იცოდით, რომ დასაქმებულების თითქმის 60% აღნიშნავს, რომ ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ემოციურად გადაღლილია?
შრომითი ბაზრის განვითარებასთან ერთად, თანამშრომლების კეთილდღეობაზე ფოკუსირება აღარ არის ფუფუნება ან ერთჯერადი ინიციატივა - ეს არის აუცილებლობა გადარჩენისთვის და საფუძველი, რომელზედაც გრძელვადიანი წარმატება დგას.
კომპანიის მამოძრავებელი ძალა ძლიერი თანამშრომელია - ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა თითოეული დასაქმებულის რეალიზებულ პოტენციალსა და კეთილდღეობაზე დგას. გამოცდილება და საერთაშორისო ემპირიული კვლევები ცხადყოფს პირდაპირ კავშირს თანამშრომლების კეთილდღეობასა და მათ პროდუქტიულობას, ეფექტიანობასა და ორგანიზაციისადმი ერთგულებას შორის. რაც უფრო მაღალია თანამშრომლის კეთილდღეობა, მეტად გუნდური მოთამაშეა ის, მეტად იჩენს ემპათიას გარშემომყოფების მიმართ, სამუშაო პროცესში უფრო პროდუქტიული და ეფექტურია, რაც ორგანიზაციული წარმატების მთავარი ქვაკუთხედია.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით, თანამედროვე ეიჩარებისა და მენეჯერებისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ კეთილდღეობა კომპანიის არა დამატებითი, არამედ თავისთავადი ღირებულებაა. შესაბამისად, პროაქტიული, განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ადამიანზე ფოკუსირებული კულტურის დანერგვა, თანამშრომლებისთვის კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაა. ამ მიზნით კი, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მიდგომებისა და ინტერვენციების განხორციელება სულ უფრო ხშირი და პრიორიტეტული ხდება.
კეთილდღეობა კომპლექსური კონცეპტია, რომლის ფოკუსიც, პოზიტიური ფსიქოლოგიის პერსპექტივის კვალდაკვალ ფართოვდება და არა მხოლოდ რაციონალურ ფაქტორებზე, არამედ ფსიქოლოგიის ისეთ განზომილებებზე გადის, როგორიცაა ინდივიდის სოციო-ემოციური, მენტალური და კოგნიტური მდგრადობა. სხვადასხვა თეორიული მიმოხილვა თუ ემპირიული კვლევა ცხადყოფს, რომ ორგანიზაციაში თანამშრომელთა ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვან პირობას სხვადასხვა მოტივების და გარემოებების უზრუნველყოფა წარმოადგენს:
ემოციური კეთილდღეობა - არაერთი კვლევით დასტურდება, რომ თანამშრომელთა ემოციური მდგრადობა, თვით-რეგულაციისა და ემოციების ადაპტაციის შესაძლებლობა, ოპტიმიზმი და სამუშაოსადმი დადებითი განწყობები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შრომით მოტივაციას, საქმისადმი მიდგომასა და შესრულების ხარისხს; ხოლო ნეგატიური ემოციების ერთობლიობას, როგორიცაა შფოთვა, დაძაბულობა, გაღიზიანება, დასაქმებული ემოციურ გამოფიტვამდე და პროფესიულ გადაწვამდე მიჰყავს. აღნიშნული სიმპტომები კი, ძირითადად სამსახურის დატოვების პირველადი ან, მინიმუმ ირიბი მიზეზები ხდება.
სოციალური კეთილდღეობა - იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომელს სამსახურში ცხოვრების მესამედის გატარება უწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცეში არსებული ურთიერთობების სტილი, მხარდაჭერისა და ემპათიის მიღებისა და გაზიარების შესაძლებლობა. ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: თანამშრომლობითი ატმოსფერო, საერთო სიხარული, მიკუთვნებულობის განცდა, მიღწევებით საერთო სიამაყე, რწმენა, რომ გარემოს უყვარხარ და გიღებს - კეთილსაიმედო გარემო და ჯანსაღი სოციალური ინტერაქციები ადამიანური ბედნიერებისა და კეთილდღეობის გარანტია. ბედნიერი ადამიანების ერთობლიობა კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ორგანიზაციისთვის თანამშრომელთა შენარჩუნებისა და პოზიტიური კაპიტალის დაგროვების საფუძველია.
პროფესიული კეთილდღეობა - თანამშრომლის თვით-აღქმა თავისი საქმიანობის, როლის შესახებ კეთილდღეობის კრიტიკული კომპონენტია. ორგანიზაციისთვის ნათელი უნდა იყოს, თანამშრომელი ნამდვილად გატაცებულია იმით, რასაც აკეთებს? სჯერა თავისი საქმის მნიშვნელობის? თვლის, რომ ღირებულია, რასაც აკეთებს? რამდენად კომპეტენტურად თვლის თავს? აქვს ავტონომიის განცდა? ხედავს თავის წვლილს კომპანიის საერთო მიზნების მიღწევასა და ხედვის ჩამოყალიბებაში? ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელიც თანამშრომელთა შინაგან მოტივაციას, ინტერესს, პროდუქტიულობასა და საბოლოო ჯამში, ეფექტიანობას განსაზღვრავს... ორგანიზაციის მხრიდან თანამშრომელთა კარიერული გზების უზრუნველყოფა, უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შეთავაზება და თანამშრომლების მიღწევების აღიარება პროფესიული კეთილდღეობის გაუმჯობესების გზაზე ეფექტური სტრატეგიებია.
ცხადია, პროფესიული კეთილდღეობის მაღალი მაჩვენებელი თანამშრომლის პროდუქტიულობისა და შესაბამისად, ორგანიზაციის ეფექტიანობისა და წარმატების მთავარი გასაღებია.
ინდივიდის თვით-ეფექტურობის, თვით-აქტუალიზაციისა და სოციალური მიკუთვნებულობის კომპონენტებთან ერთად, მნიშვნელოვანია ორგანიზაციას ინფორმაცია ჰქონდეს თანამშრომელთა ისეთი საბაზისო მოტივების შესახებ, როგორიცაა ფიზიკური და ფინანსური კეთილდღეობის კუთხით პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა:
ფიზიკური კეთილდღეობა - თანამშრომლის ფიზიკური მხნეობის გარდა, საკვანძო მნიშვნელობა აქვს სამუშაო ადგილზე დაცულობისა და უსაფრთხოების განცდას. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ორგანიზაციამ იცოდეს, სამუშაო პირობები და გარემოს მახასიათებლები რამდენად ეხმარება თანამშრომლებს, თავი კარგად იგრძნონ და პროდუქტიულები იყვნენ.
ფინანსური კეთილდღეობა - მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამშრომლის ფინანსური თავდაჯერებულობა, მიღებული ანაზღაურების სამართლიანობა და ადეკვატურობა შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით, მნიშვნელოვნად ზემოქმედებს მის მოტივაციაზე, საქმისადმი დამოკიდებულებასა და კომპანიასთან გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილზე.
ამდენად, კეთილდღეობის როგორც ცალკეულ, ასევე მთლიან სურათზე ფოკუსირებით იზრდება თანამშრომლების მედეგობის, ჩართულობის, პროდუქტიულობის მაჩვენებელი; მყარდება ორგანიზაციისადმი ერთგულება; სამუშაო კლიმატი ხდება ჯანსაღი და პოზიტიური; იწყება მაღალეფექტური კულტურის ფორმირება - საბოლოოდ კი, ძლიერდება როგორც ორგანიზაციის შიდა წარმატება, ეკოსისტემურობა და სიცოცხლისუნარიანობა, ასევე ორგანიზაციის პროდუქტიულობა და რეპუტაციული მდგრადობა.
გვჯერა, რომ ორგანიზაციაში ადამიანებზე ორიენტირებული, კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველსაყოფად პირველი ნაბიჯი თანამშრომლებში იმ კომპონენტების შეფასებაა, რომელთა კომბინაცია კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს. კეთილდღეობის დიაგნოსტირებით ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს იცოდეს, რას ფიქრობენ და გრძნობენ თანამშრომლები; რა ტიპის გამოწვევებია ორგანიზაციულ კლიმატთან, კულტურასთან მიმართებით და თანამშრომელთა კეთილდღეობის რომელი პარამეტრები საჭიროებს მეტ კონცენტრირებასა და მიზნობრივი ინტერვენციების დაგეგმვას.
ამ მიზნით, ეისითიმ შეიმუშავა უნიკალური მოდელი - თანამშრომელთა კეთილდღეობის მატრიცა, რომელიც თანამშრომელთა კეთილდღეობის ჰოლისტურ აღქმას ეყრდნობა და სიმეტრიულად - თითოეულ განზომილებაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს, ორგანიზაციებს მიეწოდოს კეთილდღეობის როგორც ერთიანი, ასევე ცალკეული მაჩვენებელი - რომელ კომპონენტშია მდგრადი და რომელში საჭიროებს მხარდაჭერას.
კეთილდღეობის მატრიცა ლინზას ჰგავს, რომლის ობიექტივიც საშუალებას გაძლევთ დაინახოთ ორგანიზაციული კეთილდღეობის ყველაზე რთულად შესამჩნევი გამოწვევებიც კი. ამ ლაბირინთში კეთილდღეობის მატრიცა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, იგი სიმბოლოა წონასწორობისა და სიცხადისა - რამდენადაც კვლევის შედეგად ნათელი ხდება მტკივნეული წერტილები - მათზე მიზნობრივი რეაგირებით კი სტრატეგიული ინტერვენციების განხორციელება ბევრად ეფექტიანია.
გვჯერა, როგორც მატრიცა ქმნის კომპლექსურ და ზოგჯერ ქაოსურ მონაცემებში წონასწორობას, თანმიმდევრულობასა და სტრუქტურას, კეთილდღეობის მატრიცაც ორგანიზაციებში ასეთივე სიცხადესა და ნათელ ხედვას შემოიტანს, რაც ადამიანზე ფოკუსირებული პოზიტიური კლიმატის ხელშეწყობის გზაზე მნიშვნელოვან კომპასად იქცევა.