/>
world icon Geo drop down arrow
world icon Geo drop down arrow
ნინო ქერქაძე - ინსაიტები
11.05.2020

COVID-19-ის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. სოციალური დისტანცირება, რომელსაც ჩვეულ ურთიერთობათა და ქმედებათა ვირტუალურ სივრცეში გადატანა მოჰყვა, ჩვენს ახალ რეალობად იქცა. პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია კერძო სექტორზეც. კრიზისის დაძლევის მიზნით, კომპანიებს საქმიანობა შეძლებისდაგვარად გადააქვთ ონლაინსივრცეში, როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის, ასევე ოპერაციულ და მომხმარებლებთან ინტერაქციის დონეზე.


გამონაკლისი არც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სფეროა, რომლის ვირტუალურ სივრცეში გადატანაც არსებულმა რეალობამ აქტუალური გახადა. ყველაზე კრიტიკულად ეს აუცილებლობა ეხება მონაცემთა შეგროვების პროცესს, რომელიც დღემდე საქართველოში ძირითადად ტრადიციული მიდგომით – ინტერვიუერის / რესპონდენტის პირისპირ (tet-a-tet) ინტერვიუებით ხორციელდება. ამიტომ გაციფრულება საქართველოს კვლევითი ბაზრის მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევად იქცა.


განსხვავებული სურათია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც, მონაცემთა შეგროვების მიზნით, ვირტუალური არხების გამოყენების საჭიროება მრავალი წლის წინ დადგა. აღნიშნული ფაქტი უმეტესწილად უკავშირდება ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობის ტემპის ზრდას და გლობალიზაციის პროცესს, რამაც ერთიორად გაზარდა სწრაფად, მარტივად და იაფად მოსაპოვებელ მონაცემთა მნიშვნელობა. ბაზრის ამ ახალ საჭიროებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კვლევითმა სფერომ მარტივად უპასუხა. ამგვარად, უცხოური კვლევითი პრაქტიკა, რომელიც ციფრული ევოლუციის გზას ადგას, მონაცემთა ვირტუალურად შეგროვების სხვადასხვა საინტერესო მიდგომას გვკარნახობს. ერთი მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივად უკვე აპრობირებული, დისტანციური მიდგომის განვითარება წარმოადგენს ქართული კვლევითი სფეროსთვის დღევანდელ ვითარებასთან გამკლავების გზას.


პანდემიისა და რეგულაციების დღევანდელ რეალობაში მოსალოდნელია, რომ კვლევითი კომპანიების საქმიანობა ყველაზე მეტად სატელეფონო გამოკითხვებით დაიტვირთება. ეს არის კარგად აპრობირებული მიდგომა ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა და გამოცდილება უკვე არსებობს. ამასთან, დაცულია რესპონდენტთან დისტანციის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად, სატელეფონო კვლევებზე გადაწყობა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით განვითარება კომპანიების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.


რაც შეეხება ეი-სი-თის, მან უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სატელეფონო კვლევების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ქოლცენტრი უმოკლეს დროში გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე ისე, რომ ოპერატორები ინტერვიუებს, მაღალი ხარისხის დაცვით, სახლიდან გაუსვლელად იწერენ. გარდა ამისა, ეი-სი-თიმ შეიმუშავა სატელეფონო ინტერვიუებისთვის განკუთვნილი, მაღალ ტექნოლოგიებზე აწყობილი პლატფორმა, რომელიც უფრო მეტად არის მორგებული დისტანციურ მუშაობას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობით და ნებისმიერ ადგილზე (სადაც ინტერნეტია) გახდეს შესძლებელი ინტერვიუს ჩაწერა.


კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც კვლევითმა კომპანიებმა სოციალური დისტანცირების მითითების დროს შეიძლება გამოიყენონ, ონლაინგამოკითხვაა – ამ დროს რესპონდენტი დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე ავსებს ელექტროფოსტის, ან სხვა დისტანციური არხების გამოყენებით მიღებულ კითხვარს. ონლაინგამოკითხვის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის შერჩევა, რომლის საშუალებითაც დაუკავშირდებიან სასურველ რესპონდენტებს და მათ გამოკითხვაში მონაწილეობას შესთავაზებენ. პლატფორმას სამიზნე სეგმენტის თავისებურებათა გათვალისწინებით ირჩევენ. პლატფორმად კი შესაძლებელია ფეისბუკის, ვებგვერდის, აპლიკაციის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება.


საერთაშორისო ბაზრისთვის აპრობირებულ და აქტუალურ მიდგომას კვლევის პროცესში ონლაინპანელების გამოყენება წარმოადგენს, რაც ქართული ბაზრის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მსგავსი გამოცდილება აქ არ არსებობს. არადა, სხვა ქვეყნებში ცალკე ბიზნესსექტორადაც კი ჩამოყალიბდა.

ონლაინპანელები წარმოადგენს კვლევის პოტენციურ მონაწილეთა მონაცემების მრავალრიცხოვან ბაზებს, მათი წინასწარი თანხმობით და დემოგრაფიული მონაცემებით. ამა თუ იმ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად რესპონდენტების დისტანციურად შერჩევის შესაძლებლობის გარდა, ონლაინპანელებისთვის ონლაინგამოკითხვის პლატფორმის ფუნქციის შეთავსებაც შეიძლება.


პირისპირ გამოკითხვასთან შედარებით, ონლაინპანელი ინფორმაციის სწრაფ და მომენტალურ მოგროვებას უზრუნველყოფს, ამიტომ, როდესაც სისწრაფე პრიორიტეტულია, ბიზნესი რესპონდენტთა შერჩევის და გამოკითხვის ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს რეალობაში ონლაინპანელების მთავარი ღირებულება დისტანციურობაა, ხოლო დამატებითი სარგებელი სამუშაო რიტმის აჩქარება იქნება.

გაციფრულება აუცილებლად შეეხება თვისებრივ კვლევასაც. ამ ცვლილებასთან მარტივად ადაპტირებადია ჩაღრმავებული ინტერვიუ, როგორც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა. დისტანციური არხები და მრავალგვარი საკომუნიკაციო პროგრამები მისი ჩატარების შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.


ჩაღრმავებული ინტერვიუებისგან განსხვავებით, ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა ფოკუსური ჯგუფის დისტანციურად, ონლაინ ჩატარება. დღევანდელ დღემდე, ფოკუსჯგუფების ვირტუალურად ჩატარების საჭიროება არ დამდგარა, ამიტომ კვლევითი კომპანიებიც ჯგუფურ დისკუსიებს ტრადიციულად, პირისპირ მეთოდით ატარებდნენ. თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ამ მეთოდის გაციფრულებამდეც მივიდა. მათი გამოცდილება დისტანციური ფოკუსჯგუფის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. ერთ-ერთ უპირატესობად მოქნილობა სახელდება – აღარ არსებობს დროითი და გეოგრაფიული ბარიერები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ონლაინფორმატი არ იძლევა ისეთივე სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვების და რესპონდენტთა ცნობიერების ქვედა დონეებზე წვდომის შესაძლებლობას, როგორსაც ტრადიციული, პირისპირ დისკუსიები.


ცხადია, ონლაინ ფოკუსჯგუფები სრულად ვერ ჩაანაცვლებს პირისპირ დისკუსიას, ვინაიდან ამ უკანასკნელის მთავარი ხიბლი მონაწილეთა შორის ცოცხალი ურთიერთობაა, მთავარი უპირატესობა კი სიღრმისეული ინსტრუქციების მიღება. თუმცა ონლაინფოკუსჯგუფების შექმნა შესაძლებლობების ფართო სპექტრით კვლევის ინოვაციურ, ახალ მეთოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელსაც გამოყენების თავისი ჩარჩოები და ინსტრუქციები ექნება.


დისტანციური ფოკუსჯგუფების ტექნიკა ეისითიმ უკვე წარმატებით გამოსცადა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამ პროცესში აღმოაჩინეს აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ისეთი საინტერესო შესაძლებლობები, რომლებიც იზოლაციის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდგომაც აქტუალური იქნება.


გარდა ზემოთ განხილული მიდგომისა, მსოფლიო პრაქტიკა სავსეა ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც წარმატებით ინერგება კვლევის სექტორში – იქნება ეს ჩატ-ბოტები, რომლებიც მოდერატორის ფუნქციებს ითავსებენ თუ მობილური აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიური ქცევის აღსარიცხ დღიურებს წარმოადგენს. ბუნებრივია, მსოფლიო ტენდენციებს ქართული ბაზარიც წამოეწეოდა, თუმცა ის, რაც ხვალინდელი დღე უნდა ყოფილიყო, დღევანდელი დღის წესრიგი აღმოჩნდა. არსებული ვითარება ქართულ კომპანიებს ინოვაციების დანერგვას, სამუშაო სქემის გადახედვას აიძულებს და შესაძლებლობების ფართო სპექტრს უსახავს. ამ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომის განვითარება კი კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდგომ რესურსების დაზოგვას და სამუშაო ტემპის აჩქარებას გამოიწვევს.