მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ყოველ შესაძლებლობაზე ვცდილობ ახალი ქვეყანა მოვინახულო, ბოლო ოთხი-ხუთი წელია ჩემი საზღვარგარეთული არდადეგების ყველა ამბავი გერმანიასთან არის დაკავშირებული, ამის მიზეზი გერმანიაში „გადაცხოვრებული“ ჩემი მეგობრები არიან, რომლებმაც გერმანიის სხვადასხვა რეგიონში დაიდეს ბინა უკეთესი ცხოვრების ძიებაში.
ჩემს გარშემო ტენდენციური გახდა ახლობელი ადამიანების წასვლა ან წასვლის მცდელობა სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში, მათი ძირითადი მოტივი უკეთესი შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის მიღებაა, ხოლო გამგზავრების ვადა განუსაზღვრელი ან სამუდამო - ანიტა 27 წლის: „საზღვარგარეთ წავედი იმიტომ, რომ საქართველოში ცხოვრება ყოველდღე თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა სოციალური, ეკონომიკური და მენტალური ფაქტორების გათვალისწინებით. არ მინდა მთელი ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაში გავატარო, მსურს დავტკბე ცხოვრებით და ვიყო იმ გარემოში, სადაც საშუალება მექნება განვვითარდე, ვისწავლო, გავერთო და ა.შ“.
ქვეყნიდან ხანგრძლივი პერსპექტივით წასვლის ძირითადი მიზეზების სია, რომელსაც ჩემს გარშემო ადამიანები ასახელებენ, გრძელია და ძირითადად მოიცავს სოციო-ეკონომიკურ ფაქტორებს: საკვების და პირველადი მოხმარების ნივთების სიძვირე, მაღალი ფასი უძრავ ქონებაზე, დაბალი შემოსავლები და ა.შ., მნიშვნელოვანია უპერსპექტივობის განცდა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ არასტაბილურ მდგომარეობას, ზოგად გეოპოლიტიკურ სიტუაციას უკავშირდება, სახელდება ასევე სათანადო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობაც.
პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე ეისითის გუნდმა გადაწყვიტა ეკვლია მიგრაციასთან დაკავშირებული მოსახლეობის განწყობები, მათი გამოცდილება და მოეგროვებინა ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც მკითხველს გიზიარებთ.
მიგრაციის ზოგადი სურათის სანახავად საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ მოპოვებულ ოფიციალურ მონაცემებს გავეცანით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, აღსანიშნავია, რომ მათგან უმრავლესობა - 80.5% (100 802 -ადამიანი) საქართველოს მოქალაქე იყო. კვლევითი გუნდი დაუკავშირდა საქსტატს, რათა მოეძიებინა ინფორმაცია თუ რა მიზნით, რა სამუშაო ტიპით და რომელ ქვეყნებში ემიგრირდებოდა საქართველოდან მოსახლეობა 2022 წელს, თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია არ იყო ხელმისაწვდომი. რაც შეეხება იმიგრაციის მაჩვენებელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2022 წელს იმიგრანტების რაოდენობამ 179 778 ადამიანი შეადგინა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა წილი 30.3% იყო (54 405 ადამიანი).
როგორ ავხსნათ მიგრაციის დადებითი სალდო?
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა 46 397 მოქალაქით სჭარბობდა ქართველ იმიგრანტთა რაოდენობას, 2022 წელს მიგრაციის სალდო დადებითი იყო და ქვეყანაში 54 509 -ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე გავიდა. საქართველოში 2022 წელს რუსეთის ფედერაციიდან შემოდინებული იმიგრანტთა რაოდენობა, ყველა სხვა ქვეყნის იმიგრანტთა რაოდენობას სჭარბობს და 62 304 მოქალაქეს შეადგენს. მაღალია უკრაინიდან - 20, 716 და ბელორუსიიდან - 13, 316 მიგრირებულ ადამიანთა რიცხვი. საერთო ჯამში 2022 წელს მხოლოდ ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა სჭარბობდა იმიგრანტების რაოდენობას, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ მიგრაციის სალდო დადებითი სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოდინების ხარჯზეა. მათ შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა რიცხვი მინიმუმ სამჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის იმიგრანტთა რაოდენობას.
*იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2022 წელს მოქალაქეობის მიხედვით
მწვანე ბარათი
პოზიტიურად ზრდადი მიგრაციის სალდოს პირობებში, ქართული მოსახლეობა ეძიებს სხვადასხვა გზებს, რათა დატოვოს ქვეყანა. საქართველოდან ემიგრაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა წარმოადგენს. ჩემს გარშემო გამრავლდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მწვანე ბარათი შეავსო ან მომავლის ერთ-ერთ ალტერნატიულ გეგმად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვედრას განიხილავს. დავინტერესდით საქართველოდან მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეთა და მწვანე ბარათის მფლობელთა რაოდენობით. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით 2011-დან 2021 წლის ჩათვლით იმ ქართველი მოსახლეობის რიცხვი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა მოეგო „მწვანე ბარათი” თითქმის გასამმაგდა, 39,253-დან 112,464 გახდა. გასულ 2022 წელს 2,071 საქართველოს მოქალაქემ მოიგო „მწვანე ბარათი“, ხოლო 2002 წლიდან 2022 წლების ჩათვლით აღნიშნულმა მაჩვენებელმა - 18,737 ადამიანს მიაღწია. ეკა 43 წლის: „მეუღლესთან ერთად რამოდენიმეჯერ შევავსე „გრინ კარტა“, მინდა წავიდე ამერიკაში დასაქმების მიზნით. საქართველოში მაქვს სამსახური. სურვილიც მაქვს ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრო და ვიმუშაო, თუმცა მაქვს არასტაბილურობა და დაუცველობის შეგრძნება, როგორც მე ასევე ჩემს მეუღლეს. ჩვენი წასვლის მიზეზი დაბალშემოსავლიანი და არასტაბილური სამსახურია. ქვეყნის უკუსვლა და მომავლის, განვითარების და წინსვლის არქონა.“
მოსახლეობის განწყობები და სამომავლო გეგმები
ჩემი განწყობა ემიგრაციასთან დაკავშირებით დაემთხვა მოსახლეობის უმრავლესობის მოსაზრებას, ეისითის კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქართული მოსახლეობის უმრავლესობა - 83% იზიარებს მოსაზრებას, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში ხანგრძლივი დროით ან სამუდამოდ საცხოვრებლად გამგზავრებულთა რაოდენობამ მოიმატა. 10 რესპოდენტიდან 9 მიიჩნევს, რომ გამგზავრების ძირითადი მიზანი სამუშაოს ძიებაა, რაც შეეხება გამგზავრების მიზეზებს, მოქალაქეების აზრით ქვეყნიდან გადინება ძირითადად სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს უკავშირდება: დაბალი პენსიები და შემოსავლები - 69%, სამუშაო ადგილების ნაკლებობა - 62%, გაძვირებული პროდუქცია და მომსახურება (საკვები, ტანსაცმელი და აშ.) – 42%. მოსახლეობის თითქმის მეხუთედი - 18% ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას და დაბალ ხარისხს უსვამს ხაზს, 16%-სთვის ემიგრაციის ძირითად მიზეზს საზოგადო უპერსპექტივობის განცდა წარმოადგენს.
გამგზავრების რეალური გამოცდილება
რაც შეეხება თავად რესპონდენტების საზღვარგარეთ გასვლის რეალურ გამოცდილებას, ბოლო 3 წლის მანძილზე, ყოველი მეორე მოქალაქე რესპონდენტი ან მისი ოჯახის წევრი, ან რესპონდენტი ოჯახის წევრებთან ერთად, გასული არის საზღვრებს გარეთ . აღსანიშნავია, რომ თბილისში ეს გამოცდილება უფრო გავრცელებულია - 56%, ვიდრე რეგიონში - 41%. რესპონდენტები ან/და მათი ოჯახის წევრების ნახევარზე მეტი - 51% მუშაობის მიზნით მიდიოდა საზღვარგარეთ, რესპონდენტების მეოთხედი - 25% დასასვენებლად. დედაქალაქიდან საზღვარგარეთ წასულების 43% დასასვენებლად იყო გასული, რეგიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი - 61% კი სამუშაოდ.
სამომავლო გეგმები და მოლოდინები
ამ ბოლო დროს, ერთ-ერთ სამომავლო გეგმად მეც განვიხილავ საზღვარგარეთ გამგზავრებას, ეს ჩემთვის უფრო „იძულებითი ალტერნატივაა“, ვიდრე რეალური სურვილი. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტთა მეოთხედს - 25%-ს ასევე აქვს ხანგრძლივად ან სამუდამოდ გამგზავრების სურვილი. ძირითადი მიზეზები რატომაც რესპონდენტებს ხანგრძლივად ან სამუდამოდ გამგზავრების სურვილი აქვთ კვლავაც დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან, რესპონდენტების შედარებით მცირე ნაწილის მიერ დასახელებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორებიც არის საზოგადოდ უპერსპექტივობის განცდა -14%, განათლების მიუწვდომლობა ან მისი დაბალი ხარისხი - 13%, ჯანდაცვის მომსახურების მიუწვდომლობა ან დაბალი ხარისხი - 12%, აღსანიშნავია, რომ განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა აქტუალურია თბილისის მოსახლეობის უფრო მეტი წილისთვის.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იმიგრაციის ზრდის ფონზე ჩემი ქართველი მეგობრები/ნაცნობები უკეთესი ცხოვრების საძიებლად განვითარებული ქვეყნებისკენ მიემგზავრებიან, ძირითადად გერმანიაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეისითის კვლევის მიხედვითაც რესპონდენტები მეხუთედს, მათ, ვისაც სურთ ხანგრძლივად ან სამუდამოდ ქვეყნიდან გამგზავრება ძირითადად გეზი აღებული აქვთ გერმანიასა (20%) და ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ (20%), აღსანიშნავია, რომ რეგიონში გერმანიაში წასვლის მსურველთა რიცხვი შედარებით მაღალია და 23%-ს შეადგენს, ხოლო, დედაქალაქიდან რესპონდენტთა მეოთხედს - 30%-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს გამგზავრება. ყოველ მესამე რესპონდენტს (28%) უჭირს გვითხრას თუ სად სურს ხანგრძლივად ან სამუდამოდ გამგზავრება.
რაც შეეხება ემიგრაციაში წასული ქართველი მოსახლეობის დაბრუნების პერსპექტივას, ყოველი მეოთხე (39%) რესპონდენტის მოსაზრებით ქვეყნიდან წასული მოსახლეობა უკან აღარ დაბრუნდება, ამ მოსაზრებას იზიარებს თბილისის მოსახლეობის ნახევარი - 49%.
ჩვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩემთვის ყველა მოგზაურობის ძალიან საყვარელი ნაწილი საქართველოში დაბრუნებაა, ხშირად მაქვს სურვილი, რომ გარემო პირობები მიჩენდეს საქართველოში დაბრუნების სურვილს და არა ძალიან სუბიექტური მიზეზები, თუმცა ვაცნობიერებ იმასაც, რომ ჩვენ ერთად ვქმნით ასეთ გარემოს, რა თქმა უნდა პირველ რიგში ნდობის მანდატით, რომელსაც ამ გარემოს შექმნის პასუხისმგებელ პირებს ვანიჭებთ და მეორეს მხრივ აქტიური მოქალაქეობით, რომლითაც ამ პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ვუწყობთ ხელს.
კვლევის მეთოდოლოგია: კომპანია ეისითიმ მოსახლეობის გამოკითხვა მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2023 წლის ივნისის პერიოდში ჩაატარა. კვლევაში მონაწილეობა 18+ ასაკის, შემთხვევითად შერჩეულმა, 801-მა საქართველოს მოქალაქემ მიიღო, ქვეყნის მასშტაბით. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ შეადგენს 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
საქსტატის მეთოლოგიის მიხედვით:
ემიგრანტია
პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 6 თვით (183 დღე) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შესაძლებელია დღეების ეს რაოდენობა რამდენიმე გასვლის ჯამიც იყოს.
ამასთან ქვეყნიდან გასული ამ პირისთვის საქართველო უნდა ყოფილიყო მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული უნდა ჰქონოდა სულ მცირე 6 თვე).
იმიგრანტია
პირი, რომელმაც გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 6 თვით იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ეს რამდენიმე შემოსვლის ჯამიც იყოს. ამასთან საქართველო არ იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას საქართველოს საზღვრებს გარეთ წინა 12 თვეში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 6 თვე).
მიგრაციის სალდო სახელმწიფოდან გასული და შემოსული ადამიანების თანაფარდობა.
წყაროები:
1. https://publika.ge/2022-wels-saqartvelos-100-000-ze-meti-moqalaqe-wavida-emigraciashi-saqstati/
2. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia
3. https://www.usgreencardoffice.com/winners/DV-2023