/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
საბა ხერგიანი - ინსაიტები
17.06.2024

წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ მოგზაურობას რუკის, GPS-ის, ინტერნეტის ან მკაფიო დანიშნულების ადგილის გარეშე. თქვენი მოგზაურობა სავსე იქნება გაურკვევლობით, გამოწვევებით და წარუმატებლობის მაღალი რისკით. სწორედ იგივე 'ეკლიან გზას' გადიან კომპანიები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მაშინ, როდესაც არ ესმით საკუთარი ორგანიზაციის გაციფრულების მზაობა.


სამყარო, რომელშიც დღეს ბიზნესი ოპერირებს, დღითიდღე უფრო მეტად ციფრულდება და შესაბამისად, გაციფრულების საჭიროება სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. Gartner-ის კვლევის თანახმად, ტოპ მენეჯერების 87%-ისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივები კომპანიების ტოპ პრიორიტეტებს შორისაა. რაც ცალსახად მეტყველებს გაციფრულების, როგორც სტრატეგიული აუცილებლობის ბუნებაზე. სწორედ ამიტომ, მრავალი ორგანიზაცია ცდილობს გააციფრულოს საკუთარი ბიზნეს პროცესები, სისტემები, ოპერაციები, რათა უფრო ეფექტიანად შექმნას მომხმარებლისთვის ფასეულობა. თუმცა ამავდროულად, McKinsey-ის კვლევის თანახმად, ციფრული ტრანსფორმაციის მცდელობების 70% წარუმატებელია. ციფრული ოდისეა, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის, მართლაც თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე მოგზაურობაა, რომლისთვისაც კარგად მომზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გაციფრულების მკაფიო აღქმის გარეშე, თუ საიდან იწყებს და სად უნდა წავიდეს ორგანიზაცია ტრანსფორმაციის პროცესში, უღრან ტყეში უმისამართოდ ხეტიალს ემსგავსება.


ხშირად აღიქმება, რომ ბიზნესისთვის გაციფრულება არის საბოლოო შედეგი და 'ეფექტურად დანერგილი პროგრამა/სისტემა' განაპირობებს ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებას. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რა თქმა უნდა, განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია გაციფრულებისა და ციფრული ტრანსფორმაციისთვის. თუმცა ციფრული ტრანსფორმაცია არ არის საბოლოო შედეგი, არამედ ის არის საშუალება თითოეული კომპანიისთვის, რომ საკუთარი მომხმარებლისთვის ფასეულობა შექმნას უფრო ეფექტიანად, ინოვაციურად, სწრაფად და მარტივად.


ტრანსფორმაცია ჰოლისტიკურ მიდგომას მოითხოვს, რომელიც აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით და ბიზნესის ყველა დომეინში იწვევს ცვლილებებს. ეს ცვლილება მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ ტექნოლოგიის დანერგვაა - ის მოითხოვს თქვენი ორგანიზაციის ციფრული მზაობის სიღრმისეულ შეფასებას. ტრანსფორმაციის დაწყებამდე ციფრული მზაობის არ შეფასება გაციფრულების ინიციატივის საფუძველშივე აჩენს წარუმატებლობის განმაპირობებელ ბზარს.



მაღალი ციფრული მზაობა - წარმატების საწინდარი



ჩვენი ღრმა რწმენით ორგანიზაციის ციფრული მზაობის შეფასება არის პირველი ნაბიჯი წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის განსახორციელებლად. იმის გაგება, თუ სად იმყოფება კომპანია ციფრული შესაძლებლობების თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული ოდისეის სწორად დასაგეგმად და ეფექტურად განსახორციელებლად.


სწორედ ამიტომ, ეისითის ციფრული ტრანსფორმაციის გუნდმა შეიმუშავა უნიკალური მოდელი Digital Wheel, რომელიც ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად გამოიყენება. Digital Wheel მოდელი ორგანიზაციას აანალიზებს ჰოლისტიკურად და მოიცავს შვიდ ფუნდამენტურ განზომილებას, რომლებიც გადამწყვეტია ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად:


1. ციფრული სტრატეგია


კარგად განსაზღვრული ციფრული სტრატეგია არის კომპასი, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ტრანსფორმაციის გამოწვევებით სავსე გზის გაგნებაში. ის უზრუნველყოფს, რომ გაციფრულების პროცესი არ შემოიფარგლოს უბრალოდ ტექნოლოგიური გადაწყვეტების და გაჯეტების დანერგვით, არამედ იყოს ორგანიზაციის ყოვლისმომცველი ხედვისა და მიზნების განუყოფელი ნაწილი. ციფრული ძალისხმევის ბიზნეს სტრატეგიასთან გათანაბრებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი რესურსების ეფექტურად წარმართვა, გაციფრულების ფრაგმენტაციის თავიდან აცილება და თანმიმდევრული და მიზანმიმართული ცვლილებების განხორციელება. ეს სტრატეგიული თანხვედრა გარდაქმნის ციფრულ ამბიციებს ქმედით, გაზომვად და ხელშესახებ ნაბიჯებად, რაც ორგანიზაციას უბიძგებს ციფრული ოდისეის წარმატებით წარმართვისკენ.


2. ციფრული ლიდერობა და მაინდსეტი


ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ლიდერშიფის გუნდმა უნდა მოირგოს კატალიზატორის როლს, რომელიც მთელ გუნდსა და ორგანიზაციას ცვლილებებისკენ უბიძგებს. ლიდერები ინოვაციური მაინდსეტითა და ახლებური მდგომებისადმი მზაობის გამოვლენით შთააგონებენ გუნდს და დიდ გავლენას ახდენენ ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებაზე. ისინი ავითარებენ ინოვაციურ კულტურას, რომელიც არა მხოლოდ მოიცავს ტექნოლოგიას, არამედ ხელს უწყობს ადაპტაციას, მაღალ პროდუქტიულობასა და მედეგობას ორგანიზაციაში. სწორედ ლიდერშიფის ციფრული შესაძლებლობებისადმი ურყევი სწრაფვა და მზაობა უბიძგებს ორგანიზაციას თავისი ტრანსფორმაციული ხედვის მიღწევისკენ.


3. ციფრული წიგნიერება


ციფრული წიგნიერება სცილდება ტექნოლოგიების საბაზისო გაგებასა და უნარებს; ეს არის ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად და ახალი შესაძლებლობების ასათვისებლად. ციფრულად მომწიფებულ ორგანიზაციაში თანამშრომლები არიან არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ ტექნოლოგიური გადაწყვეტების იმპლემენტაციის აქტიური მონაწილეები. ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით მათ აქვთ პროდუქტიულობის გაზრდის, სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის ფასეულობის შექმნის უნარი. გუნდში ციფრული წიგნიერების მაღალი დონე ხელს უწყობს უწყვეტი სწავლის კულტურას და უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაციას შეეძლოს სწრაფად მოერგოს ტექნოლოგიურ წინსვლასა და მუდმივად ცვალებადი ბაზრის კონიუნქტურას.



4. მონაცემთა მენეჯმენტი


ინფორმაციაზე ორიენტირებულ სამყაროში მონაცემები ციფრული ტრანსფორმაციის სასიცოცხლო წყაროა. მონაცემთა ეფექტური მენეჯმენტი გარდაქმნის მონაცემთა ერთობლიობას სტრატეგიულ ინსაითებად, რაც განაპირობებს მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებას და ინოვაციების სტიმულირებას. მონაცემების სისტემატური შეგროვებით, ანალიზით და გამოყენებით ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოავლინონ ტრენდები იწინასწარმეტყველონ ტენდენციები და შექმნან პერსონალიზებული გამოცდილება თავიანთი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, მონაცემთა შენახვის, დაცვისა და კიბერუსაფრთხოების ნაწილში უმნიშვნელოვანესია ციფრული ტექნოლოგიების იმპლემენტაცია, იქნება ეს ორგანიზაციის შიდა წყაროებისაგან მოძიებული ინფორმაცია, კორპორატიული მონაცემები თუ სამომხმარებლო ინსაითები. მონაცემთა მართვის ძლიერი პრაქტიკა უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს, ხელმისაწვდომობას და ქმედითუნარიანობას, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს მყისიერად უპასუხოს ბაზრის მოთხოვნებს და შეინარჩუნოს კონკურენტული უპირატესობა.


5. IT/IS ინფრასტრუქტურა


მდგრადი IT/IS ინფრასტრუქტურა არის საფუძველი, რომელზედაც აგებულია ციფრული ტრანსფორმაცია და ნებისმიერი კომპანია ტექნოლოგიების ერაში. ის უზრუნველყოფს აუცილებელ საფუძველს ციფრული ინიციატივების მხარდაჭერისა და წარმატებით მასშტაბირებისთვის. მოქნილი და უსაფრთხო IT/IS ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას შეუფერხებლად აწარმოოს არსებული ბიზნეს პროცესები, მოახდინოს ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირება, დაიცვას მონაცემები და უზრუნველყოს ბიზნესის ოპერაციული უწყვეტობა.


6. ოპერაციები და პროცესები


ოპერაციებისა და პროცესების გაციფრულება გულისხმობს სამუშაო ნაკადების (workflow) ხელახლა წარმოდგენას და გამარტივებას ეფექტიანობის, პროდუქტიულობისა და სისწრაფის გასაუმჯობესებლად. ყოველდღიურ ოპერაციებში ციფრული ხელსაწყოებისა და მეთოდოლოგიების დანერგვით, ორგანიზაციებს შეუძლიათ აღმოფხვრას გაფლანგული დროის რაოდენობა, მინიმუმამდე დაიყვანონ შეცდომების დაშვების რისკი, დააჩქარონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ეფექტურად შექმნან და მიაწოდონო ფასეულობა მომხმარებლებს. პროცესების ეს ტრანსფორმაცია აუცილებელია მუდმივად განვითარებად ბაზარზე კონკურენტული პოზიციის შესანარჩუნებლად, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს სწრაფად ადაპტირდეს ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების საპასუხოდ.


7. მომხმარებელთან ურთიერთქმედება


ციფრული ტრანსფორმაციის ბირთვში მდებარეობს მომხმარებელთა ურთიერთქმედების გაძლიერების აუცილებლობა. ციფრული ტექნოლოგიები ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელზე ცენტრირებული მიდგომით საუკეთესო გამოცდილება შექმნან მათთვის. ციფრული ხელსაწყოების გამოყენება მომხმარებელთა უწყვეტი და დადებითი გამოცდილების შესაქმნელად არის წარმატების საბოლოო საზომი. მომხმარებელთა საჭიროებების გააზრებითა და წინასწარი ანალიზით, ორგანიზაციებს შეუძლიათ უზრუნველყონ პერსონალიზებული, ინტუიციური და შთამბეჭდავი ურთიერთქმედება, რომელიც ხელს უწყობს ლოიალობას და ხელს უწყობს კომპანიის ზრდას. ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება გარდაქმნის მომხმარებელთა გამოცდილებას, ამავდროულად, აქცევს ყველა შეხების წერტილს შესაძლებლობად მომხმარებლებთან გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.

Digital Wheel წარმოადგენს უნიკალურ მოდელს, რომელიც იყენებს ჰოლისტიკურ მიდგომას ორგანიზაციის ციფრული მზაობის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად. თითოეული განზომილება ურთიერთდაკავშირებულია და აუცილებელია ციფრული მზაობის მისაღწევად, ამავდროულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნათელი და ეფექტური ციფრული სტრატეგიის შექმნაში. გაციფრულების პროცესამდე ორგანიზაციის ციფრული მზაობის შეფასების ფარგლებში ამ სფეროების გააზრებითა და ოპტიმიზაციის გზით, ორგანიზაციებს შეუძლიათ ციფრული ტრანსფორმაციის სირთულეების წარმატებით გადალახვა. Digital Wheel უზრუნველყოფს, რომ ციფრული ინიციატივები არ იყოს იზოლირებულად გაწეული ძალისხმევა, არამედ ინტეგრირებული, სტრატეგიული და წარმატებული ციფრული ოდისეის ნაწილი.


Digital Wheel - წარმატების მომენტუმი


ციფრული ტრანსფორმაციის დაწყება თქვენი ციფრული მზაობის შეფასების გარეშე ჰგავს ოკეანეში უმისამართოდ ცურვას. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილება, არამედ ის არის სტრატეგიული და კულტურული ცვლილება, რომელსაც დიდი მზაობა სჭირდება როგორც ტოპ მენეჯმენტის, ასევე კომპანიის გუნდის მხრიდან.


Digital Wheel მოდელი მოიცავს ყველა იმ განზომილებას, რომელშიც კარგი შედეგის არსებობა წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის საწინდარია. შეაფასეთ თქვენი მზადყოფნა გაციფრულებისთვის, გაიგეთ თქვენი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დასახეთ კურსი წარმატებული ციფრული ოდისეისთვის.


და დასასრულს, ბორბალი, როგორც პროგრესისა და იმპულსის სიმბოლო, ნათლად განასახიერებს ციფრული ტრანსფორმაციის დინამიკურ ბუნებას. ჩვენ გვჯერა, რომ ისევე როგორც ბორბალი უბიძგებს წინ სვლისკენ, Digital Wheel უბიძგებს ნებისმიერ ორგანიზაციას ზრდისა და წარმატებისკენ ციფრულ სამყაროში.




18.03.2024

უკვე არავინ კამათობს, რომ ბიზნესისთვის ციფრული ტრანსფორმაცია ან სულ მცირე გაციფრულება მკაცრი მოცემულობაა, მაგრამ რა ხდება ამ მოცემულობის მიღმა? როგორ უნდა გავაციფრულოთ ჩვენი ბიზნესი ან რა პოტენციურ გამოწვევებს ვაწყდებით? - ამ სტატიაში სწორედ ამაზე გვინდა გესაუბროთ.

კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ითვისებენ ციფრულ ტექნოლოგიებს და ნერგავენ მათ საკუთარ პროცესებსა თუ ოპერაციებში, მრავალი ბენეფიტის მიღება შეუძლიათ; მათ შორის არის გაზრდილი ეფექტიანობა და პროდუქტიულობა, გაუმჯობესებული მომხმარებელთა გამოცდილება, გაზრდილი შემოსავლები და კონკურენტული უპირატესობა.

თუმცა გზა ციფრული ტრანსფორმაციისკენ ყოველთვის არ არის მარტივად გასავლელი. ბევრი ორგანიზაცია აწყდება მნიშვნელოვან ბარიერებსა და გამოწვევებს, რაც ხელს უშლის ტრანსფორმაციის დინამიურ პროცესს და ხშირად მის წარუმატებლობას განაპირობებს. თუმცა იმედისმომცემია ის, რომ ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული სირთულეები საკმაოდ ერთგვაროვანია და შესაძლებელია ამ გამოწვევების გადასალახად ეფექტური მიდგომების გამოყენება.


ციფრული ტრანსფორმაციის გავრცელებული ბარიერები და მათი გადაჭრის გზები


სირთულეები, რომელსაც კომპანიები ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აწყდებიან ხშირად ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მათი გადალახვა შესაძლებელია სწორი სტრატეგიებით. ანუ საბედნიეროდ, შესაძლებელია ამ შემთხვევაშიც 'ვისწავლოთ სხვისი შეცდომებიდან' და სწორად დავგეგმოთ ჩვენი ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ, განვიხილოთ ის გავრცელებული ბარიერები (და მათი დაძლევის გზები), რომლებსაც ბიზნესები აწყდებიან გაცფირულების გზაზე. ამ საერთო გამოწვევების პროაქტიული გადაწყვეტით, ბიზნესს შეუძლია შექმნას მძლავრი წინაპირობა წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის.


მკაფიო ხედვისა და სტრატეგიის არარსებობა


ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე კარგად განსაზღვრული სტრატეგიის გარეშე მოძრაობა ჰგავს თვალდახუჭული უმისამართოდ სიარულს. ასეთ დროს ბიზნესი აღმოჩნდება ხოლმე გაურკვევლობაში - რა ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს? როგორ უნდა გამოყენონ ეს ტექნოლოგიები? და საერთოდ, რას ემსახურება ეს ტექნოლოგიები? ხშირად სწორედ ეს გაურკვევლობა და სტრატეგიული პრიორიტეტების არქონა არის წარუმატებლობის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი.

მკაფიო ციფრული ხედვის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ორგანიზაციის ძირითადი სთექჰოლდერების ჩართვას. ეს სტრატეგია უნდა გადაიზარდოს ქმედით როუდმეფში, უფრო კონკრეტულად:

  • ციფრული მზაობის შეფასება - გააანალიზეთ თქვენი ორგანიზაციის ციფრული მზაობა, რაც დაგეხმარებათ გამოავლინოთ ძლიერი და გასაუმჯობესებელი არეალები. ეს დაგემხარებათ დაინახოთ თუ როგორია თქვენი ორგანიზაციის ციფრული გარემო ახლა და რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ სასურველი მიზნების მისაღწევად.
  • კოლაბორაციული ვორქშოფები - გამართეთ სემინარები სხვადასხვა დეპარტამენტის ძირითად სთეიქჰოლდერებთან (ტოპ მენეჯმენტი, მარკეტინგი, გაყიდვები, IT და ა.შ.) იდეების გენერირებისა და თქვენი ორგანიზაციის ციფრული მიზნების იდენტიფიცირებისთვის.
  • მომხმარებელთა გამოცდილების (CX) მეფიქნგი - გააანალიზეთ თქვენი მომხმარებლის გამოცდილების ყველა ძირითადი შეხების წერტილი, რათა დაადგინოთ ოპტიმიზაციის ციფრული შესაძლებლობები, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება.
  • განსაზღვრეთ წარმატების ინდიკატორები - განსაზღვრეთ ციფრული მიზნების შესაბამისი პერფორმანსის ძირითადი ინდიკატორები (KPI), რომლებიც შეესაბამება თქვენს ციფრულ ხედვას, რათა გაზომოთ პროგრესი და თვალყური ადევნოთ ტრანსფორმაციის პროცესს.
  • შეიმუშავეთ ეტაპობრივი როუდმეფი - დაყავით თქვენი გრძელვადიანი ხედვა ქმედით ფაზებად, განსაზღვრეთ მკაფიო ვადები და ნაბიჯები თითოეული ეტაპისთვის. ეს ეტაპობრივი მიდგომა იძლევა მოქნილობისა და ადაპტაციის საშუალებას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.


ცვლილებებისადმი რეზისტენტულობა


თანამშრომლები, რომლებიც მიჩვეულნი არიან მუშაობის ტრადიციულ გზებს, შეიძლება გაურკვევლობასა და ფრუსტრაციაში აღმოჩნდნენ ახალი ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების პირისპირ. ამ წინააღმდეგობამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის შემცირება, რაც თავის მხრივ ასიახება ბიზნესის ზოგად პერფორმანსზე.

აუცილებელია ცვლილებების მართვის ეფექტური პრაქტიკა. ღია კომუნიკაცია და ტრანსფორმაციის ძირითადი მიზნის აქტიურად კომუნიცირება დაეხმარებათ თანამშრომლებს პროცესის საჭიროების გააზრებასა და ტრანსფორმაციაში ჩართვაში. გახსოვდეთ, რომ გაციფრულებისთვის მხარდამჭერი კულტურის ფორმირებისთვის აუცილებელია:

  • კომუნიკაცია - ნათლად ახსენით ციფრული ტრანსფორმაციის მიზანი, მკაფიოდ გამოკვეთეთ სარგებელი როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. წარმოადგინეთ ის, როგორც პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
  • ემპათია - ყურადღება გაამახვილეთ ემოციებზე და გაითვალისწინეთ თანამშრომლების ფრუსტრირება ცვლილებების დროს. ცვლილებების დროს მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ აღქმა, რომ ითვალისწინებენ მათ გრძნობებსა და ემოციებს, აფასებენ თითოეული თანამშრომლის პერსპექტივასა და ტრანსფორამციის პროცესი ემსახურება საერთო ინტერესებს.
  • მხარდაჭერა - ჩართეთ თანამშრომლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და წაახალისეთ უკუკავშირი. ეს ქმნის მიკუთვნებულობის შეგრძნებას, უბიძგებს თანამშრომლებს ჩართულობისკენ და ზრდის მათ კონტრიბუციას გაციფრულების პროცესში.
  • უწყვეტი განვითარება - შექმენით სიღმისეული ტრენინგები და სასწავლო პროგრამები, რათა დარწმუნდეთ, რომ თანამშრომლები ფლობენ ახალ ტექნოლოგიებს. მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ მუდმივი მხარდაჭერა და მენტორინგის სისტემა. ეს ხელს შეუწყობს რეზისტენტულობის შემცირებას და ორგანიზაციაში სწავლისა და ადაპტაციის კულტურის განვითარებას.
  • მიღწევების აღნიშნვა - აღიარეთ და აღნიშნეთ ინდივიდუალური და გუნდური მიღწევები (თუნდაც მცირე) მთელი პროცესის განმავლობაში. წარმატების ისტორიების გაზიარება აძლიერებს მომენტუმს და უფრო მკაფიოს ხდის ტრანსფორმაციის ღირებულებას.


არაადეკვატური ბიუჯეტი და რესურსები


ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიის მენეჯმენტი მკაფიოდ აცხადებს ციფრული ტრანსფორმაციის სურვილს და ასაბუთებს მის საჭიროებას, თუმცა ხშირად ამ ბიზნეს მოთხოვნას არ ახლავს შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი მოითხოვს ინვესტიციებს ტექნოლოგიაში, თანამშრომელთა კომპეტენციის გაზრდასა და პოტენციურად გარე ექსპერტიზის მხარდაჭერაში. საკმარისი დაფინანსების უზრუნველყოფა და რესურსების ეფექტურად განაწილება ხშირად წარმოადგენს გამოწვევას მრავალი ორგანიზაციისთვის.

ყურადღებით შეაფასეთ ბიუჯეტის შეზღუდვები და პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც შეესაბამება თქვენი ბიზნეს სტრატეგიის მხარდამჭერ ციფრულ მიზნებს. სწორად შეფასებული ციფრული მზაობა დაგეხმარებათ სტრატეგიული პრიორიტეტების განსაზღვრაში, სწორედ ციფრული განვითარების როუდმეფი უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი ბიუჯეტითა და რესურსებით. გაციფრულების პროცესში რესურსების უკეთესი ალოკაციისთვის:

  • გაციფრულების ბიუჯეტი - აუცილებელია ბიუჯეტიში გათვალისწინებული გქონდეთ თქვენი ციფრული მიზების მიღწევისთვის საჭირო თანხები შესაბამისი დროის მონაკვეთისთვის, რადგან ინოვაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ფინანსური ხარჯების გაღების გარეშე, სამწუხაროდ, წარმოუდგენელია.
  • ხარჯების ოპტიმიზაცია - IT ხარჯების ოპტიმიზაცია შეიძლება მოიცავდეს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების პროვაიდერებთან ხელახლა მოლაპარაკებას, მომწოდებლების კონსოლიდაციას ან არასაჭირო საბსქრიფშენების გაუქმებას.
  • ხარჯ-სარგებლის (Cost-Benefit) ანალიზი - გააანალიზეთ ხარჯები და მოსალოდნელი სარგებელი ციფრული ინიციატივებისთვის, რათა პრიორიტეტი მიანიჭოთ ყველაზე დიდი ფასეულობის მომტან ინიციატივებს.
  • რესურსების ალოკაცია - დაგეგმეთ, თუ როგორ უნდა გაანაწილოთ ბიუჯეტი, ადამიანური კაპიტალი და ტექნოლოგიური რესურსები გუნდის უნარების, დატვირთვის შესაძლებლობებისა და არსებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების პოტენციალის გათვალისწინებით.
  • ბიუჯეტის მოქნილობა - ბიუჯეტში გაითვალისწინეთ თანხა დაუგეგმავი ხარჯების ან შესაძლებლობების ასათვისებლად. რეგულარულად აკონტროლეთ რომ ბიუჯეტი მოდის პრიორიტეტებთან შესაბამისობაში.


შეუსაბამო IT ინფრასტრუქტურა


მოძველებულ ტექნოლოგიურ სისტემებს შეუძლიათ შექმნან თავსებადობის პრობლემები ახალ ციფრულ ინსტრუმენტებთან და შეზღუდონ ტრანსფორმაციისთვის საჭირო მასშტაბურობა და სისწრაფე. ამავდროულად, შეუსაბამო IT ინფრასტრუქტურა არის მძიმე სტრესორი გაციფრულების პროცესში მყოფი კომპანიის გუნდისთვის და ხელს უწყობს ადამიანების ფრუსტრაციას.

ძველი სისტემების მოდერნიზაცია შეიძლება მნიშვნელოვანი წინაპირობა იყოს ნებისმიერი ციფრული ინიციატივისთვის. ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი ასპექტები:

  • მემკვიდრული ინფრასტრუქტურის შეფასება - ყველა მიმდინარე აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის და აპლიკაციის შეფასება. გააანალიზეთ მათი თავსებადობა ციფრულ მიზნებთან. კრიტიკული მნიშვნელობის სისტემების იდენტიფიცირება მოდერნიზაციისთვის და არაკრიტიკული მნიშვნელობის სისტემების ეტაპობრივი ელიმინაციისთვის.
  • მოდერნიზაციის როუდმეფი - შეიმუშავეთ ეტაპობრივი გეგმა ბიუჯეტის, გარემო ფაქტორების, ბარიერებისა და ოპერაციული ზემოქმედების გათვალისწინებით.
  • მოდერნიზაციის ვარიანტები - გამოიკვლიეთ არსებული პროგრამების ჩამნაცვლებლები ღრუბლოვან სისტემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, API-ების ინტეგრაციის მეშვეობით ან ვირტუალური გარემოს გამოყენებით.
  • Cloud Adoption - შეაფასეთ მემკვიდრეობითი სისტემების მიგრაცია ღრუბლოვან სისტემებში მასშტაბურობის, ხარჯების ეფექტურობისა და მონაცემთა დაარქივების ან სისტემებზე წვდომის აღდგენის თვალსაზრისით.
  • მონაცემთა მიგრაცია - შეიმუშავეთ სტრატეგია მონაცემთა უსაფრთხო და ეფექტური ტრანსფერისთვის - მონაცემთა წმენდის, რუქების შექმნისა და შეფერხების დროს გათვალსიწინებით.
  • მხარდამჭერი სისტემა - შეიმუშავეთ სისტემური მიდგომა თანამშრომელთა პრობლემების გადასაჭრელად და მოდერნიზებულ გარემოში მუშაობისთვის საჭირო ტრენინგის მოდულის უზრუნველყოფისთვის.


„ბუნკერული“ მონაცემების ბაზები და უსაფრთხოების პრობლემები


სხვადასხვა სისტემებში მიმოფანტულმა მონაცემებმა შეიძლება შეაფერხოს მისი ეფექტური გამოყენება. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციაში არ არსებობს მონაცემთა შენახვისა და დამუშავების ერთგვაროვანი მიდგომა. მრავლად ვაწყდებით მაგალითებს, როდესაც სენსიტიური ინფორმაცია მხოლოდ სხვადასხვა თანამშროლების ლეპტოპების მყარ დისკზეა შემონახული. გარდა ამისა, ციფრულ გარემოში მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია და ხშირად ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გათვალსწინებული ასპექტია ტრანსფორმაციის დროს.

მონაცემთა მართებული მენეჯმეტისა და უსაფრთხოების რისკების შემცირებისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი ნაბიჯები:

  • მონაცემთა მეფინგი - დააიდენტიფიცირეთ მონაცემთა ყველა წყარო, ფორმატი და მდებარეობა, რათა გაიგოთ მოანცემთა დამუშავების მიმდინარე პრაქტიკა კომპანიაში და აღმოაჩინოთ "მონაცემთა ბუნკერები".
  • მონაცემთა მართვა - ჩამოაყალიბეთ მონაცემებზე წვდომის, დაშვების და გამოყენების პოლიტიკა და უსაფრთხოების პროტოკოლები მონაცემთა პასუხისმგებლიანი მართვისთვის.
  • მონაცემთა ინტეგრაცია - დაანგრიეთ "მონაცემთა ბუნკერები" ინტეგრაციული გადაწყვეტილებებისთვის, რათა ხელი შეუწყოთ ინფორმაციის მიმოცვლისა და დამუშავების უწყვეტ ნაკადს და გააძლიეროთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკა.
  • კიბერუსაფრთხოება - ჩადეთ ინვესტიცია უსაფრთხოების მძლავრ ინსტრუმენტებში, განახორციელეთ რეგულარული შეფასებები და აამაღლეთ თანამშრომელთა ცნობიერება მონაცემთა უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
  • უწყვეტი გაუმჯობესება - განახორციელეთ უწყვეტი მონიტორინგი, გადახედეთ და განაახლეთ მმართველობის პოლიტიკა და უსაფრთხოების პროტოკოლები პოტენციურ საფრთხეებთან და რეგულაციებთან ადაპტაციისთვის.


ციფრული წიგნიერების უნარების ნაკლებობა კომპანიის დონეზე


სპეციფიკური ტექნიკური ექსპერტიზის საჭიროების გარდა, წარმატებული ციფრული ტრანსფორმაცია მნიშვნელოვნად საჭიროებს კომპანიის გუნდის ციფრული წიგნიერების უნარების მაღალ დონეს. ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლებს ყველა დონეზე - ტოპ მენეჯმენტიდან დაწყებული წინა ხაზის პერსონალამდე - უნდა შეეძლოთ ციფრული ხელსაწყოებისა და პლატფორმების კომფორტულად გამოყენება. ამ ფუნდამენტური ციფრული უნარების არარსებობამ შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი ბარერები გაცფირულების გზაზე, რაც პოტენციური წარუმატებლობის განმაპირობებელი მიზეზია.

ორგანიზაციის დონეზე ციფრული წიგნიერების უნარების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია გაითვალსიწინოთ შემდეგი ნაბიჯები:

  • ციფრული უნარების ანალიზი - ციფრული წიგნიერების შეფასება კომპანიის დონეზე, გასაუმჯობესებელი არეალების იდენტიფიცირება და კომპეტენციების ამაღლების პრიორიტეტიზაცია.
  • მრავალსაფეხურიანი ტრენინგების სისტემა - მნიშვნელოვანია ტრენინგ-პროგრამების შემუშავება სხვადასხვა დონის ციფრული უნარების მქონე ადამიანებისთვის, კომპიუტერის საბაზისო ცოდნიდან კომპლექსურ ინსტრუმენტებამდე.
  • მიკროსწავლება და გემიფიკაცია - გამოიყენეთ მცირე მოდულები და გემიფიკაცია თანამშრომლების ჩართულობის გასაზრდელად, რაც საშუალებას მოგცემთ განავითაროთ ინტერქციული სწავლების პროცესი და გაზარდოთ თანამშრომელთა ენთუზიაზმი და მოტივაცია.
  • მენტორშიფის პროგრამები - წაახალისეთ ცოდნის გაზიარების კულტურა და მენტორობა, რათა ხელი შეუწყოთ კოლაბორაციასა და კომპანიის გუნდის ძირითადი კომპეტენციების ეფექტურ გამოყენებას.
  • მუდმივი მხარდაჭერა - შექმენით ცოდნის ციფრული ბაზა, მოახდინეთ კომპანიის გუნდის ცოდნისა და უნარების დეკოდირება და ხელშესახებ მანუალებად ქცევა, ასევე საჭიროა ციფრული პლატფორმებისა და სისტემების გამოყენების მანუალები, რაც უზრუნველყოფს თანამშრომელთა უწყვეტ მხარდაჭერას მინიმალური კონტრიბუციით.


წარმატების ლოკომოტივი - ციფრული ტრანსფორმაციის გუნდი

ცხადია, რომ ყველაზე გავრცელებული ბარიერები მეტნაკლებად მოიცავს იმ გამოწვევებს, რომელსაც შესაძლოა თქვენი კომპანია წააწყდეს გაციფრულების გზაზე. მაგრამ ყველაზე გავრცელებული და შეიძლება ითქვას, კლასიკური შეცდომაა, როდესაც კომპანიის გუნდი ცდილობს ციფრული ტრანსფორმაცია მხოლოდ შიდა რესურსებით განახორციელოს. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი კომპლექსურია და მოითხოვს ჰოლისტიკურ მიდგომას მთელი ორგანიზაციის მასშტაბით. ამიტომ, მას სჭირდება ტრანსფორმაციული გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი ექსპერტული კომპეტენციებისა და კროსინდუსტრიული გამცოდილების მქონე ადამიანებით, რომელთაც ერთნაირად კარგად ესმით ბიზნესის ამოცანები და ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

გახსოვდეთ, შეუფერხებელი ციფრული ტრანსფორმაცია მოითხოვს მკაფიო ხედვას, ეფექტურ კომუნიკაციას და თქვენი ორგანიზაციისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნაზე პასუხისმგებლობის გააზრებას.

და თქვენ რამდენად ხართ მზად გადადგათ პირველი ნაბიჯი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე?



23.02.2024

რა არის ციფრული ტრანსფორმაცია და რატომ აქვს მას სასიცოცხლო მნიშვნელობა ბიზნესისთვის დღეს


თანამედროვე ბიზნესის სწრაფად განვითარებად გარემოში „ციფრული ტრანსფორმაცია“ ტრენდულ ტერმინს მიღმა, სტრატეგიული მნიშვნელობის კრიტიკულ აუცილებლობად იქცა. ბიზნესი მკვეთრი რეალობის წინაშე დგას: ადაპტირდეს ან დარჩეს წარსულში. ტექნოლოგიების სწრაფი ტემპებითა და განუწყვეტელმა განვითარებამ ფუნდამენტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, სამუშაო ჩვევები თუ სამომხმარებლო ქცევა.

შესაბამისად, ამ დინამიურ ლანდშაფტში წარმატების მისაღწევად ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია მკაცრი მოცემულობაა, მისი სიღრმისეულად გაგება და დანერგვა გადამწყვეტი გახდა ბიზნესის მდგრადი და გრძელვადიანი წარმატებისთვის.


გაციფრულება თუ ციფრული ტრანსფორმაცია?


როდესაც ციფრულ ტრანსფორმაციაზე საუბრობენ ხშირად ასევე გაიგებთ სიტყვას "გაციფრულება", ამ სიტყვებს იყენებენ როგორც სინონიმებს, მაგრამ რეალურად შინაარსობრივად ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ციფრული ტრანსფორმაციის არსის უკეთ აღსაქმელად აუცილებელია განვსაზღვროთ განსხვავება დიგიტიზაციას, დიგიტალიზაციასა (გაციფრულება) და ციფრულ ტრანსფორმაციას შორის.

Ø  მარტივად რომ ვთქვათ, დიგიტიზაცია ნიშნავს რაიმეს ანალოგიდან ციფრულ ფორმატში გადაყვანას რაც გულისხმობს ფიზიკური ან ანალოგური მონაცემების, როგორიცაა ტექსტური, ხმოვანი ან ვიზუალური მონაცემები, გარდაქმნას ციფრულ ფორმატში, რომელიც შეიძლება შენახულ იქნეს და დამუშავდეს ელექტრონულად. მაგალითად, ბეჭდური დოკუმენტის დასკანერება და ელ-ვერსიად გადაქცევა.

Ø  დიგიტალიზაცია ანუ გაციფრულება არის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად, ეფექტიანობისა და ფასეულობის გასაზრდელად. იგი გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ტრადიციული ბიზნეს ამოცანების აღსრულებისას. მაგალითად, ციფრული ხელსაწყოების დანერგვა, როგორიცაა მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სისტემა ან ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების დანერგვა ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად.

დიგიტალიზაცია/გაციფრულება უფრო მეტია ვიდრე არსებული ანალოგური მონაცემების ციფრული კონვერტაცია და გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნესის კონკრეტულ ასპექტში.

Ø  ციფრული ტრანსფორმაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე გაჯეტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. იგი მოიცავს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით და მოითხოვს ბიზნეს დომეინების გადაფასებას - როგორია ბიზნესის სტრატეგია ციფრულ სამყაროში, როგორ იქმნება ფასეულობა მომხმარებლისთვის; იგი მოიცავს ოპერაციებისა და პროცესების ოპტიმიზაციას,  ინოვაციური კულტურის ხელშეწყობას და მონაცემთა გამოყენებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ციფრული ტრანსფორმაციის მაგალითია, როდესაც სამედიცინო კლინიკა ნერგავს ტელემედიცინის სისტემას, რომლის გამოყენებითაც პაციენტებს შეუძლიათ დაჯავშნონ ვირტუალური შეხვედრები, ჰქონდეთ ელექტრონული სამედიცინო ისტორიები, ისაუბრონ ექიმებთან ონლაინ და უსაფრთხოდ მიიღონ სამედიცინო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად.

მისი არსით, ციფრული ტრანსფორმაცია არის უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი პროცესი, ვიდრე მონაცემების დიგიტიზაცია ან კონკრეტული ბიზნეს ოპერაციის გაციფრულება. წარმოუდგენელია ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელება, თუ მას წინ არ უძღვის დიგიტიზაციის და დიგიტალიზაციის ეტაპები.

ხშირად ციფრული ტრანსფორმაციის წარუმატებელი მცდელობები, სწორედ არათანმიმდევრული მიდგომით არის განპირობებული, როდესაც სწორად არ არის შეფასებული კომპანიების ციფრული მზაობა. თუმცა შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა, ციფრული ერის შესაბამისი ხედვითა და ციფრული შესაძლებლობების ათვისებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი ბიზნეს მოდელების ტრანსმფორმაცია, რათა გაზარდონ ეფექტურობა და გახსნან ზრდის უპრეცედენტო პოტენციალი.

 

რატომ არის გაციფრულება და უკეთეს შემთხვევაში, ციფრული ტრანსფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესისთვის?


ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესს შეუძლია  სამომავლო პოტენციალის შექმნა და ხელშესახები სარგებლის მიღება დღეს, უფრო კონკრეტულად:


  • გაუმჯობესებული მომხმარებელთა გამოცდილება (CX) -  დღევანდელ ციფრულ ეპოქაში მომხმარებლები ბიზნესისგან ელიან ერთგვაროვან, შეუფერხებელ და პერსონალიზებულ ინტერაქციას. ციფრული ტრანსფორმაცია საშუალებას აძლევს ბიზნესებს დააკმაყოფილონ ეს მოლოდინები რუტინული ამოცანების ავტომატიზაციის, თვითმომსახურების ვარიანტების უზრუნველყოფისა და რეალურ დროში (LIVE) მხარდაჭერის შეთავაზებით.
  • გაზრდილი ოპერატიული ეფექტურობა და პროდუქტიულობა - ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით პროცესების გამარტივება ზრდის საოპერაციო ეფექტურობას. განმეორებადი პროცესების ავტომატიზაცია (RPA) და ოპტიმიზაცია იწვევს რესურსების დაზოგვას, ხარჯებისა შემცირებას და მთლიანი პროდუქტიულობის გაზრდას. ის ასევე ამცირებს შეცდომებს, დაზოგავს დროს და ათავისუფლებს ძვირფას რესურსებს თანამშრომლებისთვის, რათა ფოკუსირდნენ  უფრო მნიშვნელოვან აქტივობებზე.
  • კონკურენტული უპირატესობა - ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას მოწინავე ტექნოლოგიებისა და მონაცემებით გაჯერებული ინსაითების გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს უფრო სწრაფად განახორციელოს ინოვაციები, გააუმჯობესოს ეფექტურობა და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა მუდმივად ცვალებად ბაზარზე.
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება - მტკიცებულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისთვის მონაცემების გამოყენებისა და ანალიზის შესაძლებლობა ციფრული ტრანსფორმაციის მთავარი უპირატესობაა. ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ღირებული ინსაითები მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის ტენდენციებისა და შიდა პროცესების შესახებ, რაც უფრო ზუსტი და ეფექტური გადაწყვეტილებების საწინდარია.
  • ცვლილებებთან ადაპტაცია - ბიზნეს გარემოს დინამიური ბუნება მოითხოვს მუდმივ ადაპტირებას. ციფრული ტრანსფორმაცია ახალისებს ინოვაციისა და ადაპტაციის მხარდამჭერ კულტურას რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და მათ გუნდებს სწრაფად უპასუხონ ბაზრის ცვლილებებს, გამოიყენონ განვითარებადი შესაძლებლობები, გადალახონ გამოწვევები და გაუსწრონ ინდუსტრიის ტენდენციებს



ციფრული გამოწვევების მიღმა


რა თქმა უნდა, ციფრული ტრანსფორმაციის გავლა შეუძლებელია გამოწვევების გარეშე. ცვლილებებისადმი რეზისტენტულობა,  შეუსაბამო IT ინფრასტრუქტურა და ციფრული წიგნიერება, კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ბიუჯეტირების გათვალისწინება იმ გამოწვევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ბიზნესი შეიძლება წააწყდეს. თუმცა, მძლავრი ციფრული სტრატეგიით, სწორ გადაწყვეტილებებში ინვესტიციით და უწყვეტი განვითარების კულტურის ხელშეწყობით, ამ გამოწვევების დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია.

გახსოვდეთ, ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ უწყვეტი პროცესია. ცალსახაა, რომ მომავალი ციფრულია და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი სახით სურთ ბიზნესებს ამ მომავალში არსებობა, მათივე ლიდერების ხელშია. თუმცა მოქმედების დრო სწორედ დღეს არის, რადგან ტექნოლოგიური განვითარების ტემპი უფრო და უფრო ჩქარდება და მდგრადი წარმატების მიღწევის ამბიცია გაუტოლდა ამ ტემპის კვალდაკვალ განვითარებას.

დაიწყეთ თქვენი ციფრული ტრანსფორმაცია დღეს და შექმენით თქვენი ბიზნესის მომავალი წარმატება.


 

20.03.2023

ციფრული პროდუქტებისა და ზოგადად IT სფეროს სწრაფი განვითარების პარალელურად დიდი პოპულარობით სარგებლობს ეჯაილ (Agile) მეთოდოლოგია, რომელიც არის განმეორებითი და კოლაბორაციული მიდგომა პროექტის მენეჯმენტისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის, კონცენტრირებულია მოქნილობაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. ეჯაილი უკვე კარგად აპრობირებული მიდგომაა, რადგან ის გუნდებს საშუალებას აძლევს შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა საჭიროებებს სწრაფად ცვალებად ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ეჯაილი ყველაზე აქტიურად გამოიყენება IT ინდუსტრიაში, მიდგომა შესაძლოა ბიზნესის ფართო სპექტრზე, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებში (SME) გავრცელდეს.


ზომისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მცირე და საშუალო საწარმოები (SME) უნიკალური გამოწვევების წინაშე დგანან, რაც მოითხოვს განსხვავებულ და ინოვაციურ მიდგომებს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამ მიდგომას შეუძლია დაეხმაროს SME სექტორის წარმომადგენლებს უკეთესად უპასუხონ სწრაფ და მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოს და მიაღწიონ უკეთეს შედეგებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაციებს აქვთ შეზღუდული რესურსები და უწევთ გარემო ცვლილებების ტემპით ოპერირება.


აღნიშნულ სტატიაში გაგაცნოთ ეჯაილის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.


დაიწყეთ მცირე ნაბიჯების გადადგმით


მცირე და საშუალო ბიზნესში ეჯაილის დანერგვისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა პროცესის პატარ-პატარა ნაბიჯებთ დაწყება, რადგან მთლიანი ორგანიზაცია ერთიანად ვერ გადაეწყობა ოპერირების ახლებურ სისტემაზე. შესაბამისად, უმჯობესია ეჯაილის მეთოდოლოგიის გამოყენების გამოცდილების შექმნა, ამისათვის - შეარჩიეთ ერთი პროექტი ან გუნდი, რომელიც ეჯაილით იხელმძღვანელებს. თანდათან გააფართოვეთ/გააზიარეთ მიღებული გამოცდილება კომპანიის დანარჩენ ნაწილში, რაც თანამშრომლებს მისცემს შესაძლებლობას ეტაპობრივად და სიღრმისეულად გაითავისონ ეჯაილ მეთოდოლოგია. ეს მიდგომა ამცირებს მთელი ორგანიზაციის შეფერხების რისკს და საშუალებას აძლევს გუნდის წევრებს მიიღონ საჭირო ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და საერთო ჯამში, ზრდის მათი მზაობის მაჩვენებელს ინოვაციური მეთოდოლოგიების გამოყენებისთვის.


პროცესში ჩართეთ გუნდის ყველა წევრი


ეჯაილ მეთოდოლოგიის განუყოფელი ნაწილია კოლაბორაცია და კომუნიკაცია გუნდის წევრებს, დაინტერესებულ მხარეებსა და მომხმარებლებს შორის. ყველას წახალისება, რომ მონაწილეობა მიიღონ სამუშაო პროცესში, დაგეხმარებათ ყველას ჰქონდეს მკაფიოდ გააზრებული პროექტის მიზნები და საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიტანენ წვლილს პროექტის წარმატებაში. ეს ასევე ხელს შეუწყობს მისკომუნიკაციის მინიმუმამდე შემცირებას და პროექტის საერთო ხარისხის გაუმჯობესებას.


Individuals and interactions over processes and tools.


პრიორიტეტი მიანიჭეთ მოქნილობას


ეჯაილის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია ცვლილებებზე რეაგირების სწრაფი უნარი -Responding to change over following a plan. მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად აწყდებიან გარემო ფაქტორების უეცარ ცვლილებებს და აუცილებელია, რომ მათ შეძლონ სწრაფად და ეფექტურად მოერგონ ახალ რეალობას. ხშირად, მენეჯერთათვის მნიშვნელოვანია "სრულყოფილი" პროდუქტის/სერვისის შექმნა, თუმცა მუდმივი ცვლილებების ფონზე კონცენტრაცია სრულყოფილებაზე ყოველთვის ეფექტური გადაწყვეტილება არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრულყოფილების დევნამ, შესაძლოა ხელი შეუშალოს კომპანიას მისი კლიენტებისთვის ფასეულობის შექმნაში.


 “Done is Better Than Perfect."


გაასწორეთ ფოკუსი 'ღირებულების შექმნაზე'


ეჯაილი იტერაციულ-ინკრემენტული და ციკლური პროცესია - მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესი დაყოფილი იყოს დროით შუალედებად (სპრინტებად), ეს პროცესი განგრძობითია და თითოეული იტერაციით იქმნება პროდუქტის ნაწილი.  თითოეული სპრინტის დროს გუნდი ქმნის ხელშესახებ ღირებულებას, შესაძლოა მინიმალურს, მაგრამ მაინც ხელშესახებს. ღირებულებაზე მსგავსი ფოკუსირებით, მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ თავიანთი მომხმარებლების საჭიროებები და უპასუხონ მათ სწრაფად და ეფექტურად. მსგავსი ფოკუსი პროექტულ გუნდს აძლევს შესაძლებლობას რომ ენერგია საკონტრაქტო პირობების ცვლილების ნაცვლად, მომხმარებელთან კოლაბორაციასა და თანაშექმნას დაუთმოს - Customer collaboration over contract negotiation.პროდუქტის ან მომსახურების მცირე ინკრემენტებით მიწოდება კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს დრო არ დახარჯონ ისეთ ფუნქციებზე ან სერვისებზე, რომლებიც არ არის ღირებული მომხმარებლისთვის და, ნაცვლად ამისა, კონცენტრირდნენ ყველაზე ღირებული ფუნქციების ან სერვისების მიწოდებაზე.


„Focus on what the customer needs, rather than what you think can be delivered.“


შეინარჩუნეთ სიმარტივე

ერთი შეხედვით ეჯაილ მეთოდოლოგია რთული ჩანს , ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი დანერგვის პროცესი იყოს მარტივი და გასაგები. მოერიდეთ პროცესის ზედმეტად გართულებას არასაჭირო ბიუროკრატიით და დაიცავით ეჯაილის ძირითადი პრინციპები. ეს დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ დაბნეულობა თანამშრომელთა შორის და უზრუნველყოთ, რომ კომპანიის სამუშაო პროცესი იყოს მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნაზე ორიენტირებული.


„Working software (product) over comprehensive documentation.“


შეაფასეთ წინ გადადგმული ნაბიჯები


აუცილებელია რეგულარულად თვალყური ადევნოთ პროგრესს და საჭიროებისამებრ განახორციელოთ ცვლილებები, რათა დარწმუნდეთ, რომ პროექტის მიზნების მისაღწევად ყველაფერი მართებულად კეთდება. ეს ხელს შეუწყობს პოტენციური პრობლემების ადრეულ იდენტიფიცირებას და საჭირო აქტივობების ინიცირებას. წარმატების მუდმივი საზომების გამოყენებით, SME კომპანიებს შეუძლიათ უკეთ გაიგონ რა მიდგომებია ეფექტური ან რა არ მუშაობს მათი ორგანიზაციისთვის და განახორციელონ საჭირო ცვლილებები შედეგების გასაუმჯობესებლად.


წაახალისეთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა


კულტურის წახალისება, რომელიც აფასებს განვითარებასა და მუდმივ გაუმჯობესებას, გადამწყვეტია ეჯაილის წარმატებით დანერგვისთვის მცირე და საშუალო კომპანიებში. ეს ნიშნავს გუნდის წევრებისთვის შესაძლებლობების მიცემას, განავითარონ თავიანთი უნარები, დატოვონ მათი კომფორტის ზონა და არ შეუშინდნენ ახალ გამოწვევებს. მუდმივი გაუმჯობესების კულტურის ხელშეწყობით, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი ექსპერტიზით კონცენტრირდნენ საკუთარი კლიენტებისთვის ფასეული პროდუქტის/სერვისის მიწოდებაზე.


რომ შევაჯამოთ, ეჯაილ მეთოდოლოგია არის მძლავრი მიდგომა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა უკეთ ადაპტირდნენ სწრაფ და მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოში. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, SMEs კომპანიებს შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი მომხმარებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა და გაზარდონ კოლაბორაციისა და ჩართულობის მაჩვენებელი საკუთარ გუნდში.

ცხადია, ეჯაილი ყველაზე აქტიურად გამოიყენება IT სფეროში, თუმცა ამ მიდგომის ბენეფიტებით სარგებლობა სხვა სფეროებშიც შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია, რომ ყველა კომპანიამ იპოვოს საკუთარი გზა ეჯაილ ტრანსფორმაციის პირობებში, რაც მათ დაეხმარება მართებული მიდგომისა და მუდმივი გაუმჯობესებისკენ სწრაფვაში, რათა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და მიაღწიონ დასახულ მიზნებს.


14.04.2022

ომის დაწყების პირველივე დღეს, ჯერ კიდევ მთელი სამყაროსთვის წარმოუდგენელი იყო თუ რა სიმამაცის, გამბედაობის, პატრიოტიზმისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის მატარებელი იყო უკრაინელი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ რუსი აგრესორების სტრატეგიით უკრაინაში შეჭრიდან 72 საათში უნდა დაეპყროთ კიევი, ხოლო ამერიკელი ექსპერტების თქმით ამისთვის ოკუპანტებს 96 საათი დასჭირდებოდათ, უკრაინამ შეძლო და უკვე 4x დღეა იბრძვის დამოუკიდებლობისა და ეროვნული ღირებულებებისთვის.


წარმოუდგენელი სიმამაცისა და პატრიოტიზმის წყალობით, ისინი ახერხებენ მოიგერიონ მტერი, დაიბრუნონ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ხშირად საკუთარი სიცოცხლის საფასურად შეაკავონ ან შეანელონ რუსი ოკუპანტები. უკრაინელი ხალხის შეუპოვრობისა და გმირობის მიღმა კი შეგვიძლია დავინახოთ ეფექტური ლიდერშიფის გავლენა.


თითოეულ ადამიანს აქვს პოტენციალი გახდეს გმირი და ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ უკრაინელთა მაგალითზე. ასევე ხაზგასასმელია, რომ კრიზისულ სიტუაციაში თითოეული ადამიანის გონებაში მიმდინარეობს მუდმივი ჭიდილი შიშსა და გამბედაობას შორის - ასეთ დროს კი ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ლიდერებს, ანუ ადამიანებს რომლებიც გამოიჩენენ ინიციატივას არ შეეპუონ მტერს და იბრძოლონ საკუთარი თავისუფლებისა და ამ შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ის გაბედული და შეუპოვარი ლიდერი აღმოჩნდა პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, რომელიც უკრაინელ ხალხს გაუღვივებდა ბრძოლის სურვილსა და შემართებას თავისუფლებისა და სამშობლოს დასაცავად. გარდა ამისა, არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის წარმომავლობას, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სხვა მახასიათებელს, მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით, თითოეული ჩვენგანი ვრწმუნდებით, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა გახდეს ნამდვილი ლიდერი.


არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ინდუსტრიის ლიდერებს ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინსაითის დანახვა შეუძლიათ ზელენსკისეულ ლიდერშიფის სტილში. თუკი დავაკვირდებით ზელენსკის ქმედებებს საომარი მოქმედებების განმავლობაში, შესაძლებელია გამოვავლინოთ მისი ლიდერშიფის ეფექტურობის მახასიათებლები, რომლებიც უკრაინელ ხალხს აძლიერებს და მიუხედავად მსხვერპლისა, საომარ განწყობას არ უნელებს.


მოქალაქეებთან ერთად, თავისუფლებისთვის

სიტუაციის გამწვავების შემდეგ ზელენსკის უარყოფითი პასუხი შეთავაზებაზე დაეტოვებინა ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით გახდა უკრაინელთა სულისკვეთების ერთ-ერთი ქვაკუთხედი. პრეზიდენტმა დასავლეთ შემდეგი ციტატით მიმართა "ბრძოლა აქ არის [კიევში]; მე მჭირდება საბრძოლო მასალა და არა გაქცევაში დახმარება" ["the fight is here [in Kyiv]; I need ammunition, not a ride" - წყარო]. ეს იყო საკუთარი მაგალითით სხვების შთაგონების შესანიშნავი შემთხვევა, როდესაც ლიდერი საკუთარი სიმამაცის დემონსტრირებით შთააგონებს სხვებს გამოიჩინონ გამბედაობა. ცალსახაა, რომ მისი ფოკუსი მიმართულია არა შიშსა და საკუთარი ეგოს გამოკვებაზე, არამედ უკრაინელთა გაძლიერებაზე.


მარტივი და ეფექტური კომუნიკაცია

მისკომუნიკაციისა და რუსული პროპაგანდისტული ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფონზე, ზელენსკი თავის სამთავრობო გუნდთან ერთად აქტიურად ცდილობს გააქარწყლოს ყოველგვარი სპეკულირების მცდელობა და ადამიანთა გამიზნულად შეცდომაში შეყვანა, რასაც რუსეთის მესვეურები გამუდმებით ცდილობენ დაბნეულობისა და ქაოსის გამოსაწვავად. ამ დროს კი უკრაინის პრეზიდენტი და სამთავრობო გუნდის წევრები, სხვადასხვა ქალაქების ქუჩებიდან ერთვებიან პირდაპირ ეთერში, რათა უშუალოდ გააგებინონ მოქალაქეებს რეალურად რა ხდება. ამით ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს სიმამაცისკენ მოუწოდებენ და აჩვენებენ მათ გვერდში დგომასა და მხარდაჭერას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებით. ხოლო მტერს მიანიშნებენ, რომ ფრონტის ხაზიდან გაქცევას არავინ აპირებს, რადგან სასწორზე არა იმპერიული მიზნები, არამედ უკრაინელთა დემოკრატიული სახელმწიფო დევს.


ზელენსკისა და მისი გუნდის კომუნიკაციის ფორმა ასევე ძალიან პირდაპირი, კონსტრუქციული და ძირითად სათქმელზე ორიენტირებული სტილით ხასიათდება საერთაშორისო ტრიბუნაზე. იქნება ეს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში ჩართვა, საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტებზე გამოსვლა თუ უბრალოდ თვითერზე აქტიურობა - ფაქტია, რომ უკრაინის სამთავრობო გუნდს კარგად აქვს გაცნობიერებული სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა და აქტიურად ავრცელებენ უცვლელ მესიჯს - უკრაინა არ შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.


ემპათია და ავთენტურობა

მნიშვნელოვანია ლიდერთა მხრიდან ემპათიის გამოჩენა და სხვა ადამიანების ემოციების აღქმა. მხოლოდ ერთი გამოსვლის მოსმენაც საკმარისია, რომ შევამჩნიოთ ზელენსკის ქარიზმატული საუბრის მანერა და ემოციებით გამსჭვალული სიტყვები, რომლებიც იმ კრიზისული მდგომარეობით კიდევ უფრო მწვავედ აღიქმება, რომელშიც ახლა უკრაინაა რუსული იმპერიალიზმის შედეგად.


მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, პრეზიდენტი ზელენსკი ინარჩუნებს საკუთარ სახეს, ყოველგვარი მოჩვენებისა და ფორმალობის გარეშე ნებისმიერ სიტუაციაში რჩება ავთენტური - იქნება ეს ჟურნალისტებთან სკამზე ჩამომჯდარი ბრიფინგის გამართვა, საერთაშორისო სამიტებზე სამხედრო მაისურით გამოსვლა თუ უწყინარი ხუმრობა მისთვის სასურველი სატელეფონო ზარების შესახებ. ის უბრალოდ აჩვენებს უკრაინელ ხალხსა და სამყაროს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და ყველასთვის ჩვეულ ემოციებს განიცდის დაუფარავად, რაც ნებისმიერ ადამიანს ეხმიანება და ასევე იწვევს ემოციურ ბმას.


ცხადია, ეს არ არის სრული სურათი და აღწერა იმისა, თუ როგორი ლიდერშიფის უნარები გამოავლინა ვლადიმირ ზელენსკიმ და სათქმელი ბევრად მეტია. თუმცა თანამედროვე ბიზნეს ლიდერებისთვის საინტერესო და ძლევამოსილი ინსაითების დანახვა ნამდვილად შესაძლებელია. უკრაინის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლიდერთა ქარიზმა იქცევს ყურადღებას, მათი გამბედაობა იწვევს აღტაცებას, მაგრამ მათი თავდადება და შეუპოვრობა შთააგონებს ადამიანებს იბრძოლონ მათი იდეალებისა და ღირებულებებისთვის. ასევე თვალსაჩინოა, რომ ადამიანები მხარს უჭერენ ლიდერებს, რომლებიც მათთვის იბრძვიან, მაგრამ მსხვერპლს იღებენ იმ ლიდერებისთვის, რომლებიც მათ ემსახურებიან.

03.06.2021

Covid19-ის გავრცელებამ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი კრიზისი გამოიწვია, რომლიდანაც თავის დაღწევას, დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 158 მილიონს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 3,2 მილიონს გადასცდა. პანდემიამ მთელი მსოფლიო შეცვალა და მასთან ერთად, ყველა არსებულ ინდუსტრიაზე იქონია მტკივნეული გავლენა. მისი შედეგები აისახა გლობალური ეკონომიკის რეცესიაში, იქნება ეს მცირე და საშუალო ბიზნესების გაკოტრება, უმუშევრობის ზრდა, ტურიზმის სექტორის ჩამოშლა, საფონდო ბაზარზე არსებული რეკორდული ვარდნა თუ სხვა.


ეკონომიკური რეცესია პანდემიის ფონზე


გლობალური ეკონომიკა საგრძნობლად დაზიანდა, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულმა რეგულაციებმა განაპირობა. პანდემიის დაწყებისთანავე რადიკალურად შეიცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი, საქმიანობა და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიურობა. მალევე, ქვეყნების უმეტესობამ გამოაცხადა მკაცრი კარანტინი, როგორც ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება და სოციალური დისტანცია, როგორც ერთმანეთის დაცვის საუკეთესო გზა. ამ შეზღუდვებმა დიდი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე და მილიონობით ადამიანი, სამსახურის გარეშე დატოვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ამ წელს 114 მილიონი ადამიანი დარჩა სამუშაო ადგილის გარეშე. ჯამურად კი, მთელი წლის განმავლობაში გლობალური სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც 255 მილიონი სრული სამუშაო განაკვეთის ეკვივალენტურია. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2009 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგად დაკარგულ სამუშაო საათებს. შრომით ბაზარზე დაკარგული რესურსი, ცხადია, განაპირობა კომპანიების გაკოტრებამ ან იძულებით გამოწვეულმა კადრების შემცირებამ. 2020 წელს გლობალური მასშტაბით მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 3.7 ტრილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით, რაც 4,4 პროცენტიან შემცირებაში აისახა. ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესს, განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური დისტანციის შენარჩუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების გამო დაწესდა.

 

იმუნიზაცია, როგორც გადარჩენის გზა


Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობა სხვადასხვა ლაბორატორიებში ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და დღეისათვის, ქვეყნების უმეტესობაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. სოციალური შეკრებების აღსადგენად და საერთო სამუშაო სივრცეში დასაბრუნებლად, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების რისკების მინიმიზაცია. ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ კოლექტიური ე.წ. „ჯოგური“ იმუნიტეტის გამომუშავებით არის შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის/მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი რეზისტენტული უნდა იყოს ვირუსის მიმართ. ამის მიღწევა კი, მხოლოდ მასობრივი ვაქცინაციითაა შესაძლებელი. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას საკმაოდ დიდი დრო და სამედიცინო რესურსი სჭირდება. ამას ემატება მოქალაქეების არასაკმარისი მზაობაც, რომელიც ზოგჯერ კიდევ უფრო ახანგრძლივებს აღნიშნულ პროცესს. ამ ყველაფრის ერთობლიობით, იმუნიზაციის პროცესი დროში იწელება და ეკონომიკური დაღმასვლა, გაურკვეველი ვადით გრძელდება.




მასობრივი ვაქცინაციის პოტენციური ეფექტი


მსოფლიოს მასშტაბით, ამ დროისთვის გაკეთებულია ვაქცინის 2,02 მილიარდ დოზაზე მეტი და სრულად აცრილია 443 მილიონზე მეტი ადამიანი. ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული მსოფლიო მოსახლეობის 11 პროცენტზე მეტს და სრულად აცრილია მოსახლეობის 5,7 პროცენტი. მართალია, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად, მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ გარკვეული დროა საჭირო, თუმცა რამოდენიმე ქვეყნის მაგალითით უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ვაქცინაციის პირველად შედეგებსა და დადებით ტენდენციებზე.





მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესში მოწინავე როლს ისრაელი იკავებს, სადაც მოსახლეობის 63%-ზე მეტს ვაქცინაციის ერთი პროცედურა მაინც აქვს ჩატარებული და სრულად აცრილია მოსახლეობის 56 პროცენტზე მეტი. ამან კი, ქვეყანას საშუალება მისცა გამოიმუშაოს კოლექტიური იმუნიტეტი და განაახლოს აქტივობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ საერთო სამუშაო სივრცეებში, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. ისრაელში, ვაქცინაციის დონე იმდენად მაღალია, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება აღარ არის სავალდებულო და რეგულაციები მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია. ასევე, გაიხსნა სკოლები და სრულად აცრილ ადამიანებს, შეუძლიათ თავისუფლად ესტუმრონ რესტორნებს, დაესწრონ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, კონცერტებს დიდ დარბაზებში და რელიგიური დღესასწაულები, მასობრივი თავშეყრის ადგილებში აღნიშნონ. ვაქცინაციის შედეგად შემცირებული რეგულაციების ფონზე, ქვეყანაში უკვე ამუშავდა მომსახურების სფერო და ამ სექტორში დასაქმებული კომპანიები დგამენ პირველ ნაბიჯებს ფინანსური კრიზისიდან თავის დასაღწევად.



ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის 51 პროცენტსაქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა მაინც და სრულად აცრილია მოსახლეობის 41.5%-ზე მეტი. მოხსნილია მკაცრი რეგულაციების ნაწილი, მათ შორის: სრულად აცრილ მოქალაქეებს შეუძლიათ არ ატარონ პირბადეები ღია და დახურულ სივრცეში, თუ ეს კონკრეტული შტატის კანონით არ არის მოთხოვნილი. ასევე არ არის სავალდებულო ქვეყნის შიდა თუ საერთაშორისო მგზავრობისას კოვიდ ტესტის გაკეთება ანდა თვითიზოლაცია, რაც ხელს უწყობს ტურიზმის გამოცოცხლებას და ამ სექტორში მოქმედი კომპანიებისა და მათი თანამშრომლების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნებას.



ეს ქვეყნები ვაქცინაციის მაღალი დონის დახმარებით ახერხებენ გახსნან ეკონომიკა, განაახლონ ყოველდღიური აქტივობები და ბიზნესის სექტორს მისცენ სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება - რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.


რთული გამოწვევებიდან ახალი შესაძლებლობისკენ


ყველა ჩვენგანმა ვიცით თუ როგორი იყო მსოფლიო პანდემიამდე, მაგრამ როგორი იქნება ის შემდეგ, ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია. წარსულში არსებული კრიზისების დაძლევის გამოცდილებით, როგორიც იყო 30-იანი წლების დიდი დეპრესია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური კრიზისი, საბჭოთა სოციალისტური ბლოკის დაშლით გამოწვეული ეკონომიკური ვარდნა თუ 2009-2010 წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისი, ჩვენ, მსოფლიოს წამყვან ანალიტიკოსებთან/ექსპერტებთან ერთად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიის დამარცხებას კიდევ უფრო მეტი ცვლილება მოჰყვება:


შეცვლილი სამომხმარებლო ქცევა - პანდემიამ უკვე მკვეთრად იმოქმედა ადამიანთა სამომხმარებლო ქცევაზე და გრძელვადიან პერიოდში, ეს ცვლილება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. არასტაბილურობასთან გამკლავებისას ადამიანებს შეეცვალათ პრიორიტეტები, მოთხოვნილებები და ღირებულებები. მომხმარებლების მოლოდინები კომპანიების მიმართ შეიცვლება, მათ ახლებურად ენდომებათ მომსახურების მიღება და პროდუქტის შეძენა. შესაბამისად, კომპანიებს მოუწევთ მათი სამუშაო მეთოდების მოდელირება და სავარაუდოა, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ელექტრონული კომერციის, მომსახურების დისტანციურად გაწევისა და პროცესების ავტომატიზაციის როლი.


შრომითი ბაზარი - დისტანციურად მუშაობა ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ბადებს დამსაქმებლებისა და დასაქმებულთათვის. დღეს უფრო და უფრო მეტი დასაქმებული გამოთქვამს სურვილს იმუშაოს დისტანციურად ან ჰიბრიდულად - გარკვეული პერიოდებით დისტანციურ და საოფისე რეჟიმში. სავარაუდოა, რომ თავად დამსაქმებლებიც განიხილავენ კადრების დისტანციურ რეჟიმში გადაყვანას პოსტ პანდემიურ პერიოდში, რაც დანახარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.


ბიზნეს სექტორი - ბევრი ინდუსტრია დადგა გარდაუვალი ცვლილებების წინაშე და პანდემიასთან გასამკლავებლად კომპანიებს საკმაოდ მტკივნეული დარტყმების მოგერიება მოუწიათ. გარემოს ასეთმა ცვლილებამ კი, ბიზნესს თავისი სტრატეგიის გადახედვისკენ უბიძგა. მრავალ ინდუსტრიაში ბიზნესის კეთების ტრადიციული მეთოდები არაეფექტიანი აღმოჩნდა, ხოლო თავად ბიზნეს სუბიექტებმა, არასაკმარისი მოქნილობისა და ადაპტაციის უნარი გამოავლინეს. ასეთ კომპანიებს, ახლებური ბიზნეს მოდელების შემუშავება, მათი სტრატეგიის მოდელირება და მომხმარებელთა ახალ მოთხოვნებზე მორგება მოუწევთ, რაც პოსტპანდემიურ პერიოდსაც უნდა შეესაბამებოდეს.


ციფრული ერა - ბიზნესის სექტორის გაციფრულების პროცესი ჯერ კიდევ პანდემიამდე მიმდინარეობდა, მაგრამ Covid19-ის გავრცელებამ ეს პროცესი წარმოუდგენლად დააჩქარა. ციფრული ტრანსფორმაცია დღევანდელ რეალობაში გარდაუვალია და მისი აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება პანდემიის დამარცხების შემდეგ. სწორედ ციფრულმა ტექნოლოგიებმა გახადა შესაძლებელი პანდემიის დროს დისტანციურად მუშაობა, სწავლა და ზოგადად, ახლებურად კომუნიკაცია. პანდემიის შემდგომაც გაგრძელდება ინტენსიური ინვესტირება ციფრული ტექნოლოგიების სექტორში და მათი გამოყენებით, ახალი სერვისებისა თუ სრულიად ახალი ინდუსტრიების წარმოქმნა გარდაუვალი იქნება.


Covid19-ის პანდემიამ კაცობრიობა არაერთი გამოწვევის და ამავე დროს, შესაძლებლობის წინაშე დააყენა. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსური პროცესია, რომელშიც მხოლოდ ერთად, გაერთიანებული ძალებით შეიძლება უპირატესობის მოპოვება. პანდემიასთან გამკლავების პროცესში, შესაძლებელია ეკონომიკური მაჩვენებლები გაუტოლდეს ან გადააჭარბოს კიდეც პრეკოვიდურ შედეგებს, მაგრამ თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, პანდემიამ ძირეულად შეცვალა გარემო ფაქტორებიც და ადამიანთა მაინდსეტიც. მართალია, გადაჭრით არავინ იცის როგორი იქნება ახალი რეალობა, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ მასობრივი ვაქცინაცია არ წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას და გლობალური/ლოკალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთგვარ რეცეპტს. უბრალოდ, ვაქცინაცია გვაძლევს შანსს ვიცხოვროთ ნაკლები შეზღუდვებით, დავუბრუნდეთ სოციალურ სივრცეებს და საკუთარი ხელებით აღვადგინოთ ეკონომიკა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - მასობრივი ვაქცინაცია დაგვეხმარება ერთად გავიაროთ გზა მოსახლეობის იმუნიზაციიდან ეკონომიკის რეგენერაციამდე.