარჩევი ვიზუალური მასალით/სქემით/ქსელით და ინტერაქტიული პლატფორმით, რომელიც ქმნის ანალიზის დიდ მოქნილობას.


შესაძლებელია როგორც კომპანიის ჯამური სურათის, ასევე ცალკეული დეპარტამენტებისა და ინდივიდების დონეზე შედეგების ნახვა და უნიკალური ინსაითებისა და ანალიზის მოპოვება (სად არის არარეალიზებული პოტენციალი; რომელ დეპარტამენტს ესაჭიროება მეტი პროფესიული განვითარება; სად იკვეთება კომპანიაში სუსტი დელეგირება და შეინიშნება მიკრომენეჯმენტი; სად იქმნება „ძაბრი“ და სად სჭირდება კომპანიას შუალედური რგოლის გაძლიერება და სხვა).



აღმოჩენილი არაფორმალური ლიდერების გუნდზე დაყრდნობით, ინსაითებითა და ანალიტიკით კომპანია აუცილებლად დალაშქრავს ევერესტისა და წარმატების სხვა მწვერვალებს.


საინტერესო ინსაიტები
03.05.2022

დილას, ჩემი შვილი რძიანი საუზმით იწყებს. ბუნებრივია, მისთვის რძის პროდუქტების შეძენისას, ვცდილობ საუკეთესო არჩევანი გავაკეთო იმის მიუხედავად თუ რა ფასი ექნება.


საღამოს კი, სახლისთვის, სარემონტო მასალების შეძენისას, ხშირად იმ მარკეტებს ვანიჭებ უპირატესობას სადაც შედარებით ხელმისაწვდომი ფასი ან ფასდაკლება/აქცია დამხვდება და ამ შემთხვევაში, სწორედ ესაა ჩემი საუკეთესო არჩევანი.


ყიდვისას, მეც და თქვენც, ხშირად გვქონია შემთხვევა, როცა ფიზიკურად ან გონებაში ვახდენთ სასურველი პროდუქტის ფასის მიხედვით სორტირებას და ასე მივდივართ საუკეთესო არჩევანთან. შესაბამისად, პროდუქტზე არსებული ფასი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომლის მართვაც ბიზნესებს შეუძლიათ.


ფასი, გარდა იმისა რომ, პროდუქტის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს, დღევანდელ, ასწრაფებულ და მუდმივად ცვლად ბიზნეს გარემოში, გამოიყენება როგორც ძირითადი საკომუნიკაციო საშუალება. იმის მიხედვით, რამდენად შესაბამისია ფასი სეგმენტის გადახდისუნარიანობასთან, ბრენდები მომხმარებლებთან ურთიერთობენ, „მეგობრობენ“, ან პირიქით, „კედელს“ აღმართავენ პროდუქტს/სერვისსა და მყიდველს შორის.


ახლა, ომის, ინფლაციის, პოსტ პანდემიის პერიოდში, თანამედროვე ბაზრისთვის, ფასი და მასთან დაკავშირებული კომუნიკაცია გასაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მსოფლიო მოვლენების დღის წესრიგთან ერთად, მუდმივად იცვლება ფასები. ფასები იზრდება ყველაფერზე: პურზე, საწვავზე, ოქროზე, როგორც პირველადი მოხმარების, ასევე ფუფუნების საგნებზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე.


ამასთან, ეისითის მიერ ჩატარებული ბაზრის უახლესი კვლევების მიხედვით, ფასი, წამყვანია არაერთი ინდუსტრიის მომხმარებლისთვის. მაგალითად, ფარმაცევტული ბაზარი რომ მიმოვიხილოთ, მისი მომხმარებლის მეოთხედი (24-26%), იმის მიხედვით იღებს აფთიაქის შერჩევის გადაწყვეტილებას, თუ რომელი სთავაზობს მისთვის მისაღებ ფასს. აღნიშნული მიმართულების მსგავსად, რითეილ ბაზრის მომხმარებლის თითქმის მესამედისთვის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების გზაზე ფასია ყველაზე მნიშვნელოვანი.


როგორ მართავენ ამ ბერკეტს ბიზნესები დღეს?


ფასების ცვლილება, ბუნებრივია ხშირად ნეგატიურ/კრიტიკულ უკუკავშირს იწვევს მომხმარებლის მხრიდან, რომლის განეიტრალებასაც ბიზნესები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, რიგ შემთხვევებში, ცნობილი მარკეტინგული „ხრიკებით“ ცდილობენ:


  • 9.99-ის წესი - არასრული ფასის მითითება მომხმარებელს ქვეცნობიერად, სიგნალს აძლევს რომ 9.99 ₾ მისთვის უფრო ხელმისაწვდომ ფასს წარმოადგენს, ვიდრე 10 ₾ და სხვაობაც „მეტია“ ვიდრე 1 თეთრი;
  • „საიდუმლო“ ფასი - ბიზნესების მხრიდან ხშირად გამოიყენება შეცვლილი/გაზრდილი ან აღქმული მაღალი ფასის კომუნიკაციისას. ბრენდები ამჯობინებენ საჯაროდ არ გამოიტანონ ფასი და მიაწოდონ მომხმარებელს მისი მხრიდან მეტი ჩართულობის შემთხვევაში (ხშირად უბრალოდ - „პირადში მიწერონ“);
  • შემადგენელი კომპონენტების ფასის კომუნიკაცია - ზოგჯერ, ბრენდები აწვდიან მომხმარებელს ცალკეულ ფასებს (მაგალითად, საწოლის ჩარჩო, სადგამი და ა.შ.), ვიდრე მიაწოდონ მთელი კომპლექტის/პროდუქტის საფასური, ვინაიდან მომხმარებლის ცნობიერებაში ამგვარი კომუნიკაცია უფრო ხელმისაწვდომ ფასთანაა დაკავშირებული.


აღნიშნული ტაქტიკები, თანამედროვე ბაზარზე გაცვეთილი და შეგვიძლია ვთქვათ, მომხმარებლის მხრიდან „გაშიფრულია“. ბრენდებისთვის, რომლებიც მომხმარებელთან ემოციური კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, მთავარი მაკავშირებელი ხაზი ფასებზე გამჭირვალე და დროული კომუნიკაცია უნდა იყოს.


როგორ გამოვიყენოთ ფასი მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისთვის?


5 ოქროს წესი:



შესთავაზეთ ღირებულება და არა ფასი - ღირებულება იმეორებს ბრენდს, მის იდენტობას. მომხმარებელს სჭირდება იდეა, სტატუსი ან ემოციური ბენეფიტი, რომელსაც გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიიღებს. ბიზნესები, რომლებიც პროდუქტს/მომსახურებას ყიდიან, ყიდიან სარგებელს, რომლსაც საბოლოო მომხმარებელი მიიღებს მისი მეშვეობით. იმის მიხედვით, თუ რა ღირს პროდუქტი/მომსახურება, ბრენდები მომხმარებელს ეუბნებიან რისი მფლობელები შეიძლება გახდნენ მათი პროდუქტის/მომსახურების შეძენის შემდეგ. იგულისხმება რომ, როცა ვყიდულობთ „ეფლის“ პროდუქციას, ვყიდულობთ სტატუსს, „ნაიკის“ ბოტასების შეძენისას გამარჯვებას, ენერგიას, ხოლო „რეიბანის“ სათვალეებს კი მოგზაურობა და კარგი განწყობა მოყვება. ფასის კომუნიკაციისას საჭიროა ხაზი გავუსვათ რომელ ცხოვრებისეულ/ყოველდღიურობის პრობლემას გადაჭრის მისი მეშვეობით მომხმარებელი. ამასთან, ბრენდინგისა და კომუნიკაციისას, ღირებულებების ხაზგასმა ფასის შესაძლო ცვლილებისადმი მომხმარებლის რეზისტენტობას ზრდის, ემოციურად, უფრო მიჯაჭვულს ხდის სეგმენტს პროდუქტის/მომსახურებისადმი. მაგალითად, კოკა-კოლა არის ბედნიერება/საოჯახო დღესასწაული, გახსოვთ მისი ფასი?




გაარკვიეთ ოპტიმალური ფასი თქვენი მომხმარებლისთვის- აღნიშნული მიზნის მისაღწევად ეფექტურია ფასის ელასტიურობის კვლევა, რომელიც ბიზნესებს აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ფასი იქნება მისაღები/ოპტიმალური მისი აუდიტორიისთვის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა შემთხვევაში იყიდიან პროდუქტს/მომსახურებას. კვლევა გადამწყვეტია :

  • Start-up/ბაზრის ახალი მოთამაშეებისთვის - აძლევს ინფორმაციას ბაზარზე შეღწევის სტრატეგიის, სასურველი ფასისა და სეგმენტის გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით;

  • სამომხმარებლო ბაზრისთვის ახალი პროდუქტის ან მომსახურების შეთავაზების შემთხვევაში;

  • ფასის ცვლილების შემთხვევაში - რამდენად რელევანტურია ცვლილება? არის თუ არა მზაობა სეგმენტში? რა არის ის ნიშნულები, ზედა და ქვედა ზღვარი, სადამდეც შეიძლება ფასის ცვლილება?






გახსოვდეთ კომუნიკაციის სამკუთხედი - ფასის კომუნიკაცია, საბოლოო მომხმარებლის გარდა, თანაბრად მნიშვნელოვანია:

  • დასაქმებულებთან - ხშირად, კომპანიის თანამშრომლები ბრენდის ყველაზე ძლიერი/სანდო ამბასადორები არიან, მათთვის მიწოდებული გამჭირვალე კომუნიკაცია აძლიერებს პროდუქტის/მომსახურების პოზიტიურ შეფასებას;
  • პარტნიორებთან - ბიზნეს გარემო, სადაც ოპერირებს ბრენდი, სასურველია იყოს ინფორმირებული ფასის/მისი ცვლილების შესახებ, რათა შემდეგში სასურველი მესიჯები/ფასთან და ღირებულებებთან დაკავშირებული კომუნიკაცია გავრცელდეს ბიზნეს წრეებში.





უთხარით მიზეზი და არა მხოლოდ შედეგი - ახლა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკაში, ყოველდღიურობაში მუდმივ ცვლილებებსა და არასტაბილურობის შეგრძნებასთან ერთად, ფასის ცვლილება შესაძლოა უფრო მტკივნეულად აღიქმებოდეს მომხმარებლის მხრიდან, ვიდრე ბიზნესები ფიქრობენ. იმ შემთხვევაში, როცა ბიზნესი ფასს ცვლის/ახალ ფასს აწესებს, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის, მნიშვნელოვანია ახალი ფასის წარმოქმნის მიზეზების მიწოდება მომხმარებლისთვის. იგულისხმება რომ, აუდიტორიისთვის საინტერესოა რატომ იცვლება ფასი, კიდევ ხომ არ შეიცვლება? რის გამო? აღნიშნული მას ემოციურ კომფორტს და მზაობას უქმნის. იმისთვის რომ, კომუნიკაცია მისთვის მაქსიმალურად გამჭირვალე იყოს, ბიზნესი უნდა ეცადოს წარმოიდგინოს რომ ფასის კომუნიკაცია, ეს არ არის ბრენდის მონოლოგი, არამედ არის დიალოგი მომხმარებელთან. დავიცვათ დიალოგის წესები:

  • სიმართლის წესი - იყავით ღია, მიაწოდეთ მომხმარებელს მხოლოდ სანდო, გადამოწმებული და რეალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია გაძვირება;
  • რაოდენობის წესი - მიაწოდეთ მომხმარებელს ინფორმაციის ის რაოდენობა, რაც სჭირდება. მაგალითად, თუ ფასწარმოქმნა უკავშირდება ადგილობრივი წარმოების გაძვირებას, ნუ ისაუბრებთ მსოფლიო ტრენდებზე ამ მიმართულებით;
  • რელევანტურობის წესი - მომხმარებელს აინტერესებს თემასთან/ფასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე კომუნიკაცია. მაგალითად, საკომუნიკაციოდ ნუ გამოიყენებთ კონტენტს, რომელიც არა რელევანტურია, შეუსაბამოა.





დაბოლოს, მნიშვნელოვანია ბიზნესი მზად იყოს ნებისმიერი უკუკავშირისთვის, რადგან აუდიტორია, სხვა მახასიათებლებთან ერთად, განსხვავებულია მათი ლოიალობისა და ფასისადმი რეზისტენტულობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიალოგი მუდმივი უნდა იყოს და შემდეგი ნაბიჯები ბრენდმა სხვა მნიშვნელოვანი მეტრიკების გარდა, სწორედ მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით განსაზღვროს. ამგვარად, ფასი, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია. მომხმარებელთან დიალოგის შედეგად, ბიზნესები იღებენ ინფორმაციას გასაუმჯობესებელ მხარეებს, ეს პროცესი კი მუდმივი და იტერაციულია.


14.04.2022

ომის დაწყების პირველივე დღეს, ჯერ კიდევ მთელი სამყაროსთვის წარმოუდგენელი იყო თუ რა სიმამაცის, გამბედაობის, პატრიოტიზმისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მატარებელი იყო უკრაინელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ რუსი აგრესორების სტრატეგიით უკრაინაში შეჭრიდან 72 საათში უნდა დაეპყროთ კიევი, ხოლო ამერიკელი ექსპერტების თქმით ამისთვის ოკუპანტებს 96 საათი დასჭირდებოდათ, უკრაინამ შეძლო და უკვე 4x დღეა იბრძვის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებებისთვის.


წარმოუდგენელი სიმამაცისა და პატრიოტიზმის წყალობით, ისინი ახერხებენ მოიგერიონ მტერი, დაიბრუნონ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფასურად შეაკავონ ან შეანელონ რუსი ოკუპანტები. უკრაინელი ხალხის შეუპოვრობისა და გმირობის მიღმა კი შეგვიძლია დავინახოთ ეფექტური ლიდერშიფის გავლენა.


თითოეულ ადამიანს აქვს პოტენციალი გახდეს გმირი და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინელთა მაგალითზე. ასევე ხაზგასასმელია, რომ კრიზისულ სიტუაციაში თითოეული ადამიანის გონებაში მიმდინარეობს მუდმივი ჭიდილი შიშსა და გამბედაობას შორის - ასეთ დროს კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ლიდერებს, ანუ ადამიანებს რომლებიც გამოიჩენენ ინიციატივას არ შეეპუონ მტერს და იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისა და ამ შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის გაბედული და შეუპოვარი ლიდერი აღმოჩნდა პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინელ ხალხს გაუღვივებდა ბრძოლის სურვილსა და შემართებას თავისუფლებისა და სამშობლოს დასაცავად. გარდა ამისა, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის წარმომავლობას, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სხვა მახასიათებელს, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, თითოეული ჩვენგანი ვრწმუნდებით, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა გახდეს ნამდვილი ლიდერი.


არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ინდუსტრიის ლიდერებს ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინსაითის დანახვა შეუძლიათ ზელენსკისეულ ლიდერშიფის სტილში. თუკი დავაკვირდებით ზელენსკის ქმედებებს საომარი მოქმედებების განმავლობაში, შესაძლებელია გამოვავლინოთ მისი ლიდერშიფის ეფექტურობის მახასიათებლები, რომლებიც უკრაინელ ხალხს აძლიერებს და მიუხედავად მსხვერპლისა, საომარ განწყობას არ უნელებს.


მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლებისთვის

სიტუაციის გამწვავების შემდეგ ზელენსკის უარყოფითი პასუხი შეთავაზებაზე დაეტოვებინა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით გახდა უკრაინელთა სულისკვეთების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. პრეზიდენტმა დასავლეთ შემდეგი ციტატით მიმართა "ბრძოლა აქ არის [კიევში]; მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გაქცევაში დახმარება" ["the fight is here [in Kyiv]; I need ammunition, not a ride" - წყარო]. ეს იყო საკუთარი მაგალითით სხვების შთაგონების შესანიშნავი შემთხვევა, როდესაც ლიდერი საკუთარი სიმამაცის დემონსტრირებით შთააგონებს სხვებს გამოიჩინონ გამბედაობა. ცალსახაა, რომ მისი ფოკუსი მიმართულია არა შიშსა და საკუთარი ეგოს გამოკვებაზე, არამედ უკრაინელთა გაძლიერებაზე.


მარტივი და ეფექტური კომუნიკაცია

მისკომუნიკაციისა და რუსული პროპაგანდისტული ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ზელენსკი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად ცდილობს გააქარწყლოს ყოველგვარი სპეკულირების მცდელობა და ადამიანთა გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, რასაც რუსეთის მესვეურები გამუდმებით ცდილობენ დაბნეულობისა და ქაოსის გამოსაწვავად. ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი და სამთავრობო გუნდის წევრები, სხვადასხვა ქალაქების ქუჩებიდან ერთვებიან პირდაპირ ეთერში, რათა უშუალოდ გააგებინონ მოქალაქეებს რეალურად რა ხდება. ამით ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სიმამაცისკენ მოუწოდებენ და აჩვენებენ მათ გვერდში დგომასა და მხარდაჭერას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. ხოლო მტერს მიანიშნებენ, რომ ფრონტის ხაზიდან გაქცევას არავინ აპირებს, რადგან სასწორზე არა იმპერიული მიზნები, არამედ უკრაინელთა დემოკრატიული სახელმწიფო დევს.


ზელენსკისა და მისი გუნდის კომუნიკაციის ფორმა ასევე ძალიან პირდაპირი, კონსტრუქციული და ძირითად სათქმელზე ორიენტირებული სტილით ხასიათდება საერთაშორისო ტრიბუნაზე. იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩართვა, საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტებზე გამოსვლა თუ უბრალოდ თვითერზე აქტიურობა - ფაქტია, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და აქტიურად ავრცელებენ უცვლელ მესიჯს - უკრაინა არ შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.


ემპათია და ავთენტურობა

მნიშვნელოვანია ლიდერთა მხრიდან ემპათიის გამოჩენა და სხვა ადამიანების ემოციების აღქმა. მხოლოდ ერთი გამოსვლის მოსმენაც საკმარისია, რომ შევამჩნიოთ ზელენსკის ქარიზმატული საუბრის მანერა და ემოციებით გამსჭვალული სიტყვები, რომლებიც იმ კრიზისული მდგომარეობით კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება, რომელშიც ახლა უკრაინაა რუსული იმპერიალიზმის შედეგად.


მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, პრეზიდენტი ზელენსკი ინარჩუნებს საკუთარ სახეს, ყოველგვარი მოჩვენებისა და ფორმალობის გარეშე ნებისმიერ სიტუაციაში რჩება ავთენტური - იქნება ეს ჟურნალისტებთან სკამზე ჩამომჯდარი ბრიფინგის გამართვა, საერთაშორისო სამიტებზე სამხედრო მაისურით გამოსვლა თუ უწყინარი ხუმრობა მისთვის სასურველი სატელეფონო ზარების შესახებ. ის უბრალოდ აჩვენებს უკრაინელ ხალხსა და სამყაროს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და ყველასთვის ჩვეულ ემოციებს განიცდის დაუფარავად, რაც ნებისმიერ ადამიანს ეხმიანება და ასევე იწვევს ემოციურ ბმას.


ცხადია, ეს არ არის სრული სურათი და აღწერა იმისა, თუ როგორი ლიდერშიფის უნარები გამოავლინა ვლადიმირ ზელენსკიმ და სათქმელი ბევრად მეტია. თუმცა თანამედროვე ბიზნეს ლიდერებისთვის საინტერესო და ძლევამოსილი ინსაითების დანახვა ნამდვილად შესაძლებელია. უკრაინის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიდერთა ქარიზმა იქცევს ყურადღებას, მათი გამბედაობა იწვევს აღტაცებას, მაგრამ მათი თავდადება და შეუპოვრობა შთააგონებს ადამიანებს იბრძოლონ მათი იდეალებისა და ღირებულებებისთვის. ასევე თვალსაჩინოა, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ლიდერებს, რომლებიც მათთვის იბრძვიან, მაგრამ მსხვერპლს იღებენ იმ ლიდერებისთვის, რომლებიც მათ ემსახურებიან.

28.03.2022

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება იმის ანალიზი, თუ რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში მოსახლეობის ადეკვატური რაოდენობით სურსათით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია არსებული აგრო სასურსათო პროდუქტის რესურსული პოტენციალის ათვისება, მისი ეფექტიანად გამოყენება და ქვეყნის მომარაგების სწორი გათვლა.


საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ განსაზღვრული და ცნობილია ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ძირითადი საკვები პროდუქტები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ესენია: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ყურძენი, ხორცი (მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრისა და თხის, ფრინველის), რძე და რძის პროდუქტები და კვერცხი. სწორედ აღნიშნულ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე არსებული მონაცემების ანალიზი, შექმნილი ვითარება და პროგნოზები გვაძლევს საფუძველს ვუპასუხოთ შეკითხვებს აქვს თუ არა ქვეყანას პოტენციალი გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და უკვე უნდა ზრუნავდეს თუ არა კრიზისული გეგმის ამოქმედებაზე.


თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020


გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება შესაძლებელია შეფასდეს თვითუზრუნველყოფის ინდექსებით, რომელიც ზომავს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს ადგილობრივი წარმოებით. სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია ქვეყნის როგორც ეკონომიკურ, ასევე ბუნებრივ რესურსებზე.


მაშინ, როდესაც საქართველოს სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი ყველაზე მაღალია - 30.23% (საქსტატი; სამომხმარებლო კალათა პროდუქტების კატეგორიების წონები 2022 წელი), საინტერესოა, შეუძლია თუ არა ადგილობრივ ეკონომიკას ძირითადი კვებითი ღირებულებების მქონე საკვები პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფა, რამდენად და რა პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული ქვეყანა.


თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. დადებითი სავაჭრო ბალანსის შემთხვევაში (ექსპორტი>იმპორტზე), სხვა ცვლადების უცვლელობის პირობებში ადგილობრივი წარმოების ზრდა დადებითად მოქმედებს თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტზე. ამ განლაგებაში მხოლოდ იმპორტის ზრდის

შემთხვევაში მცირდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი და ეს გვხდის დამოკიდებულს სხვა ქვეყნებზე. რაც შეეხება ექსპორტს, რაც უფრო იზრდება იგი, იზრდება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის მნიშვნელობაც.

მაღალი კვებითი ღირებულების პროდუქტების აღნიშნული სიიდან 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ყველაზე მაღალი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი145% ყურძენს აქვს, რომელიც ასევე ყველაზე მაღალი ექსპორტის მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც ლოგიკურია, ჭარბი წარმოების პირობებში აღნიშნული პროდუქტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა შესაძლებელია. აღნიშნულ ჩამონათვალში ბოლო ადგილი კი ხორბალს უჭირავს, რომლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2020 წლის მონაცემებით 15%-ს არ აღემატება. თუ ამ მონაცემს ლოგიკურ ჯაჭვში მოვაქცევთ, სადაც ჯაჭვის რგოლებად განვიხილავთ: ნედლეულის მნიშვნელობას და გამოყენების სიხშირეს, ომის გავლენით შექმნილ ნეგატიურ მოლოდინებს, რუსეთისთვის, როგორც ამ ეტაპზე მთავარი იმპორტიორი ქვეყნისთვის დაწესებულ სანქციებს და ჩვენი ქვეყნის შიგნით შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სავარაუდოა, რომ პურის მკვეთრად გაძვირების ასარიდებლად შესაძლოა ახალი სავაჭრო პარტნიორის მოძებნა გახდეს საჭირო, რომელიც პროდუქტის დანაკლისს შეავსებს.


გვიწევს თუ არა ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების გადახედვა?


საინტერესოა, რომ ეისითის მიერ 2021 წლის ჩატარებული კვლევის თანახმად თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა ყველაზე ხშირად (ყოველდღე, კვირაში რამდენჯერმე) პურსა და პურპროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებსა და კვერცხს მოიხმარს. ამ პროდუქტებით დაკოპლექტებული სამომხმარებლო კალათა იმეორებს მაღალი კვებითი ღირებულების ჩამონათვალში არსებული პროდუქტებიდან უმეტესობას. ყველაზე საყურადღებო პურპროდუქტების მოხმარების სიხშირეა, მოქალაქეებისთვის ის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, ხოლო იმ ფონზე რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი დაბალია, ხოლო შექმნილი ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ხორბლის მომავალს, მოსალოდნელია, რომ მოქალაქეებს ამ მთავარი მოხმარების პროდუქტის მოხმარების სიხშირის შეცვლა ან მეტი ფასის გადახდა მოუწევთ.


ასეთივე მდგომარეობაა ბოსტნეულზე, რომელიც სამომხმარებლო კალათაში მოხმარების სიხშირით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი აქაც არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, 2020 წლის კოეფიციენტი 63%-ია, და მარაგების მესამედი იმპორტიდან შემოსული პროდუქტით ივსება.


საქართველოს ორი ტოპ იმპორტიორი ქვეყანა ომობს


რუსეთ-უკრაინის ომმა განსაკუთრებით საყურადღებო გახადა ომში ჩართული ორი ქვეყნის, როგორც ჩვენი სავაჭრო პარტნიორების როლი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფაში. მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სასურსათო პროდუქტებისთვის, ზემოთ მოყვანილ მონაცემებში, რუსეთი და უკრაინა როგორც იმპორტიორ, ასევე საექსპორტო დანიშნულების ტოპ ქვეყნებს შორის ხშირად მეორდება და საქართველოსთვის აქტიურ სავაჭრო პარტნიორებად გვევლინება. მაშინ როცა 2020 წელს კოვიდ პანდემიის დაწყებასთან ერთად ეკონომიკური აქტივობები მკვეთრად შემცირდა და ბიზნესები და საზოგადოება შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების წინაშე აღმოჩნდა, გასაკვირი არცაა, რომ საქართველოსთვის საექსპორტო ქვეყნების შემადგენლობა მწირი იყო. 2021 წელს ბიზნესებმა უკვე შეძლეს ნელ-ნელა მორგებოდნენ პანდემიურ გარემოს, ეპასუხათ გამოწვევებისათვის და ეკონომიკურად გააქტიურებულიყვნენ წინა წელთან შედარებით. ამას მოწმობს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 10.4%-იანი ზრდა 2021 წელს საქართველოში (საქსტატი).


საქართველოსთვის ხორბლისა და სიმინდის ყველაზე მაღალწილიანი მომწოდებელი ჯერ კიდევ რუსეთია. 2021 წელს რუსეთიდან ხორბლის შემთხვევაში 94%-ით ვმარაგდებოდით, ხოლო სიმინდის შემთხვევაში 79%-ით.




უკრაინა კი, საქართველოს დიდწილად რძის პროდუქტებით (რძის ფხვნილი) ამარაგებს, აღნიშნული პროდუქტის იმპორტმა 2021 წელს უკრაინიდან და ბელორუსიიდან ჯამში 37% შეადგინა. უკრაინა კვერცხისა და ფრინველის ხორცის შემთხვევაში პროცენტულად მესამე, ხოლო ხორცის შემთხვევაში რიგით მეორე იმპორტიორია.




აქვე უნდა გავაანალიზოთ ორივე ქვეყნის მდგომარეობა და მათი, როგორც იმპორტიორი ქვეყნის პოტენციალი.


ამ ჭრილში რუსეთის შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს უკრაინაში შეჭრის გამო ქვეყნისთვის დაწესებული მძიმე ეკონომიკური სანქციები, რომლის ეფექტი რუსეთში უკვე თვალსაჩინოა (საწარმოო ჯაჭვის რღვევა, პროდუქტების დეფიციტი, ეროვნული ვალუტის გაუფასურება), ამასთან, სწორედ დაწესებული სანქციებიდან ერთ-ერთი სხვა ქვეყნის ვალუტის მიმოქცევაში აკრძალვა ქმნის სავაჭრო ურთიერთობისას დაბრკოლებას, ისმის შეკითხვა რა ვალუტაში უნდა მოხდეს მიღებული პროდუქტის ანგარიშსწორება ჩვენი მხრიდან?


ეკონომიკურ საკითხებს მიღმა რჩება მორალური დილემა, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე და აიძულებს მას უფრო აქტიურად იმოქმედოს იმპორტის ალტერნატიული ხაზების მოძიებაზე. აღნიშნული დილემა ცალსახაა - დასავლეთი თვლის, რომ რუსეთთან ვაჭრობა ნიშნავს თანხის გადახდას რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის და მოუწოდებს სხვებსაც შეუერთდნენ სანქციებს და გათავისუფლდნენ რუსეთის ეკონომიკური დამოკიდებულებისგან.


უკრაინის შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა იმყოფება საომარ ვითარებაში, ლოგიკურია, რომ ქვეყნიდან იმპორტის ჯაჭვი გამართულად ვერ იმუშავებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა მოწოდებული ნედლეულის რაოდენობა ან შემცირდეს ან მასზე ფასი გაიზარდოს. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია სასურსათო კრიზისი. მისი თქმით „უკრაინა და რუსეთი საკვების ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები არიან, სადაც წარმოება ომის გამო შეფერხდა. 1-1,5 წელიწადში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან უკრაინელი ფერმერები ახალ მოსავალს ვერ თესავენ“. მნიშნელოვანია ასევე თავად უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის რომან ლეშენკოს განცხადება, რომლის მიხედვითაც ომის გამო 2022 წლის საგაზაფხულო მოსავლის თესვის ფართობი შეიძლება განახევრდეს.


გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) საქართველოში 2022 წელსმოსალოდნელია იმპორტის  დაახლოებით 504 მლნაშშ დოლარით შემცირება, რეალური მშპ-ის კლება (-1%) და ინფლაციის ზრდა საბაზისო 4.9%-დან 9%-მდე. 


ექსპორტზე გატანის პოტენციალი


განსხვავებული მასშტაბის, თუმცა იდენტური კონტექსტის გამოწვევა ექმნება საქართველოს ექსპორტის მიმართულებით. მაგალითისთვის, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ყურძენი და ყურძნის პროდუქტები (მათ შორის ღვინო). აღნიშნული პროდუქტების ჯამური ექსპორტი ყოველწლიურად დიდი ნიშნულით (დაახლოებით 60%-მდე ფარგლებში) ხორციელდება რუსეთში, ამასთანავე სტაბილურად მაღალია უკრაინისა და ჩინეთის წილები (საშუალოდ 10%-ისა და 8%-ის ფარგლებში, შესაბამისად). მნიშვნელოვანია, რომ ყურძნისა და ყურძნის პროდუქტების ექსპორტში ჯამურად სხვა ქვეყნების წილი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება (2018 წელს 21%-დან 2021 წელს 28%-მდე). არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ყურძნის პროდუქტების ექსპორტის ბაზრების მეტად დივერსიფიცირებაზე მუშაობა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან უფრო აქტიურ ვაჭრობაზე გადასვლა.


მაღალია ბოსტნეულის ექსპორტის მაჩვენებელი, კარტოფილის გარდა ქვეყნიდან გაყიდული ბოსტნეულის პირველი ექსპორტიორი სწორედ რუსეთია (64%), რუსეთში გადის ასევე კარტოფილი (85%) და სიმინდი (39%)





ექსპორტის შემთხვევაში გალტ & თაგარტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით კეთდება პროგნოზი, რომ ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში (ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ უკვე დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, რუსეთის swift-ის სისტემიდან გამორიცხვა და სანქციები რუსულ ნავთობსა და გაზზე, ასევე გახანგრძლივებული ომის მდგომარეობა) საქართველოში მოსალოდნელია ექსპორტის დაახლოებით 462 მლნაშშდოლარით შემცირება 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით;, ამავე დროს მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის საბაზისო 7.9%-დან 10.9%-მდე ზრდა. მათივე შეფასებით, მთლიანი საგარეო ნაკადები ჯამურად (ექსპორტი, გადარიცხვები, ტურიზმი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები/FDI) რუსეთიდან და უკრაინიდან 2021 წელს საქართველოს მშპ-ის 9.6%-ს შეადგენდა. ამ ნაკადების ანალიზით, ძირითადი უარყოფითი გავლენა მოსალოდნელია ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ქვეყანაში ფულადი გადარიცხვების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია რუსეთის წილი ბოლო წლებში, ხოლო რუსეთისა და უკრაინის წილი საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებში (FDI) საშუალოდ წლიურად დაბალ მაჩვენებელზეა.


წინასწარ დანახული საფრთხე და მისი დაზღვევა


ფაქტია, რომ ამ მოცემულობით იმ შემთხვევაშიც კი თუ იმპორტდამოკიდებული პროდუქტების მოწოდება არ შემცირდება, მასზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგანაც ალტერნატიული ჯაჭვის აწყობა უფრო ძვირია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობისთვის აუცილებელი კალათა, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი საკვები ღირებულების პროდუქტებით, როგორღაც შენარჩუნდეს.


აღნიშნული სურათი ცხადყოფს, რომ ძირითადი აგრო სასურსათო პროდუქტების როგორიცაა ხორბალი და ფრინველის ხორცი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები 50%-ზე დაბალია და ეს საქართველოსთვის მდგრადი სასურსათო უზრუნველყოფის მთავარი გამოწვევაა. დინამიკაში დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პრე-პანდემიურ თუ პანდემიურ გარემოში, უმეტესი პროდუქტებისათვის აღნიშნული კოეფიციენტი ერთი ნიშნულის გარშემო ნარჩუნდება.


არჩევანი ჩვენზეა - ვიქნებით ოპტიმისტები და ვივარაუდებთ, რომ 2022 წლის სასურსათო უსაფრთხოებისა და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი მინიმუმ იგივე ნიშნულზე შენარჩუნდება და მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემა მათთვის მნიშვნელოვანი ყოველდღიური სამომხმარებლო კალათის დაკომპლექტებისას, პროდუქტის დეფიციტის ან მისი მაღალი ფასის გამო, თუ ვიქნებით რეალისტები და აქედანვე დავიწყებთ რისკების გადაზღვევას.


დოკუმენტის გადმოწერა


მასალა მომზადებულია "ეისითის" ეკონომისტთა გუნდის მიერ: 


ლიკა გოდერძიშვილი

ნესტან გაფრინდაშვილი

აკაკი მოსახლიშვილი


და ნინო კალანდია -
სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი