/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
მარიამ საყევარიშვილი - ინსაიტები
20.06.2022

მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, როგორ აკმაყოფილებს პირობებს - ასეთი გახლდათ ევროკომისიის ვერდიქტი 2022 წლის 17 ივნისს, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა. „თანამებრძოლმა“ უკრაინამ და მოლდოვამ კი, პერსპექტივასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციაც მიიღეს.


ამავე რეკომენდაციით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდება, თუ შეძლებს, თავადვე ამოიყვანოს საკუთარი თავი ჭაობიდან და განახორციელოს უკვე არაერთხელ მოთხოვნილი რეფორმები სასამართლოში, აღმოფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, მოახდინოს დეოლიგარქიზაცია, ეფექტიანად გამოიძიოს სამართალდარღვევები, ხელი შეუწყოს თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი მედია გარემოს შექმნას და სხვა.


17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია იმედგაცრუება აღმოჩნდა არაერთი ჩვენი თანამემამულისთვის. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე შექმნილი შესაძლებლობა და მისი არ/ვერ გამოყენების განცდა; ბრაზი ხელისუფლების, თუ საკუთარი უსუსურობის მიმართ და გულში სუსტად მოკიაფე იმედი, რომ ევროსაბჭო არ გაითვალისწინებს ევროკომისიის რეკომენდაციას, ალბათ იმ განცდებისა და იმედების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც თითოეულ ჩვენთაგანს 17 ივნისს დაეუფლა.


ოპტიმისტური მოლოდინები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიმართ და ევროპული არჩევანის უპირატესობების უპირობო აღქმა კიდევ ერთხელ უჩვენა „ეისითის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 802 რესპონდენტი გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ კვლევის საველე სამუშაოები 17 ივნისის ევროკომისიის სხდომამდე ერთი დღით ადრე დასრულდა და 11-16 ივნისის პერიოდი მოიცვა. კვლევის შერჩევის ცდომილებამ 4.2% შეადგინა.

 

ქართველი ხალხი ნაპოლეონის წინააღმდეგ


გეოგრაფია ბედისწერაა - ამ ფრაზას ნაპოლეონ ბონაპარტს მიაწერენ. თუმცა, ამ ბედისწერის შეცვლის სჯეროდათ გამოჩენილ ქართველებს საუკუნეების წინ და გვჯერა ახლაც, როდესაც ვცდილობთ მასთან პირდაპირი საზღვრის არქონის მიუხედავად, ევროპული ოჯახის წევრებად ვიქცეთ. ევროპა ჩვენთვის არა მხოლოდ უამრავი სარგებელია კონკრეტულ სფეროებში, არამედ იმ ღირებულებების განსხეულებაა, რომლებიც წინაპრების გზაზე გვაბრუნებს.

ამიტომ, გამოკითხულების აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - როგორც გზა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ - მნიშვნელოვანია: ასეთია გამოკითხულების 84%-ის აზრი. მათი რიცხვი, ვისაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოდ ეჩვენება, არ აღემატება 11%-ს.


თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება?




ამავდროულად, ყოველი მეორე გამოკითხული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უახლოესი თვეების განმავლობაში ელის (50%). სტატუსის მიღების იმედი არ აქვს 33%-ს, კითხვაზე პასუხის გაცემა კი ვერ შეძლო რესპონდენტების 17%-მა.


ასოცირებული ტრიო - ბოლომდე ერთად


ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას - ევროინტეგრაციისკენ გაცხადებულ სწრაფვასთან ერთად, საერთო რუსული მძიმე მიმკვიდრეობა და დაკარგული ტერიტორიებიც აერთიანებთ. მსგავსი კონტექსტი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეული ორიენტაცია ევროკავშირის წევრობისკენ, ერთი შეხედვით, პერსპექტივების მსგავსებასაც ქმნიდა, თუმცა 17 ივნისს ევროკომისიის რეკომენდაციებმა დაადასტურა საქართველოს რამდენადმე განსხვავებული აღქმა. ერთგვარ იმედგაცრუებად იქცა მოლდოვის დაწინაურება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა არც საომარ მოქმედებებშია ჩართული და, შეუიარაღებელი თვალით, არც გამორჩეული, ნახტომისებრი პროგრესი აქვს.


ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შანსები საქართველოსა და მოლდოვისთვის, მოსახლეობის გადასახედიდან, ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, კვლევამაც დაადასტურა. მონაცემების თანახმად, რესპონდენტები განსაკუთრებით გამოყოფდნენ უკრაინის მაღალ შანსებს, მიეღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს და მოლდოვას კი, დაახლოებით მსგავსად აფასებდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი და რუსული აგრესიის ყოველდღიურად მომგერიებელი უკრაინის შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, გარკვეულწილად, როგორც მოცემულობა, მაგრამ მოლდოვასთან მიმართებაში, პრაქტიკულად, თანაბარი შანსების აღქმა და დამდგარი შედეგი წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მოლოდინებთან, საქართველოც ეხილათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონეთა რიგებში.


როგორ აფასებთ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვების შანსს საქართველოსთვის? უკრაინისთვის? მოლდოვისთვის? 




ირიბი დადასტურება იმისა, რომ მოსახლეობა ელოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არის დებულებაზე პასუხიც „საქართველო ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირის წევრობასთან“, რასაც დაეთანხმა ყოველი 5 გამოკითხულიდან თითქმის 4 (76%), და არ დაეთანხმა მხოლოდ 1 გამოკითხული (21%). რესპონდენტების 3%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ შეძლო. შესაძლებელია, დებულებაზე დათანხმება ასევე გულისხმობდეს ხელსაყრელი მომენტის აღქმას მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, რაც ქვეყანამ ვერ გამოიყენა. ამას მოწმობს გამოკითხულების 2/3-ის აზრი იმის თაობაზე, რომ „თუ საქართველო უახლოეს მომავალში არ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მას ასეთი შანსი დიდხანს აღარ ექნება“ (66%).


ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებებს:




დამსახურება და პასუხისმგებლობა მოსალოდნელ სტატუსზე


კითხვამ იმის თაობაზე, თუ ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვისი დამსახურება იქნება ეს, უჩვენა, რამდენად არის დისკრედიტირებული პოლიტიკური კლასი ქვეყანაში და როგორ რჩებიან მოქალაქეები საკუთარი თავის იმედად/ამარა. კერძოდ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში, გამოკითხულების ყველაზე დიდი წილი ამაში ხალხის და არა პოლიტიკოსების დამსახურებას დაინახავდა (40%). კრებსითად საქართველოს მთავრობის როლზე საუბრობს 2-ჯერ ნაკლები - რესპონდენტების 20%. პარლამენტის, ქვეყნის პრემიერის და პრეზიდენტის როლზე კი, მთლიანობაში, მიუთითებს 14%. დასავლეთის/ევროპელი პარტნიორების როლზე საუბრობს რესპონდენტების 9%.


იმ შემთხვევაში კი, თუ ქვეყანა ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, 10-დან 4 გამოკითხულისთვის ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება (38%). რესპონდენტების 16%-ის აზრით, შექმნილ ვითარებაზე ასევე პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი და ბიძინა ივანიშვილი. გამოკითხულების 12% ხედავს ოპოზიციური პარტიების ბრალეულობასაც.


თქვენი აზრით, თუ საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვისი დამსახურება იქნება ეს?



თქვენი აზრით, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ვის ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა?



ევროკავშირის წევრობა უდრის ქვეყნის განვითარებულ მომავალს


მოსახლეობისთვის სრულიად აშკარაა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული სარგებელი. კერძოდ, 10-დან 9 გამოკითხულისთვის ევროკავშირის წევრობა პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის განვითარებულ მომავალს (90%), მეტ ინტერესს და მოტივაციას აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის საქართველოსთან შემოერთებისთვის (72%), დაცვას რუსეთის სამხედრო აგრესიისგან (66%). მეტიც: არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობა, არამედ მისი წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაც კი რესპონდენტების დიდი უმრავლესობისთვის (84%) მკაფიო სიგნალია რუსეთისთვის, რომ ქვეყანას დასავლური კურსი აქვს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რესპონდენტების ამ ნაწილისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არ მიღება თუ პირდაპირ საპირისპიროზე არა, ქვეყნის საეჭვო საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე მაინც შეიძლება მიუთითებდეს.


ეთანხმებით თუ არა შემდეგ დებულებებს:



რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებით მიღებულ სარგებელს სექტორების მიხედვით, გამოკითხულები ყველაზე მეტად ამას ეკონომიკაში ელიან (57%). აღნიშნულ პასუხს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, თუმცა დასახელების სიხშირით მეორე-მესამე ადგილს იკავებს სარგებელი განათლებაში (42%) და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვაში (41%). ხუთეულს ასრულებს სარგებელი ჯანდაცვასა (35%) და სამხედრო სექტორში (36%) - ამ უკანასკნელში ევროკავშირის როლის აღქმა, სავარაუდოდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენებით უნდა აიხსნას.


აქვე უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უახლოეს მომავალში რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობა - 89% აღიქვამდა სამართლიან გადაწყვეტილებად საქართველოს მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 17 ივნისის გადაწყვეტილებამ არ გააძლიეროს აპათიის განცდა, ქვეყნის ხელისუფლებამ კი ყველაფერი იღონოს რეკომენდაციების პაკეტის შესასრულებლად და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს.

10.03.2022

ჰაერი დიდი ხნით ადრე გაიჟღინთა დენთის სუნით და მთელი მსოფლიო დაძაბული ელოდა, რა მოხდებოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, 24 თებერვლის დილა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - რუსი სამხედროები უკრაინაში შეიჭრნენ და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს. არ გამართლდა იმედის ბოლო წვეთი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა „ველიკოძერჟავულ“ ამბიციებზე. სპეცოპერაციად მონათლული უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“, სინამდვილეში კი, დაუნდობელი და აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, უკვე ორი კვირაა გრძელდება.


ომი უკრაინაში აინტერესებთ და აღელვებთ საქართველოშიც, სადაც არ წყდება უკრაინის მხარდამჭერი აქციები, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება და სოლიდარობის სხვადასხვა აქტი. ერთი მხრივ, ერთ ბედს ქვეშ ყოფნის და საერთო საფრთხეების აღქმამ, მეორე მხრივ კი, უკრაინელების მიერ გამოვლენილმა არნახულმა საბრძოლო სულმა და ცალკეული ადამიანების გმირობამ ეს ომი რიგითი ქართველებისთვისაც კი ძალიან ახლოს მოიტანა და ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.


ყველასათვის აქტუალურ თემას გვერდი არც „ეისითიმ“ აუარა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხა. კვლევის მიზანი იყო გამოევლინა, როგორ ხედავენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ომს, რა მოლოდინები აქვთ და რამდენად სოლიდარულები არიან ომში ჩართული მხარეების მიმართ. სატელეფონო კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-6 მარტს და მან 809 რესპონდენტი მოიცვა. შერჩევის ცდომილებამ 4.2 % შეადგინა.


ჩვენ მივეჩვიეთ ქვეყნის შიდა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების მუდმივ პოლარიზაციას, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის თემამ ქართველების ერთსულოვანი და მკაფიო პოზიცია გამოავლინა. რუსეთ-უკრაინის ომზე კონსენსუსი ისეთი თვალსაჩინოა, როგორც არასდროს, არცერთ სხვა საკითხზე.


და მაინც, ვინ არის რუსეთი?


მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა - 84% პირდაპირ ამბობს, რომ „რუსეთი მტერია“. მათი რიცხვი, ვინც ამ აზრს არ იზიარებს, 11%-ს არ აღემატება. რუსეთის აღქმა სრულიად ერთგვაროვანია და მისი ბუნების შესახებ კითხვებს არ ტოვებს, შესაბამისად მოფიქრალი ადამიანების დიდი რაოდენობა კი გვაფიქრებინებს, რომ ეს თემა შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დგას და სხვადასხვა შეხედულების ადამიანებს აერთიანებს.



ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (91%) არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულია. ეს ნიშნავს, რომ პოზიცია მკაფიო და ერთიანია იმის მიმართაც, თუ ვის მხარეს არის სიმართლე.



როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში?


კვლევა ცხადყოფს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი (49%) მაინც არ ელოდა რუსეთის მიერ ომის დაწყებას უკრაინის ტერიტორიაზე. 17% მოელოდა საომარ მოქმედებებს რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მის შემოგარენში, ყოველი მესამე გამოკითხული კი მოელოდა ომს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, კიევშიც (31%).


3 გამოკითხულიდან 2 რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებას უკრაინას უწინასწარმეტყველებს (63%). 12%-ს პესიმისტური პროგნოზი აქვს და რუსეთის გამარჯვებას მოელის. ყოველი მეხუთე გამოკითხული დაბნეულია და არ იცის ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი (20%). არიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ამ ომს გამარჯვებული არ ეყოლება (5%).


10-დან 9 გამოკითხული გულშემატკივრობს უკრაინას და ომში მისი გამარჯვება უნდა (88%). რუსეთ-უკრაინის ომში გამარჯვებული რუსეთის ხილვა სურს ქვეყნის მოსახლეობის უკიდურესად მცირე რაოდენობას - 1%-ს.




რას უქადის რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს? 


კვლევის მონაცემი ცხადყოფს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაწყებული ომი მოსახლეობისთვის აქტუალური და მტკივნეული თემაა. თითქმის ყველა გამოკითხული მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს სრულად ან ნაწილობრივ ეხება (96%). კვლევის მიხედვით შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისას რესპონდენტები გულისხმობდნენ ქვეყანაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, თუ სხვა ტიპის გავლენას, თუმცა ფაქტია, რომ მათთვის ეს ომი არ მიდის სადღაც სხვაგან და განყენებულად.



უფრო კონკრეტული დებულებების სახით დასმულმა კითხვებმა, რომლებზე თანხმობით ან არდათანხმებითაც გამოკითხულები თავიანთ აზრს გამოხატავდნენ, უჩვენა, რომ:

  • ქვეყნის მოსახლეობის 87% თვლის, რომ „უკრაინის ომი ჩვენი ომიც არის“.
  • ქვეყნის მოსახლეობის 72% მოელის, რომ „თუ რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს, შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება“. მონაცემიდან გამომდინარე ცხადია, ადამიანური სოლიდარობის გარდა, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ გამოკითხულები უკრაინის გამარჯვებას ამ ომში.


გამოკითხულების ნახევარი (51%) რუსეთის მხრიდან პრობლემებს მოელის ნებისმიერ შემთხვევაში. მათი აზრით, „იმის მიუხედავად, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში, რუსეთი შეიძლება მაინც შემოიჭრას საქართველოში“. მოსახლეობის ამ ნაწილისთვის რუსეთს არ სჭირდება საგანგებო მიზეზი ან ხელსაყრელი გარემო იმისთვის, რომ ქვეყანას ტანკებით მოადგეს



უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დაძაბული ადევნებს თვალს და უკრაინის გამარჯვებას ელის. რამდენად ტრანსფორმირდება მოსახლეობის განწყობები ქმედებებსა და დამოკიდებულებებში - დრო გვიჩვენებს, ქვეყნის სახელით გადაწყვეტილების მიმღებთათვის კი მესიჯები სრულიად მკაფიო და არაორაზროვანია.

28.08.2020

კორონავირუსი, რომელმაც აგერ უკვე მესამე თვეა მოიცვა და თავდაყირა დააყენა მთელი სამყარო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პანდემიამ შეცვალა გარემო და თამაშის წესები არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში. ელიან, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობმა ვირუსმა შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს ადამიანების ზოგიერთი ქცევა და ყოველდღიური ცხოვრების წესი.


ახალმა რეალობამ ბიზნესისგან მოითხოვა სრულიად განსხვავებული პასუხები თითქოს უკვე კარგად ნაცნობ, არაერთხელ პასუხგაცემულ კითხვებზე, მარკეტინგი კი, როგორც მედიატორი ბიზნესსა და მოხმარებელს შორის, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა „ფრონტის წინა ხაზზე“. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი შექმნის მარკეტინგის როლისა და მიდგომების განახლების საჭიროებას, რათა ფორსმაჟორულ რეჟიმში კომპანიებმა უკეთ იგრძნონ მომხმარებლის გულის ფეთქვა და საჭიროებები; არა მხოლოდ უპასუხონ მათ მოთხოვნებს, არამედ თავად შექმნან ეს მოთხოვნა და მართონ ის.


თემის აქტუალობიდან გამომდინარე, „ეისითიმ“ მარკეტინგის გამოწვევებსა და სამომავლო ტენდენციებზე სასაუბროდ სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პროფესიონალ მარკეტერებს მოუყარა თავი. რა შეცვალა კორონავირუსმა? რა გახდა ტენდენცია სექტორში და რამ დაკარგა აქტუალობა? როგორ მოერგნენ კომპანიები ახალ რეალობას? რა ახალი საჭიროებები გაუჩნდა მომხმარებელს? როგორ შეიცვლება მისი ქცევა მომავალში და რა გზით შეეცდება საჭიროებების დაკმაყოფილებას? - დისკუსია ძირითადად, ამ საკითხების გარშემო წარიმართა.


შეხვედრას ონლაინ ფოკუსური ჯგუფის ფორმა ჰქონდა და მასში ისეთი განსხვავებული სფეროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, როგორებიც არის საბანკო და სათამაშო ბიზნესი, საკვები პროდუქტების გაყიდვები და სასტუმროს საქმე. მათთვის, ვისაც ქართულ მარკეტინგთან აქვს საქმე, უცხო ნამდვილად არ იქნება დავით ბირმანის, ნინო ეგაძის, კატია აბსანძის, მიშა ქურდაძის, ლაშა გოგუას და ხათუნა მამადაშვილის სახელები. ცხადია, ერთ დისკუსიაში ვერ შევძლებდით ყველა საინტერესო რესპონდენტის ჩართვას, მაგრამ მიდგომამ უზრუნველყო სფეროს პროფესიონალების შერჩევა სრულიად განსხვავებული სექტორებიდან, მაქსიმალურად მრავალფეროვანი მოსაზრებების მისაღებად. სტატია მოკლედ მიმოიხილავს დისკუსიის შედეგებს ახალი რეალობის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, რომელშიც მარკეტინგის სფერო აღმოჩნდა.


მარკეტერების აზრით, დღეს ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია „მარკეტინგი დარჩეს რელევანტური და მინიმუმამდე დაიყვანოს „ბულშითი“ კომუნიკაციაში“; მოერგოს აუცილებელ მოთხოვნებს, მაგრამ არ გახდეს ხელოვნური და არ დაკარგოს მომხმარებელთან კავშირი. ამავდროულად, დღეს მარკეტინგს უწევს ახსნას და ფინანსურად დაასაბუთოს ყოველი ქმედების მიზანშეწონილება.


შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მარკეტინგის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მარკეტერები მის სწრაფ დიჯიტალიზაციას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ რამდენად კარგად გაუმკლავდებიან სხვადასხვა სექტორები ამ გამომწვევას, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მათ წინა გამოცდილებაზე და, ზოგადად, ბიზნესის სპეციფიკაზე, მისი საქმიანობის დიჯიტალიზაციის ხარისხზე. მაგალითისთვის, საბანკო სექტორი ამ თვალსაზრისით უფრო წინწასული აღმოჩნდა, საკვები პროდუქტების სექტორში კი აქტუალურ პრობლემად რჩება ონლაინ სივრცეში სწრაფი გადასვლა (ე.წ. delivery სერვისების სიმცირე, მარაგების მოუწესრიგებელი მართვა და სხვა). იმ სექტორებში, სადაც დიჯიტალიზაცია პროცესის ორგანული ნაწილია, ამას არ გამოუწვევია მარკეტინგული სტრატეგიების მნიშვნელოვანი გადახედვა და ცვლილება. თუმცა, თავის მხრივ, დიჯიტალიზაცია მარკეტერებმა საკმაოდ რთულ პროცესად განიხილეს, რომელიც კონკრეტულ ექსპერტიზას საჭიროებს და ამ თვალსაზრისით შედარებით ნაკლებად გამოცდილ კომპანიებს შესაბამისი რესურსის გაძლიერების საჭიროების წინაშე აყენებს. როგორც არაერთხელ აღნიშნეს დისკუსიისას, „დიჯიტალი არ არის მხოლოდ ფეისბუქზე „დაბუსტვა“. 


„მომხმარებლის ქცევა შეიცვლება, რასაც ბიზნესმა უნდა უპასუხოს და ადაპტაცია შესაბამისად უნდა მოახერხოს, რისთვისაც დასჭირდება ადამიანური რესურსი. დღეს ეს არის პრობლემური. და ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი ძალიან კარგია ბიზნესებისთვის, რომ აი, ეს პაუზა გამოიყენონ იმისთვის, რომ მოახდინონ ადაპტაცია... თუ ვნახავთ, რომ მომხმარებელი ითხოვს დიჯიტალს, მიაწოდე დიჯიტალი. უბრალოდ, ამას ცოდნა უნდა, როგორ უნდა მიაწოდო დიჯიტალი.“ [ლაშა გოგუა, „ევროპაბეთი“]


კიდევ ერთი ახალი რეალობა, რომელზეც მარკეტერები საუბრობენ, იმის მოთხოვნაა, რომ მარკეტინგი იყოს უფრო რაციონალური, ვიდრე ემოციური. თავის მხრივ, დიჯიტალიზაციამ ხელი შეუწყო იმას, რომ მარკეტინგი ახლა უფრო მეტად არის რიცხვები, ვიდრე აქამდე ყოფილა, რადგან ეფექტიანობის გაზომვა დიჯიტალიზაციის პირობებში უფრო უკეთ არის შესაძლებელი. მარკეტერები თვლიან, რომ მარკეტინგის როლი ხდება უფრო პრაქტიკული და მისგან უფრო ხელშესახები სარგებლის მოტანას ელიან.


„ტელერეკლამის ეფექტურობის გაზომვა 20 წელია ამ ქვეყანაში რთული ამოცანაა და დიჯიტალში ეს, ასე თუ ისე, უფრო მარტივია. მე მგონია, რომ ახლა ზუსტად ის დრო დგება, როცა მარკეტინგი უნდა ალაპარაკდეს ციფრებით, ბევრად უფრო მეტად, ვიდრე აქამდე ყოფილა... ყველა ეს საიმიჯო კამპანიები და ემოციაზე მოთამაშე ნაბიჯები, რომლებიც დამფუძნებელსაც და კლიენტსაც ერთნაირად შეიძლება სიამოვნებდეს, მინიმუმამდე დადის ამ პერიოდში და უმეტესად აქტიურდება „სეილების“ პირდაპირი მხარდამჭერი ფუნქციები.“ [დავით ბირმანი, „თიბისი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დომენები.ჯი]


მარკეტინგის დიჯიტალიზაცია ეტაპობრივად ხდებოდა პროდუქტის დიჯიტალიზაციის გარეშეც, თუმცა ახლა მარკეტერები საუბრობენ თავად ბიზნესის, „პროდუქტების დაჩქარებულ დიჯიტალიზაციაზე“; ონლაინ სივრცეში გადასვლაზე, როგორც გარკვეულწილად, შეუქცევად პროცესზე. მართალია, ოფლაინ ვაჭრობის სრულად ონლაინით ჩანაცვლებას ნაკლებად ელიან, მაგრამ ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ ონლაინ ვაჭრობის კომპონენტი ყველა სექტორში გაძლიერდება. ამას მოწმობს მათი დაკვირვება იმის თაობაზეც, რომ მკვეთრად გაზრდილია მიმართვიანობა ონლაინ მაღაზიების შექმნასა და ვებგვერდზე სრულიად ახალი ტიპის ფუნქციონალზე.


ტრანსფორმაციული პერიოდი ბიზნესებისთვის შეიძლება გულისხმობდეს უფრო რადიკალურ ცვლილებებს - საქმიანობის გაფართოებას ან პროფილის გადახედვას. პანდემიის პირობებში საუკეთესოდ ადაპტირებული ბიზნესის მაგალითად მარკეტერებმა არაერთხელ დაასახელეს „გლოვო“ და „ვოლტი“, რომლებიც მაქსიმალურად მოერგნენ მომხმარებლის საჭიროებებს (თუნდაც გარკვეული ტექნიკური ხარვეზებით). მარკეტერების აზრით, აღნიშნულმა ბიზნესებმა მაქსიმალურად შეძლეს შესაძლებლობების გამოყენება - არა მხოლოდ გადარჩენაზე იზრუნეს, არამედ კრიზისულ პერიოდში გაამრავალფეროვნეს შეთავაზებები და სახლში დარჩენილებს მშველელებად მოევლინენ. უფრო რადიკალური ცვლილების მაგალითი კი მომავალში შეიძლება ზოგიერთი კვების ობიექტი აღმოჩნდეს, რომლებმაც შეიძლება გააძლიერონ მიტანის სერვისი და საერთოდ უარი თქვან ადგილზე დარბაზის/ფართის გამოყენებაზე. მარკეტინგის როლი ასეთ შემთხვევებში ბაზრის მოთხოვნების კანით შეგრძნებასა და პროგნოზირებაშია.


კორონავირუსით გამოწვეულმა ცვლილებებმა ბიძგი მისცა კომპანიებს, სწრაფად მოეხდინათ გადაწყობა ციფრულ პლატფორმებზე, გაეკეთებინათ სწორება ელექტრონულ კომერციაზე. თუმცა, მარკეტერებმა ეს რეაქცია შეაფასეს როგორც, გარკვეულწილად, დაგვიანებული, გარედან იძულებით ნაკარნახევი. მათი აზრით, ელექტრონული კომერციის დაუფასებლობამ და დიჯიტალიზაციის პროცესის გადავადებამ ბიზნესს წლები დააკარგვინა. განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილი რესპონდენტების აზრით, ამ თვალსაზრისით მარკეტერებმა შესაძლებლობებზე რეაგირება და „განგაშის ატეხვა“ მნიშვნელოვნად დააგვიანეს მაშინ, როდესაც აღნიშნული მოთხოვნის შექმნა წლების წინ თავადვე შეეძლოთ.


„ვფიქრობ ბევრ სექტორში მარკეტინგმა რეალობაზე რეაგირება დააგვიანა. გაციფრულების გამოწვევა COVID-ამდეც ცხადი იყო, თუმცა ბევრმა ბიზნესმა და ბევრმა მარკეტერმაც ტრადიციულ ფორმატში დარჩენა ამჯობინა. მაგალითისთვის: ვხედავთ როგორი ტემპით ვითარდება ელ-კომერციის სერვისის მოხმარება, ეს სერვისი აქამდეც ხელმოსაწვდომი იყო თუმცა ბევრ კომპანიას არათუ ელექტრონული გაყიდვა და მიწოდება , ვებგვერდიც არ ჰქონდა პრიორიტეტში. ერთი დაკვირვება ისიცაა, რომ სექტორის მოთამაშე თავად უნდა ავითარებდეს თავის სექტორს, საგანმანათლებლო და ინოვაციური როლი ყველა მოთამაშეს აკისრია. ცოტა მივიწყებული იყო ის ინსაითები და სიგნალები, რომელსაც ბაზარი აშკარად აგზავნიდა და მხოლოდ კრიზისთან შეჯახების დროს მოხდა ბევრ რამეზე რეაგირება.“ [ნინო ეგაძე, თიბისი]


მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები თავად მარკეტინგის როლის, შიდაორგანიზაციული ფუნქციის გადააზრებაზე საუბრობენ. ეს მათთვის თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და ამავდროულად, გარდაუვალი შედეგია. მარკეტინგი დღეს უფრო მეტად გახდა ორგანიზაციული სტრუქტურის ნაწილი, გაიფართოვა ამოცანები და, გარკვეულწილად, ჩაერთო „აღსრულების“ პროცესებშიც. მარკეტინგი აღარ არსებობს სხვა ორგანიზაციული ერთეულებისგან დამოუკიდებლად. მას სულ უფრო ხშირად უწევს საკუთარ თავში გააერთიანოს მომხმარებლის გამოცდილებაც, ბრენდიც, მენეჯმენტიც, ციფრული და არა ციფრული კომუნიკაციის მართვაც; ის აღარ უყურებს მოვლენებს „ვიწრო მარკეტინგულ ჭრილში“ და უფრო ფართო სურათის ნაწილია. მარკეტერები მარკეტინგს სულ უფრო მეტად განიხილავენ, როგორც უფრო ფუნქციურსა და ქმედითს სხვა განყოფილებებთან მჭიდრო კავშირში. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად კომპანიებისთვის შეიძლება პროფესიონალი და მულტიფუნქციური კადრების მოძიება იქცეს. იმისდა მიხედვით, როგორი იქნება შესაბამისი კადრების მომზადების დონე ბაზარზე, კომპანიები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა კომპეტენციები განავითარონ საკუთარ ბაზაზე და რა სერვისები იყიდონ.


„შეიცვლება რეალურად მარკეტინგის როლი კომპანიაში... იყვნენ კომპანიები, რომლებსაც თუნდაც დიჯიტალი არ ესმოდათ, თუნდაც არ ესმოდათ მარკეტინგი რას აკეთებდა. რა უნდა კაცო ფეისბუქში „ინბოქსში“ პასუხის გაცემასო?! არიან კომპანიები, სადაც მარკეტინგი და „სეილი“ ერთად ვერ მუშაობს, არადა ვერ ხვდებიან იმას, რომ ნებისმიერი დახარჯული თეთრი არის „სეილისთვის“ დიდი მხარდაჭერა. რეალურად ყველა მუშაობს კომპანიაში, ყველა დეპარტამენტს აქვს თავის მიზანი, ამიტომ ახლა ბევრად უფრო შეკრული იქნება, ფუნქცია ბევრად უფრო გაიშლება მარკეტინგის და ალბათ სხვა დეპარტამენტები ამას უფრო დააფასებენ...“ [კატია აბსანძე, „ლე მერიდიენ ბათუმი“]


თავის მხრივ, მარკეტერებისთვის რთული აღმოჩნდა იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება მომხმარებელი მას შემდეგ, რაც პანდემიის ქარიშხალი გადაივლის. აღნიშნეს, რომ საამისოდ მარკეტერებს წინ ხანგრძლივი დაკვირვება ელით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილი აზრია, რომ მომხმარებლის „გაზრდაში“ მნიშვნელოვან როლს ბიზნესი ითამაშებს, რომელიც აჩენს მოთხოვნას და კლიენტს ინტერესს აღუძრავს.


ითვლება, რომ მომხმარებლის ქცევაში კონკრეტული ცვლილებების დასაკვირვებლად ცოტა დროა გასული. მარკეტერებისთვის პროგნოზირებას ართულებს, ერთი მხრივ, მიმდინარე პერიოდის ეიფორია, მეორე მხრივ კი, იმის წინასწარ განჭვრეტის შეუძლებლობა, რა ჩვევებს დაკარგავს მომხმარებელი და ამჟამინდელი ქცევებიდან რა შეიძლება „გადაუვიდეს ჩვევაში“. თუმცა, რასაც მარკეტერები თითქმის ეჭვგარეშე პროგნოზირებენ, არის დიჯიტალ სერვისების მოხმარების ზრდა, რასაც გამოიწვევს მათ მიმართ მეტი ნდობის გაჩენა მიმდინარე პერიოდში და, შესაბამისად, მოთხოვნის ზრდა სამომავლოდ; მოელიან, რომ გამყარდება ფულის ონლაინ ხარჯვის ქცევა. ამის შედეგი შეიძლება თითოეულმა ჩვენგანმა ყოველდღიურობაში იგრძნოს - მაგალითად, ქვითრების საჭიროების მინიმუმამდე დაყვანით, როდესაც ადამიანებისთვის კომუნალური გადასახადების ონლაინ გადახდა რუტინა გახდება. ახლა შეიძლება ეს პერსპექტივა ცოტა უჩვეულოდ მოჩანდეს, მაგრამ მის რეალისტურობას კარგად ავლენს სხვა მაგალითი უახლოესი წარსულიდან - სრულიად განსხვავებულ რეალობას მიჩვეულმა ტაქსის მძღოლებმა როგორ მიაშურეს ონლაინ აპლიკაციებს და ისინი სამუშაოს განუყრელ ნაწილად აქციეს.


„მე მგონია, რომ ეს იქნება ახალი მიქსი ონლაინის და ოფლაინის, რაც ახლა ამ წუთებში ხდება და ჩვენ თვალს ვადევნებთ. ისეთი ხალხი ეცნობა დიჯიტალს, რომელსაც ჰქონდა ბარიერი. დიჯიტალს ვინც ვიყენებთ, საერთოდ არ წარმოგვიდგენია, რომ ვიღაცა სხვა ვერ იყენებს, მაგრამ ახლა არის ისეთი კრიზისული მომენტი, დიჯიტალის შესაძლებლობებს ეცნობა ის ხალხი, რომელსაც მისი ეშინოდა, ანუ რომელთაც ჰქონდათ ბარიერი ონლაინში ფულის დახარჯვის.“ [დავით ბირმანი, თიბისი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დომენები.ჯი]


მარკეტერები კიდევ უფრო ფრთხილად საუბრობენ და პრაქტიკულად, ვერ პროგნოზირებენ, რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს მომხმარებლის ცხოვრების სტილმა. მაგალითად, გადაჭრით ვერავინ იტყვის, თვეების მანძილზე ჩვეულ გართობებზე უარის თქმამ (კონცერტებზე ან საფეხბურთო მატჩებზე დასწრება) რამდენად ერთგული შეიძლება დატოვოს მომხმარებელი ერთ დროს საყვარელი აქტივობების მიმართ. კიდევ უფრო რთულია იმაზე საუბარი, როგორ შეიცვლება მომხმარებლის მოთხოვნები არა ემოციური, არამედ უფრო რაციონალური საჭიროებების მიმართ. მაგალითად, პირისპირ ინტერაქციას მოწყურებული მომხმარებელი დაეშურება მეტ ფიზიკურ ტრენინგსა თუ სემინარზე დასწრებას, თუ უკვე გარკვეულ კომფორტად ქცეული ონლაინ სივრციდან ჩართვას და ფულის დაზოგვას ამჯობინებს. მარკეტერები მომხმარებლების ჩვევების განახლებაზე საუბრობენ, რომელიც არავინ იცის, სად მიგვიყვანს.


სამყარო კი კვლავ დაძაბულად ადევნებს თვალს კორონავირუსის გავრცელებას და პანდემიით გამოწვეულ ცვლილებებს, თუმცა ეს პერიოდი მისთვის, უამრავ სირთულესთან ერთად, ახალი შესაძლებლობებისა და ინსპირაციის წყაროდაც შეიძლება იქცეს.


*„ეისითი“ განაგრძობს შეხვედრების სერიას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან. დაელოდეთ ჩვენს შემდეგ სტატიას ქართული ბრენდების შესახებ, რომლებიც საკუთარი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტს ეწევიან.