2018 წლის ივნისში თბილისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ყოველი მესამე თბილისელი (33%) საკვები პროდუქციის შეძენისას თითქმის ყოველთვის ცდილობს გაარკვიოს გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი, იგივე რაოდენობა კი (30%) არასოდეს აქცევს ყურადღებას ამ საკითხს.
საინტერესოა, რომ საკვები პროდუქტების წარმოშობის საკითხი ქალებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისათვის - პროდუქტების შეძენისას ისინი მეტად ამახვილებენ ყურადღებას გენმოდიფიცირებულია თუ არა პროდუქტი და მამაკაცებთან შედარებით, მეტი ქალი თვლის, რომ ამ ტიპის საკვები საზიანოა ჯანმრთელობისათვის.
ზოგადად, გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ჯანმრთელობისათვის ძალზე საზიანოდ მიიჩნევს თბილისელების უმრავლესობა (74%), თუმცა, საინტერესოა, რომ შფოთვის ხარისხი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება - უფროსი ასაკის მოქალაქეებს მეტად აღელვებს ბაზარზე გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების არსებობა.
*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 2-3 ივნისის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი-პირისპირ ინტერვიუ.