COVID-19-ის პანდემიამ თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. სოციალური დისტანცირება, რომელსაც ჩვეულ ურთიერთობათა და ქმედებათა ვირტუალურ სივრცეში გადატანა მოჰყვა, ჩვენს ახალ რეალობად იქცა. პანდემიამ და მის შედეგად დაწესებულმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია კერძო სექტორზეც. კრიზისის დაძლევის მიზნით, კომპანიებს საქმიანობა შეძლებისდაგვარად გადააქვთ ონლაინსივრცეში, როგორც თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის, ასევე ოპერაციულ და მომხმარებლებთან ინტერაქციის დონეზე.
გამონაკლისი არც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევის სფეროა, რომლის ვირტუალურ სივრცეში გადატანაც არსებულმა რეალობამ აქტუალური გახადა. ყველაზე კრიტიკულად ეს აუცილებლობა ეხება მონაცემთა შეგროვების პროცესს, რომელიც დღემდე საქართველოში ძირითადად ტრადიციული მიდგომით – ინტერვიუერის / რესპონდენტის პირისპირ (tet-a-tet) ინტერვიუებით ხორციელდება. ამიტომ გაციფრულება საქართველოს კვლევითი ბაზრის მნიშვნელოვან და აქტუალურ გამოწვევად იქცა.
განსხვავებული სურათია საერთაშორისო ბაზარზე, სადაც, მონაცემთა შეგროვების მიზნით, ვირტუალური არხების გამოყენების საჭიროება მრავალი წლის წინ დადგა. აღნიშნული ფაქტი უმეტესწილად უკავშირდება ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობის ტემპის ზრდას და გლობალიზაციის პროცესს, რამაც ერთიორად გაზარდა სწრაფად, მარტივად და იაფად მოსაპოვებელ მონაცემთა მნიშვნელობა. ბაზრის ამ ახალ საჭიროებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, კვლევითმა სფერომ მარტივად უპასუხა. ამგვარად, უცხოური კვლევითი პრაქტიკა, რომელიც ციფრული ევოლუციის გზას ადგას, მონაცემთა ვირტუალურად შეგროვების სხვადასხვა საინტერესო მიდგომას გვკარნახობს. ერთი მხრივ, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივად უკვე აპრობირებული, დისტანციური მიდგომის განვითარება წარმოადგენს ქართული კვლევითი სფეროსთვის დღევანდელ ვითარებასთან გამკლავების გზას.
პანდემიისა და რეგულაციების დღევანდელ რეალობაში მოსალოდნელია, რომ კვლევითი კომპანიების საქმიანობა ყველაზე მეტად სატელეფონო გამოკითხვებით დაიტვირთება. ეს არის კარგად აპრობირებული მიდგომა ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ინფრასტრუქტურა და გამოცდილება უკვე არსებობს. ამასთან, დაცულია რესპონდენტთან დისტანციის შენარჩუნების პირობა. შესაბამისად, სატელეფონო კვლევებზე გადაწყობა და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ამ მიმართულებით განვითარება კომპანიების მხრიდან სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნება.
რაც შეეხება ეი-სი-თის, მან უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები სატელეფონო კვლევების ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ქოლცენტრი უმოკლეს დროში გადაეწყო დისტანციურ რეჟიმზე ისე, რომ ოპერატორები ინტერვიუებს, მაღალი ხარისხის დაცვით, სახლიდან გაუსვლელად იწერენ. გარდა ამისა, ეი-სი-თიმ შეიმუშავა სატელეფონო ინტერვიუებისთვის განკუთვნილი, მაღალ ტექნოლოგიებზე აწყობილი პლატფორმა, რომელიც უფრო მეტად არის მორგებული დისტანციურ მუშაობას და შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერი მოწყობილობით და ნებისმიერ ადგილზე (სადაც ინტერნეტია) გახდეს შესძლებელი ინტერვიუს ჩაწერა.
კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც კვლევითმა კომპანიებმა სოციალური დისტანცირების მითითების დროს შეიძლება გამოიყენონ, ონლაინგამოკითხვაა – ამ დროს რესპონდენტი დამოუკიდებლად, ინტერვიუერის გარეშე ავსებს ელექტროფოსტის, ან სხვა დისტანციური არხების გამოყენებით მიღებულ კითხვარს. ონლაინგამოკითხვის ჩატარების დროს მნიშვნელოვანია იმ პლატფორმის შერჩევა, რომლის საშუალებითაც დაუკავშირდებიან სასურველ რესპონდენტებს და მათ გამოკითხვაში მონაწილეობას შესთავაზებენ. პლატფორმას სამიზნე სეგმენტის თავისებურებათა გათვალისწინებით ირჩევენ. პლატფორმად კი შესაძლებელია ფეისბუკის, ვებგვერდის, აპლიკაციის ან ელექტრონული ფოსტის გამოყენება.
საერთაშორისო ბაზრისთვის აპრობირებულ და აქტუალურ მიდგომას კვლევის პროცესში ონლაინპანელების გამოყენება წარმოადგენს, რაც ქართული ბაზრის განვითარების ერთ-ერთ საინტერესო შესაძლებლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მსგავსი გამოცდილება აქ არ არსებობს. არადა, სხვა ქვეყნებში ცალკე ბიზნესსექტორადაც კი ჩამოყალიბდა.
ონლაინპანელები წარმოადგენს კვლევის პოტენციურ მონაწილეთა მონაცემების მრავალრიცხოვან ბაზებს, მათი წინასწარი თანხმობით და დემოგრაფიული მონაცემებით. ამა თუ იმ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად რესპონდენტების დისტანციურად შერჩევის შესაძლებლობის გარდა, ონლაინპანელებისთვის ონლაინგამოკითხვის პლატფორმის ფუნქციის შეთავსებაც შეიძლება.
პირისპირ გამოკითხვასთან შედარებით, ონლაინპანელი ინფორმაციის სწრაფ და მომენტალურ მოგროვებას უზრუნველყოფს, ამიტომ, როდესაც სისწრაფე პრიორიტეტულია, ბიზნესი რესპონდენტთა შერჩევის და გამოკითხვის ამ მეთოდს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენს რეალობაში ონლაინპანელების მთავარი ღირებულება დისტანციურობაა, ხოლო დამატებითი სარგებელი სამუშაო რიტმის აჩქარება იქნება.
გაციფრულება აუცილებლად შეეხება თვისებრივ კვლევასაც. ამ ცვლილებასთან მარტივად ადაპტირებადია ჩაღრმავებული ინტერვიუ, როგორც თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა. დისტანციური არხები და მრავალგვარი საკომუნიკაციო პროგრამები მისი ჩატარების შეუზღუდავ შესაძლებლობას იძლევა.
ჩაღრმავებული ინტერვიუებისგან განსხვავებით, ქართული ბაზრისთვის გამოწვევაა ფოკუსური ჯგუფის დისტანციურად, ონლაინ ჩატარება. დღევანდელ დღემდე, ფოკუსჯგუფების ვირტუალურად ჩატარების საჭიროება არ დამდგარა, ამიტომ კვლევითი კომპანიებიც ჯგუფურ დისკუსიებს ტრადიციულად, პირისპირ მეთოდით ატარებდნენ. თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ამ მეთოდის გაციფრულებამდეც მივიდა. მათი გამოცდილება დისტანციური ფოკუსჯგუფის შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე გვაძლევს გარკვეულ წარმოდგენას. ერთ-ერთ უპირატესობად მოქნილობა სახელდება – აღარ არსებობს დროითი და გეოგრაფიული ბარიერები. რაც შეეხება შეზღუდვებს, ონლაინფორმატი არ იძლევა ისეთივე სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვების და რესპონდენტთა ცნობიერების ქვედა დონეებზე წვდომის შესაძლებლობას, როგორსაც ტრადიციული, პირისპირ დისკუსიები.
ცხადია, ონლაინ ფოკუსჯგუფები სრულად ვერ ჩაანაცვლებს პირისპირ დისკუსიას, ვინაიდან ამ უკანასკნელის მთავარი ხიბლი მონაწილეთა შორის ცოცხალი ურთიერთობაა, მთავარი უპირატესობა კი სიღრმისეული ინსტრუქციების მიღება. თუმცა ონლაინფოკუსჯგუფების შექმნა შესაძლებლობების ფართო სპექტრით კვლევის ინოვაციურ, ახალ მეთოდად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელსაც გამოყენების თავისი ჩარჩოები და ინსტრუქციები ექნება.
დისტანციური ფოკუსჯგუფების ტექნიკა ეისითიმ უკვე წარმატებით გამოსცადა სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. ამ პროცესში აღმოაჩინეს აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ისეთი საინტერესო შესაძლებლობები, რომლებიც იზოლაციის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდგომაც აქტუალური იქნება.
გარდა ზემოთ განხილული მიდგომისა, მსოფლიო პრაქტიკა სავსეა ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც წარმატებით ინერგება კვლევის სექტორში – იქნება ეს ჩატ-ბოტები, რომლებიც მოდერატორის ფუნქციებს ითავსებენ თუ მობილური აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებელთა ყოველდღიური ქცევის აღსარიცხ დღიურებს წარმოადგენს. ბუნებრივია, მსოფლიო ტენდენციებს ქართული ბაზარიც წამოეწეოდა, თუმცა ის, რაც ხვალინდელი დღე უნდა ყოფილიყო, დღევანდელი დღის წესრიგი აღმოჩნდა. არსებული ვითარება ქართულ კომპანიებს ინოვაციების დანერგვას, სამუშაო სქემის გადახედვას აიძულებს და შესაძლებლობების ფართო სპექტრს უსახავს. ამ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომის განვითარება კი კრიზისული სიტუაციის დასრულების შემდგომ რესურსების დაზოგვას და სამუშაო ტემპის აჩქარებას გამოიწვევს.
აპრილში აუტისტური სპექტრის აშლილობასთან დაკავშირებული საკითხებისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას საკითხით დაინტერესებული ადამიანები თუ ორგანიზაციები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ. გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ 2 აპრილი გამოცხადდა და 2008 წლიდან მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) გავრცელების სიხშირე ბავშვებსა და მოზარდებში, გასულ წელთან შედარებით, 10%-ითაა გაზრდილი. თუ 2019 წლის აპრილისთვის ასა-ს გავრცელების სიხშირე 59 ბავშვიდან იყო 1, 2020 წლის აპრილისთვის უკვე ასა-ს გავრცელების სიხშირე 1-ია 54 ბავშვიდან. ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე
ასა-ს გავრცელების სიხშირე 40 და მეტჯერაა გაზრდილი, რაც ნაწილობრივ დიაგნოსტიკისა და ცნობადობის გაუმჯობესებით აიხსნება.
წყარო: www.autismspeaks.org
საქართველოში აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ქვეყანაში იყოს დაახლოებით 7 000 ბავშვი, რომელთაც ასა უფიქსირდებათ. ქვეყანაში აუტიზმის პირველი ცენტრი საქართველოს აუტიზმის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით 2010 წელს ჩამოყალიბდა, რომელშიც თერაპიას თავდაპირველად სულ 10 ბენეფიციარი გადიოდა. ახლა ცენტრში თერაპიას ასამდე ბენეფიციარი გადის.
პირველი აუტიზმის აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 1 ივლისს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის მერია 2-15 წლის ბავშვების შესაბამის სერვისებს აფინანსებს. 2020 წლისთვის პროგრამით მოსარგებლეთა ზედა ზღვარი გაიზარდა და, ნაცვლად 15-ისა, 18 წლით განისაზღვრა. აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა, თბილისთან ერთად, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტშიც არის შესაძლებელი.
2019 წლის აპრილში გადაწყდა საქართველოში აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობა, რომელიც 16 წელზე უფროსი ასაკის აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს მოემსახურება და მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება. ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი“ აშენებს. ამ დროისთვის, პროექტით გათვალისწინებული ექვსიდან, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კოტეჯია აშენებული. რამდენადაც ცენტრის მშენებლობა ძირითადად კერძო პირებისა თუ კომპანიების დახმარებითაა შესაძლებელი, გაურკვეველია, როდისთვის მოხდება აუცილებელი თანხების მობილიზება, შესაბამისად, ცენტრის მშენებლობის დასრულებაც.
სხვადასხვა უნარის განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, ასა-ს მქონე ბავშვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია განსხვავებული თერაპიული კურსების გავლა, რომლებიც ენისა და მეტყველების თერაპიასთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს ოკუპაციურ თერაპიას, სენსორულ ინტეგრაციასა თუ აკადემიური უნარების განვითარებას. თერაპიის წარმატებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მისი რეგულარული და სისტემური ხასიათი. მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, თერაპიული კურსების გავლა ცენტრებში შეუძლებელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, ამ გარემოსთან ინტერაქციის რუტინის არსებობა აუცილებელია. კორონავირუსის გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ასა-ს მქონე პირები არაპროპორციულად მაღალი რისკის ქვეშ არიან, რამდენადაც თერაპიული კურსების თუნდაც დროებით შეწყვეტა განსაკუთრებულად ნეგატიურ გავლენას ახდენს განვითარებაზე და მიღწეული პროგრესის მნიშვნელოვან გაუარესებასაც შეიძლება იწვევდეს.
ასა-ს მქონე ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახლიდან გასვლა, რათა გარემო, რომლის მიმართაც ეჭვით არიან განწყობილნი, ძალიან საშიშად არ იქცეს მათთვის. არსებული გამოწვევების საპასუხოდ, იტალიაში, სადაც უკვე მერამდენე კვირაა მოქალაქეებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, ქალაქ რიმინიში ახალი წესი ამოქმედდა. კერძოდ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის ქალაქის ერთ-ერთ პარკში კვირაში რამდენიმე საათით სეირნობაა ნებადართული. ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ასა-ს მქონე მოქალაქეებისთვის დაშვებულია სახლიდან გასვლა დღეში რამდენჯერმე და სახლთან ახლოს სეირნობა საგანგებო რეჟიმის პირობებშიც. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი პრაქტიკები მნიშვნელოვანია, რამდენადაც სახლიდან გასვლის რუტინის შენარჩუნებას უწყობს ხელს. თუმცა, თერაპიული კურსების გავლა მაინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად ითვლება.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს, იზოლაციის პირობებში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მექანიზმს მშობლებით გაშუალებული თერაპია წარმოადგენს. ასა-ს საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიმართავენ ე.წ. ტელეინტერვენციას და სწორედ მშობლების ჩართულობით, დისტანციური თერაპიის კურსებს სთავაზობენ შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სოციალურ გარემოსთან ადაპტირება წარმოადგენს, დისტანციურად აღნიშნული უნარების განვითარებაზე მუშაობა კიდევ უფრო რთული ამოცანა ხდება. მაგრამ აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ თერაპიის საერთოდ არარსებობა გაცილებით სერიოზული გამოწვევაა, ვიდრე თერაპიის კურსის დისტანციურად გავლა.
როგორც აღმოჩნდა, დისტანციური თერაპიის პრაქტიკის გამოყენება საქართველოშიც დაიწყეს. „მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი“, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ორ სერვისს სთავაზობს სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს. კერძოდ, 1 აპრილიდან ცენტრს აქვს ტელეკონსულტაციებისა და ტელეინტერვენციების სერვისი. ექიმები, ფსიქოლოგები, სხვადასხვა მიმართულების თერაპევტები ტელეკონსულტაციას უწევენ მომხმარებლებს; ტელეინტერვენციის საშუალებით კი, უზრუნველყოფილია მშობლებით გაშუალებული ქცევითი და სხვა სახის თერაპიები. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის გამო ვერ ახერხებენ ონლაინ კონსულტაციისა თუ ინტერვენციის გამოყენებას, ცენტრი საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს შესაბამის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე დისტანციურად თერაპიას 95 ბენეფიციარი გადის.
მართალია, ფიზიკურ გარემოში თერაპიული კურსის გავლა ბევრად ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური თერაპია, მაგრამ თუნდაც ონლაინ რეჟიმში ზოგიერთი თერაპიული კურსის გავლას სპეციალისტები კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ამგვარად შესაძლებელია არსებული პროგრესისა და, განსხვავებული სახით, მაგრამ მაინც რუტინის შენარჩუნება, რაც აუცილებელია ასა-ს მქონე პირებისთვის. გარდა იმისა, რომ დისტანციური სერვისების არსებობა ბავშვებს რთავს აქტივობებში, ეხმარება თერაპევტებთან კავშირის შენარჩუნებაში, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია. ამასთან, ონლაინ კონსულტაციების არსებობა მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ რჩევები ბევრი სხვადასხვა სიტუაციისა თუ ქცევის მართვის თაობაზე.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დისტანციური თერაპია ფიზიკურ თერაპიას ჩაანაცვლებს ან თუნდაც ასეთივე ეფექტიანი იქნება. თუმცა, მომავალში შესაძლებელია დისტანციური თერაპია სპეციალისტებმა გამოიყენენონ როგორც თერაპიის დამატებითი, დამხმარე მექანიზმი. მეტიც, შესაძლებელია დისტანციური თერაპია შეუცვლელი აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზით (მაგალითად, ფინანსური რესურსის სიმწირე, გეოგრაფიული სიშორე და ცენტრების დასახლების სიახლოვეს არარსებობა) არ აქვს წვდომა შესაბამის ცენტრებთან. სავსებით შესაძლებელია, ამ პრაქტიკამ მომავალში არაერთი საინტერესო იდეის განხორციელებისაკენ უბიძგოს ადამიანებს, თერაპიით კი გაცილებით მეტმა ბავშვმა თუ მოზარდმა ისარგებლოს, ვიდრე ეს დღეს არის შესაძლებელი.
Covid 19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიოზე. გაჩნდა ახალი გამოწვევები ბიზნესებისთვის და ახალი ცხოვრების სტილი საზოგადოებისთვის.
2020 წლის მიწურულს დავინტერესდით თუ როგორია თბილისელების შფოთვის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე.რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ მათი შეგრძნება 10 ქულიან სკალაზე, სადაც „0“ ნიშნავს „საერთოდ არ ვღელავ/ვშფოთავ“ ხოლო „10“ – „ძალიან ვღელავ/ვშფოთავ“.
დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, შფოთვის დონე განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლებში. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად შფოთვის დონის საშუალო მაჩვენებელი იზრდება 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის 5.3 ქულას; 35-54 წლის კატეგორიაში 6 ქულას, ხოლო 55 წლის დაუფროს ასაკოვან ჯგუფში 6.5 ქულას აღწევს.
* გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 11-13 დეკემბერს მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.
მომრავლებული ავტომობილების გამო თბილისის ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხი გახდა. ინტერნეტში გავრცელდა რეიტინგები, რომლის მიხედვითაც საქართველო ჰაერის დაბინძურების მიხედვით პირველ ადგილზეა.
"ეისითი" დაინტერესდა რას ფიქრობს ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა და სმენიათ თუ არა იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელიც ცდილობს ებრძოლოს ამ პრობლემას.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თბილისის მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს მიაჩნია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თბილისში გამწვანების კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაცხოვრებლების თითქმის ნახევარს (44%) კი მიაჩნია, რომ გაუარესდა.
კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ "პარტიზანული მებაღეობას" საკმაოდ დიდი ცნობადობა აქვს თბილისში - 62%-ს სმენია მათ შესახებ. თუმცა მხოლოდ 4%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა მათ მიერ ორგანიზებულ ერთ აქციაში მაინც. მოსახლეობის ნახევარზე მეტი (56%) დადებითად აფასებს მათ საქმიანობას. ნეგატიურად კი მხოლოდ 9%.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.
ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას დედაქალაქი აღნიშნავს თბილისობის დღესასწაულს. ,,ეისითის" მიერ ჩატარებული მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგებით, ქალაქ თბილისის მცხოვრებლების 88.4%-ს მიაჩნია, რომ თბილისობის დღესასწაული მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დედაქალაქისათვის, 6.8% კი მიიჩნევს, რომ დღესასწაული არაა მნიშვნელოვანი,ხოლო 2.9%-ს არ აქვს მკაფიო პოზიცია საკითხთან დაკავშირებით.
,,ეისითი" დაინტერესდა როგორი იყო მოსახლეობის აქტივობა წელს თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 23% დაესწრო ღონისძიებებს, ყველაზე მაღალი დასწრებადობით ხასიათდებოდა: კონცერტები (44%), გამოფენები (19%), სასოფლო-სამეურნეო ბაზრობა (16%), საბავშვო გასართობი აქტივობები (9.4%), თეატრალური წარმოდგენები (6.5%) და ფესტივალები (5.4%).
ზოგადი ტენდენციების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 22.1% ყოველწლიურად, 24 % საერთოდ არა, ხოლო 53.5% სხვადასხვა სიხშირით ესწრება თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს.
მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისთვის შემოსავლების გარდა, მნიშვნელოვანია მათი დანახარჯების გაანალიზებაც.
ეისითი დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს თბილისის მაცხოვრებლების ყოველთვიური დანახარჯი საკვებ პროდუქტებზე და შესაბამისად, როგორია მათი მსყიდველობითუნარიანობა.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საკვებ პროდუქტებში საშუალო თვიური დანახარჯი 569 ლარს შეადგენს.
გამოკითხულთა 30%-ს შეადგენენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც საკვებ პროდუქტებში ყოველთვიურად მინიმალურ თანხებს ხარჯავენ, კერძოდ კი 300 ლარზე ნაკლებს. თბილისელების მესამედის (34%) ყოველთვიური დანახარჯი 300-500 ლარის შუალედში ვარირებს. გამოკითხულთა დანარჩენი ნაწილი, 36%-ი, შედარებით დიდ თანხებს ხარჯავს ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე - მათი დანახარჯები 500 ლარს აღემატება.
ამასთან, გამოკითხულთა ოჯახის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი წარმოადგენს 1238 ლარს.
*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 800 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, ოჯახში საკვების მომარაგებაზე პასუხისმგებელ პირებთან, 2018 ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება მერყეობს 3,5-4,2%
.