თანამედროვე მსოფლიოში მწვანე გარდამავალ დღის წესრიგზე საუბარი სულ უფრო აქტუალურია, რაც მიზნად ისახავს ეკონომიკისა და საზოგადოების ეტაპობრივ გადასვლას ეკოლოგიურად მდგრად, დაბალნახშირბადიან და რესურსეფექტიან განვითარების მოდელზე, რათა გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. აღნიშნული ისეთ კომპონენტებს უკავშირდება, როგორებიცაა: განახლებადი ენერგია, ენერგოეფექტიანობა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა და სხვა. მათ შორისაა, მწვანე სამუშაო ადგილები, რაც ე.წ. მწვანე ეკონომიკაში ახალი პროფესიებისა და უნარების განვითარებას მოიაზრებს.
სწორედ ამიტომ, მწვანე გარდამავალი დღის წესრიგი ხშირად შრომის ბაზრის ტრანსფორმაციას, ახალ პროფესიებზე მოთხოვნების ზრდას, არსებული სამუშაო ძალის უნარებსა და კომპეტენციებში მნიშვნელოვან ცვლილებებსა და პროფესიული საგანმანათლებლო სისტემების განახლებას უკავშირდება. განსაკუთრებული მოთხოვნაა მომზადება-გადამზადების პროფესიულ პროგრამებზე მშენებლობის, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში.[1]
სამუშაო ძალის ტრანსფორმაციის კონტექსტში გასათვალისწინებელია ასევე ნებისმიერ პროფესიაში მზარდი მოთხოვნა ციფრულ უნარებსა და ამ მიმართულებით შრომის ბაზარზე არსებულ ახალ დაკვეთაზე. როგორც OECD-ის უახლესი კვლევის შედეგი მოწმობს, სხვადასხვა პროგრამის ცოდნის მიმართ დამოკიდებულებები იცვლება.[2] მაგალითად, ისეთ ციფრულ უნარებზე მოთხოვნა, როგორიცაა Microsoft PowerPoint-ი და Word-ი, OECD-ის ყველა ქვეყანაში შემცირდა. ამ მიმართულებით აქტუალურობის შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ეს კომპეტენცია დამსაქმებლებისთვის კანდიდატისთვის ავტომატურად ნაგულისხმევად მოიაზრება და კონკურენტულ უპირატესობას შრომის ბაზარზე სრულებით არ წარმოადგენს. მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, Excel-ი კვლავაც ინარჩუნებს აქტუალობას კონკრეტულად მონაცემთა ანალიზში. ის კვლავ ფართოდ გამოიყენება ფინანსური მოდელირებისთვის, მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისთვის და ბიზნეს ანალიტიკის აპლიკაციებისთვის. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შრომის ბაზრის ამგვარი ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ დამსაქმებლებმა, შესაძლოა, პრიორიტეტი მიანიჭონ უფრო სპეციალიზებულ ციფრულ უნარებს, განსაკუთრებით მონაცემთა ანალიზში, ავტომატიზაციასა და კოდირებაში. იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები აერთიანებს AI-ზე მომუშავე ხელსაწყოებსა და ბიზნეს ანალიტიკის პლატფორმებს, ადამიანები, რომლებიც ტექნიკურ ციფრულ უნარებს ავლენენ, უფრო მეტად გამოირჩევიან და სასურველი კანდიდატები არიან დამსაქმებელთათვის, ხოლო საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის ზოგადი ცოდნა აღარ გამოარჩევს კანდიდატებს.
ამას ემატება გაზრდილი მოთხოვნა კომუნიკაციის, ლიდერობისა და მართვის უნარებზე, რაც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებზე (მოკლევადიანი ტრენინგები თუ პროფესიული პროგრამები) მუშაობისას.
ეისითი გლობალი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. გარდა მწვანე ეკონომიკის მიმართულებით კვლევებისა, კომპანია საკონსულტაციო მომსახურებას უწევს დაინტერესებულ მხარეებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეისითი გლობალი, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ორ მსხვილ პროექტზე მუშაობს ბალკანეთსა და შუა აზიაში.
ჩრდილოეთ მაკედონია მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. ამ პროცესის ნაწილია ინიციატივა, რომელსაც ეისითი გლობალი ახორციელებს და ის მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოსექტორის მნიშვნელოვანი მოთამაშის, კომპანია MEPSO-ს სასწავლო ცენტრის შექმნას ოჰრიდში, ტრენინგებისა და აკრედიტებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას და ენერგეტიკული სექტორის უნარების მდგრად განვითარებას.[3]
რაც შეეხება ტაჯიკეთს, რომლის ენერგეტიკის სექტორიც მოდერნიზებას საჭიროებს, ეისითი გლობალი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს, რომელიც ენერგოსექტორის თანამშრომლების კვალიფიკაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად[4]. კერძოდ, ქვეყნის წამყვანი ენერგეტიკული კომპანიისთვის STB ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება, რომელიც მოამზადებს სამუშაო ძალას ახალი მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული და ტექნიკური უნარებით. პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციებით ტაჯიკეთს ექნება კონკრეტული მექანიზმები, რომლებიც მას ენერგეტიკის სექტორში მომავლის მოთხოვნებთან შესაბამისი სამუშაო ძალა მომზადებაში დაეხმარება.
ორივე ქვეყანაში, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის შექმნასთან ერთად, ეისითი გლობალის გუნდი, რომელიც ქართველი და ადგილობრივი ექსპერტებითაა დაკომპლექტებული, უზრუნველყოფს საპილოტე პროგრამების განხორციელებას და თანამშრომლობის მექანიზმების შექმნას, რაც ჩრდილოეთ მაკედონიასა და ტაჯიკეთში მდგრადი განვითარების წინაპირობად შეიძლება იქცეს.
აღნიშნული პროექტების განხორციელებით, ეისითი გლობალი არამხოლოდ ხელს შეუწყობს მომავლის მოთხოვნებთან შესაბამისი მწვანე სამუშაო ძალის შექმნას ჩრდილოეთ მაკედონიასა და ტაჯიკეთში, არამედ პარტნიორებთან თანამშრომლობით, წვლილს შეიტანს გლობალური მწვანე გარდამავალ დღის წესრიგში.
[1] https://www.oecd.org/en/publications/how-the-green-transition-reshapes-vocational-education-and-training_4819bf34-en/full-report.html?utm_source=chatgpt.com
[2] https://www.oecd.org/en/publications/empowering-the-workforce-in-the-context-of-a-skills-first-approach_345b6528-en/full-report.html
[3] https://act-global.com/ka/georgia/new/unarebis-ganvitarebis-akhali-proekti-chrdiloet-makedoniashi
[4] https://act-global.com/ka/georgia/new/tajiketis-energosektoris-mkhardasacherad-act-globali-akhal-proekts-itsqebs