/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
სიახლეები

პანდემიის გავლენით სამყაროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რამაც გვაიძულა ვაღიაროთ ახალი რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.  დიდი  გამოწვევების ფონზე  კომპანიებს ახალი რესურსების საჭიროება გაუჩნდათ და სამუშაოს გადაწყობა მოუწიათ. როგორია ადამიანური რესურსების სფეროს დღევანდელობა, რა გამოწვევების  წინაშე დგანან HR სპეციალისტები და რა შესაძლებლობების გამოყენების შანს ხედავენ, ჩვენ გთავაზობთ კომპანია  One point -ის დამფუძნებლის ნინო ნიაურის ინტერვიუს.


ACT: საინტერესოა 2020 წლის მიწურულს, შევაჯამოთ თუ როგორი გამოწვევების წინაშე დადგა ზოგადად HR სფერო? 

ვერ ვიტყვით რომ HR სფერო განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, უფრო ესე ვიტყოდით, რომ ყველასთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო 2020 წელი. ბუნებრივია HR-ებისთვისაც, კომპანიებში მათი როლიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ერთერთი რთული პერიოდი იყო, რადგან როგორც მოგეხსენებათ HR-ის მნიშვნელოვანი როლი არის გუნდის შეკვრა, ზოგადად გუნდური მუშაობის მხარდაჭერა. ამ მიმართულებით გამოვლინდა სირთულეები - დისტანციურად ადამიანური რესურსის მართვა სიახლე იყო ბიზნესებისთვის. ის გარემოება, რომ არ ვიცოდით რასთან გვქონდა საქმე, რა ვადით და რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენდა არსებული ვირუსი, ცოტა  დაბნეულობას და გაურკვევლობას იწვევდა. სფეროს მნიშვნელოვნად შეეხო რეგულაციების ნაწილი, ბევრი კომპანია თანამშრომლების შემცირების აუცილებლობის წინაშე დადგა, რაც განსაკუთრებულად მძიმე იყო.


ACT: თქვენ როგორც outsource კომპანია, რა სირთულეების წინაშე დადექით და როგორ გაუმკლავდით მას?

დაგვეხმარა ის, რომ ამ პერიოდში უფრო მეტი მობილიზება მოვახდინეთ. ჩატარებული სამუშაოების გაანალიზების შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ შევეცადეთ, ჩვენი რესურსები პოტენციური კლიენტების დასახმარებლად გამოგვეყენებინა და ამან რა თქმა უნდა გაზარდა ჩვენი სამუშაოს მოცულობა; ბევრი ახალი სფერო გავიცანით ამ პროცესში, თავისთავად პროცესებიც ბევრად განსხვავებული და ამდენად ძალიან საინტერესო იყო. სირთულეები იყო, მაგრამ ამ სირთულეებმა გაგვაძლიერა და რაღაცნაირად ჩვენი სამუშაო ბევრად უფრო ნაყოფიერი, ცოცხალი და აქტიური გახადა და შეგვიძლია ეს პოზიტიურ ჭრილშიც განვიხილოთ.


ACT: ფიქრობთ თუ არა, რომ პანდემიის გამო მიღებული ზიანის გამოსწორება Hr სფეროში შესაძლებელია თუ არა და რა გზებით?

სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი და ამ მხრივ მდგომარეობის გამოსწორებას არამარტო HR-ული, არამედ კომპლექსური მიდგომები სჭირდება, ზოგადად ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მაგრამ მარტო ზიანზე ვერ ვისაუბრებთ, ძალიან ბევრი პოზიტიურიც მოხდა ამ პერიოდში. მაგალითად ის, რომ ბევრმა სასწავლო ცენტრმა ხელმისაწვდომი გახადა საკმაოდ ძვირადღირებული ტრენინგები და მასტერკლასები. ამით ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადა ესწავლა ის, რაც მანამდე უნდოდა და შეიძლება დროის ან ფინანსების უქონლობის გამო ვერ ახერხებდა. ახლა ეს ხელმისაწვდომი გახდა და  ბევრმა კვალიფიკაცია აიმაღლა, რაც თავისთავად ძალიან კარგია შრომის ბაზარზე. თუმცა ის ფაქტი, რომ  დიდი რაოდენობა ადამიანებისა დარჩა უმუშევარი, თავისთავად მნიშვნელოვნად ართულებს შრომის ბაზარს და ალბათ კიდევ ძალიან ბევრი  დრო დასჭირდება, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს. ბუნებრივია HR-ებისთვის ეს  საკმაოდ რთული პერიოდი იყო და რთულად გადასატანი იყო, ძალიან რთულია როცა რესურსების მობილიზებას აკეთებ და მერე შენი რესურსები გეკარგება გარემო პირობების გამო. ვინც დარჩა უმუშევარი, იმისთვის ეს განსაკუთრებით  მტკივნეულია, თუმცა კომპანიებისთვისაც საკმაოდ რთული იყო და მე არ მეგულება დამსაქმებელი, რომელიც რომ ამ პროცესით მოგებული დარჩა, პირიქით ბიზნესებისთვის საკმაოდ მძიმე იყო ამ გადაწყვეტილებების მიღება, რომ მათი თანამშრომლები სახლში უნდა გაეშვათ. იმედი მაქვს რომ ეს პროცესი  აღარ გაგრძელდება, მალე დასრულდება და შემდეგი წელი იქნება განვითარების წელი.


ACT: თქვენს მომსახურებაზე, რომელ სერვისზე/სერვისებზე გაიზარდა განსაკუთრებით მოთხოვნა პანდემიის პირობებში?

თუ შევადარებთ წინა წელს მაგალითად, როცა პანდემია არ გვქონდა უფრო გაიზარდა კონსალტინგური პროექტები და ბევრ კომპანიაში მოგვიწია სისტემური და პროცედურული ცვლილებების გაკეთება. ზოგან ეს მტკივნეული იყო, ზოგან ნაკლებად. ბუნებრივია  ცვლილებები აღქმის დონეზე გარკვეულ სირთულეებთან არის ხოლმე დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში, პროცესების სწორად დაგეგმვა და ოპტიმიზაცია ბევრ კომპანიას, დაეხმარა, რომ მინიმალური დანახარჯებით ემუშავათ პანდემიის პირობებში და ფაქტობრივად, თავი გადაერჩინათ. ამ მხრივ ვთვლით, რომ წარმატებული პროექტები განვახორციელეთ და ამით ძალიან ვამაყობთ. ასევე მაღალი მოთხოვნა იყო ჰედჰანთინგზეც მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძირითადად შემცირებები იყო კომპანიებში,  მოთხოვნა მაინც არის კვალიფიციურ კადრებზე. მენეჯერულ პოზიციებზე, პროგრამისტებზე და ტექნიკურ პოზიციებზე ბაზარზე ისევ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ეს ძალიან გვახარებს, ეს ნიშნავს, რომ ისევ ვვითარდებით და ეს ძალიან კარგია. ასევე დიდი მოთხოვნა იყო HR პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რადგან დისტანციური მართვის პირობებში ავტომატიზაციის პროექტები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა კომპანიებისთვის.

ACT: თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ამ კუთხით 2020 წელს გამოვლენილი პრობლემები სამომავლოდ?

ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ რეალურად ამ საკითხს და პრობლემას არ ვუწოდებთ, ბოლო პერიოდში, ამაზე ვიმსჯელეთ კომპანიის შიგნითაც და ვფიქრობთ, რომ 2020 წელი ყველასთვის დიდი გამოწვევა იყო, რამაც სინამდვილეში კი არ შეცვალა რამე, უბრალოდ დააჩქარა ის, რაც უნდა მომხდარიყო, ვგულისხმობ დიჯიტალიზაციას და მართვის დისტანციურ სისტემებს, ეს არის რეალურად ბიზნესის მომავალი. ბიზნესის მომავალი ავტომატიზაციის პროექტებია, ალბათ ამას წლები დასჭირდებოდა რომ კომპანიები გადასულიყვნენ ონლაინ სისტემებზე და ვფიქრობთ, პანდემიამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩააყენა ბიზნესები და მათ მოუწიათ იძულების წესით, სასწრაფოდ გამოსავალი მოეძებნათ და ბევრმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. მართალია  დღეს ეს რთულად გვეჩვენება, მაგრამ ბიზნესებისთვის სამომავლოდ ძალიან კარგია და ეს ცალსახად  წინ გადადგმული ნაბიჯია.


ACT: როგორ ფიქრობთ, რომელი პროფესიების და უნარების საჭიროება გაჩნდება მომავალში?

ჩვენ ვვარაუდობთ და კვლევებიც ადასტურებენ, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით და ზუსტ მეცნიერებებზე მოთხოვნა გაიზრდება. ამავდროულად, ძალიან საინტერესოა, რომ  ძირითადი აქცენტი მულტიფუნქციურ და ადვილად ადაპტირებად ადამიანებზე იქნება. სამომავლოდაც ვფიქრობთ, რომ ბაზარზე ესეთი ადამიანები დაიმკვიდრებენ ადგილს და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი პროფესია უკვე საკმარისი აღარ არის. აქამდე,  ადამიანი ერთ პროფესიას რომ ირჩევდა და მთელი ცხოვრება ამ პროფესიას მიყვებოდა, ჩვეულებრივი ამბავი იყო. დღეს ეს რეალობა უკვე შეიცვალა და ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პროფესია შეიძინონ, დამატებით მეტი რამე ისწავლონ. ამის ხელშემწყობი ფაქტორი სწავლის ხელმისაწვდომობაც არის,  თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, სამომავლოდ,  სწორედ ასეთ მულტიფუნქციურ და მარტივად ადაპტირებად ადამიანებზე იქნება აქცენტი და ამ მხრივ დასაქმებულების დამოკიდებულებაც შეიცვლება.


ACT: რას ურჩევდით კომპანიებს, რა არის მნიშვნელოვანი დისტანციური მუშაობის დროს?

მე ვფიქრობ რომ ყველანაირი ტიპის მართვის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას. არ აქვს მნიშვნელობა ეს დისტანციური იქნება თუ ფიზიკური. დისტანციურმა მუშაობამ კომუნიკაციის ნაწილი განსაკუთრებულად სენსიტიური გახადა. დისტანციური მუშაობის დროს, გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევა გახადა. ამ მხრივ განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო კომპანიებში, რეალურად გუნდების დისტანციურ მართვაში კომუნიკაცია, დაგეგმვა და დროული უკუკავშირი -  არის 3 ძირითადი ასპექტი, რომელიც ერთი მხრივ დასაქმებულებს უქმნის გარკვეულ კომფორტს, იმიტომ რომ მათთვის ცხადი ხდება მოლოდინები და მეორე მხრივ, დამსაქმებლისთვის არის უფრო მიღწევადი შედეგები ამ ტიპის მართვის დროს და შესაბამისად, ეს სამი კომპონენტი იქნებოდა ალბათ ის სამი რაღაც, რასაც მენეჯერებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.


ჩვენ One Point-ში ძალიან ვცდილობთ რომ ეს სტილი შევინარჩუნოთ და სისტემატიურად გვქონდეს ერთმანეთთან კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად ვმუშაობთ, სრულად 100%- ით. გვიწევს რა თქმა უნდა კლიენტ კომპანიებთან ფიზიკურადაც კომუნიკაცია და შეხვედრებზე სიარული, თუმცა ვან ფოინთის გუნდი დისტანციურად ვმუშაობთ.
ძალიან გვეხმარება ის რომ ჩვენ გვაქვს სისტემატიური, სტაბილური კავშირი ერთმანეთთან და ვუზიარებთ ყველანაირ სიახლეს თუ პრობლემას ერთმანეთს. ეს ერთობლივი მუშაობის სტილი ძალიან ნაყოფიერია.


დიდი კომპანიებისთვის ძალიან რთულია ამის გაკეთება, დიდ კომპანიაში ყოველდღე ყველა თანამშრომელთან შეხვედრა ვერ გექნება, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ სტრუქტურული ერთეულის შიგნით მოხდეს ეს კომუნიკაცია და მოხდეს ყოველდღიური შეხვედრები, თუნდაც ორ დღეში ერთხელ, მაგრამ თანამშრომელს  ჰქონდეს  განცდა,  რომ ის ჩართულია ამ პროცესში და არავის არ დავიწყებია. გვქონია შემთხვევა, რომ რამდენჯერმე მოგვმართეს რჩევისთვის თანამშრომლის ცუდი შედეგების გამოსწორების მიზნით, თუმცა, რომ ჩავეძიეთ, აღმოჩნდა, რომ პანდემიის პერიოდი რაც  დაიწყო, თანამშრომელთან კომუნიკაცია ხელმძღვანელს მხოლოდ მეილებით და ისიც ძალიან შეზღუდული რაოდენობით ქონდა. ბუნებრივია, ეს დასაქმებულის შედეგებზეც აისახებოდა. ამ დროს,  თანამშრომელსაც უჭირს, რომ თავის თავი აღიქვას კომპანიის ნაწილად, სწორად დაგეგმოს და გაიაზროს ყველა საჭიროება, ამიტომ ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საუკეთესო შედეგების მიღწევის პროცესში.


ნინო ნიაური

HR აუთსორსინგული კომპანია ONE POINT-ის დამფუძნებელი და პარტნიორი

25.12.2020

გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.


სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.


ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.



#orangetheworld #16Days #WEPs #EqualityMeansBusiness #WeEmpower


30.11.2020

სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ კაცობრიობის გარდამტეხი ცვლილების მომსწრე და თანამონაწილენი გავხდებოდით. ასე მძაფრად ალბათ არასდროს მოსულა შეგრძნება იმისა, თუ რამდენად მჭიდროდ არის თითოეული ჩვენგანი  დაკავშირებული დედამიწის სასიცოცხლო ჯაჭვთან და მისი ქმედება პეპლის ეფექტით აისახება მთელს კაცობრიობაზე. უდაოდ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა ეს პერიოდი აქამდე არნახული გამოწვევების წინაშე გვაყენებს. ადამიანს ყოველთვის, და მითუმეტეს მძიმე პერიოდში, სჭირდება პატარ-პატარა გამარჯვებების შეგრძნება, და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ გაგვიჩნდა სწორედ ახლა სურვილი გაგვეზიარებინა ჩვენი ისტორია. და თუ ერთი ადამიანისთვის მაინც იქნება ეს ამბავი სასარგებლო, მიიღებს ინსპირაციას და დაიჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია შესრულებულია.


დავიწყებთ იმით, რომ ეისითიში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ძალიან კარგადაა გამართული (ჩვენი VPN კავშირი დაცულია საერთაშორისო უმაღლესი დონის SSL სერტიფიკატით). მთელ ჩვენს გუნდს, პრაქტიკულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე დისტანციურად მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს და ეს ჩვენი IT დეპარტამენტის უდიდესი დამსახურებაა. თუმცა, ჩვენი წარმოების ზოგიერთი პროცესი – ფოკუს-ჯგუფები და სატელეფონო კვლევები ოფისიდან იმართებოდა, ხოლო კვლევების ნაწილი კი – რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. ყველასთვის ნაცნობი COVID- 19-ის პანდემიის დასაწყისში, ჯერ კიდევ არ იყო რეკომენდაციები სახლში დარჩენასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, საქმიანობას იმ დროისთვის არსებული ყველა რეკომენდაციის დაცვით, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებდით. 


პანდემიის კუთხით სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, პირველი ამოცანა, რაც ჩვენმა გუნდმა დაისახა, სწორედ ჩვენი საწარმოო პროცესის სრულ დისტანციურ რეჟიმში გატანა იყო.  საოცარი სისწრაფით და თვითორგანიზებით შეიქმნა გუნდი, რომლის პასუხისმგებლობაც საწარმოო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანა იყო და ეს არამარტო საქართველოში, არამედ ჩვენს შვილობილ კომპანიებში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთშიც უნდა განხორციელებულიყო. ალბათ, ყველაზე საოცარ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით, თუ 42 საათში შესაძლებელი იყო მსგავსი რამ, თან ისე, რომ მიმდინარე კვლევები ერთი წამითაც არ შეფერხებულიყო.


გზა, რომელიც ამ 42 საათში გაიარა ჩვენმა გუნდა ასეთი იყო:


  • საწარმოო პროცესის მენეჯერებმა, IT და “დიჯითალ” გუნდებმა დაინაწილეს კონკრეტული საქმეები და განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის არეალი
  • სატელეფონოს კვლევების მენეჯერების სამუშაო ოპერატიულად გადანაწილდა პირისპირ კვლევების ველის მენეჯერებთან (ეისითის კადრები მულტიფუნქციურები არიან და შესაბამისად, ეს ძალიან მარტივად განხორციელდა)
  • შემუშავდა სახლიდან მუშაობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები (კომპიუტერის მონაცემები, ინტერნეტის სიმძლავრე, სამუშაო გარემო და ა.შ.)
  • შეიქმნა „ონლაინ“ სარეგისტრაციო ბაზა, სადაც შესაძლებელი გახდა დისტანციურად მუშაობის მსურველთა რეგისტრაცია. ეს ბაზა თავდაპირველად „ქოლ-ცენტრის“ ოპერატორებით შეივსო, თუმცა, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, მათ დაემატა პირისპირ ინტერვიუერები
  • იმ საუკეთესო კადრებს, ვინც არ აკმაყოფილებდა ტექნიკურ პირობებს, ეისითი დაეხმარა და გადასცა დამატებითი კომპიუტერები და სხვა ყველა საჭირო რესურსი
  • ველის პერსონალის მიერ ცალკე შეიქმნა ახალი კადრების გადამზადების მოდული
  • ცალკე გაიწერა ახალი პროცესები, რომელიც როგორც წერილობით, ასევე ვიდეო ტრენინგების სახით დაეგზავნა ყველას
  • ინტერვიუერებისთვის განხორციელდა დამატებითი „ონლაინ“ ტრენიგები და პასუხი გაეცა მათ ყველა კითხვას
  • IT დეპარტამენტის მიერ დეტალურად გაიწერა „ჰელფ დესქის“ მუშაობის სქემა და თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად დისტანციურად მოხდა ყველა ოპერატორის კომპიუტერული სისტემების გამართვა, მათი ტექნიკური გადამზადება
  • „ქოლ-ცენტრის“ დისტანციური მუშაობის ხარისხის კონტროლისთვის შეიქმნა დამატებითი ჯგუფი, რომლებიც გადამზადდნენ სპეციალურად მათთვის მომზადებული ვიდეო ტრენინგების საშუალებით
  • პარალელურად, ანალიტიკოსებმა მოახდინეს პირისპირ მეთოდით კვლევის ინსტრუმენტების ადაპტირება და სატელეფონო კვლევის მეთოდზე გადასვლა
  • ანალიტიკურმა გუნდმა სატესტო რეჟიმში ჩაატარა „ონლაინ“ ფოკუს-ჯგუფი და უსწრაფესად მოხდა მისი შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის.


ყოველივე ზემოთქმული განხორციელდა ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეფერხებულა მიმდინარე კვლევების პროცესები.


„ორი დღის განმავლობაში გვქონდა უამრავი სწრაფი, საგანგებო შიდა შეხვედრა, მოვალეობების განაწილება, მოკლევადიანი ამოცანების გაწერა და ამოცანებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა. ტარდებოდა ტრენინგები, ინსტრუქტაჟები და უამრავი სატელეფონო თუ „ონლაინ“ კონსულტაციები IT დეპარტამენტთან.


არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვხედავდით, რომ დრო არ ითმენდა. უმნიშვნელოვანესი იყო  საქმის ბოლომდე მიყვანა და, რაც მთავარია, პროექტში ჩართული ყველა ადამიანის უსაფრთხოდ გადაყვანა დისტანციურ მუშაობაზე. გაასმაგებული იყო ჩვენი პასუხისმგებლობები და სურვილი, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული პროექტული კადრები.  შევძელით ის, რომ მოცემულ სიტუაციაში, შესაძლებლობის ფარგლებში, ის პროექტული კადრები, ვისაც არ ჰქონდა სახლში ტექნიკური აღჭურვილობა,  უზრუნველვყავით ადგილზე მათი მიტანით. სწრაფად დავიწყეთ სამსახურის გარეშე დარჩენილი ინტერვიუერების მხარდაჭერა. მოხდა მათი უსწრაფესი გადამზადება/ტრენინგები და „ქოლცენტრის“ ფუნქციონირების პროცესში ინტეგრაცია.  ველის გუნდი მოქმედებდა ერთი მთლიანის შეგრძნებით, ყველა ვიყავით ერთნი და ეს მთლიანობა გვაძლევდა უდიდეს ძალას და რწმენას. არ შემიძლია არ აღვნიშნო ოპერატორების და ინტერვიუერების როლი ამ ცვლილებაში.  ისინი იყვნენ ჩვენი მხარდამჭერები და ერთი მთლიანი გუნდის ნაწილები. იმ პირობებში, რომ დღისით მუშაობდნენ მიმდინარე პროექტზე, სახლში მისულები გვიან ღამემდე გამოთქვამდნენ მზაობას, ემუშავათ IT დეპარტამენტთან ერთად, სახლის პირობებში „ქოლ-ცენტრის“ დროულად გადასატანად.


საბოლოო ჯამში, ერთიანმა და ძლიერმა გუნდმა რეკორდულად მცირე დროში გამოწვევას ღირსეულად უპასუხა. დათქმულ დროს დისტანციური „ქოლ-ცენტრი“ სრული დატვირთვით ამუშავდა. სატესტო რეჟიმში პროცესები ეფექტურად იმართებოდა  და მიმდინარე პროექტებიც წარმატებით დასრულდა. შედეგად ხვდები, რომ როდესაც არის ერთმანეთის მხარდაჭერის სურვილი, საქმის სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა, აუცილებლად მიაღწევ მიზანს. შეუძლებელი არაფერია.“ – ნათია ჯობავა, ველის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. „ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სხვანაირადაც შეგვიძლია მუშაობა. ჩვენ ერთად ყოფნა გვაძლევდა ძალას და ვხედავდით, რომ მოკლე დროში ის ცვლილებები უნდა განგვეხორციელებინა, რომელსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ორ-სამ კვირას მაინც მოვანდომებდით. ამ დროს კი მსოფლიოში წუთობრივად იცვლებოდა მდგომარეობა უარესობისკენ. მთავრობა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ გარეთ გასვლა უკვე სახიფათოა და უნდა დავრჩეთ სახლში! ალბათ, ძნელია ამხელა ნეგატივს და სტრესს ადამიანის ტვინი გაუმკლავდეს ისე, რომ არ აისახოს მის მოქმედებაზე და აზროვნებაზე. იმდენად ვიყავით ჩართული ჩვენი ახალი გამოწვევის, ახალი პრობლებების მოგვარების გზების ძიებაში, რომ საბოოლოდ ყველა ერთ აზრამდე მივედით „ცხოვრებაში ცვლილებებზე დროული რეაგირება საუკეთესო წამალია სტრესის შესამსუბუქებლად „და ჩვენც დავიწყეთ.


კიდევ ერთი რამ გამოჩნდა ნათლად, თუ რამდენად დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, როცა მათგან დახმარებას ითხოვ – ისინი საჭიროდ გრძნობენ თავს, ხოლო როდესაც ადამიანი მოტივირებულია, რაღაც კარგი და საერთო საკეთილდღეო მიზნის მისაღწევად იგი სასწაულებს ახდენს .  გადავიდა უკანა პლანზე ყოველგვარი ამბიცია და ვემორჩილებოდით იმ კანონებს, რომელიც არავის დაუწერია და ისე არსებობს ჩვენს გუნდში“. – დავით მამუჩარაშვილი ველის მენეჯერი. ამ ძალისხმევის შედეგად, როგორც საქართველოს, ასევე ყაზახეთის ოფისში სრულიად გამართულად მუშაობს დისტანციური „ქოლ-ცენტრი“ (ჯამში 100 მუდმივი ოპერატორი) და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.


“ჩემთვის ძალიან ემოციურია ამ 42 საათის ისტორია – ეს არის ამბავი ადამიანების საოცარ ორგანიზებულობაზე, გუნდურობაზე, თავდადებაზე, კრეატულობაზე და იმაზე, რომ შეუძლებელი არაფერია. კრიზისი ერთგვარი ბიძგია განსხვავებული ფიქრისა და მოქმედებისთვის. სწორედ ეს შეგრძნება, რაც ეისითის გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს და უხსნის გზას ახალი შესაძლებლობებისკენ” – საუბრობს რუსუდან თელია, ეისითის აღმასრულებელი დირექტორი ეს ჩვენი პატარა წარმატების ისტორია გვაძლევს საფუძველს და რწმენას, რომ ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით, რადგან დიდი მიზნისკენ სვლა პატარა ნაბიჯებით იწყება.

22.04.2020

„ეისითი“ ახალი პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE-ის საშუალებით მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ონლაინ კონსულტაციებს სთავაზობს.


ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად.


  •   ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
  •   ზოგადი მენეჯმენტი;
  •   ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
  •   კრიზისის მენეჯმენტი;
  •   იურიდიული კონსულტაცია;
  •   ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
  •   კრიზისული კომუნიკაცია;
  •   სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
  •   სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
  •   IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
  •   ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
  •   კიბერუსაფრთხოება;
  •   სხვა ბიზნეს მიმართულებები.


ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი  act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

გლობალური კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი – 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს როგორც ბიზნესის, ასევე განვითარების პროექტების მიმართულებით.


15.04.2020

COVID-19 ვირუსის პანდემიამ უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე და გარდაუვალი გახადა აქამდე ტრადიციული პროცესების ცვლილება ბიზნეს თუ სოციალური საქმიანობის თითქმის ყველა სექტორში.

ACT-ის ციფრულმა ინფრასტრუქტურამ და საერთაშორისო პლატფორმებმა საშუალება მოგვცა ვირტუალურ სივრცეში გადაგვეტანა კომპანიის, როგორც სათაო ოფისის ისე საველე და მონაცემთა დამუშავების სამუშაოები უწყვეტად და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფით.

ჩვენი მომსახურება სრულად გაციფრულებულია:

  • დისტანციური ფოკუსური ჯგუფები
  • დისტანციური ჩაღრმავებული ინტერვიუები
  • სატელეფონო კვლევები
  • ინტერნეტ კვლევები

  • ონლაინ შეხვედრები მიმდინარეობს ZOOM.US და GOTOMEETING-ის მხარდაჭერით.
  • მონაცემთა დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი ხდება  IBM SPSS, STATA, R, POLINODE, NODEXL, GEPHI პროგრამებში.
  • ანგარიშგება წარმოებს CANVA, ADOBE ILLUSTRATOR, VISIO, MARKETSIGHT, INFOGRAM, PPT, EXCEL, WORD დახმარებით.


ჩვენ ვართ სრულად ციფრული კომპანია!


19.03.2020

21 მარტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააქტო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის ფინალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს – ნანა ჯანაშიამ (CENN), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარემ კახა კუჭავამ.

ფინალურ ეტაპზე სკოლებმა საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი ცვლილებები წარუდგინეს, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.

კონკურსის  პრემიის ნახევარფინალური ტურების ციკლი საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობდა და ნახევარფინალში მონაწილე 150 სკოლიდან 32 ფინალისტი გუნდი 3 მარტს გამოვლინდა. სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ  საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან სამი გამარჯვებული შეარჩია:

I ადგილი – სოფელ როკითის სკოლა (იმერეთი);

II ადგილი – წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია (სამეგრელო);

II ადგილი – “ქართული სასწავლებელი” (თბილისი)

„ეისითიმ“ ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ფინალისტების დაჯილდოვებაში მიიღო მონაწილეობა.  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსია, რომლის მთავარი მიზანია გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. 2019 წელს კონკურსის თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნები“. კონკურსი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართა.

„ეისითის“ რჩეული გახდა კიცხის საჯარო სკოლის გუნდი, რომელსაც საჩუქრები კომპანიის პარტნიორმა, სოფო ჩაჩანიძემ გადასცა. სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო“, „განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და საქართველოს პარლამენტი.

2019 წელს პრემიის თემაა მდგრადი განვითრების მიზნები (SDGs) და აერთიანებს 500–მდე სკოლას, ქვეყნის მასშტაბით. ფინალის საგზურები გადანაწილდა რეგიონულ ცენტრებში გამართულ ნახევარფინალურ ტურებზე, რომელშიც ყველაზე წარმატებული 150 გუნდი მონაწილეობდა.

22.03.2019