/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
კესო ესებუა - ინსაიტები
06.08.2021

ტრანსფორმირებული უმაღლესი სასწავლო პროცესის შესახებ

კოვიდრეალობასთან ადაპტაცია, დღევანდელობის აუცილებლობა გახდა. ადამიანებს მასთან თანაცხოვრების სწავლა, ქვეყნებს კი - პანდემიის შედეგების განსაზღვრა და მასზე აქტიური მუშაობა უწევთ. ამ კოვიდქაოსს არც განათლების სფერო ჩამორჩა, რომელმაც საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო. ჯერ იყო და სასწავლო პროცესი ყველგან შეჩერდა და შემდეგ, მთელს მსოფლიოს ახალი ფორმატით მოუწია სასწავლო გზის გაგრძელება.


მსოფლიო ბანკმა 2020 წელს სპეციალური ანგარიში [1] წარმოადგინა, რომელიც უმაღლეს განათლებაზე COVID-19-ის გავლენას ეხებოდა. ევროპისა და აზიის სიტუაციური ანალიზის შედეგად, ანგარიშში გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც პანდემიის შედეგად ამ ორი კონტინენტის უმაღლეს სასწავლებლებს შეეხო. აღმოჩნდა, რომ ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა, თანაბრად აწუხებს სხვადასხვა კონტინენტის მოსახლეობას - დაბალი სიჩქარე ვერ უზრუნველყოფს ონლაინ სწავლების დინამიკურ პროცესს, ხოლო უკეთესი ხარისხის მომსახურება, ბევრი მათგანისთვის ძვირი სიამოვნებაა. ამასთან ერთად, პრობლემატურ საკითხად გამოიკვეთა პერსონალური კომპიუტერების ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ თავად უმაღლეს სასწავლებლებს არ ჰქონდათ ონლაინ სწავლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც მომხმარებელთა დიდ რაოდენობაზე იქნებოდა გათვლილი და არც აკადემიური გუნდის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ მზად, ლექციების სრულად გაციფრულებისათვის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ დისტანციური სწავლება ყოველთვის როდია ეფექტური, განსაკუთრებით კი ისეთი აქტივობების დროს, როგორებიცაა დისკუსიები, ინტერაქტიული ჯგუფური მუშაობა და სხვა. ანუ ყველაფერი ის, რაც სტუდენტს საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს. ანგარიშში ისიცაა აღნიშნული, რომ კოგნიტურ უნარებზე ფოკუსირება ხშირად სოციოემოციური უნარების ხარჯზე ხდებოდა, რაც ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

 

საერთაშორისო კვლევების თანახმად, პანდემიამ გლობალური მასშტაბით 200 მილიონზე მეტ, მათ შორის 157 ათასზე მეტ[2] საქართველოს სტუდენტს აურ-დაურია ცხოვრება [3]. უმაღლესი განათლების სფეროს მთავარ აქტორებთან - სტუდენტებთან ერთად, ამ გაურკვევლობის მორევში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის წევრებიც აღმოჩნდნენ. ტრანსფორმირებული სასწავლო პროცესის კვალდაკვალ ეისითიში გადავწყვიტეთ გაგვეგო, როგორ აფასებენ რიგითი თბილისელები ონლაინ სწავლებას და რას თვლიან ყველაზე დიდ პრობლემად. როგორც ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, ზოგადად, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ონლაინ სწავლებას გამოკითხული თბილისელები ნეგატიურად აფასებენ [მაქსიმალური 10-ქულიანი დადებითი შეფასებიდან ეს გავლენა 4.1 ქულით ფასდება]. იმის შეფასება კი, კონკრეტულად რა გავლენა მოახდინა მან ჩვენი ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე, პასუხი კიდევ უფრო ნეგატიურია [3.3 ქულა მაქსიმალური 10 ქულიდან].



ონლაინ სწავლების სირთულეები

ჩვენს რესპონდენტებს ვკითხეთ თუ რა სირთულეებთან იყო/არის დაკავშირებული უნივერსიტეტების მიერ პანდემიის გამო ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. 18%-მა განაცხადა, რომ ინტერნეტთან ყველას არ ჰქონდა/არ აქვს წვდომა; ხოლო მეორე 18%-მა მთავარ სირთულედ ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონა დაასახელა, რაც პერსონალური კომპიუტერის არქონას, სამუშაო სივრცის არარსებობასა და სხვა ტექნიკურ პრობლემებს აერთიანებს. ამ სირთულეებს შორის კი „ყველაზე მეტად პრობლემური“ 19%-თვის ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა დასახელდა.


გრაფიკი # 1. სირთულეები, რომლებთანაც იყო/არის დაკავშირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა პანდემიის გამო





გასული წლის ბოლოს, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რომელიც ახალგაზრდებზე COVID-19-ის სოციო-ეკონომიკური გავლენის შეფასებას [4] ისახავდა მიზნად და საინტერესოა, რომ ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით უშუალოდ ახალგაზრდებთანაც მსგავსი ხედვები და პრობლემები გამოიკვეთა. კვლევაში თბილისის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას და ონლაინ სწავლასთან დაკავშირებით ისეთი სირთულეები დასახელდა, როგორებიცაა ონლაინ სწავლების მიმართ სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის დაბალი მზაობა და ტექნიკური პრობლემები: ინტერნეტზე დაბალი ხელმისაწვდომობა და ონლაინ სწავლებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობა. ეს უკანასკნელი პრობლემაგანსაკუთრებულად მწვავედ იდგა იმ ოჯახებში, რომლის რამოდენიმე წევრს უწევდა ონლაინ სწავლა და მუშაობა.


საინტერესოა ჩვენი გამოკითხვის კიდევ ერთი შედეგი - ათიდან ერთი გამოკითხული თბილისელის აზრით, ონლაინ სწავლებაზე გადასვლა საკმაოდ ნეგატიური შედეგის მომტანი აღმოჩნდა საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის, რაც ასოციალურობასა და მასთან დაკავშირებულ სტრესს უკავშირდება. გამოკითხულთა 11%-მა სოციალიზაციის არქონა სერიოზულ პრობლემად დაასახელა, რომელმაც მომავალში ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება შეუქმნას როგორც ახალგაზრდებს, ასევე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს. სხვათაშორის, ეს გამოწვევა ზემოთხსენებული, გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის ჩატარებული კვლევის დროსაც, ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად დასახელდა.



ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტის შესახებ

მართალია, ონლაინ სწავლება ბევრ სირთულესთან იყო და დღესაც არის დაკავშირებული, თუმცა, ამ მეთოდს თავისი უპირატესობებიც აქვს. თბილისელებს ვკითხეთ, თუ რა არის, მათი აზრით ონლაინ სწავლების დადებითი ეფექტი. აღნიშნულის შეფასება ათიდან ერთ გამოკითხულს გაუჭირდა (12%), ხოლო 21% არ ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლას შეიძლება საერთოდ რაიმე დადებითი ეფექტი ჰქონდეს. თუმცა, გამოკითხულთა უმრავლესობამ ონლაინ სწავლების სიკეთეებზე საუბრისას, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყო - დროის დაზოგვა დაასახელა 21%-მა და პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელებისაგან დაცვა, ანუ უსაფრთხოება გამოკითხულთა 20%-მა.


გრაფიკი # 2. ონლაინ სწავლის დადებითი ეფექტი




როგორც ირკვევა, უშუალოდ ახალგაზრდებისთვის ონლაინ სწავლებას თავისი დადებითი ეფექტიც აქვს - დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვასთან ერთად, ის სტუდენტებს სხვა საქმისთვის სწავლის მარტივად შეთავსების შესაძლებლობას აძლევს. ონლაინ სწავლების სწორედ ეს დადებითი მხარეები გამოავლინა გასული წლის ბოლოს, ახალგაზრდებთან ჩატარებულმა კვლევამაც. [5] ამავე კვლევამ მაშინ ისიც უჩვენა, რომ ჩამოთვლილი უპირატესობების გამო, ჰიბრიდული სწავლების მოდელზე გადასვლას ახალგაზრდები მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ.


ონლაინ სწავლების დადებით მხარეებზე საუბრისას ახალგაზრდებმა კიდევ ერთ რამე აღნიშნეს - ამ ახალი ფორმატის დანერგვამ, გაზარდა შესაძლებლობა და ხელმისაწდომი გახადა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობა. ეს კი, სწავლისა და განვითარების მსურველთათავის, მნიშვნელოვანი და ძლიერი არგუმენტია.



სწავლების ფორმატი პოსტპანდემიურ რეალობაში

რესპონდენტებს ასევე ვკითხეთ, თუ როგორი უნდა იყოს, მათი აზრით, საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული თბილისელების უმრავლესობა (57%) მხოლოდ ოფლაინ (აუდიტორული) სწავლების იდეას უჭერს მხარს. თუმცა, ჰიბრიდული სწავლების ფორმატსაც თავისი მომხრეები საკმარისად ჰყავს - 39%. 


გრაფიკი # 3. როგორი უნდა იყოს საუნივერსიტეტო სწავლების ფორმატი პანდემიის დასრულების შემდეგ







ონლაინ სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, ჰიბრიდული სწავლების იდეას ახალგაზრდები ცალსახად დადებითად აფასებენ. რადგან მთავარი დადებითი ეფექტი - „სხვა საქმეებთან სწავლის შეთავსება“  საკმაოდ მძიმეწონიანი არგუმენტი აღმოჩნდა მათთვის. სწორედ ამიტომ, სავსებით ბუნებრივია, რომ პოსტკოვიდურ რეალობაში ჰიბრიდული სწავლების ფორმატის არსებობას ახალგაზრდები სიხარულით შეხვდებიან.


თუმცა, ჰიბრიდული სწავლებისადმი ახალგაზრდების პოზიტიური განწყობების მიუხედავად, საქართველოს საუნივერსიტეტო სისტემის ამგვარ მოდელზე გადასვლა, შესაძლოა ნაადრევი იყოს. ამ ეტაპზე უნივერსიტეტებში არსებული სწავლების შერეული მოდელი ხომ იძულებითი პასუხია კოვიდგამოწვევაზე და არა სწავლების ახალი ფორმატი, რომელიც ეფექტიანი საუნივერსიტეტო განათლების სისტემის შესაქმნელად შემუშავდა.



და ბოლოს - რა იქნება ხვალ? 

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემია არათუ დამარცხდა, არამედ შემოდგომისთვის თავიდან იკრებს ძალებს და მაღალია ალბათობა, რომ დისტანციური სწავლება და მუშაობა უახლოესი მომავლის გარდაუვალი რეალობა გახდება. ზუსტად ამიტომ, ონლაინ სწავლების სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, ევროკომისიამ შექმნა ციფრული განათლების უახლოესი წლების სამოქმედო გეგმა (Digital Education Action Plan (2021-2027)[6], სადაც აღნიშნულია ის პრიორიტეტები, რომლებზეც შედეგზე ორიენტირებული სწავლებისთვის ფოკუსირება უნდა მოხდეს. კერძოდ, გეგმაში საუბარია ციფრული უნარების დახვეწაზე, ინფრასტრუქტურის შესაბამისად გამართვაზე, მეტი ციფრული სპეციალისტის მომზადებაზე; ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული (user-friendly) მექანიზმებისა და დაცული პლატფორმებს შექმნაზე, რომლებიც იცავს ელექტრონულ პრივატულობასა და ეთიკურ სტანდარტებს.



ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი აქტუალური იქნება საქართველოსთვისაც და თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დისტანციური სწავლება უმაღლესი განათლების მიღების აუცილებელი კომპონენტი გახდება. როგორ მოახერხებს ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევასთან გამკლავებას და მომავალი თაობებისთვის, ხარისხიანი სწავლების უზრუნველყოფას, ამას მხოლოდ დრო თუ გვიჩვენებს. თუმცა, ერთი რამ კი ცხადია - იძულებით ონლაინ სწავლებაზე გადასვლის აუცილებლობა, სულ მცირე, ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების, ასევე აკადემიური გუნდის წარმომადგენლების ციფრული კომპეტენციების გაზრდას, უნივერსიტეტების მიერ ციფრული შესაძლებლობების გაძლიერებას, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ელექტრონული სწავლებისთვის აუცილებელი ხარისხიანი კონტენტის შექმნას. მას უდავოდ აქვს ის უპირატესობები, რომელთა ეფექტიანი გამოყენებაც განათლების სფეროს პოსტპანდემიურ რეალობაში თამამად და წარმატებით შეეძლება.



[1] COVID-19 Impact on Tertiary Education in Europe and Central Asia

[2] საქსტატი

[3] Farnell, T., et al., 2021. The impact of COVID-19 on higher education: a review of emerging evidence. Analytical report. European Commission. EU Publications.

[4] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia

[5] Assessing the Socio-economic Impact of COVID-19 on Young People in Georgia

[6] European Commission Digital Education Action Plan

30.04.2020

აპრილში აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას საკითხით დაინტერესებული ადამიანები თუ ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2 აპრილი  გამოცხადდა და 2008 წლიდან მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.


აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) გავრცელების სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში, გასულ წელთან შედარებით, 10%-ითაა გაზრდილი. თუ 2019 წლის აპრილისთვის  ასა-ს გავრცელების სიხშირე 59 ბავშვიდან იყო 1, 2020 წლის აპრილისთვის უკვე ასა-ს გავრცელების სიხშირე 1-ია 54 ბავშვიდან.  ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე
ასა-ს გავრცელების სიხშირე 40 და მეტჯერაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ დიაგნოსტიკისა და ცნობადობის გაუმჯობესებით აიხსნება.



წყარო: www.autismspeaks.org


საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ქვეყანაში იყოს დაახლოებით 7 000 ბავშვი, რომელთაც ასა უფიქსირდებათ. ქვეყანაში აუტიზმის პირველი ცენტრი საქართველოს აუტიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ურთიერთთანამშრომლობით 2010 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც თერაპიას თავდაპირველად სულ 10 ბენეფიციარი გადიოდა. ახლა ცენტრში თერაპიას ასამდე ბენეფიციარი გადის.


პირველი აუტიზმის აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2-15 წლის ბავშვების შესაბამის სერვისებს აფინანსებს. 2020 წლისთვის პროგრამით მოსარგებლეთა ზედა ზღვარი გაიზარდა და, ნაცვლად 15-ისა, 18 წლით განისაზღვრა. აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, თბილისთან ერთად, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც არის შესაძლებელი.


2019 წლის აპრილში გადაწყდა საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მოემსახურება და მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ აშენებს. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ექვსიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კოტეჯია აშენებული. რამდენადაც ცენტრის მშენებლობა ძირითადად კერძო პირებისა თუ კომპანიების დახმარებითაა შესაძლებელი,  გაურკვეველია, როდისთვის მოხდება აუცილებელი თანხების მობილიზება, შესაბამისად, ცენტრის მშენებლობის დასრულებაც.


სხვადასხვა უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსხვავებული თერაპიული კურსების გავლა, რომლებიც ენისა და მეტყველების თერაპიასთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს ოკუპაციურ თერაპიას, სენსორულ ინტეგრაციასა თუ აკადემიური უნარების განვითარებას. თერაპიის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი რეგულარული და სისტემური ხასიათი.  მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, თერაპიული კურსების გავლა ცენტრებში შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, ამ გარემოსთან ინტერაქციის რუტინის არსებობა აუცილებელია. კორონავირუსის გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ასა-ს მქონე პირები არაპროპორციულად მაღალი რისკის ქვეშ არიან, რამდენადაც თერაპიული კურსების თუნდაც დროებით შეწყვეტა განსაკუთრებულად ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე და მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან გაუარესებასაც შეიძლება იწვევდეს.


ასა-ს მქონე ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახლიდან გასვლა, რათა გარემო, რომლის მიმართაც ეჭვით არიან განწყობილნი, ძალიან საშიშად არ იქცეს მათთვის. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, იტალიაში, სადაც უკვე მერამდენე კვირაა მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალებათ,  ქალაქ რიმინიში ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქალაქის ერთ-ერთ პარკში კვირაში რამდენიმე საათით სეირნობაა ნებადართული. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ასა-ს მქონე მოქალაქეებისთვის დაშვებულია სახლიდან გასვლა დღეში რამდენჯერმე და სახლთან ახლოს სეირნობა საგანგებო რეჟიმის პირობებშიც. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკები მნიშვნელოვანია, რამდენადაც სახლიდან გასვლის რუტინის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუმცა, თერაპიული კურსების გავლა მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ითვლება.


როგორც საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, იზოლაციის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს მშობლებით გაშუალებული თერაპია წარმოადგენს. ასა-ს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ ე.წ. ტელეინტერვენციას და სწორედ მშობლების ჩართულობით, დისტანციური თერაპიის კურსებს სთავაზობენ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, დისტანციურად აღნიშნული უნარების განვითარებაზე მუშაობა კიდევ უფრო რთული ამოცანა ხდება. მაგრამ აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თერაპიის საერთოდ არარსებობა გაცილებით სერიოზული გამოწვევაა, ვიდრე თერაპიის კურსის დისტანციურად გავლა.


როგორც აღმოჩნდა, დისტანციური თერაპიის პრაქტიკის გამოყენება საქართველოშიც დაიწყეს. „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორ სერვისს სთავაზობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს. კერძოდ, 1 აპრილიდან ცენტრს აქვს ტელეკონსულტაციებისა და ტელეინტერვენციების სერვისი. ექიმები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მიმართულების თერაპევტები ტელეკონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს; ტელეინტერვენციის საშუალებით კი, უზრუნველყოფილია მშობლებით გაშუალებული ქცევითი და სხვა სახის თერაპიები. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ახერხებენ ონლაინ კონსულტაციისა თუ ინტერვენციის გამოყენებას, ცენტრი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს შესაბამის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე დისტანციურად თერაპიას 95 ბენეფიციარი გადის.


მართალია, ფიზიკურ გარემოში თერაპიული კურსის გავლა ბევრად ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური თერაპია, მაგრამ თუნდაც ონლაინ რეჟიმში ზოგიერთი თერაპიული კურსის გავლას სპეციალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამგვარად შესაძლებელია არსებული პროგრესისა და, განსხვავებული სახით, მაგრამ მაინც რუტინის შენარჩუნება, რაც აუცილებელია ასა-ს მქონე პირებისთვის. გარდა იმისა, რომ დისტანციური სერვისების არსებობა ბავშვებს რთავს აქტივობებში, ეხმარება თერაპევტებთან კავშირის შენარჩუნებაში, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. ამასთან, ონლაინ კონსულტაციების არსებობა მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ რჩევები ბევრი სხვადასხვა სიტუაციისა თუ ქცევის მართვის თაობაზე.


ნაკლებად სავარაუდოა, რომ დისტანციური თერაპია ფიზიკურ თერაპიას ჩაანაცვლებს ან თუნდაც ასეთივე ეფექტიანი იქნება. თუმცა, მომავალში შესაძლებელია დისტანციური თერაპია სპეციალისტებმა გამოიყენენონ როგორც თერაპიის დამატებითი, დამხმარე მექანიზმი. მეტიც, შესაძლებელია დისტანციური თერაპია შეუცვლელი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (მაგალითად, ფინანსური რესურსის სიმწირე, გეოგრაფიული სიშორე და ცენტრების დასახლების სიახლოვეს არარსებობა) არ აქვს წვდომა შესაბამის ცენტრებთან. სავსებით შესაძლებელია, ამ პრაქტიკამ მომავალში არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებისაკენ უბიძგოს ადამიანებს, თერაპიით კი გაცილებით მეტმა ბავშვმა თუ მოზარდმა ისარგებლოს, ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი.